დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 11/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016065 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №10 ბრძანებით (ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 03/08/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016010) დამკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 1. ეს დებულება განსაზღვრავს წვევამდელის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (შემდგომში – სამსახური) გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან/და საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესს.“. 2. წვევამდელის მიერ სამსახურში სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილ იქნეს გაწვევით სავალდებულო სამხედრო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის სახით.“. |
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 1. წვევამდელზე, რომელიც იხდის გაწვევით სავალდებულო სამხედრო სამსახურს (გაწვევით ვადიანი სამხედრო მოსამსახურე), ვრცელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, ეს დებულება, მათ შორის, სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდება, სამსახურის უფროსის ბრძანებები და სხვა სამართლებრივი აქტები.“. 2. წვევამდელზე, რომელიც სამსახურში სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო სამსახურის სახით, ვრცელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს დებულება, სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი, სამსახურის უფროსის ბრძანებები და სხვა სამართლებრივი აქტები.“. |
3.
მე-3 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გაწვევით სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურის მოხდის ვადა და გაწვევის წესი განისაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. |
4.
მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 – მე-17 მუხლები:
„მუხლი 13 1. საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველი წვევამდელი სამსახურს მიმართავს შესაბამისი განცხადებით. 2. განცხადება მიიღება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. 3. განცხადების მიღების შემდეგ, სამსახურის კადრების მთავარ სამმართველოში ტარდება გასაუბრება საკონტრაქტო სამსახურის მოსახდელად ჩასარიცხ წვევამდელებთან. 4. გასაუბრების გავლისას მოწმდება წვევამდელის პიროვნული თვისებები, ზოგადი განათლება და ინტელექტუალური მონაცემები. 5. წვევამდელები, რომლებიც სამხედრო ვალდებულების მოსახდელად უნდა ჩაირიცხონ სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში, გასაუბრების შემდეგ გადიან სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში ცენტრალურ სამხედრო-საექიმო კომისიას. 6. გასაუბრების გავლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს წერილობით ეცნობება წვევამდელის საკონტრაქტო სამსახურში შესაძლო ჩარიცხვის შესახებ. 7. გასაუბრების შედეგებით შერჩეული წვევამდელი ავსებს პირადი ისტორიის კითხვარს. 8. სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო ახორციელებს შერჩეული კანდიდატების შესწავლას დადგენილი წესით. მუხლი 14 1. სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირსა და წვევამდელს შორის ხელშეკრულება (კონტრაქტი) ფორმდება თანდართული ნიმუშის შესაბამისად (დანართი №2), ამ დებულების მე-13 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ. 2. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე, წვევამდელი, ხელშეკრულების შესაბამისად, გადის სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას 21 დღემდე ვადით. 3. სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდი არ ითვლება საკონტრაქტო სამსახურის ვადაში. მათ მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდა აითვლება საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან. 4. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად შერჩეული წვევამდელი, რომელმაც გაიარა სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლება, სამსახურის უფროსის ბრძანებით ჩაირიცხება საკონტრაქტო სამსახურში, მიენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება – „სახელმწიფო უსაფრთხოების რიგითი“ და დებს შესაბამის ფიცს. 5. სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სიას აცნობებს შესაბამის სამსახურებს. მუხლი 15 1. საკონტრაქტო მოსამსახურეს შესაბამის ობიექტზე განაწილებისას უშუალო ხელმძღვანელის მიერ უტარდება ინსტრუქტაჟი. 2. საკონტრაქტო სამსახურში მყოფ პირს სამსახურის გავლის მთელ პერიოდში, წახალისების სახით, უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი 5-დღიანი შვებულება. გარდა ამისა, მოკლევადიანი შვებულება ათ დღემდე ვადით, შემდეგ განსაკუთრებულ შემთხვევებში: ა) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, ძმა, და, ბებია, პაპა) გარდაცვალების ან მათი მძიმე ავადმყოფობის გამო; ბ) სტიქიური ხასიათის ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოების შემთხვევაში, რომლის დროსაც დაზარალდა საკონტრაქტო მოსამსახურის ოჯახი. 3. შვებულება ფორმდება დადგენილი წესით, შესაბამისი საკადრო დანაყოფის მიერ. 4. სამსახურებრივი რეჟიმის გაძლიერებისა და განგაშის (გარდა სასწავლო) შემთხვევაში, შვებულებასა და მივლინებაში მყოფი საკონტრაქტო მოსამსახურე ვალდებულია სასწრაფოდ გამოცხადდეს თავის სამუშაო ადგილზე, თუ ეს შეუძლებელია, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს. მუხლი 16 1. საკონტრაქტო სამსახურის გავლისას, მოსამსახურე შეიძლება გაიგზავნოს სამსახურებრივ მივლინებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) სპეციალურ სწავლებებსა და შეკრებებზე; ბ) მისი მუდმივი სამსახურებრივი ადგილისაგან მოწყვეტით სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად; გ) სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკულ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად; დ) სპორტულ და კულტურულ-პრაქტიკულ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად. 2. მივლინებაში გაგზავნა ფორმდება შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსის პატაკის საფუძველზე. მისავლინებელ პირს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მივლინება პირდაპირ არ უკავშირდება სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებას) მიეცემა სამივლინებო ბარათი და სამივლინებო თანხა, საჭიროების შემთხვევაში – მშრალი ულუფა ან სასურსათო და ფულადი კომპენსაცია. მუხლი 17 1. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გადავადების უფლების მქონე პირი, რომელიც პირადი სურვილით იხდის სამხედრო ვალდებულებას საკონტრაქტო სამსახურში, კარგავს კანონით მინიჭებული შეღავათის უფლებას, თუ მას სამსახურის გავლის პერიოდში არ წარმოექმნება შეღავათის მინიჭების ახალი გარემოება. საკონტრაქტო მოსამსახურეს უფლება აქვს, უარი თქვას შეღავათის მინიჭების ახალი გარემოებით სარგებლობაზე. 2. ავადმყოფობის გამო საკონტრაქტო მოსამსახურის სამსახურიდან დროებით გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ან სხვა ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სათანადო სამედიცინო დოკუმენტაცია. 3. ავადმყოფობის გამო საკონტრაქტო მოსამსახურის სამსახურიდან დროებით გათავისუფლება ხდება არაუმეტეს 30 დღისა. 4. საკონტრაქტო მოსამსახურე ავადმყოფობის დროს ვალდებულია თავისი მდგომარეობის შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს. 5. საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად), ავადმყოფობით ან ბრალეულობით (დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა, დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა, სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელი) კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, წვევამდელს კონტრაქტით ნამსახურები პერიოდი სავალდებულო სამსახურში არ ჩაეთვლება და მისი სამართლებრივი სტატუსი და სამხედრო ვალდებულებისადმი დამოკიდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“. |
5.
წესის შემდეგ დაემატოს „დანართი“ თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
წესის დანართი
|
ხელშეკრულება №
საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ
|
ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (შემდგომში – სამსახური) --------------------------------------------------------------------------------------
სახით და, მეორე მხრივ -------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
(შემდგომში – მოსამსახურე) საქართველოს კანონების, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულებისა და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (კონტრაქტი) შემდეგი პირობებით:
I. ხელშეკრულების საგანი 1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სამსახურის მიერ საქართველოს მოქალაქის საკონტრაქტო სამსახურში მიღება.
II. ხელშეკრულების ძალაში შესვლის პირობები 2.1. სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადაში ჩასათვლელად სამსახურში ჩარიცხული მოსამსახურის ნამსახურობის ვადის ათვლა დაიწყება საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან. 2.2. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვა განხორციელდება კონტრაქტორის მიერ სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დადებითი შედეგით გავლის შემთხვევაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგები წარმოადგენს საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველს.
III. მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა 3.1. სამსახური ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოციალური გარანტიებით, შესაბამისი ფორმის ტანსაცმლით, სპეციალური აღჭურვილობითა და ფულადი ანაზღაურებით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით დადგენილი ოდენობით; ბ) გააცნოს მოსამსახურეს ნორმატიული აქტებითა და ინსტრუქციებით, ასევე სამსახურის უფროსის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები; გ) განახორციელოს კონტროლი მოსამსახურის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე; დ) მოსამსახურის მიერ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოს შესაბამის სამსახურებში ცნობების გაგზავნა, მოსამსახურის ნამსახურობის აღნიშნული პერიოდის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ჩათვლის მიზნით. 3.2. მოსამსახურე ვალდებულია: ა) გაიაროს სამსახურის სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების საკარანტინო პერიოდი; ბ) მტკიცედ დაიცვას ფიცი; გ) ზედმიწევნით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. 3.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
IV. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტის პირობები 4.1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება – თვით. 4.2. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა; ბ) ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა. 4.3. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა; ბ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა; გ) ფიცის გატეხა, მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა; დ) დადგენილზე მეტი ვადის შემთხვევაში ავადმყოფობა.
V. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის განსაკუთრებული პირობები 5.1. ხელშეკრულება ვადამდე შეიძლება შეწყდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების მიზეზით, რითაც დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. 5.2. კონტრაქტორის მიერ საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად), ავადმყოფობით ან ბრალეულობით (დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა, დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა, სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელი) კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, წვევამდელს კონტრაქტით ნამსახურები პერიოდი სავალდებულო სამსახურში არ ჩაეთვლება და მისი სამართლებრივი სტატუსი და სამხედრო ვალდებულებისადმი დამოკიდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
VI. დამატებითი პირობები ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი თითოეული მხარისათვის.
საქართველოს სახელმწიფო კონტრაქტორი უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი პირი
––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––
„–––“ –––––––––– 20 წ. „–––“ –––––––––– 20 წ. ბ.ა.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები