აფხაზეთში სახელმწიფო ქონების და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კერძო საკუთრების უკანონო გასხვისების შესახებ

  • Word
აფხაზეთში სახელმწიფო ქონების და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კერძო საკუთრების უკანონო გასხვისების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1331
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/03/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 25/03/2002
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
1331
20/03/2002
სსმ, 28, 25/03/2002
0000.00.00.000000
აფხაზეთში სახელმწიფო ქონების და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კერძო საკუთრების უკანონო გასხვისების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

აფხაზეთში სახელმწიფო ქონების და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კერძო საკუთრების უკანონო გასხვისების შესახებ

საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს, რომ:

აფხაზეთის 1992-1993 წლების შეიარაღებულმა კონფლიქტმა უდიდესი ადამიანური ტრაგედია გამოიწვია და ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მიაყენა. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი საფინანსო-ეკონომიკური სტრუქტურების მიერ დადგინდა, რომ საომარი მოქმედებების შედეგად განადგურდა რამდენიმე ათეული მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონება;

საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი ქართველებით დასახლებულ ადგილებში მიმდინარეობს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კუთვნილ ბინებსა და კერძო სახლებში ორგანიზებული და თვითნებური ჩასახლება, მათი უძრავი და მოძრავი ქონების მითვისება და გასხვისება;

აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ შექმნილი შეიარაღებული ჯგუფები ფერადი და შავი ლითონების მოპოვების მიზნით შლიან შენობა-ნაგებობებს, ფაბრიკებს, ქარხნებს, სახელმწიფო დანიშნულების ობიექტებს, სარკინიგზო ხაზებს და საავტომობილო ხიდებს, სატელეკომუნიკაციო და ელექტრომოწყობილობებს;

1997 წელს სეპარატისტულმა ხელისუფლებამ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიწყო ქონების უკანონო პრივატიზება, რის შედეგადაც 2001 წლამდე პრივატიზებულ იქნა ათასზე მეტი ობიექტი. განსაკუთრებით მასობრივი ხასიათი მიიღო ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კერძო საკუთრების გასხვისებამ;

სხვადასხვა ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გადაეცათ სასტუმროები, საკურორტო და სხვა ობიექტები სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთასა და ახალ ათონში, გუდაუთის, გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში;

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. უკანონოდ იქნეს ცნობილი ყველა ის სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება, დადებული 1992 წლის 14 აგვისტოდან, რომლებიც ეხება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონებისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კერძო საკუთრების გასხვისებას.

2. ეთხოვოს გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის სტრუქტურებს, აღრიცხონ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ქონების და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კერძო საკუთრების ხელყოფის შემთხვევები და შეიმუშაონ სათანადო წინადადებები.

3. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან ერთად და გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით შეიმუშაოს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ქონებრივი უფლებების აღდგენის ღონისძიებები.

4. საქართველოს სამართალდაცვის ორგანოებმა შეისწავლონ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ქონების და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კერძო საკუთრების მითვისებისა და გასხვისების ფაქტები.

5. სახელმწიფოებს, რომელთა ფიზიკური და იურიდიული პირები აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან ახორციელებენ სავაჭრო-სამეწარმეო ურთიერთობებს, ეცნობოთ, რომ სეპარატისტული ხელისუფლების ყველა აქტი უკანონოა.

6. ამ დადგენილების შესრულების კონტროლის მიზნით საქართველოს პარლამენტმა პერიოდულად მოისმინოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შესაბამისი ინფორმაცია.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე. ბურჯანაძე

თბილისი,

2002 წლის 20 მარტი.

№1331–IIს