საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის მეკავშირეობის შესახებ შეთანხმება

საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის მეკავშირეობის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 200-49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 09/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016524
200-49
09/03/2018
ვებგვერდი, 28/03/2018
480610000.03.030.016524
საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის მეკავშირეობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის მეკავშირეობის შესახებ შეთანხმება

მუხლი 1

საქართველოს მეკავშირე ოფიცერი

1. საქართველოს და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტო (შემდგომში „ევროპოლი“) თანხმდებიან, გააფართოონ 2017 წლის 4 აპრილს ქ. თბილისში ხელმოწერილი „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებით (შემდგომში „შეთანხმება“) გათვალისწინებული თანამშრომლობა ევროპოლში ერთი ან რამდენიმე მეკავშირე ოფიცრის განთავსების გზით.

2. ევროპოლში განსათავსებელი მეკავშირე ოფიცრების რაოდენობა უნდა შეთანხმდეს საქართველოსა და ევროპოლს შორის.

მუხლი 2

მეკავშირე ოფიცრის ამოცანები

მეკავშირე ოფიცრ(ებ)ის (შემდგომში „მეკავშირე ოფიცერი“) ამოცანაა საქართველოს, ევროპოლსა და ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის მხარდაჭერა. კერძოდ, მეკავშირე ოფიცერი პასუხისმგებელია საქართველოს, ევროპოლსა და ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის კონტაქტების მხარდაჭერაზე და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობაზე.

მუხლი 3

მეკავშირე ოფიცრის სტატუსი

1. მეკავშირე ოფიცერი აღიქმება საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლად ევროპოლში. ევროპოლმა თავისი შესაძლებლობების გათვალისწინებით ხელი უნდა შეუწყოს მეკავშირე ოფიცრის ყოფნას ნიდერლანდების ტერიტორიაზე; კერძოდ, მან უნდა ითანამშრომლოს ნიდერლანდების შესაბამის ორგანოებთან პრივილეგიებისა და იმუნიტეტების საკითხებში, აუცილებლობის ფარგლებში.

2. მეკავშირე ოფიცერი უნდა იყოს იმ ორგანოების წარმომადგენელი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაზე შეთანხმებით გათვალისწინებული მნიშვნელობის ფარგლებში.

მუხლი 4

სამუშაო მეთოდები

1. ევროპოლსა და მეკავშირე ოფიცერს შორის ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლა უნდა განხორციელდეს მხოლოდ შეთანხმების დებულებების შესაბამისად. საქართველოსა და ევროპოლის ეროვნულ დანაყოფებს შორის ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლა უნდა განხორციელდეს შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობის თანახმად.

2. ინფორმაციის გაცვლის დროს მეკავშირე ოფიცერმა, ჩვეულებრივ, კომუნიკაცია უნდა განახორციელოს პირდაპირ ევროპოლთან ევროპოლის მიერ ამ მიზნით დანიშნული წარმომადგენლების მეშვეობით. მეკავშირე ოფიცერს არ ექნება ევროპოლის მონაცემთა ფაილებთან პირდაპირი წვდომა.

მუხლი 5

კონფიდენციალურობა

1. საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ მეკავშირე ოფიცერს გააჩნდეს საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ეროვნულ დონეზე დაშვება, რათა მეკავშირე ოფიცერს მიეცეს შესაძლებლობა, მოეპყროს ევროპოლის მიერ ან ევროპოლის მეშვეობით მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ექვემდებარება კონფიდენციალურობის შესახებ განსაკუთრებულ მოთხოვნას შეთანხმების მე-19 მუხლის შესაბამისად.

2. ევროპოლი დაეხმარება მეკავშირე ოფიცერს ადეკვატური რესურსებით უზრუნველყოფაში, რომლებიც აუცილებელია ევროპოლთან გაცვლილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

მუხლი 6

ადმინისტრაციული საკითხები

1. ევროპოლი უზრუნველყოფს, რომ მეკავშირე ოფიცერი უზრუნველყოფილ იქნეს ყველა აუცილებელი პირობით, როგორიცაა საოფისე ფართი და სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა, ევროპოლის შენობაში ევროპოლის ხარჯებით, თუმცა სატელეკომუნიკაციო ხარჯები საქართველომ უნდა დაფაროს.

2. მეკავშირე ოფიცრის არქივი ხელშეუხებელია ევროპოლის თანამშომელთა მხრიდან ნებისმიერი ჩარევისგან. აღნიშნული არქივი მოიცავს ყველა ჩანაწერს, კორესპონდენციას, დოკუმენტს, ხელნაწერს, კომპიუტერულ ჩანაწერს, ფოტოსურათს, ფილმსა და ჩაწერილ მასალას, რომელიც ეკუთვნის ან რომელსაც ფლობს მეკავშირე ოფიცერი.

3. საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ მის მეკავშირე ოფიცერს გააჩნდეს სწრაფი და, რამდენადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია, პირდაპირი წვდომა ეროვნულ მონაცემთა ბაზებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც აუცილებელია ევროპოლში განთავსების პერიოდში მეკავშირე ოფიცრისთვის თავისი ამოცანების შესასრულებლად.

4. მეკავშირე ოფიცერმა უნდა დაიცვას ევროპოლის შიდა წესები, მათ შორის ევროპოლის უსაფრთხოების რეჟიმი. თავისი ამოცანების განხორციელების დროს მეკავშირე ოფიცერმა უნდა იმოქმედოს მონაცემთა დაცვის შესახებ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.

5. მეკავშირე ოფიცერმა უნდა განახორციელოს ევროპოლის პერიოდული ინფორმირება მისი სამუშაო საათების და საგანგებო შემთხვევების დროს მისი საკონტაქტო დეტალების შესახებ. მეკავშირე ოფიცერი ასევე აცნობებს ევროპოლს ევროპოლის შტაბ-ბინის გარეთ ნებისმიერი გახანგრძლივებული ყოფნის თაობაზე.

მუხლი 7

პასუხისმგებლობა კონფლიქტური შემთხვევების დროს

1. საქართველო პასუხისმგებელია მეკავშირე ოფიცრის მიერ ევროპოლის საკუთრებისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე. ნებისმიერი ასეთი ზიანი დროულად ანაზღაურდება საქართველოს მხრიდან ევროპოლის მიერ სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ანაზღაურებასთან დაკავშირებით უთანხმოების შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეთანხმების 22-ე მუხლი.

2. საქართველოსა და ევროპოლს შორის ან მეკავშირე ოფიცერსა და ევროპოლს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, ევროპოლის აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია, აუკრძალოს მეკავშირე ოფიცერს ევროპოლის შენობაში შესვლა ან ნება დართოს მას შესვლაზე მხოლოდ გარკვეული პირობებითა და შეზღუდვებით.

3. ევროპოლსა და მეკავშირე ოფიცერს შორის სერიოზული კონფლიქტის შემთხვევაში, ევროპოლის აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია, საქართველოს წარუდგინოს მოთხოვნა მის შეცვლაზე.

მუხლი 8

ცვლილებები და დამატებები

წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მხარეებს შორის ორმხრივად შეთანხმდება ნოტების გაცვლის გზით.

მუხლი 9

მოქმედების შეწყვეტა

1. წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეწყდეს თითოეული მხარის მიერ სამი თვით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით.

2. პირველი პუნქტისთვის ზიანის მიუყენებლად, წინამდებარე შეთანხმების სამართლებრივი შედეგები ძალაში რჩება.

მუხლი 10

ძალაში შესვლა

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის უკანასკნელი მხარის მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან.

 

 ხელმოწერილია ორ პირად, თითოეული ინგლისურ ენაზე, ჰააგაში 2018 წლის 9 მარტს.

 

საქართველოს

სახელით

ევროპოლის

სახელით

 

გიორგი გახარია

ვიცე-პრემიერი და შინაგან

საქმეთა მინისტრი

 

რობ უეინრაითი

აღმასრულებელი დირექტორი