ჩარჩო შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობასა შორის თანამშრომლობის შესახებ

ჩარჩო შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობასა შორის თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 180/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 20/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016523
180/1
13/05/2016
ვებგვერდი, 22/03/2018
480610000.03.030.016523
ჩარჩო შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობასა შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ჩარჩო შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ


საქართველოს მთავრობა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობა, შემდგომში ხსენებული, როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“,

სურთ რა,  მათ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება; მათ მოქალაქეთა შორის ისტორიული კავშირების გაძლიერება და ორ ქვეყანას შორის (ეკონომიკურ, სავაჭრო, საინვესტიციო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ტექნიკურ, კულტურულ, საინფორმაციო, ტურიზმის, ახალგაზრდობისა და სპორტის) სფეროებში თანამშრომლობის წახალისება და მხარდაჭერა;

აღიარებენ რა იმ სარგებელს, რაც შესაძლოა მოჰყვეს აღნიშნული თანამშრომლობის გაძლიერებას, ორივე სახელმწიფოში მოქმედი კანონებისა და კანონმდებლობის (რომელიც ძალაშია ორივე სახელმწიფოში და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად),

„ხელშემკვრელი მხარეები“ თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი (1)

„ხელშემკვრელი მხარეები“ წაახალისებენ ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო სფეროებში თანამშრომლობას მათ ქვეყნებსა და მოქალაქეებს შორის, ფიზიკური ან იურიდიული პირების ჩათვლით.  აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს,  მაგრამ არ შემოიფარგლება  შემდეგით:

1. თანამშრომლობა ყველა  ეკონომიკურ სფეროში, მათ შორის (სამეწარმეო, ნავთობის, მინერალური, ნავთობპროდუქტების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ჯანმრთელობის) პროექტების ჩათვლით.

2. სპეციფიკური თანამშრომლობის პროგრამებში აუცილებელი ცოდნისა და ტექნიკური ექსპერტიზის გაცვლის წახალისება.

მუხლი (2)

„ხელშემკვრელი მხარეები“ ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა „საერთაშორისო სავაჭრო სისტემის“ ფარგლებში, წაახალისონ მათი სავაჭრო ურთიერთობების განვრცობა და მრავალფეროვნება. ამისათვის, მათი ორმხრივი ვაჭრობის მიმართ, ისინი გამოიყენებენ „უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის“ (MFN) მიდგომას. აღნიშნული მიდგომა არ მოიცავს შემდეგს:

  • პრივილეგიებს,  რომლებიც მიანიჭეს ან მომავალში მიენიჭებათ „ხელშემკვრელ მხარეთა“ მეზობელ სახელმწიფოებს, ვაჭრობისა და სასაზღვრო გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით.  
  • პრივილეგიებს,  რომლებიც  გამომდინარეობს (საბაჟო კავშირის, თავისუფალი სავაჭრო ზონის, ერთობლივი ბაზრის დაფუძნებიდან ან „ხელშემკვრელი მხარის“ ნებისმიერ რეგიონალურ ეკონომიკურ ორგანიზაციაში არსებული ან სამომავლო წევრობიდან).
  • საბაჟო პრივილეგიებს, რომლებიც ენიჭებათ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს.

 

მუხლი (3)

„ხელშემკვრელი მხარეები“ წაახალისებენ შემდეგ საქმიანობებს:

1. წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ  მათი მოქალაქეების  მიერ ყველა სფეროში ინვესტიციების განხორციელებას, გარდა იმ სფეროებისა, რომლებიც გამოირიცხება  მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.

2. წაახალისებენ ერთობლივი საწარმოების დაფუძნებას, ორივე ქვეყანაში მოქმედი საინვესტიციო კანონმდებლობისა და  წესების შესაბამისად.

3. „ხელშემკვრელი მხარეები“  ძალისხმევას არ დაიშურებენ ხელი შეუწყონ  მათ  ქვეყნებს შორის „ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმების“ დადების ხელშეწყობისათვის.

 

მუხლი (4)

„ხელშემკვრელი მხარეები“ წაახალისებენ შემდეგ საქმიანობებს:

1. წაახალისებენ საჯარო ან კერძო სექტორებიდან (წარმომადგენელთა, ეკონომიკურ, სავაჭრო და ტექნოლოგიურ დელეგაციებს შორის) ვიზიტების გაცვლას.

2. ხელს შეუწყობენ ორივე ქვეყანაში კომერციულ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას.  

 

მუხლი (5)

„ხელშემკვრელი მხარეები“ წაახალისებენ შემდეგ საქმიანობებს:

1. საგანმანათლებლო, სამეცნიერო კვლევას, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას საერთო ინტერესის სფეროებში ინფორმაციის გაცვლის გზით, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას, ოფიციალური წარმომადგენლებისა და მკვლევარების, ექსპერტებისა და  ტექნიკოსების გაცვლითი ვიზიტების განხორციელებას, საერთო ინტერესის სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში მონაწილეობას.

2. თანამშრომლობას ელექტროენერგიის სფეროში ინფორმაციის, სპეციალიზებული ტრენინგ პროგრამების, გამორჩეული გამოცდილების, ექსპერტიზისა და ექსპერტების გაცვლის მეშვეობით  და თანამშრომლობას ტექნიკური პერსონალის ტრენინგის მიმართულებით, ასევე თანამშრომლობას ელექტროენერგიის მოხმარების რაციონალიზაციისა და ელექტროენერგიის სფეროში სამეცნიერო კვლევებისა და სწავლების კუთხით.

3. თანამშრომლობას წყლის სფეროში, მათ შორის წყლის დაბინძურების, ჩამდინარე წყლების გაწმენდისა და მიწისქვეშა წყლების მართვის მიმართულებით.

4. თანამშრომლობას (კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში) საერთაშორისო ფორუმებში მათი პოზიციების კოორდინაციის გზით, სპორტულ და ახალგაზრდულ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს შორის პროგრამების გაცვლას, ასევე ვიზიტებისა და გამოცდილების გაცვლას იმ ოფიციალურ პირთა შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებზე.

5. ორ ქვეყანას შორის ტურიზმის ხელშეწყობასა და განვითარებას, ტურიზმის შესახებ ინფორმაციის გაცვლის გზით და მოქალაქეთა ინდივიდუალური და ჯგუფური ტურიზმის წახალისებას.

6. გამოცდილების გაზიარებას ექსპერტებს, პროფესიონალებს, მეცნიერებსა და ტრენერებს შორის  სოფლის მეურნეობის სფეროში სამეცნიერო-კვლევით და სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით.   

 

მუხლი (6)

„ხელშემკვრელი მხარეები“ თანხმდებიან, რომ ორმხრივად გადაცემულ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ დადგენილი მიზნებისთვის და არ გადასცემენ ამგვარად მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციას მესამე მხარეს, ხელშემკვრელ მხარესთან წერილობითი თანხმობის გარეშე.

 

მუხლი (7)

„ხელშემკვრელი მხარეები“ წაახალისებენ ერთობლივი აღმასრულებელი თანამშრომლობის პროგრამების დადებას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ ნებისმიერ სფეროში, ასევე, საჭიროებისამებრ ცალკე შეთანხმებების გაფორმებას საერთო ინტერესის მქონე კონკრეტულ სფეროებში.

 

მუხლი (8)

„ხელშემკვრელ მხარეებს“, საჭიროებისამებრ, შეუძლიათ შექმნან ერთობლივი კომისია წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციის კონტროლის მიზნით. ერთობლივი კომისიის დღის წესრიგი, თარიღი და ადგილი შეთანხმდება წინასწარ, დიპლომატიური არხების მეშვეობით.

 

მუხლი (9)

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკების გზით.

 

მუხლი (10)

წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, რა წესითაც აღნიშნული შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი (11)

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

2. წინამდებარე შეთანხმება იდება 5 წლის ვადით მისი ძალაში შესვლის დღიდან და ავტომატურად გრძელდება მომდევნო ერთწლიანი პერიოდით ან პერიოდებით, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე, ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე, სულ ცოტა 6 თვით ადრე, წერილობით არ შეატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს მისი მოქმედება.

3. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში, მისი დებულებები განაგრძობენ მოქმედებას მის ფარგლებში  დადებული „პროგრამების, პროექტების და შეთანხმებების“ მიმართ,  „კონტრაქტებისა და ვალდებულებების“ მიმართ, რომლებიც არ დასრულებულა, ან უფლებების მიმართ, რომლებიც არ განსაზღვრულა. ასევე, წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტამდე ნებისმიერი არსებული ცენტრებისა და ფინანსური პასუხისმგებლობების მხრივ იქნება ეს სრულად დაკავშირებული მთავრობასთან ან ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან.

 

შესრულებულია  ქ. თბილისში, 2016 წლის 13 მაისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და  ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

მიხეილ ჯანელიძე

საგარეო საქმეთა მინისტრი

             

საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის

სახელით

მესაად იბრაჰიმ ალსულაიმი   

საუდის არაბეთის სამეფოს ელჩი საქართველოში