დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რუსეთის ფედერაციის მიერ ეუთოს 1999 წლის სტამბოლის ერთობლივი განცხადების შეუსრულებლობის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1009 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 18/07/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 80, 30/07/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
რუსეთის ფედერაციის მიერ ეუთოს 1999 წლის სტამბოლის ერთობლივი განცხადების შეუსრულებლობის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის მიერ ეუთოს 1999 წლის სტამბოლის ერთობლივი განცხადების შეუსრულებლობის გამო და აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საერთაშორისო შეთანხმება – დადგენილ ვადებში არ დახურა გუდაუთის სამხედრო ბაზა.
საქართველოს პარლამენტი კვლავაც ადასტურებს ქვეყნის ერთგულებას ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ეუთოს სტამბოლის ერთობლივი განცხადების ყველა მოთხოვნა.
მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე აღებული ვალდებულების შეუსრულებლობა საშიში პრეცენდენტია და საფრთხეს უქმნის თანამედროვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და მსოფლიო მართლწესრიგს.
1992-1994 წლებში აფხაზეთიდან ქართველთა გამოდევნა ეუთომ შეაფასა როგორც ეთნიკური წმენდა, ხოლო ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან უვიზო რეჟიმის შემოღება – ფაქტობრივი ანექსიის მცდელობად.
რუსეთის ფედერაციის მიერ გუდაუთის სამხედრო ბაზის დახურვის პროცესის გაჭიანურება საერთაშორისო ხელშეკრულების უხეში დარღვევა და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის აშკარა მხარდაჭერაა. ეს დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ გადადგმულმა არამეგობრულმა ნაბიჯმა, რაც გამოიხატა საქართველოსთან შეუთანხმებლად უვიზო რეჟიმის შემოღებით სეპარატისტული რეჟიმების მიერ კონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ.
ისწრაფვის რა ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების დახურვის ვადების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკების ურთიერთმისაღები და დროული შეთანხმებით დასრულებისათვის და აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს არ შეესაბამება უცხო სახელმწიფოს ჯარის არსებობა ქვეყნის ტერიტორიაზე.
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
– რუსეთის ფედერაციის მიერ გუდაუთის სამხედრო ბაზის დახურვის პროცესის შეგნებული შეფერხება შეფასდეს როგორც საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევა, აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ღია მხარდაჭერა და 1992-1994 წლებში აფხაზეთში განხორციელებული ეთნოწმენდის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ფაქტობრივი ოკუპაციისა და ანექსიის დაკანონების მცდელობა;
– საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართოს ეუთოს, მის წევრ ქვეყნებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება რუსეთის ფედერაციის მიერ ეუთოს 1999 წლის სტამბოლის ერთობლივი განცხადების უხეში დარღვევის ფაქტზე;
– საქართველოს საგადასახადო შემოსავლებისა და ფინანსთა სამინისტროებმა უზრუნველყონ კანონმდებლობით დადგენილი წესით რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების კომუნალური და მიწის გადასახადების დავალიანებათა ოდენობის განსაზღვრა და ამოღება.
– საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციასთან საქართველოდან 1991 წლის შემდეგ უკანონოდ გატანილი, საქართველოს კუთვნილი სსრკ-ის სამხედრო ქონების კომპენსაციის საკითხზე;
– დაევალოს საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს მოამზადონ წინადადებები რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების მიერ საქართველოსათვის მიყენებული მატერიალური ეკოლოგიური ზიანის კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ.
რუსეთის ფედერაციის მიერ სტამბოლის ერთობლივი განცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებების ბოლომდე შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი განიხილავს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ადაპტირებული ხელშეკრულების რატიფიცირების მიზანშეწონილობას.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
2001 წლის 18 ივლისი.
№1009–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები