მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია
დოკუმენტის ნომერი 15/2018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 14/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016390
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
15/2018
14/03/2018
ვებგვერდი, 14/03/2018
010240060.15.008.016390
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/03/2018 - 01/09/2020)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №15/2018

2018 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 154-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედურ არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია წარადგინოს მაჟორიტარი კანდიდატი. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად კი, ამავე პუნქტის თანახმად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, არჩვენების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა, სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. ამავე პუნქტის თანახმად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია ხორციელდება საარჩევნო კოდექსის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

საარჩევნო კოდექსის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი და მის მიერ წარდგენილი კანდიდატი რეგისტრირდება საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის (გარდა იმავე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებისა) მოთხოვნების შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 30-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 154-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:


მუხლი 1
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისას, მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 47-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

2. მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობები განისაზღვრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი”);

ვ) რეგისტრაციის ადგილი;

ზ) პარტიულობა (თუ უპარტიოა მიეთითება „უპარტიო”);

თ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ი) ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის დასახელება, სადაც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;

კ) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, თან უნდა ერთოდეს საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და რეგისტრაციის თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.

5. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ დარღვეულია საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის პირველი–მე-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს. შესწორებული საბუთები არა უგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეგისტრაციაში გასატარებლად.

მუხლი 2
საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელიც მოწმდება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში.
მუხლი 3
1. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მხარდამჭერთა სიების შემოწმების დასრულებიდან 2 დღის ვადაში:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, თუ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა; ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა საბუთების სრულყოფისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

3. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში, იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

მუხლი 4
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.
მუხლი 5
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.
მუხლი 6
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატს, თუ:

1. ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის კანდიდატის თანხმობა იმავე ან/და ნებისმიერი სხვა თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს არჩევნებში, იმავე ან/და ნებისმიერი სხვა თვითმმართველი ერთეულის მერის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

2. არასრული ან არასწორია ამ დადგენილებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და  გათვალისწინებული მონაცემები;

3. მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა;

4. არ იქნა წარდგენილი მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები;

5. დარღვეულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების წარდგენის ვადა;

6. საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 7
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 8
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი