დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მოსალოდნელი ზრდის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1143 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/10/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 116, 30/10/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მოსალოდნელი ზრდის თაობაზე
„ელექტროენერგეტიკული სექტორის შიგა ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2001 წლის 24 ოქტომბრის №12 დადგენილების პროექტით გათვალისწინებულმა ქ. თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდამ და სააბონენტო გადასახადის დაწესებამ მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება და საქართველოს პარლამენტის წევრების შეშფოთება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებმა 2001 წლის 25 ოქტომბერს მოისმინეს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ე. ერისთავისა და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის დ. მირცხულავას პირველადი ინფორმაციები და დაასკვნეს, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დეტალურად იქნეს შესწავლილი სემეკის დადგენილების პროექტის დოკუმენტაცია და შედეგები ეცნობოს საქართველოს პარლამენტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დაევალოს ენერგეტიკის დარგში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, 10 დღეში შეისწავლოს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტის დოკუმენტაცია და შედეგები მოახსენოს საქართველოს პარლამენტს.
2. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ენერგეტიკის დარგში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე არ გასცეს სემეკის მიერ 2001 წლის 24 ოქტომბერს წარდგენილი დადგენილების პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზის შესახებ დასკვნა და არ მოახდინოს შესაბამისი გადაწყვეტილების რეგისტრაცია.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი.
თბილისი,
2001 წლის 26 ოქტომბერი.
№1143-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები