აფხაზეთის ტერიტორიაზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით

  • Word
აფხაზეთის ტერიტორიაზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ნომერი 1094
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/10/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 112, 19/10/2001
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
1094
11/10/2001
სსმ, 112, 19/10/2001
0000.00.00.000000
აფხაზეთის ტერიტორიაზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

აფხაზეთის ტერიტორიაზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით

ვინაიდან საქართველომ ბოლო წლებში თავად იწვნია სეპარატიზმის, საერთაშორისო ტერორიზმისა და აგრესიის ტრაგიკული შედეგები, ამ მოვლენებს შეეწირა ათეულათასობით ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე, ასეულათასობით აფხაზეთის მკვიდრი კი დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში;

ვინაიდან აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში 1994 წლის ივლისში დსთ-ის ეგიდით რუსეთის სამშვიდობო ძალების შეყვანის შემდეგ არ შეწყვეტილა ქართველების წინააღმდეგ მიმართული ეთნოწმენდის პოლიტიკა, დადასტურებულია, რომ ამ ხნის განმავლობაში .. უსაფრთხოების ზონაში დაიღუპა 1700-ზე მეტი ადამიანი, სამშვიდობო ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელდა უამრავი დანაშაული, აფხაზეთი გადაიქცა ტერორისტების, იარაღითა და ნარკოტიკებით მოვაჭრეების და სხვა ორგანიზებულ დამნაშავეთა სათარეშო, განუკითხავ, უკონტროლო ტერიტორიად;

ვინაიდან რუსეთის არაკონსტრუქციული მიდგომის შედეგად ჩიხში მოექცა და ბლოკირებულია გაეროსა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ აფხაზეთის სტატუსის შესახებ შემუშავებული პროექტის განხილვა და მიღება;

ვინაიდან ბოლო პერიოდში შემაშფოთებელი სახე მიიღო საქართველოს მიმართ რუსეთის ოფიციალური წრეების ტენდენციურმა და აგრესიულმა განცხადებებმა, რომლებიც აშკარა გამოხატულებაა ორმაგი სტანდარტის პოლიტიკის წარმოებისა იმ ხელმძღვანელ პირთა მიერ, რომლებიც დღესაც აგრძელებენ რუსეთის ტერიტო-რიული მთლიანობის აღდგენის მიზნით ჩეჩნეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განხორციელებას;

ვინაიდან ბოლო დღეებში საქართველოს საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევისა და ტერიტორიების დაბომბვის შემდეგ ნათლად გამოიკვეთა, რომ რუსეთი გამოდის კომფლიქტში ჩართულ მხარედ და რომ სამშვიდობო ძალების ფუნქციასაზღვრისდაფიქსირებით შემოიფარგლება და ისინი არათუ კონფლიქტის მოგვარების ხელშემწყობად, არამედ გამღვივებლად გვევლინებიან, რასაც ადასტურებს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ხდება აფხაზეთში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის შეყვანა და შეიარაღების შეტანა;

ვინაიდან დსთ-ის ეგიდით მოქმედმა რუსეთის სამშვიდობო ძალებმა არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მისია და ხელი შეუწყვეს აფხაზეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების განახლებას;

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. მიზანშეუწონლად იქნეს მიჩნეული დსთ-ის კოლექტიური სამშვიდობო ძალების შემდგომი ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე.

2. წინადადება მიეცეს საქართველოს პრეზიდენტს:

) განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული პროცედურები დსთ-ის კოლექტიური სამშვიდობო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაყვანის მიზნით.

) გაეროს, ეუთოს და საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობების წინაშე სასწრაფოდ დასვას შემდეგი საკითხი _ კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სანაცვლოდ შეყვანილ იქნეს საერთაშორისო სამშვიდობო ძალები, ამასთან, გაიზარდოს სამხედრო დამკვირვებელთა რაოდენობა და გაფართოვდეს მათი მანდატი;

) გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება სტამბოლის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებათა დაუყოვნებლივ შესასრულებლად.

3. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება, კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

4. მიუხედავად იმისა, რომ დევნილ მოსახლეობას საერთაშორისო სამართლის აღიარებული ნორმების საფუძველზე აქვს უფლება, ნებისმიერი საშუალების გამოყენებით დაუბრუნდეს მშობლიურ კერას, საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას აფხაზეთის კონფლიქტის მშიდობიანი გზით მოგვარების პრინციპისადმი.

5. საქართველოს პარლამენტი მიმართავს აფხაზეთის მოსახლეობას, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ძმათა მკვლელი ომის სიმწარე და საშინელება, დაღუპულ აფხაზ და ქართველ მებრძოლთა ნათესავებს, აგრეთვე იმათ, ვინც ერთად უნდა აშენოს ერთიანი საქართველოს მომავალი, არ დაუშვან გარეშე ძალების მიერ თავს მოხვეული შეიარაღებული დაპირისპირების განმეორება.

6. საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გაააქტიუროს ძალისხმევა აფხაზურ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებასთან დაკავშირებით.

7. საქართველოს პარლამენტი გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის უზენაეს ნებას და მისწრაფებას და აცხადებს, რომ ის არასოდეს შეეგუება ქვეყნის ისტორიულად განუყოფელი ნაწილის დაკარგვას და აფხაზეთის ტერიტორიაზე მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთის ფართო ავტონომიის საბოლოოდ განსაზღვრისა და ყველა დევნილის საკუთარ ფუძეზე დაბრუნების შემდეგ, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მოგვარების მყარი საფუძველი გახდება.

8. საქართველოს პარლამენტი გამოხატავს მზადყოფნას ინტენსიური კონსულტაციები გამართოს რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ორ ქვეყანას შორის შემდგომი დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ზ. ჟვანია.

 

თბილისი,

2001 წლის 11 ოქტომბერი

1094–Iს