საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და კვლევის სამინისტროს შორის 2018-2021 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და კვლევის სამინისტროს შორის 2018-2021 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამა
დოკუმენტის ნომერი 5/21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 23/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016520
5/21
29/11/2017
ვებგვერდი, 14/03/2018
480610000.03.030.016520
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და კვლევის სამინისტროს შორის 2018-2021 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და კვლევის სამინისტროს შორის 2018-2021 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მოლდოვას რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და კვლევის სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად წოდებულნი“,

სურთ რა გააღრმავონ მათ შორის არსებულ მეგობრობაზე დამყარებული ორმხრივი ურთიერთობები,

სურთ რა ხელი შეუწყონ მათ შორის კულტურულ სფეროში თანამშრომლობას ორ ქვეყანაში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად,

აღიარებენ რა, რომ კულტურის სფეროში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურისა და საზოგადოებების უკეთ გაცნობას,

ხაზს უსვამენ რა კულტურული დიალოგის განსაკუთრებულ როლს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისა და კონსოლიდაციის თვალსაზრისით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობასა და დიალოგს მუსიკალურ, თეატრალურ და სხვა კულტურულ თუ ხელოვნების ინსტიტუტებსა და ასოციაციებს და ინდივიდუალურ პირებს შორის, რომლებიც მოღვაწეობენ კულტურისა და ხელოვნების სფეროებში, და, ასევე, მხარეთა შესაბამისი წარმომადგენლების მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსებში, ფესტივალებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და სემინარებში.

მუხლი 2

მხარეები ხელს შეუწყობენ ქართველი და მოლდოველი ხელოვანებისა და ხელოვანთა ჯგუფების მონაწილეობას ორ ქვეყანაში ჩატარებულ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალებსა და ღონისძიებებში. 

მუხლი 3

მხარეები ხელს შეუწყობენ თეატრის, ოპერისა და ბალეტის მსახიობთა და რეჟისორთა ურთიერთგაცვლას, ასევე პროფესიული ჯგუფებისა და შემოქმედი პირების მონაწილეობას ორ ქვეყანაში გამართულ ფესტივალებსა და კონკურსებში.

მუხლი 4

მხარეები ხელს შეუწყობენ მხარეთა ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის პირდაპირ თანამშრომლობას სპეციალისტთა ურთიერთგაცვლის, წიგნის გამოფენების ორგანიზებისა და ინფორმაციის გაცვლის კუთხით.

მუხლი 5

მხარეები ხელს შეუწყონ მწერლებისა და გამომცემლების მონაწილეობას სემინარებში, შეხვედრებსა და პოეზიის საღამოებში, რომელიც მიზნად ისახავს მხარეთა ლიტერატურულ საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას. მხარეები მხარს დაუჭერენ პოეტებისა და მწერლების მონაწილეობას ფესტივალებსა და ლიტერატურულ ღონისძიებებში.

მუხლი 6

1) მხარეები ერთობლივად იმუშავებენ თანამედროვე პროზის, პოეზიისა და სხვა ლიტერატურული ნაწარმოებების მეორე ქვეყნის ენაზე თარგმნის ხელშეწყობის კუთხით. მხარეები, ასევე, ხელს შეუწყობენ აღნიშნული ნათარგმნი ნაწარმოებების გავრცელებას.

2) წინამდებარე მიზნებისთვის, მხარეები, პროგრამის მოქმედების მანძილზე გაცვლიან ოთხ (4) პირს (მწერლები, პოეტები ან თარჯიმნები), თითოეულს ხუთი (5) დღის ვადით. 

მუხლი 7

მხარეები განავითარებენ ორმხრივ თანამშრომლობას ისტორიული და კულტურული ძეგლების შენარჩუნებისა და აღდგენის, ასევე, ხელოვნების ისტორიის სფეროში. მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირ თანამშრომლობას დაინტერესებულ ინსტიტუციებს შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში და აღნიშნული მიზნით გაცვლიან პუბლიკაციებს, ინფორმაციას და სპეციალისტებს. 

მუხლი 8

მხარეები ხელს შეუწყობენ მუზეუმებს შორის კონტაქტების დამყარებას და სამუზეუმო დარგის სპეციალისტების, გამოფენებისა და პუბლიკაციების ურთიერთგაცვლას. გამოფენათა გაცვლის პირობები განისაზღვრება ცალკე ოქმის სახით, რომელიც გაფორმდება უშუალოდ ორგანიზატორებს შორის.

მუხლი 9

მხარეები  ხელს შეუწყობენ თანამედროვე ხელოვნების გამოფენების ურთიერთგაცვლას. გამოფენათა ურთიერთგაცვლის პირობები განისაზღვრება ცალკეული ოქმის სახით, რომელიც  გაფორმდება უშუალოდ ორგანიზატორებს შორის.

მუხლი 10

მხარეები დიზაინისა და არქიტექტურის სფეროში ხელს შეუწყობენ პირდაპირი კონტაქტების დამყარებას და დიზაინისა და არქიტექტურის  პროფესიულ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლას.

მუხლი 11

1) მხარეები,  საქართველოში მოლდოვური ფილმის დღეებისა და მოლდოვაში ქართული ფილმის დღეების ორგანიზების მიზნით, წაახალისებენ პირდაპირ თანამშრომლობას კინემატოგრაფიის ინსტიტუციებს, ორგანიზაციებს და კინოპროდიუსერების ასოციაციებს, ფილმის დირექტორებსა და კინოარქივებს  შორის.

2) მხარეები ხელს შეუწყობენ ფილმებისა და კინოს ექსპერტთა დელეგაციების მონაწილეობას ორივე ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო ფილმების ფესტივალებში.

3) მხარეები განიხილავენ ფილმების ერთობლივი წარმოების შესაძლებლობებს.

მუხლი 12

მხარეები, საყოველთაო პრაქტიკის გაცვლის მეშვეობით, კულტურის პოლიტიკის განვითარებისა და საერთო სტრატეგიების შემუშავების მიზნით, წაახალისებენ თანამშრომლობას კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროში და ხელს შეუწყობენ  უშუალო კონტაქტების დამყარებას მცირე და საშუალო კულტურულ და შემოქმედებით კომპანიებს შორის და ორმხრივ მონაწილეობას ბაზრობებსა  და საჩვენებელ ფესტივალებში.

მუხლი 13

მხარეები, თავიანთი კომპეტენციის, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში, რომელთა მხარეებიც ისინი არიან, ითანამშრომლებენ კულტურული ობიექტების უკანონო გადაადგილების აღკვეთის კუთხით და აღნიშნული მიზნებისათვის უზრუნველყოფენ ინფორმაციისა და ექსპერტთა გაცვლას.

მუხლი 14

მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოში მცხოვრები მოლდოველების და მოლდოვაში მცხოვრები ქართველების კულტურულ საქმიანობას და ხელს შეუწყობენ საქართველოში მოლდოვას კულტურული ღონისძიებების და, შესაბამისად, მოლდოვაში საქართველოს კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას.

მუხლი 15

პროგრამის მოქმედების მანძილზე, მხარეები გაცვლიან კულტურის სამინისტროთა ოფიციალურ დელეგაციებს, არაუმეტეს 5 ადამიანისა 5 დღემდე ვადით.   

მუხლი 16

1) სხვა კულტურული ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება პროგრამით განსაზღვრულ მიზნებს, შესაძლოა განხორციელდეს მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე. 

2) წინამდებარე პროგრამის მოქმედების მანძილზე, მხარეები ყოველი წლის ბოლოს, წინასწარ  ატყობინებენ ერთმანეთს ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ, რათა დროულად მოხდეს სჭირო ფინანსების განსაზღვრა.

მუხლი 17

კულტურის სფეროში მხარეთა შორის შეთანხმებული ურთიერთგაცვლები ხორციელდება შემდეგი პირობებით:

1) დელეგაციათა და ცალკეულ შემოქმედთა გაცვლა:

  • წარმგზავნი მხარე ფარავს ორმხრივი მგზავრობის ხარჯებს;
  • წარმგზავნი მხარე უზრუნველყოფს  დელეგაციის ყველა წევრის მოქმედ სამედიცინო დაზღვევას;
  • მიმღები მხარე ფარავს საცხოვრებლის და ქვეყნის შიდა ტრანსპორტირების ხარჯებს და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს თარჯიმნის წარმოდგენას.

2) შემოქმედებითი ჯგუფების, მუზეუმის ექსპერტებისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენათა ურთიერთგაცვლასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები ექვემდებარება ორგანიზატორებს შორის ცალკეულ მოლაპარაკებებს.

მუხლი 18

პროგრამის დებულებების განხორციელება უნდა მოხდეს მხარეთა შესაბამისი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად.

მუხლი 19

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე პროგრამის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 20

1) წინამდებარე პროგრამა ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ პროგრამის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან და მოქმედებს 2021 წლის 31 დეკემბრამდე.

2) წინამდებარე პროგრამაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც ფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შედის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს წინამდებარე პროგრამის განუყოფელ ნაწილს.

3) თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ პროგრამის მოქმედება მეორე მხარისათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში პროგრამა მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2017 წლის 29 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე პროგრამის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს კულტურისა

და ძეგლთა დაცვის

სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)

მოლდოვას რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და კვლევის

სამინისტრო სახელით

(ხელმოწერილია)