„საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე

  • Word
„საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 873
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 17/05/2001
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
873
08/05/2001
სსმ, 51, 17/05/2001
0000.00.00.000000
„საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე

საქართველოს პარლამენტმა განიხილა საქართველოს მთავრობის ანგარიში „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ და აღნიშნავს, რომ საბიუჯეტო პროცესების მოწესრიგებისათვის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა და ხარჯვითი პოლიტიკის მაქსიმალურად გამკაცრებამ შესაძლებელი გახადა სამინისტროების, უწყებებისა და სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსების მაჩვენებელთა მეტნაკლებად თანაბარ დონეზე შენარჩუნება; მოხერხდა ცენტრალური ბიუჯეტის ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით დაცული მუხლების პრიორიტეტული დაფინანსება; საგადასახადო სფეროში დაიწყო რეფორმის გატარება; ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზების საშუალო თვიურმა მაჩვენებელმა 2000 წლის მეორე ნახევარში 13 მლნ ლარით მეტი შეადგინა, ვიდრე იმავე წლის პირველ ნახევარში. ამ დადებითი პროცესების შედეგად აღდგა ურთიერთობები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

მიუხედავად აღნიშნული ტენდენციებისა, ვერ მოხერხდა „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და წლის განმავლობაში 3-ჯერ დაზუსტებული პარამეტრების შესრულება; ბიუჯეტი შემოსავლის ნაწილში მხოლოდ 92%-ით შესრულდა, ხოლო ხარჯების ნაწილში – 84%-ით. არ შესრულდა სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლის გეგმა, რამაც შესაბამისი ღონისძიებების არასრული დაფინანსება გამოიწვია. მნიშვნელოვანი გარღვევა დაფიქსირდა ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის წყაროების (მათ შორის, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავლის) მხრივაც. ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილის შეუსრულებლობის გამო სრულად ვერ დაფინანსდა ხარჯების ნაწილით განსაზღვრული ღონისძიებები. ასევე სრულად ვერ გამოიყო ცენტრალური ბიუჯეტიდან ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში გადასაცემი, სოციალური და სპეციალური ღონისძიებების დაფინანსებისათვის გათვალისწინებული ტრანსფერები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცდეს „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიში საქართველოს კონტროლის პალატის შენიშვნების გათვალისწინებით.

2. აღინიშნოს საქართველოს მთავრობის არასაკმარისად ეფექტიანი საქმიანობა საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზების ნაწილში.

3. დაევალოს საქართველოს მთავრობას, კონტროლის პალატის დასკვნაში მითითებული დარღვევებიდან რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სამი თვის ვადაში წარუდგინოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს ინფორმაცია სათანადო რეაგირების თაობაზე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ზ. ჟვანია

თბილისი,

2001 წლის 8 მაისი.

№873IIს