დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1987-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/02/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016049 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 146-ე მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) წამყვანი კომიტეტი კანონპროექტს მიღებიდან არაუადრეს 3 დღისა (გარდა იმ კანონპროექტისა, რომლის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის ბიურომ) და არაუგვიანეს 5 კვირისა განიხილავს კომიტეტის სხდომაზე;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) პირველი მოსმენით მიღებიდან 3 კვირის ვადაში წამყვანი კომიტეტი კანონპროექტს განიხილავს კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად, ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით;“. 2. 152-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუადრეს 3 დღისა და არაუგვიანეს 3 კვირისა საქართველოს მთავრობა, პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე. თუ აღნიშნული სუბიექტები მითითებულ ვადაში არ წარმოადგენენ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე, კანონპროექტი მათ მიერ მოწონებულად ჩაითვლება. 2. წამყვანი კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუადრეს 3 დღისა და არაუგვიანეს 5 კვირისა იწვევს კომიტეტის სხდომას. წამყვანი კომიტეტის სხდომა მოწვეული უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული ის კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანა დაუშვებელია. თუ პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.“. 3. 159-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ იგი მასზე გამოთქმული და გათვალისწინებული შენიშვნების პროექტში ასახვისა და მეორე მოსმენით განხილვისათვის მომზადების მიზნით გადაეცემა წამყვან კომიტეტს, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებიდან 3 კვირის ვადაში განიხილავს მას. წამყვანი კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. საჭიროების შემთხვევაში კენჭი ეყრება შენიშვნებს. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ მოახერხებს კანონპროექტის განხილვას, იგი შეიძლება გაგრძელდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით. წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული ფაქტი და დასვას შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი. 2. პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილვისას გათვალისწინებული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებიდან 4 კვირის ვადაში კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი მოადგილის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის. ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 22 თებერვალი 2018 წ. N1987-IIს |
დოკუმენტის კომენტარები