დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 21/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016315
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
17
20/02/2018
ვებგვერდი, 27/02/2018
010250020.35.156.016315
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/02/2018 - 07/11/2019)

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №17

2018 წლის 20 თებერვალი

ქ. დმანისი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ)“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის  თანახმად, დმანისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს   დმანისის  მუნიციპალიტეტის   მერიის   ზედამხედველობის  სამსახურის   დებულება, დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი



დანართი №1

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს დმანისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

სამსახურის მისამართია: ქ. დმანისი, წმინდა ნინოს ქ. №41.

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.

 

თავი II

სამსახურის საქმიანობა

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება მშენებლობის ისეთ სახეზე, რომელიც საჭიროებს შეთანხმებას ან/და ნებართვას; ზედამხედველობის პროცესში კონტროლი პროექტის განხორციელებისა და დადგენილი ნორმების დაცვის მიზნით, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულების კონტროლი;

ბ) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე კონტროლი და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში რეაგირება;

გ) საქართველოს ორგანული კანონით „საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული წესით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან/და დაზიანებული საარჩევნო პლაკატების გამოვლენის, ასევე დადგენილ ვადაში სააგიტაციო მასალის ჩამოუხსნელობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება;

დ) საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების განთავსების კონტროლი და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება;

ე) დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატური კოორდინაცია, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით;

ვ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირისგან ინფორმაციის მიღება.

2. სამსახური ადმინისტრაციული სამართალდაღვევის თაობაზე საქმეს აწარმოებს:

ა) საქართველოს კანონით „პროედუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას, შესაბამისი სახდელის დადების მიზნით, უფლებამოსილი პირი ამზადებს სამართლებრივი აქტის პროექტს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ფორმით;

ბ) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 4. სამსახურის უფლებები და მოვალეობები

1. ამ დებულებითა და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახური უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების სპეციალისტები, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები;

ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით განახორციელოს შემოწმებები;

გ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;

ვ) განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები დადგენილ ვადებში;

ზ) კანონმდებლობით მინიჭებული სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია:

ზ.ა) მშენებლობის განხორცილებისას გასცეს მითითება როგორც სამშენებლო ნორმების და/ან სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ან შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს;

ზ.ბ) დადგენილი წესით შეაჩეროს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს:

ზ.ბ.ა) მშენებლობის ან დემონტაჟის სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელება;

ზ.ბ.ბ) მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია;

ზ.ბ.გ) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანოების მითითების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;

თ) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში დამკვეთს ან საამშენებლო ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება, თუ დარღვევა დადასტურდა, ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;

ი) შეადგინოს შემოწმების აქტი და წარუდგინოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. დემონტაჟის საფუძველი შეიძლება იყოს:

ი.ა) უნებართვო მშენებლობის თაობაზე მითითების შეუსრულებლობა;

ი.ბ) მშენებლობის პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით განხორციელება, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა;

ი.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია;

კ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში;

ლ) განახორციელოს ზედამხედველობა საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოავლინოს შემდეგი სამართალდარღვევის ფაქტები:

ლ.ა) სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტალური დადგენილი წესით გაუფორმებლობა;

ლ.ბ) მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა;

ლ.გ) მიწათსარგებლობის საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა;

ლ.დ) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა;

ლ.ე) მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა;

ლ.ვ) ავტოსადგურის ფუნქციონირება განსაკუთრებული რეგულირების ზონაში თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი წესების დარღვევით;

ლ.ზ) სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბარებში, სკვერებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გატანა- გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა;

ლ.თ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა;

ლ.ი) თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება;

ლ.კ) თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა;

ლ.ლ) თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება;

ლ.მ) ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას;

ლ.ნ) საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა;

ლ.ო) გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე;

ლ.პ) რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა;

ლ.ჟ) არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება);

ლ.რ) ობიექტების დაპროექტებისას და მშენებლობისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის საჭიროებისა და მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა;

მ) სამსახური, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს ზედამხედველობას „ნარჩენების მართვის კოდექსის“ საფუძველზე მოცემულ კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებაში:

მ.ა) მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება;

მ.ბ) სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება;

მ.გ) შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით – ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება;

მ.დ) ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება;

მ.ე) მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა;

მ.ვ) სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;

მ.ზ) სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა;

მ.თ) კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენის მოთხოვნების დარღვევა;

ნ) მოთხოვნის შესაბამისად სათანადო ვადებში უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოში;

ო) საჭიროების შემთხვევაში ერთჯერადი კონსულტაციისათვის მოიწვიოს უწყებისა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები, მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები;

პ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

ჟ) ახორციელებს დასრულებული მშენებლობის (შენობა-ნაგებობის ან/და ნაგებობის ვარგისად აღიარებისათვის შესაბამის ქმედებებს (შემოწმება, სანებართვო პირობებთან (ნებართვასთან და პროექტთან) შესაბამისობის დადასტურება,)) და ამზადებს მშენებლობა დასრულებული ობიექტის ვარგისად აღიარების შესახებ ბრძანების პროექტს ან/და ვარგისად აღიარების შესახებ უარის პროექტს.

 

თავი III

 სამსახურის მართვა

მუხლი 5. სამსახურის ხელმძღვანელობა

სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

მუხლი 6. სამსახურის უფროსი

1. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სტრუქტურული ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

გ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

თ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ი) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;

კ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;

ლ) ასრულებს შესაბამისი სამსახურის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ფუნქციებს;

2. ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს.

 

თავი IV

საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები

მუხლი 7. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები

სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:

ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ;

ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.

მუხლი 8. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები

სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:

ა) სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას.

მუხლი 9. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა

1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს მერი.

4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერის წარდგინებით, განსაზღვრავს საკრებულო.

 

თავი V

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 10. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.