დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.156.016312 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016290) და დადგენილებით დამტკიცებული დებულება ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს დმანისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ – მუნიციპალიტეტი) ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტურ გამოყენებას და მათზე წინასწარი და მიმდინარე კონტროლის დაწესებას, ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევას, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების განხორციელებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას. 2. სამსახურს აქვს ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. 3. სამსახურის მისამართია ქ. დმანისი, წმინდა ნინოს ქ. №41. მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონები „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.
თავი II სამსახურის საქმიანობა მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) დმანისის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტების შემუშავება, ბიუჯეტის შესრულება და შესრულების ანგარიშის მომზადება; ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციებისა და წინადადებების მომზადება; გ) დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირება და მონაცემთა ანალიზი; დ) მერის წინაშე წინადადების წარდგენა, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მიზნით; ე) ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტის სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება. 2. სამსახური, მისი საქმიანობის ძირითადი ამოცანებიდან გამომდინარე, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: ა) ადგენს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რისთვისაც: ა.ა) დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, მუნიციპალიტეტისადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებთან ერთად ამზადებს პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტს; ა.ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად, კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს, საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დასაგზავნად; ა.გ) უზრუნველყოფს დმანისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება-დამუშავებას, განხილვას, საჭიროების შემთხვევაში, დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადადებებს მათ დასაზუსტებლად; ა.დ) შემოსულობების პროგნოზირებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით; ა.ე) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ადგენს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მოიცავს: ბიუჯეტის შემოსულობების საერთო თანხას, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხი მოსაკრებლების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარებისა და სხვა შემოსულობებს გადასახადების წყაროების გამოყოფით და გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებებს საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე განაწილებით, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად; ა.ვ) სამსახური, კანონით დადგენილ ვადებში, ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს შესაბამის დადგენილების პროექტთან ერთად განსახილველად წარუდგენს დმანისის მუნიციპალიტეტის მერს; ა.ზ) დადგენილი წესის თანახმად, ამზადებს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – მასალებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების შესატანად; ა.თ) ამზადებს წინადადებებს, გასული წლის საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთის მიმდინარე წელს გამოყენების თაობაზე; ბ) ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებას, რისთვისაც: ბ.ა) ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალების ან თვეების მიხედვით; ბ.ბ) უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას; ბ.გ) დადგენილი წესის თანახმად, ამზადებს დმანისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს; ბ.დ) იღებს და ამუშავებს საბიუჯეტო ორგანიზაციების საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს; ბ.ე) დადგენილი წესის მიხედვით, ახდენს საბიუჯეტო ორგანიზაციების ვალდებულებების რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას; ბ.ვ) მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ახორციელებს სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას; გ) სამსახური ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მომზადებას, რისთვისაც: გ.ა) უზრუნველყოფს ბიუჯეტის ყოველდღიური შემოსულობების შესახებ ინფორმაციის მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისაგან, აღრიცხავს და აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას; გ.ბ) იღებს ინფორმაციებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მათთვის გათვალისწინებული ასიგნებების გამოყენების შესახებ; გ.გ) სამსახური ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით; გ.დ) ადგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას, წარუდგენს მერს და წარმომადგენლობით ორგანოს, ხოლო შესრულების წლიურ ანგარიშებს წარუდგენს მერს, წარმომადგენლობით ორგანოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს; დ) ადგენს პერიოდულ და წლიურ საბუღალტრო ანგარიშებს; ე) უზრუნველყოფს ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებას; ვ) უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული ერთიანი კომპიუტერული საინფორმაციო ბაზის მეშვეობით, ახორციელებს საქმიანობის პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურებას; თ) ამუშავებს საბიუჯეტო მაჩვენებლების სტატისტიკურ-საინფორმაციო მონაცემებს. უზრუნველყოფს დადგენილი წესით მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას; ი) მოთხოვნის საფუძველზე ახდენს ინფორმაციის მიწოდებას შესაბამის მერიის სამსახურებზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად საურავებისა და ჯარიმების, აგრეთვე მოსაკრებლებისა და სხვა არასაგადასახადო შემოსავლების სახით, დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების შესახებ; კ) უზრუნველყოფს სამსახურში შექმნილი დოკუმენტების არქივისათვის გადაცემას, მათ შორის, ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთანუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვას; ლ) უზრუნველყოფს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატურ კოორდინაციას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით; მ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირისგან უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღებას; ნ) კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებს.
თავი III სამსახურის სტრუქტურა მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან: ა) ბიუჯეტის დაგეგმვისა და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება; ბ) შესყიდვების განყოფილება. მუხლი 5. სამსახურის უფლება-მოვალეობანი 1. სამსახურს უფლება აქვს: ა) სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, საბიუჯეტო დაწესებულებებისაგან, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებისაგან და შესაბამისი სახელმწიფო ინსტანციებიდან დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვისა და დამუშავებისათვის მოიწვიოს მათი წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებანი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების და სხვა დაინტერესებული საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების წარმომადგენელთა მონაწილეობით; გ) დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით გახსნას მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგარიშები კომერციულ ბანკებში; დ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე დაამყაროს ურთიერთობანი და ითანამშრომლოს სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პროფესიულ გაერთიანებებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ე) მიავლინოს სპეციალისტები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესაძენად, კონფერენციებსა და სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად. 2. სამსახურის მოვალეობაა: ა) საქმიანობის ძირითადი მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე გაწეული მუშაობის შესახებ, დადგენილი წესით წარუდგინოს პროექტები, ანგარიშები და სხვა სახის ინფორმაციები დმანისის მუნიციპალიტეტის მერს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს; ბ) განიხილოს დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა უწყებიდან მიღებული წერილები, ინფორმაციები, მოთხოვნები და მოქალაქეთა განცხადებები და საჩივრები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს შესაბამისი მასალები, წინადადებები, დასკვნები და პასუხები მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. 3. ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას; ბ) საფინანსო ოპერაციების დოკუმენტაციის დროულად და კანონიერად გაფორმებას; გ) კონტროლს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე, ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების დაცვაზე; დ) მოსამსახურეთა ხელფასების, სხვა გასაცემი თანხების დროულად დარიცხვა და გაცემას; ე) დაწესებულებებთან და ფიზიკურ პირებთან წარმოშობილი ანგარიშსწორების დროულად აღრიცხვას; ვ) ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ბუღალტრული ანგარიშგების მომზადებას და დადგენილ ვადებში შესაბამის ორგანოებში წარდგენას; ზ) ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის პროცესში მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადებას; თ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაბალანსებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახურის შესყიდვების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული შესაბამისი სამსახურებისაგან; ბ) საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა დაზუსტების მიზნით, ითანამშრომლოს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და მოსთხოვოს მათ საჭირო ინფორმაცია. შესყიდვების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად წლიური გეგმის პროექტის მომზადებას; ბ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენასა და კორექტირებას; გ) წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის შესაბამის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას დადგენილი ვადების შესაბამისად; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადებას; ე) დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადებას და განხორციელებას; ვ) მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების კანონით განსაზღვრული შესყიდვების პროცედურების განხორციელებას, მათ შორის: სავარაუდო ფასების განსაზღვრას, შესყიდვის საშუალების შერჩევას, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას და ა.შ; ზ) შესყიდვების განმხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერას, შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალობის ხელშეწყობას; თ) ტენდერისა და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალების ორგანიზებას, შესყიდვის პროექტის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის მომზადებას; ი) ანალიტიკური, პროგნოზული, ექსპერტული და ინფორმაციული სამუშაოების შესრულებას დამტკიცებული შესყიდვების გეგმების საფუძველზე. ამ გეგმებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას; კ) ტენდერებისა და ხელშეკრულებების რეესტრის წარმოებას; ლ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 5. ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახური, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის მიმართულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) დმანისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავებას; ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას; გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას, მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ და ამ საკითხებზე უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს; დ) საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შესახებ პროექტის მომზადებას, საბიუჯეტო ასიგნებებისა და დასაქმებულთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით; ე) დმანისისს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან შესაბამისი ინფორმაციების, მასალების მიღებას და დამუშავებას; ვ) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შედგენას; ზ) წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ/ყოველთვიურ ჭრილში დაბალანსებას, ადგენს შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ/ყოველთვიურ განწერას; თ) დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას; ი) კვარტალურ განწერას შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის; კ) დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადებას ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ლ) მერიის ბრძანების პროექტების მომზადებას საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ; მ) დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალურ გადანაწილებას; ნ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზებას; უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციების მიღებას, დამუშავებას და ანალიზს; ამზადებს ბიუჯეტის შესრულების ინფორმაციას და ანგარიშს, მათ შორის, სარეზერვო ფონდის ანგარიშს, წარუდგენს მერს შემდგომში მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად; ო) მერის დავალების შესაბამისად, მერის ბრძანების პროექტის მომზადებას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ; პ) წინადადების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ; ჟ) შესყიდვების განყოფილებიდან მიღებული ხელშეკრულების პროექტის ანალიზს, რისთვისაც: ჟ.ა) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ორგანიზაციულ/პროგრამულ კოდს, საიდანაც უნდა განხორციელდეს პროგრამა; ჟ.ბ) მომზადებული ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული თანხის ოდენობის შედარებას ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების შესაბამის რესურსთან; რ) ხელშეკრულების საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში დარეგისტრირებას; ს) მიღებული ხელშეკრულებებისა და ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების საფუძველზე, საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ვალდებულების დოკუმენტის მომზადებას და საქართველოს სახლემწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში დარეგისტრირებას; ტ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებზე შესაბამისი ვალდებულებისა და საგადახდო მოთხოვნის მომზადებას; უ) საქართველოს სახლემწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში დარეგისტრირებას პირველადი დოკუმენტის შესაბამისად ახალი მოთხოვნის აღებასა და დამოწმებას; ფ) კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი (ავანსი) გადახდის დოკუმენტაციის მომზადებას (ელექტრონულ ბაზაში) და წინასწარი გადახდის დამოწმებას საგადახდო მოთხოვნით გათვალისწინებულ ვადაში; ქ) მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულებას.
თავი IV სამსახურის მართვა მუხლი 6. სამსახურის ხელმძღვანელობა სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მუხლი 7. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; გ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; თ) იბარებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას; კ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას; ლ) ასრულებს შესაბამისი სამსახურის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 2. ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების უფროსს. მუხლი 8. განყოფილების უფროსი 1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ახორციელებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) ამ დებულებით განყოფილებისთვის განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოხელეთათვის ფუნქციების განაწილებას და სამუშაო გეგმას; ვ) განსაზღვრავს განყოფილების მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ზ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ი) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; კ) აუცილებელ პირობებს უქმნის განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის; ლ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4.განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ თანამშრომელს.
თავი V საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები მუხლი 9. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით. მუხლი 10. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას. მუხლი 11. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს მერი. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერის წარდგინებით, განსაზღვრავს საკრებულო.
თავი VI დასკვნითი დებულებანი მუხლი 12. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3.სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები