დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკონფერენციო გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №149 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 12/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №71
2010 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
„საკონფერენციო გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №149 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საკონფერენციო გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №149 დადგენილებით (სსმ III, 2008 წელი, №98, მუხლი 1084) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. გრანტის გაცემის უზრუნველყოფა
1. საკონფერენციო გრანტის გაცემას ახორციელებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდები).
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაფინანსებას ახორციელებს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:
ა) საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები;
ბ) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
გ) მათემატიკა, მექანიკა;
დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ე) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო;
ვ) სამედიცინო მეცნიერებები;
ზ) საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები;
თ) აგრარული მეცნიერებები.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) დაფინანსებას ახორციელებს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:
ა) ქართველოლოგიის მეცნიერებები;
ბ) ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები.
4. ფონდები უზრუნველყოფენ:
ა) საკონფერენციო გრანტების კონკურსის გამოცხადებას;
ბ) კონკურსის გამართვისა და საკონფერენციო გრანტების განაცხადების (პროექტების) მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, კონკურსის პროგრამისა და პირობების შემუშავებასა და დამტკიცებას;
გ) საკონკურსო კომისიების შექმნას, რომლებიც ამ წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასებენ წარდგენილ განაცხადებს (დანართის შესაბამისად);
დ) საკონკურსო კომისიების მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პრეტენდენტთა გამოვლენასა და სამეცნიერო საბჭოების მიერ დამტკიცებას;
ე) გამარჯვებულ პრეტენდენტთა დაფინანსებას და შემდგომ კონტროლს, დადგენილი წესის შესაბამისად.“.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონკურსში მონაწილეობის პირობების დარღვევის შემთხვევაში ფონდები იტოვებენ უფლებას, არ განიხილონ შემოსული პროექტი.“.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამარჯვებული პროექტის გრანტის მიმღებს ავანსის სახით გადაერიცხება დამტკიცებული ბიუჯეტის ნაწილი (გრანტის მოცულობას გამოკლებული გრანტის მიმღების/კონფერენციის ორგანიზატორთა ან/და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურების 2/3). საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება პირველადი დოკუმენტაციის თანხლებით ფინანსური და პროგრამული ანგარიშების ფონდებში წარდგენისა და ფონდების მიერ მათი დადებითად შეფასების შემდეგ.“.
4. მე-5 მუხლის:
ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ) საპროექტო წინადადება (პროექტი);“;
ბ) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ე) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;“;
გ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) საპროექტო წინადადება (პროექტი);“.
5. მე-6 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკონკურსო კომისიები (შემდგომში – კომისიები) იქმნება ფონდების დირექტორების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით 9 წევრისაგან, რომელშიც 2 წევრი წარმოადგენს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, 3 – საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან/და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ხოლო 4 – ფონდებს.
2. კომისიების თავმჯდომარეები არიან ფონდების დირექტორები ან მათ მიერ კომისიების შემადგენლობიდან დანიშნული პირები.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კომისიების სხდომებს იწვევენ კომისიების თავმჯდომარეები ან/და ფონდების დირექტორები.“;
გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ფონდები უფლებამოსილი არიან, საჭიროების შემთხვევაში, კომისიებში მონაწილეობის მიღების მიზნით მოიწვიონ ექსპერტები სათათბირო ხმის უფლებით.“.
6. მე-7 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისიების მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პრეტენდენტთა სამეცნიერო საბჭოების მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდები აფორმებენ ხელშეკრულებებს გრანტის მიმღებებთან, სადაც გაიწერება ურთიერთვალდებულებათა დეტალური პირობები.
2. გრანტის მიმღებებმა კონფერენციის ჩატარებიდან 15 დღის განმავლობაში ფონდებს უნდა წარუდგინონ განხორციელებული ღონისძიების (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) ტექნიკური ანგარიში, რომელიც შედგება ფინანსური და პროგრამული ნაწილებისაგან.“;
ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ფონდების თანამშრომლები უფლებამოსილი არიან, დაესწრონ კონფერენციას.
7. გრანტის მიმღებთა მიერ წარდგენილი პროგრამული ანგარიშები, ბეჭდვითი ან/და ვიზუალური მასალები შესაძლებელია ფონდებმა გამოიყენონ თავიანთ ვებგვერდზე განთავსების, საქმიანობის ანგარიშში ჩართვის, სხვა ბეჭდვით ან ელექტრონულ პროდუქციაში გამოყენების მიზნით.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები