დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 311 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/05/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 45, 23/05/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
.საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიში, კონტროლის პალატის შენიშვნების გათვალისწინებით.
2. ქვეყანაში შექმნილი საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის მიზეზების შესწავლისა და 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის, მათ შორის, მხარჯველი სუბიექტების მიერ ხარჯების კანონიერების დადგენის მიზნით შეიქმნას საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია 6 თვის ვადით, 17 წევრით, კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს ერთი კვირის ვადაში.
3. წინადადება საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მთავრობის ანგარიშის დამტკიცების ან არდამტკიცების თაობაზე, დროებითმა საპარლამენტო კომისიამ წარმოადგინოს ამა წლის 15 სექტემბრამდე.
4. საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის განხილვებიდან გამომდინარე და „საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევასთან დაკავშირებით აღინიშნოს საქართველოს მთავრობის არაეფექტური საქმიანობა და საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ნაწილში მთავრობის საქმიანობა შეფასდეს არადამაკმაყოფილებლად.
5. საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის აღსრულების პროცესში დარღვეულ იქნა, როგორც „საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-8, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-18 მუხლები და 22-ე მუხლის მე-11 პუნქტი, აგრეთვე „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-13 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების დებულებები.
6. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის გათვლებზე დაყრდნობით, აღსრულების პროცესის სწორად წარმართვისას საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება შესაძლებელი იყო.
7. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს:
ა) დაავალოს საქართველოს მთავრობას გაატაროს რადიკალური ღონისძიებები საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით მათ საქმიანობაში არსებული სერიოზული დარღვევების სალიკვიდაციოდ. ამ მიზნით სამინისტროებმა და უწყებებმა გააძლიერონ შიდა საკონტროლო-სარევიზიო სამსახურების საქმიანობა;
ბ) ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი;
გ) დაავალოს საქართველოს მთავრობას, რათა საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და ფორმირების დროს ძირეულად შეცვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის, შედგენისა და ფორმირების დღემდე არსებული პრაქტიკა, განახორციელოს შემოსავლებისა და ხარჯების ოპტიმიზაცია მხარჯველი სუბიექტების შემცირების მიზნით;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის აღსრულების პროცესში არ დაუშვას ბიუჯეტის დაცული მუხლების დაუფინანსებლობა, ხარჯების სეკვესტრის მექანიზმების დარღვევა.
8. დაევალოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურებისა და კონტროლის პალატის წინადადებების საფუძველზე, ერთი თვის ვადაში მოამზადონ საქართველოს კონსტიტუციაში და „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებათა პროექტები საბიუჯეტო პროცესის ვადების ოპტიმიზაციის თაობაზე.
9. ამ დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
2000 წლის 17 მაისი.
№311–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები