სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 26/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.020351
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
36
25/01/2018
ვებგვერდი, 26/01/2018
120260020.10.003.020351
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/01/2018 - 15/03/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №36

2018 წლის 25 იანვარი

   ქ. თბილისი

 

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ

მუხლი 1
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლისა და „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა ორგანიზებულად გაწვევის მიზნით:

1. მოქალაქეთა 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევა განხორციელდეს 2018 წლის 26 იანვრიდან 2018 წლის 30 ივნისამდე.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1700-ით.

3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1379-ით.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 870-ით.

5. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 410-ით.

6. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში, ამავე მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული უწყებების წერილობითი მოთხოვნების შემთხვევაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევის პროცესი შესაბამის უწყებაში შეიძლება შეწყდეს ამავე მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებამდე.

8. 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის (შემდგომში – თბილისის რაიონი) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში (შემდგომში – მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული) რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

10. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამწვევ კომისიასთან გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კოორდინაცია გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 26 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი