საქართველოს მთავრობასა და კლიმატის მწვანე ფონდს შორის კლიმატის მწვანე ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და კლიმატის მწვანე ფონდს შორის კლიმატის მწვანე ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 24-08-2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 13/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016517
24-08-2017
24/08/2017
ვებგვერდი, 30/01/2018
480610000.03.030.016517
საქართველოს მთავრობასა და კლიმატის მწვანე ფონდს შორის კლიმატის მწვანე ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და კლიმატის მწვანე ფონდს შორის

კლიმატის მწვანე ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ


ვინაიდან საქართველოს მთავრობა („მთავრობა“) და კლიმატის მწვანე ფონდი („ფონდი“) აცნობიერებენ ფონდისა და ფონდთან დაკავშირებული პირებისთვის საქართველოში პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობით უზრუნველყოფის საჭიროებას, კლიმატის მწვანე ფონდის სახელმძღვანელო დოკუმენტის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად,

ვინაიდან მთავრობა და ფონდი თანხმდებიან, რომ ფონდსა და მასთან დაკავშირებული პირებისთვის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მინიჭება აუცილებელია ფონდის ფუნქციების ეფექტიანად შესრულებისთვის,

გამოთქვამენ რა სურვილს, გააფორმონ შეთანხმება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,

საქართველოს მთავრობა და კლიმატის მწვანე ფონდი შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

განსაზღვრებები

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები:

(a) „ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ჯგუფები“ ნიშნავს შეფასების ჯგუფს, სამართლიანობის უზრუნველყოფის ჯგუფს და კომპენსაციის მექანიზმს, რომელიც იქმნება საბჭოს მიერ სახელმძღვანელო დოკუმენტის შესაბამისად;

(b) „შეთანხმება“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას ფონდსა და საქართველოს შორის;

(c) „ფონდის არქივები“ ნიშნავს ყველა ჩანაწერს, კორესპონდენციას, დოკუმენტებს, ხელნაწერებს, ფოტო და კინოკადრებს, ფილმებს, ხმოვან ჩანაწერებს, კომპიუტერულ მონაცემებს ან მედიაკონტენტს, და სხვა ციფრულ და სხვა ელექტრონულ ჩანაწერებს, ან მონაცემთა სხვა სახის კომპილაციებს ან სხვა მასალას, მანქანით წაკითხვადი ან სხვა ფორმით, რომელიც ეკუთვნის ფონდს ან მის მფლობელობაშია;

(d) „საბჭო“ ნიშნავს ფონდის საბჭოს;

(e) „კონვენცია“ ნიშნავს „კლიმატის ცვლილების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციას, რომელიც მიღებულ იქნა ნიუ-ორკში, 1992 წლის 9 მაისს და ძალაში შევიდა 1994 წლის 21 მარტს;

(f) „საბაჟო მოსაკრებლები“ ნიშნავს ნებისმიერ ტარიფს, გადასახადს ან მოსაკრებელს, რომლითაც იბეგრება ფონდის მიერ სამსახურებრივი მიზნებისთვის იმპორტირებული ან ექსპორტირებული საქონელი, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებები, აპარატურა, მასალები და მომარაგების საგნები;

(g) „მოსაკრებელი“ ნიშნავს ნებისმიერ სააქციზო მოსაკრებელს ან სხვა გადასახადს, რომელიც წესდება სამსახურებრივი მიზნით საქონლისა და მომსახურებათა შესყიდვასთან დაკავშირებით;

(h) „აღმასრულებელი დირექტორი“ ნიშნავს საბჭოს მიერ დანიშნულ სამდივნოს უფროსს;

(i) „ფონდის დავალებების შემსრულებელი ექსპერტი“ ნიშნავს ექსპერტს ან კონსულტანტს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურებათა გაწევას ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ფორმდება ფონდთან (ექსპერტსა და ფონდს, ან ორგანიზაციასა და ფონდს შორის), მათ შორის, ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ჯგუფებთან და საბჭოს კომიტეტების, სპეციალისტთა ჯგუფებისა და სამუშაო ჯგუფების წევრებთან;

(j) „მთავრობა“ ნიშნავს საქართველოს მთავრობას;

(k) „დამკვირვებლები“ ნიშნავს საბჭოს სხდომებში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულ აქტიურ დამკვირვებლებს და დამკვირვებლის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც აკრედიტებულია ფონდის მიერ;

(l) „მოხელეები“ ნიშნავს საბჭოს წევრებს და მათ შემცვლელ პირებს და მათ მრჩევლებს, აღმასრულებელ დირექტორს, სამდივნოს პერსონალს და ფონდის ნებისმიერ სხვა მოხელეს და თანამშრომელს, ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ჯგუფების პერსონალის ჩათვლით, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, გარდა ადგილობრივად დაქირავებული პირებისა, რომლებიც იღებენ საათობრივ ანაზღაურებას;

(m) „მხარე“ ან „მხარეები“ ნიშნავს ფონდს და/ან საქართველოს, კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით;

(n) „ფონდის ქონება“ ნიშნავს აქტივებს, კაპიტალს, შემოსავალს და უფლებებს, რომლებიც ეკუთვნის ფონდს, ან მის მფლობელობაშია, ან რომლებსაც ფონდი განკარგავს;

(o) „სამდივნო“ ნიშნავს ფონდის სამდივნოს, რომელსაც ქმნის ფონდი სახელმძღვანელო დოკუმენტის შესაბამისად; და

(p) „გადასახადი“ ნიშნავს ნებისმიერ პირდაპირ და არაპირდაპირ გადასახადს, მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადს და/ან სხვა მსგავს გადასახადს.

 

მუხლი 2

მიზანი

ფონდს, თავისი მიზნისა და მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ტერიტორიაზე მიენიჭება წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული სტატუსი, იმუნიტეტები და პრივილეგიები.

 

მუხლი 3

სამართლებრივი სტატუსი

ფონდს გააჩნია სრული სამართალსუბიექტობა და, კერძოდ, სრული უფლებაუნარიანობა:

(a) ხელშეკრულების დადების;

(b) მოძრავი და უძრავი ქონების შეძენის და განკარგვის; და

(c) სამართლებრივი პროცედურების ინიციირების.

მუხლი 4

იმუნიტეტი სასამართლო პროცესისგან

1. ფონდი სარგებლობს იმუნიტეტით ყველა სახის სასამართლო პროცესისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია მის უფლებასთან, ისესხოს ფულადი თანხა, გარანტიით უზრუნველყოს ვალდებულება, ან შეიძინოს და გაყიდოს ფასიანი ქაღალდები, ან გარანტიით უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, რა დროსაც ფონდის წინააღმდეგ შესაძლებელია შეტანილ იქნეს სარჩელი შესაბამისი იურისდიქციის სასამართლოში იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ფონდს გააჩნია ძირითადი საქმიანობის ადგილი ან ფილიალი, ან დანიშნული ჰყავს წარმომადგენელი მომსახურების ან სასამართლო უწყების მიღების მიზნით, ან გამოშვებული ან გარანტიით უზრუნველყოფილი აქვს ფასიანი ქაღალდები.

2. მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტისა, არანაირი სარჩელი არ შეიძლება შეტანილ იქნეს ფონდის წინააღმდეგ საქართველოს ან საქართველოს რომელიმე სტრუქტურის ან უწყების, ან ნებისმიერი ორგანიზაციის ან პირის მიერ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოდის მოსარჩელედ საქართველოს სახელით, ან იღებს სარჩელებს საქართველოს ან საქართველოს რომელიმე სტრუქტურის ან უწყების მხრიდან. ნებისმიერი დავა წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით გადაწყდება ერთობლივი კონსულტაციების გზით.

3. ფონდის ქონება და აქტივები, მიუხედავად მისი ადგილმდებარეობისა და მფლობელისა, სარგებლობს იმუნიტეტით ყველა სახის ყადაღის, ჩამორთმევის ან სააღსრულებო ზომებისგან, ფონდთან მიმართებაში სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

 

მუხლი 5

აქტივების იმუნიტეტი

ფონდის ქონება და აქტივები, მიუხედავად მისი ადგილმდებარეობისა და მფლობელისა, სარგებლობს იმუნიტეტით ჩხრეკის, რეკვიზიციის, კონფისკაციის, ექსპროპრიაციის, ან ნებისმიერი სხვა ფორმით ამოღების ან ჩამორთმევისგან აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებული აქტის საფუძველზე.

 

მუხლი 6

არქივების იმუნიტეტი

ფონდის არქივები და ზოგადად ყველა დოკუმენტი და მონაცემი, ნებისმიერ, მათ შორის, ელექტრონულ ფორმატში, რომელიც ეკუთვნის ფონდს ან მის მფლობელობაშია, ხელშეუხებელია, მიუხედავად ადგილმდებარეობისა.

მუხლი 7

აქტივების თავისუფლება შეზღუდვებისგან

1. იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია ფონდის მიზნისა და ფუნქციების ეფექტიანად შესრულებისთვის, და წინამდებარე შეთანხმების დებულებებისა და საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, ფონდის ყველა სახის ქონება და აქტივები თავისუფალია ნებისმიერი სახის შეზღუდვების, მარეგულირებელი ზომების, კონტროლისა და აკრძალვებისგან.

2. საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, ფონდს, რომელიც არ არის შეზღუდული ნებისმიერი ფორმის ფინანსური კონტროლის, რეგულაციების ან აკრძალვებით:

(a) შეუძლია ისარგებლოს უფლებით, ფლობდეს კაპიტალს, ოქროს ან ნებისმიერ ვალუტას და ჰქონდეს ანგარიშები ნებისმიერ ვალუტაში; და

(b) შეუძლია თავისუფლად განახორციელოს თავისი კაპიტალის, ოქროს ან ვალუტის ერთი ქვეყნიდან მეორეში ან რომელიმე ერთი ქვეყნის ფარგლებში ტრანსფერი და მის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი კონვერტირებადი ვალუტის ნებისმიერ სხვა ვალუტაში კონვერტირება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებისას, ფონდი სათანადო ყურადღებას დაუთმობს საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, თუ ჩაითვლება, რომ ამგვარი განცხადებების დაკმაყოფილება ზიანს არ მიაყენებს ფონდის ინტერესებს.

მუხლი 8

კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრივილეგიები

ფონდის ოფიციალურ კომუნიკაციას მიენიჭება იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ის, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ კომუნიკაციას.

მუხლი 9

ფონდის მოხელეთა იმუნიტეტები და პრივილეგიები

1. საბჭოს ყველა წევრი და მათი შემცვლელი პირები, მათი მრჩევლები, აღმასრულებელი დირექტორი, ფონდის მოხელეები და თანამშრომლები, მათ შორის ფონდის დავალებების შემსრულებელი ექსპერტები, სარგებლობენ იმავე პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებსაც ითვალისწინებს 1947 წლის 21 ნოემბრის კონვენცია „სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებების გარდა, საბჭოს წევრები და მათი შემცვლელი პირები და აღმასრულებელი დირექტორი, თავიანთი ფუნქციების შესრულებისას და საქართველოში და უკანა მიმართულებით მგზავრობისას, ისარგებლებენ იმუნიტეტით დაპატიმრების ან დაკავების და პირადი ბარგის ჩამორთმევისგან.

3. ფონდის მიერ კონფერენციებსა და შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული ის დამკვირვებლები და პირები, რომლებზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტი, ისარგებლებენ იმუნიტეტით ყველა სახის სასამართლო პროცესისგან ფონდის მიერ მიწვეული პირების სტატუსით მათ მიერ წარმოთქმულ ან წერილობით სიტყვებთან და განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.

მუხლი 10

მგზავრობის ხელშეწყობა და სამგზავრო დოკუმენტის აღიარება

1. საქართველო ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლას, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში და საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით, სავიზო განაცხადების დაჩქარებულად დამუშავების გზით, საბჭოს წევრებისა და მათი შემცვლელი პირების, მათი მრჩევლების, აღმასრულებელი დირექტორის, ფონდის მოხელეებისა და თანამშრომლების, მათ შორის, ფონდის დავალებათა შემსრულებელი ექსპერტებისთვის.

2. საქართველო, აუცილებლობის შემთხვევაში და საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით, გაამარტივებს სავიზო განაცხადების დამუშავებას ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებსა და შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული დამკვირვებლებისა და სხვა პირებისთვის.

3. მთავრობა აღიარებს ფონდის მოხელეთა მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საშვების გამოყენებას, თუ ეს ნებადართულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, და საბჭოს მიერ დამტკიცებული ნებისმიერი სხვა სამგზავრო დოკუმენტის გამოყენებას, საბჭოს წევრებისა და მათი შემცვლელი პირების, მათი მრჩევლების, აღმასრულებელი დირექტორის, თანამშრომლებისა და ფონდის დავალებათა შემსრულებელი ექსპერტების მიერ.

მუხლი 11

გადასახადებისგან გათავისუფლება

1.    ფონდი, მისი აქტივები, ქონება, შემოსავალი და მისი ოპერაციები და ტრანზაქციები თავისუფლდება ყველა სახის გადასახადისა და საბაჟო გადასახდელებისაგან. ფონდი ასევე თავისუფლდება ნებისმიერი გადასახადის ან მოსაკრებლის გადახდის, დაკავების ან ამოღების ვალდებულებისგან.

2.    საბჭოს წევრებისა და მათი შემცვლელი პირების, მათი მრჩევლების, აღმასრულებელი დირექტორის, ფონდის მოხელეებისა და თანამშრომლების, მათ შორის, ფონდის დავალებათა შემსრულებელი ექსპერტებისთვის ფონდის მიერ გადახდილი ხელფასები და ანაზღაურება თავისუფლდება გადასახადებისგან, გარდა ფონდის მიერ საქართველოს მოქალაქისათვის გადახდილი ხელფასებისა და ანაზღაურებისა.

3.    საქართველო არ დააწესებს გადასახადს რაიმე ობლიგაციაზე ან ფონდის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდზე, დივიდენდებისა და მათზე დარიცხული პროცენტების ჩათვლით, ვის მფლობელობაშიც არ უნდა იყოს ისინი:

(a)   თუ ამგვარ ობლიგაციასთან ან ფასიან ქაღალდთან დაკავშირებით გადასახადი წესდება მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი გამოშვებულია ფონდის მიერ და ეს ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს; ან

(b)   თუ გადასახადის დაწესების ერთადერთ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს გამოცემის ადგილი ან ვალუტა, რომელშიც ის იქნა გამოშვებული, რომლშიც ხდება მისი გადახდა ან ის არის გადახდილი, ან ფონდის რომელიმე ოფისის ადგილმდებარეობა ან საქმიანობის განხორციელების ადგილი.

4.    ფონდის მიერ გარანტიით უზრუნველყოფილი არანაირი ვალდებულება ან ფასიანი ქაღალდი, დივიდენდებისა და მათზე დარიცხული პროცენტების ჩათვლით, ვის მფლობელობაშიც არ უნდა იყოს ისინი, არ ექვემდებარება დაბეგვრას:

(a)   თუ ამგვარ ვალდებულებასთან ან ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით გადასახადი წესდება მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი გარანტიით უზრუნველყოფილია ფონდის მიერ და ეს ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს; ან

(b)   თუ გადასახადის დაწესების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს ფონდის რომელიმე ოფისის ადგილმდებარეობა ან საქმიანობის განხორციელების ადგილი.

მუხლი 12

უარის თქმა

ფონდს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ, უარი თქვას წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მინიჭებულ პრივილეგიებზე, იმუნიტეტებსა და შეღავათებზე ნებისმიერ შემთხვევაში და გარემოებაში, ისეთი წესით და იმ პირობებით, რომლებსაც ის მიიჩნევს საჭიროდ, ფონდის ინტერესებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ პრივილეგიები და იმუნიტეტები საბჭოს წევრებსა და მათ შემცვლელ პირებს, მათ მრჩევლებს, აღმასრულებელ დირექტორს, ფონდის მოხელეებსა და თანამშრომლებს, მათ შორის, ფონდის დავალებათა შემსრულებელ ექსპერტებს ენიჭებათ არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ფონდის ეფექტიანი ფუნქციონირების ინტერესებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, ფონდს არა მხოლოდ უფლება აქვს, არამედ მოვალეცაა უარი თქვას საბჭოს წევრებისა და მათი შემცვლელი პირების, მათი მრჩევლების, აღმასრულებელი დირექტორის, ფონდის მოხელეებისა და თანამშრომლების, მათ შორის, ფონდის დავალებათა შემსრულებელი ექსპერტების იმუნიტეტებზე, ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, როდესაც, ფონდის შეხედულებით, იმუნიტეტი აფერხებს მართლმსაჯულების განხორციელებას და როდესაც მასზე უარის თქმა ზიანს არ აყენებს იმ მიზანს, რომლისთვისაც მოხდა მისი მინიჭება, ან ფონდის ინტერესებს, თითოეული კონკრეტული შემთხვევის მიხედვით.

 

მუხლი 13

დავების გადაწყვეტა

ნებისმიერი დავა, უთანხმოება ან პრეტენზია, რომელიც გამომდინარეობს წინამდებარე შეთანხმებიდან ან დაკავშირებულია მასთან, ან მის არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, გამოყენებასთან, დარღვევასთან, მოქმედების შეწყვეტასთან ან ბათილობასთან, გადაწყდება საარბიტრაჟო წესით, „მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს (PCA) წესები 2012“-ით, და:

(a) არბიტრების რაოდენობა იქნება სამი;

(b) საარბიტრაჟო განხილვის ადგილი იქნება ჰააგა, ნიდერლანდები, მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო;

(c) საარბიტრაჟო სამართალწარმოების ენა იქნება ინგლისური; და

(d) მხარეები უარს აცხადებენ თავიანთ უფლებაზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ნებისმიერი ფორმით, მიმართონ რომელიმე სასამართლოს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს, იმდენად, რამდენადაც ამგვარი უარის თქმა გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 14

სხვა დებულებები

1.    მთავრობასა და ფონდს შეუძლიათ გააფორმონ დამატებითი შეთანხმებები, თუ ეს აუცილებელია წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში. ასეთი დამატებითი შეთანხმებები და ნებისმიერი ცვლილებები და დამატებები ძალაში უნდა შევიდეს ისეთივე წესით, როგორც აღნიშნული შეთანხმება. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

2.    წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ დღეს, როდესაც საქართველოს მთავრობა აცნობებს ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, რომ დასრულებულია შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები შეთანხმების ძალაში შესასვლელად.

3.    თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. შეთანხმების შეწყვეტა არ ახდენს ზეგავლენას შეთანხმების შეწყვეტამდე წარმოშობილ საკითხებზე.

4. წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ ნებისმიერი სახით შეზღუდოს საქართველოს უფლება, მიიღოს ზომები საკუთარი სახელმწიფო უსაფრთხოების დასაცავად, წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში.

5. საკუთარი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების ზიანის მოუყენებლად, ყველა პირი, რომელიც წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში სარგებლობს პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, ვალდებულია, პატივი სცეს საქართველოს კანონებსა და რეგულაციებს. ისინი, ასევე, ვალდებულნი არიან, არ ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში.

      

შესრულებულია ქ. თბილისში, 2017 წლის 24 აგვისტოს, ორ ინგლისურენოვან დედნად.

ზემოაღნიშნულის დასტურად, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა შესაბამისმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.

 

საქართველოს მთავრობის სახელით                   კლიმატის მწვანე ფონდის სახელით

 

 

__________________________________

           

 

_________________________________

 

გიგლა აგულაშვილი                                                                     ჰოვარდ ბემსი

საქართველოს გარემოსა                                                   აღმასრულებელი დირექტორი

და ბუნებრივი რესურსების დაცვის

მინისტრი