დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.140.016319 |
|
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2017 წ., 010260020.35.140.016278) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, დანართის შესაბამისად; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულება
|
მუხლი 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახური 1. ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავების, მუნიციპალური ქონების მართვის, მიწათმოწყობის და აგრარული სფეროს განვითარების ხელშეწყობას, გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარებას, ასევე მოსაკრებლების განსაზღვრისა და ამოღების ხელშეწყობას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ით დადგენილი ნორმების, მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და ,,დ.ე.“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, თანამდებობების რანგირებას, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში. 4 . სამსახურის იურიდიული მისამართია დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3. მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის სტრუქტურა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი – I რანგი (შემდგომში – სამსახურის უფროსი); ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი – ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი – II რანგი (შემდგომში – განყოფილების უფროსი); გ) ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სტატისტიკის მართვის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის საკითხებში – III რანგი (შემდგომში – უფროსი სპეციალისტი); დ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი – ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსი – II რანგი (შემდგომში – განყოფილების უფროსი); ე) მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ქონების აღრიცხვის და მართვის საკითხებში – III რანგი (შემდგომში – უფროსი სპეციალისტი). 2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია პროფესიული საჯარო მოხელე–სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი . მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობებით(თანამდებობრივი ინსტრუქციით). 3. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სხვა საჯარო მოსამსახურე. 5. სამსახურს ჰყავს განყოფილებების უფროსები და უფროსი სპეციალისტები. 6. საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე, განისაზღვრება მერიის დებულებით და საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, ხოლო ფუნქციები – შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით (თანამდებობრივი ინსტრუქციებით). 7. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, შეფასების, სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები 1. სტრუქტურული ერთეულის ფუნქციაა: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალური ქონების მართვა, მოსაკრებლების განსაზღვრისა და ამოღების ხელშეწყობა,სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება და აგრარულ საკითხთა ხელშეწყობა. 2. სამსახური უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური საკითხების დაგეგმვას და სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება-დამუშავებას და სათანადო ფორმით მერისთვის მათ მიწოდებას; ბ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას და რეალიზებას, ასევე გარემოს დაცვის და აგრარული პროგრამების განხორციელებას. 3 . საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლის მე-14, 24-ე, 27-ე და 31-ე პუნქტების შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახური შესაბამის რეგირებას ახდენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე და ადგენს სამართალდარღვევათა ოქმებს. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმომადგენლობით ორგანოს.
მუხლი 4. განყოფილებები და მათი ფუნქციები 1. განყოფილებას უძღვება მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი. 1.1. ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება უზრუნველყოფს : ა) სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას და ანალიზს; ბ) სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებას მერის წარმომადგენლებისაგან და ადმინისტრაციული ერთეულებიდან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული (მეცხოველეობა, მემცენარეობა, მებაღეობა,მეთევზეობა და ა.შ.) და სხვა საკითხების შესახებ; გ) ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ინსტრუქციების შემუშავებას, სადავო საკითხების მოგვარებაში ჩართვას; დ) მიწის იჯარის და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის მოძიებას, საიჯარო ქირის გადახდის კონტროლს და აღრიცხვას. 1.2. მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება ახორციელებს : ა) რეკომენდაციების შემუშავებას წილობრივი მონაწილებით დაფუძნებული საწარმოების მართვის, მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან, ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; ბ) გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტის, ქონების განკარგვის პროგრამების, პროექტებისა და დამტკიცებული პროგრამების შესრულების ანგარიშის შედგენას; გ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვის მუნიციპალური პროგრამების მომზადებას; დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას, რეგისტრაციას, ინვენტარიზაციას, მის დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლს, ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტების მომზადებას; ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემასთან დაკავშირებით წინადადებებისა და სათანადო დოკუმენტაციის მომზადება-გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტას; ვ) მიწის იჯარის და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაციის შექმნას; ზ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას; თ) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ნუსხის მომზადებას; ი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის მართვის პროგრამების შემუშავებას, ამ პროგრამათა განხორციელების პროცესების მართვას; კ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების პროექტის შემუშავებას, გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და კოორდინაციას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას; ლ) ჩამდინარე წყლებისა და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებათა ჩაშვება-გაფრქვევის გამწმენდი ნაგებობების, დანადგარებისა და აპარატების ექსპლუატაციაზე კონტროლს; მ) სოფლის მეურნეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ნ) სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად ნებადართული მინერალური სასუქების, პესტიციდებისა და სხვა პრეპარატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების, წყლის, ჰაერის, მიწის დაცვის მოთხოვნათა შესრულების კონტროლს. 1.3 . სამსახური ასევე ახორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 1.4 . სხვა უფლებამოსილებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 5. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები