ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016281
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
17/01/2018
ვებგვერდი, 24/01/2018
010260020.35.124.016281
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/01/2018 - 27/04/2018)

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2018 წლის 17 იანვარი

ქ. ბაღდათი

 

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქათველოს კანონის 25-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა  (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის №14 დადგენილება (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 06.03.2017, ს/კ 010260020.35.124.016234).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე



დანართი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა  აუდიტის  და ინსპექტირების სამსახურის დებულება

მუხლი 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური (შემდეგში სამსახური) არის ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას; სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების  ხარჯვისა და გამოყენების, კანონმდებლობის მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის უზრუნველყოფას.

2. სამსახურის საშტატო განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.

3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს რეგლამენტი, მერიის დებულება და ეს დებულება; შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო  აუდიტის შესახებ“.

4. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში,  უშუალოდ ექვემდებარება  მუნიციპალიტეტის  მერს. 

5. სამსახურს აქვს ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით.

6. სამსახურის იურიდიული მისამართია ქალაქი ბაღდათი, წერეთლის ქ. №9.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან (შემდგომ სამსახური სუფროსი) და სხვადასხვა იერარქიული რანგის მქონე პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.

მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის პრინციპები
1.  სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, ერთგულების, კანონის წინაშე თანასწორობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ღიაობის, ასევე საქართველოს კანონით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ გათვალისწინებული საჯარო სამსახურის სხვა პრინციპების დაცვით.

მუხლი 4. სამსახურის უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის სამუშაო აღწერილობით.

2. სამსახურის უფროსი არის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) მოქმედებს სამსახურის სახელით და წარმოადგენს სამსახურს სხვა ორგანოებთან ურთიერთობისას;

დ) განსაზღვრავს აუდიტის/ინსპექტირების  განხორციელების სახეს, მოქმედების სფეროს, აუდიტის/ინსპექტირების განხორციელების სიხშირესა და მუშა წევრების რაოდენობას;

ე) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მერს აუდიტის/ინსპექტირების  სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;

ვ) კოორდინაციას უწევს აუდიტორთა/ინსპექტირების საქმიანობას და უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს;

ზ) ახორციელებს მონიტორინგს აუდიტის/ინსპექტირების  წლიური გეგმების შესრულებაზე და სამსახურის მიერ აუდიტის/ინსპექტირების  მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;

თ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე მუნიციპალიტეტის სისტემის სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;

ი) მონიტორინგს უწევს აუდიტის/ინსპექტირების  ობიექტებისათვის გაცემული რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შემდგომ შესრულებას;

კ) პასუხს აგებს სამსახურის ქონების დაცვასა და ჯეროვნად გამოყენებაზე;

ლ) დადგენილი წესით მერს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

მ) უფლებამოსილია, ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გამოყოს პასუხისმგებელი პირი ან პირთა ჯგუფი;

ნ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

ო) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

პ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ჟ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

რ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.

5. სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.


მუხლი 5. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე
1. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) უფლება–მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.

2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის თანამდებობის პირებისაგან, სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;

ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;

ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;

ზ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;

თ) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;

ი) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

კ) მიიღოს შრომითი გასამრჯელო, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს;

ლ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

მ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით;

ნ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

3. სამსახურის მოხელე მოვალეა:

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;

დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;

ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;

ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;

ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე, ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;

თ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;

ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;

კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის წინსვლის წესები განისაზღვრება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.


მუხლი 6. სამსახურის ძირითადი ამოცანები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა;

ბ) მართვის პროცედურების მწარმოებლურობის სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;

გ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულების (მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) აუდიტორული/ინსპექტირება შემოწმება;

დ) მუნიციპალიტეტის  სტრუქტურული ერთეულებისა და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციონირებაში მოსალოდნელი დარღვევების პრევენციას ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, აგრეთვე სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების, არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ე) ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან და მარეგურირებელ წესებთან;

ვ) საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად და ეფექტიანად გამოყენების აუდიტი/ინსპექტირება და კონტროლი;

ზ) პრევენციული ან/და შემდგომი კონტროლის მეშვეობით აქტივებისა და სხვა რესურსების დაცვა ზიანისაგან, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნეს არასწორი მართვით, დაუსაბუთებელი ხარჯვითა და არაეფექტური, არაკანონიერი გამოყენებით, ასევე არამართლზომიერი და არამიზნობრივი ხარჯვით;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული აუდიტი/ინსპექტირების შედეგად შიდააუდიტორული ანგარიშის პროექტის მომზადება, რომელიც წარედგინება მერს;

ი) ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებებში (მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

კ) ჩაატაროს შემოწმება მერიის სტრუქტურული  და ადმინისტრაციული ერთეულების (ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებით, მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სამართალსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;

ლ) მერიის სტრუქტურულ ერთეულებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა;

მ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, გამომწვევი მიზეზების დადგენა და შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის მერისათვის წარდგენა;

ნ) მერიის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;

ო) ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების (მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

პ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებებში (მათ შორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) ფუნქციონერებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიკურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ჟ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებებში (მათ შორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

რ) აუდიტისა და ინსპექტირებისას ობიექტების საქმიანობაში არსებული რისკების დადგენა და შეფასება, მათი ფუნქციონერებისა და მათ საქმიანობაში არსებული მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზებისა და რისკების შესახებ წერილობითი წინადადებების შემუშავება და განხილვა;

ს) აუდიტისა და ინსპექტირებისას  ობიექტში დისციპლინის დაცვის მდგომარეობის კონტროლი და უფლება-მოვალეობის შესრულების ანალიზი;

ტ) სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე მერიის შესაბამისი ერთეულების მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

უ) აუდიტისა და ინსპექტირებისას  შედეგებზე დაყრდნობით სამსახური მერისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებას გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შედეგად დასკვნის მომზადება;

ქ) შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციას წარუდგენს მერს შესაბამისი რეაგირების მიზნით;

ღ) სამსახურის ცხელი ხაზის მომსახურება, ცხელი ხაზით და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;

ყ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს მერიის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და შიდა აუდიტის დამოუკიდებლობის პრინციპეპს.


მუხლი 7. სამსახურის უფლებამოსილება
1. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია;

ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მერიის სტრუქტურულ და ადმინისტრაციულ ერთეულებს მიმართოს მოთხოვნით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;

ბ) ჩაატაროს აუდიტორული და ინსპექტირებისას  შემოწმება მერიის საჯარო მომსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტებზე;

გ) აუდიტის და ინსპექტირების საგანთან დაკავშირებით აუდიტის და ინსპექტირების ან/და რისკის შეფასების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), აუდიტის/ინპექტირების ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, მოითხოვოს მერიის საჯარო მოსამსახურეების ან მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით, არსებული წესის შესაბამისად;

დ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზები.

2. აუდიტორს, აუდიტის და რისკის შეფასების განხორციელების ფარგლებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, შეუზღუდავი დაშვება აქვს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურდიული პირების  საქმიანობასთან და დოკუმენტაციასთან.

3. აუდიტის და ინსპექტირების განხორციელების მიზნით სამსახურის მართლმზომიერი მოთხოვნა ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის. მათი შეუსრულებლობა განიხილება მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლად.

4. მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების  მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ტარდება სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დგება დასკვნა და წარედგინება სტრუქტურული ერთეულისა და დაწესებულების  ხელმძღვანელსა და მერს.


მუხლი 8. სამსახურის ვალდებულება
1. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია:

ა) დაიცვას აუდიტის/ინსპექტირების სტანდარტები, აუდიტორთა/ინსპექტორთა ეთიკის კოდექსი, აუდიტის/ინსპექტირების მარეგურირებელი კანონდებლობა, აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია;

ბ) ჩაატაროს მერიის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის შემოწმება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით;

გ) აუდიტის/ინსპექტირების დაწყებამდე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო  სამართლის იურიდიულ პირს, წარუდგინოს აუდიტის განხორციელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისი აუდიტის პროგრამა;

დ) უზრუნველყოს   მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და მის მიერ დაფუძნებული კერძო  სამართლის იურიდიულ პირის  სახელმწიფო, სამსახურებრივი  და პირადი საიდუმლოს დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

ე) აუდიტის/ინსპექტირების დასრულების შემდეგ  კანონდებლობით დადგენილ ვადებში შეადგინოს აუდიტორული/ინსპექტირების დასკვნა, რომელიც უნდა მოიცავდეს აუდიტორის მიერ ცალკეული პროცესის, სისტემის ან აუდიტისადმი დაქვემდებარებული საკითხების შესახებ მიღებული ინფორმაციის, დოკუმენტაციის და სხვა მტკიცებულების ობიექტურ შეფასებას;

ვ) აუდიტორული დასკვნის შედგენამდე არ გახადოს საჯარო აუდიტის შედეგები;

ზ) წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;

თ) მერს წარუდგინოს წინადადებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა" და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ.


მუხლი 9. სამსახურის ქონება და სახსრები
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. სამსახურის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დებულებით განსაზღვრული მიზნებისა დაფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 10. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ დადგენილი წესით.

2. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.


მუხლი 11. სამსახურის ზედამხედველობა
1.  სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი.

მუხლი 12. სამსახურის რეორგანიზაცია
1. სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.