ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10-9
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 22/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016467
10-9
16/01/2018
ვებგვერდი, 16/01/2018
010260050.35.101.016467
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10-9

2018 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულება“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 აპრილის N11-32 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 22 თებერვლიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე



დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიის ეკონომიკური  განვითარების საქალაქო სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში  – თბილისი)  მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობების შექმნას, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების გზით.

2. სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

3. სამსახური მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,  ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

4. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს თბილისის მერიას.

5. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სტრუქტურული ერთეულისთვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.

6. სამსახური ანგარიშვალდებულია თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის წინაშე.

7. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის მერი ან/და თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე.

8. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ.  №7.


მუხლი 2. სამსახურის მიზანი, ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის მიზანია თბილისის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობების შექმნა.

2.   სამსახურის ამოცანებია:

ა)თბილისის ეკონომიკური პოტენციალის იდენტიფიცირება და საინვესტიციო აქტივობების მხარდაჭერა;

ბ) თბილისის ეკონომიკური პოტენციალის პოზიციონირება და წარმოჩენა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

3.  სამსახურის ფუნქციებია:

ა) კვლევების, სტრატეგიების, პროგრამების, პროექტების შემუშავება, მათი განხორციელება ან/და ხელშეწყობა;

ბ) ინოვაციური მიდგომების დამკვიდრების ხელშეწყობა;

გ) ეკონომიკური საქმიანობის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

დ) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

ე) ეკონომიკური აქტივობებისთვის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური მომსახურების პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დანერგვა;

ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე  რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების ხელშეწყობა და განვითარება;

ზ) ადგილობრივ გადასახადებთან, ადგილობრივ მოსაკრებლებსა და ნებართვებთან, ადგილობრივ დონეზე რეგულირებად ტარიფებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

თ) საინვესტიციო აქტივობებისა და საინვესტიციო პორტფელების მომზადება;

ი) საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;

კ) დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების განვითარება;

ლ) საერთაშორისო და რეგიონალურ დონეზე ეკონომიკური თანამშრომლობა;

მ) მუნიციპალიტეტის სახელით დასადები ეკონომიკური  ხასიათის  შეთანხმებებისა  და ხელშეკრულებების პროექტებზე დასკვნების მომზადება;

ნ) გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის სფეროებში პოლიტიკის შემუშავება;

ო) დედაქალაქის შესახებ, სამსახურის ფუნქციების შესაბამისი სტატისტიკური საინფორმაციო ბაზის ფორმირება;

პ) სამსახურის საქმიანობის შედეგად შექმნილი და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვა/სისტემატიზება, სამსახურის ფუნქციებში შემავალ საკითხებზე შესყიდვების და კონკურსების ტექნიკური დავალებების შემუშავება, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი გაფორმების უზრუნველყოფა;

ჟ) სამსახურის ფუნქციებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მომზადება და უფლებმოსილი პირისათვის მიწოდება;

რ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, აგრეთვე პირთა გაერთიანების განცხადებების განხილვა და რეაგირება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ს) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.


მუხლი 3. სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად საჭირო დოკუმენტები და სტატისტიკური ინფორმაცია ორგანიზაციების, დაწესებულებისა და პირებისაგან;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს ურთიერთობები საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუნიციპალიტეტებთან, ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

გ) მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;

დ) მოიწვიოს სხვადასხვა სპეციალისტი, მოაწყოს სემინარები, კონფერენციები, გამოფენები და ა.შ., თავად მიიღოს მონაწილეობა ანალოგიურ ღონისძიებებში;

ე) განახორციელოს კონტროლი სამსახურის ფუნქციებთან დაკავშირებული და მისი მიზნებისთვის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულებაზე, რისთვისაც გამოყოფს კოორდინატორს ან საჯარო მოსამსახურეთა შემადგენლობით ქმნის სპეციალურ ინსპექტირების ჯგუფს;

ვ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ და შესაბამისი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტები.

2. სამსახური ვალდებულია:

ა) სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებში ითანამშრომლოს ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ბ) დადგენილი წესით, დროულად უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტაციის, ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის წარდგენა თბილისის თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და მის თანამდებობის პირებთან;

გ) განიხილოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები და მოახდინოს მათზე რეაგირება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 4. სამსახურის უფროსი   
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც, თბილისის საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი.

2. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე.

3. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს  და ხელმძღვანელობს სამსახურის  საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის  დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობას ცალკეულ პირებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

დ) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ე) თბილისის მერს და თბილისის მთავრობას წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ პროექტებს, საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, ანაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს; ისმენს მათ ანგარიშებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ზ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე;

თ) კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;

ი) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;

კ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;

მ)  სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 5. სამსახურის უფროსის მოადგილეები  
1. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს  თბილისის მერი.

2. სამსახურის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.

3. მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.

4. სამსახურის უფროსის მოადგილეები:

ა) სამსახურის უფროსის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევენ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) აკონტროლებენ  სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას;

გ) ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციითა და სამსახურის უფროსის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;

დ) ასრულებენ სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერენ ან ვიზას ადებენ მათ მიერ ან მათ საკურატორო სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში, სამსახურის უფროსის მოვალეობას სამსახურის უფროსის ბრძანებით ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

6. სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე სამსახურის უფროსის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ბრძანების გამოცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას.


მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1.  სამსახური  შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა)  ბიზნესის განვითარებისა და ინოვაციების   ხელშეწყობის განყოფილება;

ბ) ტურიზმის განვითარების განყოფილება;

გ) ანალიტიკური განყოფილება;

დ) ინვესტიციების მოზიდვის და ხელშეწყობის განყოფილება.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები, თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად თანამშრომლობენ თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, თბილისის რაიონის გამგეობებთან, თბილისის იურიდიულ პირებთან,  სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებთან, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

3.  ბიზნესისგანვითარებისა და ინოვაციების  ხელშეწყობის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესწავლა, საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ბ) ბიზნესის განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება;

გ) საინვესტიციო გარემოს ანალიზი და შესაძლებლობების გამოვლენა;

დ) ბიზნესის განვითარების პოლიტიკით და სტრატეგიით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების უზრუნველყოფა;

ე) მეწარმეებთან, ბიზნესასოციაციებთან თანამშრომლობა, მათი საჭიროებების გამოვლენა და ანალიზი;

ვ) ეკონომიკური და ბიზნესფორუმების ორგანიზება და მონაწილეობის მიღება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში არსებული ცალკეული დარგების განვითარების ხელშეწყობა;

თ) სამსახურის ფუნქციებით გათვალისწინებული სფეროების წარმატებული პრაქტიკის კვლევა;

ი) ბიზნესის განვითარების და სტიმულირების პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება;

კ) მეწარმეთათვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მექანიზმების დანერგვა;

ლ) სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;

მ) სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობი პროექტების წახალისების მექანიზმების შემუშავება და განხორციელება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში არსებული ცალკეული დარგების შესწავლა, დარგის ექსპერტებთან და კომპანიებთან თანამშრომლობით;

ო) საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული ინიციატივების შემუშავება და  შესაბამისი ორგანოებისათვის წარდგენა;

პ) ინვესტორთა საჭიროებების შესწავლა და წინადადებების მომზადება;

ჟ) გარე ვაჭრობის შესახებ წინადადებების მომზადება;

რ) გარე რეკლამის შესახებ წინადადებების მომზადება;

ს) კერძო-საჯარო პარტნიორობის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ტ) კერძო-საჯარო პარტნიორობის წარმატებული პრაქტიკების შესწავლა და მათი გამოყენება დაგეგმვის პროცესში;

უ) ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების განვითარების ხელშეწყობა;

ფ) წინადადებების მომზადება ახალი ტექნოლოგიური და ინოვაციური პროექტების დანერგვის მიზნით თბილისის მუნიციპალურ სერვისებსა და პროდუქტებში.

4. ტურიზმის  განვითარების განყოფილების ფუნქციებია:

ა) ტურიზმის და ქალაქის მარკეტინგის პოლიტიკის, სტრატეგიების, პროგრამების, პროექტების და პროცესების დოკუმენტების შექმნა და კოორდინაცია;

ბ) თბილისის ბრენდინგის (პოზიციონირება) სტანდარტების შექმნა და კოორდინაცია;

გ) თბილისის ტურისტული პოტენციალის იდენტიფიცირება და განვითარება, ქალაქის წარმოჩენა (პრომოუშენი);

დ) ტურისტული მიზიდულობის წერტილების შექმნის და განვითარების პროექტების მომზადება;

ე) ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;

ვ) თბილისის უცხოური და ადგილობრივ რეიტინგებში ინტეგრირება;

ზ) შემომყვანი ტურიზმის ოპერატორებთან კოორდინირება;

თ) ტურიზმის სფეროში მოღვაწე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია.

5. ანალიტიკური განყოფილების ფუნქციებია:

ა) თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) თბილისის ეკონომიკური პოტენციალის და მიმზიდველობის ამაღლებისთვის რეკომენდაციების მომზადება;

გ) თბილისის ეკონომიკური პოტენციალის ანალიზი;

დ) თბილისის ურბანულ-ეკონომიკური პროფილის შექმნის პოლიტიკისთვის წინადადებების მომზადება;

ე) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და პერიოდული განახლებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

ვ) თბილისის ურბანულ-ეკონომიკური განვითარების წარმატებული პრაქტიკის გაცნობა და ანალიზი;

ზ) სამსახურის ფუნქციების ფარგლებში პრიორიტეტული დარგების იდენტიფიცირება;

თ) ადგილობრივ გადასახადებთან, ადგილობრივ მოსაკრებლებსა და ნებართვებთან, ადგილობრივ დონეზე რეგულირებად ტარიფებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

ი) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის მომზადება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისათვის;

კ) საქალაქო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებში მონაწილეობა.

6. ინვესტიციების მოზიდვის და ხელშეწყობის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ინვესტიციების მოზიდვის და ინვესტორთა ხელშეწყობის პოლიტიკის, სტრატეგიის, პროგრამების და პროექტების შექმნა;

ბ) საინვესტიციო პოტენციალის იდენტიფიცირება;

გ)პროექტების მიზანშეწონილობის კვლევა და პროექტად გარდაქმნა;

დ) ქალაქის საინვესტიციო პორტფელის შექმნა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში კატალოგის, გზამკვლევის ან სხვა დამხმარე პუბლიკაციების შექმნა);

ე) დონორი კომპანიების ბაზის შექმნა, თანამშრომლობა და საგრანტო შესაძლებლობების გამოვლენა და შექმნის კოორდინაცია;

ვ) საერთაშორისო ღონისძიებებში და ფორუმებში მონაწილეობა;

ზ) ინვესტორების ფუნქციური პროფილების მიხედვით ბაზების შექმნა;

თ) მოსახლეობის კერძო პროექტებისთვის ინვესტორების მოძიება და კომუნიკაციის აწყობა.


მუხლი 7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი   
1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) მოთხოვნის შემთხვევაში სამსახურის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამუშაო გეგმებს;

დ) ანაწილებს დავალებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ თბილისის მერიის შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვას;

თ) დადგენილი წესით აფასებს მოსამსახურეთა საქმიანობას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

კ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან საჯარო მოსამსახურეთა  მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ლ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის  და სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.


მუხლი 8. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები 
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით, ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა. 


მუხლი 9. სამსახურის დაფინანსება და ქონება  
1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება თბილისის ბიუჯეტის სახსრებით.

2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს თბილისის საკუთრებას. 


მუხლი 10. დასკვნითი დებულებები  
1. სამსახურის დებულებას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა სამსახურთან შერწყმა შესაძლებელია განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.