დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/12/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 12/01/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტმა განიხილა „საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტი თანხმაა, ცენტრალურ ბიუჯეტში ხარჯების ნაწილში გარკვეული ვალდებულებების შემცირებასთან ერთად გაიზარდოს ისეთი ხარჯების მუხლები, რომლებიც ქვეყნისათვის გადაუდებელი აუცილებლობითაა განპირობებული, გარდა საქენერგოს ვალდებულებებზე გაწეული ხარჯებისა.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილოს და შეაფასოს საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ისეთი ხარჯების მიზანშეწონილობისა და ეკონომიკური ეფექტიანობის საკითხი, როგორიცაა: შუშის მრეწველობასთან, სოიოს ზეთის რეალიზაციასა და საქენერგოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯები.
3. დაევალოს საქართველოს კონტროლის პალატას, საქართველოს პროკურატურას 1 თებერვლამდე წარუდგინოს დოკუმენტური მასალა ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციებისათვის ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევის აუცილებლობის თაობაზე.
4. დაევალოთ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს, შეისწავლონ ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხარჯების ეკონომიკური ეფექტიანობის საკითხი.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია.
თბილისი,
1999 წლის 24 დეკემბერი.
№92–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები