დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აბაშის მუნიციპალიტეტის 2018- 2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.110.016334 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/01/2018 - 12/03/2018)
|
აბაშის მუნიციპალიტეტის 2018- 2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ მე-13 მუხლისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
აბაშის მუნიციპალიტეტი აბაშის მუნიციპალიტეტის 2018- 2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა |
ნაწილი 1 – რეზიუმე 1.1 დაგეგმვის საფუძველი 1.2 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მიზანი 1.3 გეგმის შემუშავების პროცესი 1.4 არსებული მდგომარეობის მიმოხილვა 1.5 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შესრულებაზე ანგარიშვალდებული ორგანიზაცია ნაწილი 2 - შესავალი და არსებული მდგომარეობა 2.1 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მარეგულირებელი და საკანონმდებლო საფუძვლები 2.2 მუნიციპალიტეტის აღწერა და დემოგრაფიული მონაცემები 2.3 გეგმის ამოცანები და მიზნობრივი შედეგები 2.4 დაგეგმვის პროცესის აღწერა ნაწილი 3 – მუნიციპალური ნარჩენების დახასიათება 3.1. შესავალი 3.2. გეგმაში მიმოხილული ნარჩენების სახეობები 3.3. ნარჩენების რაოდენობა 3.4. ნარჩენების პროგნოზირება 3.5. ნარჩენების შემადგენლობის ანალიზი ნაწილი 4 - არსებული მუნიციპალური ნარჩენების სისტემის მიმოხილვა 4.1. ნარჩენების განთავსების არსებული ობიექტები 4.2. აღდგენა (რეციკლირება და კომპოსტირება) 4.3. ხარჯები და ხარჯების ანაზღაურება 4.4. ბიუჯეტი და დაფინანსების პროცესები ნაწილი 5 - ნარჩენების მართვის მომავალი ვარიანტების ანალიზი და რეკომენდაციები ნაწილი 6 - სამოქმედო გეგმა და განხორციელების ვადები ნაწილი 1 - რეზიუმე 1.1 დაგეგმვის საფუძველი საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი” (მუხლი 13) თანახმად, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა შეიმუშაონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ყოვლისმომცველი გეგმები, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც ადგენს ჩარჩოს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი განახორციელებს ნარჩენების მართვას და შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც მას ეკისრება ნარჩენების მართვის კუთხით. 1.2 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მიზანი თვითმმართველი თემის – აბაშის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის პროცესის დაგეგმვა ნარჩენების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე პრინციპებისა და მიდგომების მიხედვით. აღნიშნული გეგმის მიზანია ნარჩენების მართვის ისეთი სისტემის შემუშავება და განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, კომერციული ობიექტებისა და ადგილობრივი საწარმოებისათვის ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ეფექტიანი სერვისის მიწოდებას. გეგმა ასევე, მიზნად ისახავს ნარჩენების განთავსების არალეგალური ადგილების გაწმენდა-რემედიაციას და მომავალში დანაგვიანების პრევენციის მიზნით ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევებში ეფექტიან საქმისწარმოებას. ასევე, აბაშის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების სისტემების ეტაპობრივ დანერგვას და გამართულ ფუნქციონირებას, აღდგენის პროცესების ხელშეწყობის მიზნით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის 2016–2030 წლების და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის 2016–2020 წლების მიზნებისა და ამოცანების მიღწევას მუნიციპალურ დონეზე. წინამდებარე გეგმა მომზადებულია ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად და მასში წარმოდგენილი ინფორმაცია ასახავს 2017 წლისათვის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. 1.3 გეგმის შემუშავების პროცესი თვითმმართველი თემის – აბაშის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება განხორციელდა მუნიციპალიტეტში შექმნილი ჯგუფის მიერ (აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის, ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის, ადმინისტრაციული სამსახურისა და ააიპ ,,აბაშის კეთილმოწყობის“ წარმომადგენლებით დაკომპლექტებული) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავებული მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების სახელმძღვანელო დოკუმენტის საფუძველზე. გეგმის შემუშავების პროცესში განხორციელდა რიგი საკონსულტაციო შეხვედრებისა დაინტერესებულ მხარეებთან. 1.4 არსებული მდგომარეობის მიმოხილვა აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელიც პასუხისმგებელია ნარჩენების მართვის კონკრეტული ფუნქციების შესრულებაზე. კერძოდ, აბაშის მუნიციპალიტეტი პასუხისმგებელია მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მომსახურებაზე, ქუჩების, პარკებისა და სხვა საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავებაზე თავისი ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებასა და გატანას სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთში მდებარე მყარ საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელზე, რომელიც შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ბალანსზეა, უზრუნველყოფს მუნიციპალური ააიპ ,,აბაშის კეთილმოწყობა“. 2017 წლიდან მოსახლეობისათვის ნარჩენების შეგროვების სერვისის მიწოდება ხდება 60% მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტეინერული სისტემის საშუალებით. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დადგმულია 164 ერთეული 1.1 მ3 მოცულობის ნარჩენების შეგროვების კონტეინერი. დამატებით აღსანიშნავია 55 პლასტიკის კონტეინერი და 30 ცალი დეკორატიული ურნა. არ ხდება მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში ქუჩების დაგვა. ააიპ ,,აბაშის კეთილმოწყობა“ ახდენს იმ პარკების დალაგებას, რომლებიც სკოლებთან, კულტურის სახლებთან და ადმინისტრაციულ შენობებთან ახლოს მდებარეობს. ავტოპარკი აღჭურვილია 2 ახალი და 1 ძველი კომპაქტორით, რომელიც გამოიყენება აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებისა და გატანის პროცესში. ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მომსახურება მიეწოდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კომერციული ობიექტების 90%-ს. გეგმაში მოცემულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილ ნარჩენებთან მიმართებაში არსებული მდგომარეობა. კერძოდ, გეგმაში საუბარია საყოფაცხოვრებო, ბიოდეგრადირებად (ქუჩის, მწვანე ნარჩენები), ინერტულ (სამშენებლო), სამედიცინო და სახიფათო ნარჩენებზე. აბაშის მუნიციპალიტეტი არ აწარმოებს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების აღრიცხვას სახეობების და მახასიათებლების მიხედვით. შესაბამისად, ასეთი ტიპის ინფორმაცია მუნიციპალურ დონეზე მიუწვდომელია. მუნიციპალიტეტში არ ხდება აღდგენას დაქვემდებარებული ნარჩენების ცენტრალიზებული შეგროვება და გატანა, ასევე, ადგილზე არ არის მოწყობილი დახარისხებულად შეგროვებული ნარჩენების შეგროვების პუნქტები. მუნიციპალიტეტში ასევე არ არის დანერგილი კომპოსტირების პრაქტიკა. ნაგვის კონტეინერების უკმარისობის გამო მოსახლეობიდან სრულად არ ხდება ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მომსახურების გადასახადის გადახდა, თუმცა საწარმოებიდან უმეტესწილად ხდება გადასახადის გადახდა, ხოლო ფიზიკური პირებიდან ნაწილობრივ. ეს მომსახურება დაფარულია ადგილობრივი ბიუჯეტით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნარჩენების შეგროვების ზარის პრინციპის დანერგვა . ნარჩენების მართვის მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები 2014 წლისათვის 82,00 ათას ლარს, 2015 წლისათვის 93,6 ათას ლარს, ხოლო 2016 წლისათვის 128,7 ათ. ლარს შეადგენდა. 2014 წელს, როგორც ფიზიკური პირებიდან ასევე საწარმოებიდან ამოღებულ იქნა 21 544 ლარის ოდენობით თანხა, 2015 წელს როგორც ფიზიკური პირებიდან, ასევე საწარმოებიდან, ამოღებულ იქნა 22 206 ლარი, 2016 წელს როგორც ფიზიკური პირებიდან, ასევე საწარმოებიდან ამოღებულ იქნა 22 624 ლარი ნარჩენის გატანის გადასახადის სახით, რამაც შესაბამისად, ნარჩენების მართვის მომსახურებასთან მიმართებაში 2014 წელს შეადგინა 26%, 2015 წელს შეადგინა 23%, ხოლო 2016 წლისათვის შეადგინა 18%. ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები დეტალურად აღწერილია აღნიშნული გეგმის მე-3 ნაწილში – მუნიციპალური ნარჩენების დახასიათება. 1.5 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შესრულებაზე ანგარიშვალდებული ორგანიზაცია აბაშის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელებაზე პასუხიმგებელია აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ააიპ ,,აბაშის კეთილმოწყობა“ და კონტროლის მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურა მოცემულია დანართში 1). გეგმის განხორციელების ყოველ ეტაპზე მოხდება თანამშრომლობა და აქტივობების კოორდინირება მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან. ნაწილი 2 – შესავალი და არსებული მდგომარეობა 2.1 მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მარეგულირებელი და საკანონმდებლო საფუძვლები საქართველოში ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების სხვადასხვა დონის ორგანოს ეკისრება. ნარჩენების მართვის ერთიანი ეროვნული პოლიტიკის შემუშავება, განხორციელებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. არასახიფათო ნაგავსაყრელების ფუნქციონირებაზე, მათ შორის, მათ მშენებლობაზე, ფუნქციონირებასა და დახურვაზე, აგრეთვე, ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მშენებლობასა და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კერძოდ, სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ არსებული შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“. ადგილობრივ დონეზე ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომლებიც, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი” თანახმად, პასუხისმგებელნი არიან ნარჩენების მართვის კონკრეტული ფუნქციების შესრულებაზე. კერძოდ, საუბარია მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მომსახურებაზე და, ქუჩების, პარკებისა და სხვა საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავებაზე თავიანთი ადმინისტრაციული ტერიტორიების ფარგლებში. საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი” თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობები ვალდებულნი არიან შეიმუშაონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები. აღნიშნული ნარჩენების მართვის გეგმა უნდა ეფუძნებოდეს ნარჩენების მართვის იერარქიას და საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსის ” მე-5 მუხლით გათვალისწინებულ პრინციპებს. კანონის მიხედვით, ასეთი გეგმები უნდა მოიცავდეს 5-წლიან პერიოდს, და უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. აღნიშნული მუნიციპალური გეგმები ასევე უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის სხვა სახელმწიფოებრივ ინიციატივებს ნარჩენების კონკრეტული ნაკადების მიმართ, მათ შორის, მდგრადი ორგანული დამბინძურებლების, ვერცხლისწყლის, სამედიცინო და ცხოველური წარმოშობის ნარჩენების და აზბესტის მიმართ. საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი” თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი სისტემის დანერგვა თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების სისტემების ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების აღდგენის პროცესებს. კანონი განსაზღვრავს ნარჩენების შეგროვების ზოგად პრინციპებს, რომლის მიხედვითაც ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და დამუშავება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ არ შეიქმნას სირთულები მათი შემდგომი აღდგენის მხრივ. ამასთანავე, კანონი მოითხოვს, რომ მუნიციპალური ნარჩენები შეგროვდეს, ტრანსპორტირებული იქნას და დამუშავდეს იმ წესით, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს გარემოს დაბინძურებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების რისკს. საქართველოს კანონი “ნარჩენების მართვის კოდექსი” კრძალავს ნარჩენების ყოველგვარ უკანონო განთავსებას, ანუ განთავსებას ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერების გარეთ და ნარჩენების შესაგროვებელი პუნქტების გარეთ. ამ მოთხოვნის შესასრულებლად, მუნიციპალიტეტები უფლებამოსილნი არიან მოსთხოვონ დამნაგვიანებელ პირებს ტერიტორიის დასუფთავება, ხოლო თუ ასეთი პირების იდენტიფიცირება შეუძლებელია, მაშინ დანაგვიანებული ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება დაეკისრება თავად ტერიტორიის მესაკუთრეს. თუ ტერიტორია ეკუთვნის მუნიციპალიტეტს, მაშინ ნარჩენებისაგან მის გასუფთავებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. საქართველოს კანონი “ნარჩენების მართვის კოდექსი” ასევე ითვალისწინებს, რომ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმებში განსაზღვრული იყოს საშუალებები, რომლებიც გაზრდიან ნარჩენების რეციკლირებისა და აღდგენის დონეს მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული მუნიციპალური პროგრამების მეშვეობით. ეს შეიძლება მოიცავდეს მათ შორის ნარჩენების აღდგენის პროცესის ხარჯ-ეფექტიანობისაკენ მიმართულ რეგიონულ ინიციატივებს. კონკრეტულად, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი” მე-13 მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის როგორც შინაარსს, ისე მინიმალურ ამოცანებს (იხ. ქვემოთ, გრაფაში წარმოდგენილი ტექსტი კანონით განსაზღვრული კონკრეტული მოთხოვნების შესახებ).
2.2 მუნიციპალიტეტის აღწერა და დემოგრაფიული მონაცემები აბაშის მუნიციპალიტეტი მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ზღვის დონიდან 20-50 მ-ზე. მისი ფართობი შეადგენს 32 252 ჰა-ს, ჩრდილოეთით ესაზღვრება მარტვილის, აღმოსავლეთით ხონისა და სამტრედიის, სამხრეთით სამტრედიისა და ლანჩხუთის, ხოლო დასავლეთით სენაკის მუნიციპალიტეტები. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო და სარკინიგზო საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალები. უახლოესი საზღვაო ნავსადგურია ქ. ფოთი, ქ. აბაშის ცენტრიდან - 45 კმ, ხოლო უახლოესი აეროპორტი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -30 კმ-ზე, მდინარეებიდან აღსანიშნავია: რიონი, ცხენისწყალი, აბაშა. მცირე მდინარეებია: ნოღელა, კოვზა, ზანა. მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიედინება მდინარე რიონი, აბაშისა და სამტრედიის საზღვარზე მიედინება რიონის მარჯვენა შენაკადი მდინარე ცხენისწყალი, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდინარე აბაშა, რომელიც ერთვის ტეხურს. აბაშის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში „სირიაჩქონის“ ჭაობია. ნიადაგები ძირითადად ალუვიურ-კარბონატულია. რიონის მარცხენა სანაპიროზე კი ჭაობიანი ნიადაგებია. მუნიციპალიტეტში გაბატონებულია ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, საშუალო წლიური ტემპერატურაა 14 0C, წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, ტემპერატურაა 4,90 C, ხოლო ყველაზე ცხელი თვის, ივლისის, 22,9 0C. ტერიტორიულ ერთეულში ნალექების წლიური რაოდენობაა 1620 მმ, გაზაფხულზე იცის მოულოდნელი ყინვები. ზაფხული ზოგჯერ გვალვიანია. ქარები მუსონურია, ხშირია ფიონები და ბრიზები. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1622 მმ. მაქსიმუმი - 1950მმ, მინიმუმი - 1312 მმ. ბუნებრივი საფრთხეებიდან მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელია ძლიერი ქარი, ძლიერი წვიმა, წყალდიდობა, სანაპიროს წარეცხვა, მდინარეების ნაპირების ეროზია და გვალვა. მათგან ყველაზე ხშირია ძლიერი ქარი და წყალდიდობა. აბაშის მუნიციპალიტეტში შედის 16 ადმინისტრაციული ერთეული. მასში 1 ქალაქი და 35 სოფელია. 1. ქ. აბაშის ადმინისტრაციული ერთეული (მუნიციპალიტეტის ცენტრი) 2. მარნის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ.მარანი, სოფ, მარანჭალა) 3. ნორიოს ადმინისტრაციული ერთეული (სოფ.ნორიო, სოფ. მაცხოვრისკარი, სოფ. აბაშისპირი, სოფ.ძიგური, სოფ.საბოკუჩაო, სოფ.საგვაზაო) 4. სუჯუნის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. სუჯუნა, სოფ. ეწერი, სოფ.წალიკარი) 5. კეთილარის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ.კეთილარი, სოფ.გულეიკარი, სოფ.გაღმა კოდორი) 6. ნაესაკოვოს ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. ნაესაკოვო, სოფ.გამოღმა კოდორი) 7. ზანათის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ.გაღმა ზანათი, სოფ.გამოღმა ზანათი) 8. ქოლობნის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ.ქოლობანი, სოფ.ბულვანი, სოფ. გუგუნაყათი) 9. პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. პირველი მაისი, სოფ.თხმელარი, სოფ.გაუწყინარი, სოფ.ქვიშანჭალა) 10. სამიქაოს ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. სამიქაო, სოფ.მაიდანი) 11. გეზათის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ. გეზათი, სოფ. გულუხეთი) 12. ტყვირის ადმინისტრაციული ერთეული (სოფ.ტყვირი, სოფ.ცილორი) 13. ძველი აბაშის ადმინისტრაციული ერთეული 14. ონტოფოს ადმინისტრაციული ერთეული 15. სეფიეთის ადმინისტრაციული ერთეული 16. წყემის ადმინისტრაციული ერთეული მდინარეების რიონის, ცხენისწყლისა და აბაშის კალაპოტებში უხვად მოიპოვება მაღალი ხარისხის სამშენებლო ქვიშა და ხრეში, ხოლო სოფლების – ძიგურისა და ნაესაკოვოს მიდამოებში მოიპოვება სააგურე თიხა. მუნიციპალიტეტი მდიდარია არტეზიული სასმელი წყლით. ზემოთ აღნიშნული ბუნებრივი რესურსებიდან მიმდინარეობს სამშენებლო ქვიშისა და ხრეშის გამოყენება, ხოლო სააგურე თიხა არ გამოიყენება. აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით შეადგენს 22.1 ათას ადამიანს. მოსახლეობის რაოდენობა 2006 წელთან შედარებით შემცირებულია დაახლოებით 22 %-ით (იხ. დიაგრამა N1). დიაგრამა N1 – აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2006-2016 წწ. მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2014 წლის აღწერით შეადგენდა 22,341, აქედან 10,713 მამაკაცი, 11,628 ქალი. ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 4,941-ს, სოფლად კი 17,400. სკოლამდელი ასაკის ბავშვები შეადგენს 1,196 (613 ბიჭი, 583 გოგო) – აქედან ქალაქში 277, ხოლო სოფელში 919 ბავშვი ცხოვრობს; საპენსიო ასაკის მოსახლეობა – 1,686 (737 მამაკაცი, 949 ქალი) – აქედან ქალაქში 397, ხოლო სოფელში 1,289 პენსიონერი ცხოვრობს. დევნილების რაოდენობა შეადგენს 2,417 პირს. 1989 წლიდან მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები სულ 114 პირი – 28 ოჯახი. შშმ პირთა საერთო რაოდენობა (I ჯგუფი, II ჯგუფი, III ჯგუფი) შეადგენს 744 პირს. აბაშის მუნიციპალიტეტში შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 13,526 პირს. ადგილობრივი ხელისუფლების როლი დასაქმების პოტენციალის ხელშეწყობის მხრივ, ძირითადად მდგომარეობს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარების გზით მოსახლეობის დასაქმების დონის ამაღლებაში, რაც განაპირობებს მიგრაციის მინიმუმამდე დაყვანას და საბოლოო ჯამში მომსახურებას მათი ეკონომიკური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. აბაშის მუნიციპალიტეტში წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, შედარებით ნაკლებად წარმოება/გადამუშავება, ტურიზმი და მომსახურების სფერო. აბაშის მუნიციპალიტეტის ნიადაგობრივ-კლიმატური პირობებიდან და რელიეფიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობაში პრიორიტეტული დარგებია მემინდვრეობა, მეცხოველეობა, მრავალწლიანი ნარგავების გაშენება და თევზის სატბორე მეურნეობის განვითარება. მემინდვრეობიდან პრიორიტეტულია აბაშისათვის ტრადიციული სიმინდის მარცვლის წარმოება, რომელსაც ამჟამად დაახლოებით მთელი სახნავი ფართობის 90% უჭირავს. სიმინდის მოვლა-მოყვანისათვის აბაშის მუნიციპალიტეტში არამარტო კარგი ნიადაგობრივ-კლიმატური პირობებია, არამედ აბსოლუტურად ვაკე რელიეფის გამო შესაძლოა მისი მოყვანა ინდუსტრიული ტექნოლოგიით, ე.ი. კომპლექსური მექანიზაციით; მეცხოველეობიდან პრიორიტეტულია მერძევეობისა და მეხორცეული მიმართულების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება. აბაშის მუნიციპალიტეტის ნიადაგობრივ-კლიმატური პირობებიდან და რელიეფიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობაში პრიორიტეტულ დარგებად მიიჩნევა: მემინდვრეობა, მეცხოველეობა, მრავალწლიანი კულტურები და აკვაკულტურა. მუნიციპალიტეტის მთლიანი ფართობია 32 252 ჰა, საიდანაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება მთლიანი ფართობის 62%, 20472.4 ჰა მიწა. სასოფლო- სამეურნეო მიწებიდან კერძო საკუთრებაშია 13297.4 ჰა მიწა, დანარჩენი კი სახელმწიფო საკუთრებაა. დანიშნულების მიხედვით ეს მიწები შემდეგნაირად გამოიყენება: საძოვარი – 5183.8 ჰა, სახნავი – 12470.4 და მრავალწლიანი კულტურები – 2818ჰა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 22 341 ადამიანს.
მუნიციპალიტეტში ოჯახებში ოჯახის წევრთა რაოდენობა საშუალოდ 3 ადამიანს შეადგენს. აბაშის მუნიციპალიტეტში საწარმოთა ზომის მიხედვით, 2015 წლის მდგომარეობით, 242 მცირე საწარმოა მოქმედი, 9 საშუალო და მხოლოდ 1 მსხვილი საწარმო – შპს ,,გეოაგრო“. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარ-ივლისში ახლად რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობა აბაშაში 77-ს შეადგენს. მუნიციპალიტეტში ძირითადად განვითარებულია ვაჭრობა – ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, სადაც მოქმედ საწარმოთა თითქმის ნახევარი ფუნქციონირებს. მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში არის პირველადი ჯანდაცვის ობიექტები (ამბულატორიები). 2.3 გეგმის ამოცანები და მიზნობრივი შედეგები აბაშის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა მიმართულია შემდეგი მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტასა და შედეგების მიღწევაზე: · აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ მონაცემთა მართვის სისტემის (მონაცემების შეგროვება და მონაცემთა ბაზა) ჩამოყალიბება 2018 წლისათვის; · ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი მომსახურების (მათ შორის როგორც მოსახლების, ისე კომერციული ობიექტებისა და საწარმოების საკმარისი რაოდენობის კონტეინერებით, ნარჩენების გატანის საკმარისი სიხშირით უზრუნველყოფა) მიწოდება მოსახლეობისათვის, კომერციული ობიექტებისა და არსებული საწარმოებისათვის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე; · ნარჩენების შეგროვების მინიმალური მაჩვენებლების მიღწევა: o მუნიციპალური ნარჩენები 90% 2020 წლისთვის; o სახიფათო მუნიციპალური ნარჩენები 50% 2020 წლისთვის; · სახიფათო მუნიციპალური ნარჩენების მართვის კოორდინირება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, შესაბამისი დადგენილების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით; · მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვა/რემედიაცია 2020 წლისთვის; · ნაგავსაყრელებზე მუნიციპალური ბიოდეგრადირებადი ნარჩენების განთავსების შემცირების ხელშეწყობის საქმიანობების განხორციელება (კომპსოტირების პრაქტიკის ფართო დანერგვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე); · ქაღალდის, და პლასტიკის წარმოქმნის წყაროსთან სეპარირების სისტემის ჩამოყალიბება 2019 წლისთვის; · ქაღალდის და პლასტიკის რეციკლირების შემდეგი მინიმალური მაჩვენებლების მიღწევა: o ქაღალდი 30% 2020 წლისთვის; o პლასტიკი 30% 2020 წლისთვის; · მუნიციპალიტეტის თანამშრომლების უნარ–შესაძლებლობების გაძლიერება ნარჩენების მართვის ეფექტიანი სისტემის დანერგვის კუთხით. · ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევებში ეფექტიანი საქმისწარმოება, საჯარიმო სანქციების სისტემის აქტიური ამუშავება; · აბაშის მუნიციპალიტეტში მოსახლეობიდან ნარჩენების მართვის ხარჯების სრულად ამოღების სისტემის შემუშავება და დანერგვა 2020 წლისთვის; · მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კერძო სექტორიდან ხარჯების სრულად ამოღების სისტემის შემუშავება და დანერგვა 2020 წლისთვის; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის საკითხებზე. 2.4 დაგეგმვის პროცესის აღწერა დაგეგმვის ჩარჩო გეგმა შემუშავებულ იქნა მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მომზადების სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით. აღნიშნულ სახელმძღვანელო დოკუმენტში მოცემულია ის ზოგადი ჩარჩო, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტების მიერ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება. საწყის ეტაპზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე მუნიციპალიტეტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებიდან, სამსახურების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული, რომელსაც დაევალა აღნიშნული გეგმის მომზადება. დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და მონაწილეობის პროცესი. ზემოთ აღნიშნულმა ჯგუფმა გამოკვეთა გეგმასთან მიმართებაში დაინტერესებულ მხარეთა შემდეგი ჯგუფები – საწარმოები და კომერციული ობიექტები, რომლებიც ადგილზე ფუნქციონირებენ, მსხვილი ფერმერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვ., რომლებთანაც განხორციელდა კონსულტაციები გეგმის შემუშავების სხვადასხვა ეტაპზე და რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების მთელ პროცესში. საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანია და მონაწილეობის პროცესი. დაინტერესებული მხარეების გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულობის უზრუნველსაყოფად და მათგან უკუკავშირის მიღების მიზნით განხორციელდა 2 საკონსულტაციო შეხვედრა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით პირველი შეხვედრა ჩატარდა სოფლებში მერიის წარმომადგენლებთან, მერიის აპარატთან, საკრებულოს წარმომადგენლებთან, დეპუტატებთან, ხოლო მეორე ადგილობრივ მოსახლეობასთან, სკოლის პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს მოხდა დოკუმენტის წარდგენა და იმ მიზნების გამოყოფა, რომელთა მიღწევა იგეგმება უახლოეს 5 წელიწადში. დამსწრეების მიერ აღინიშნა დოკუმენტის აქტუალობა. აქვე მათ დადებითი შეფასება მისცეს იმ პოზიტიურ ძვრებს, რაც ბოლო წლებში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით განხორციელდა მუნიციპალიტეტში. ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს ნარჩენების შეგროვება წარმოქმნის ადგილზე, სპეციალურ კონტეინერებში. გეგმის შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოქვეყნებული იყო განცხადებები აღნიშნული გეგმის მომზადებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზების შესახებ. ნაწილი 3 – მუნიციპალური ნარჩენების დახასიათება 3.1. შესავალი აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებასა და გატანას სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. ოფეთის ნაგავსაყრელზე უზრუნველყოფს მუნიციპალური ააიპ ,,აბაშის კეთილმოწყობა“. მის მოვალეობაში შედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების დაგვა/დასუფთავება, ბაღის ნარჩენისა და მკვდარი ცხოველების გატანა. ააიპ ,,აბაშის კეთილმოწყობას“ ნარჩენების შეგროვება გატანისათვის მერიამ გადასცა დროებით სარგებლობაში 3 ერთეული კომპაქტორიანი სპეცტექნიკა, 164 ცალი 1.1 კუბ.მ. მოცულობის, 55 ცალი პლასტიკის 600 ლიტრიანი და 30 ცალი დეკორატიული ნარჩენების შეგროვების კონტეინერი. ააიპ ,,აბაშის კეთილმოწყობა“ ასევე ახდენს შეგროვების მომსახურების გაწევას აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და კომპანიებისათვის/ საწარმოებისათვის, რომლებიც მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ. 3.2. გეგმაში მიმოხილული ნარჩენების სახეობები აღნიშნული გეგმა განიხილავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შემდეგ სახეობებთან მიმართებაში არსებულ მდგომარეობას: · საყოფაცხოვრებო ნარჩენები; · კომერციული ობიექტების ნარჩენები; · ქუჩის ნარჩენი; · ფოთოლი და ბაღის ნარჩენები; · მცირე საწარმოო ობიექტების ნარჩენები; · სამშენებლო ნარჩენები. 3.3. ნარჩენების რაოდენობა აბაშის მუნიციპალიტეტში წარმოქმნილი ნარჩენების სახეობებისა და რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები, ისევე როგორც მთლიანად ქვეყნის შემთხვევაში, არ მოიპოვება, რადგან არ მიმდინარეობს წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენების რაოდენობის აღრიცხვა. ნარჩენების მოცულობის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნაგავსაყრელებზე შეტანილი ნარჩენების რაოდენობის მიხედვით. მუნიციპალიტეტს არა აქვს ინფორმაცია წლების განმავლობაში წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ, რაც მოგვცემდა ნარჩენების წარმოქმნის შესახებ სურათს დინამიკაში. 2014 წლის მონაცემების მიხედვით აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეგროვდა 1100 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი, 2015 წელს 1191 ტონა, ხოლო 2016 წლის მონაცემებით აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეგროვდა 1386 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. რაც შეეხება სამრეწველო ნარჩენების შესახებ ინფორმაციას, დღეისათვის საკითხი ჯერ არ არის შესწავლილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი სამედიცინო ნარჩენების გატანას უზრუნველყოფს შ.პ.ს. ,,ეკომედი“. სულ 2016 წლისათვის გატანილი სამედიცინო ნარჩენების რაოდენობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეადგენს 4,32 ტონას. უცნობია ყოველწლიურად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების რაოდენობა, რადგან არ ხდება მუნიციპალური სახიფათო და სხვა ნარჩენების განცალკევებული შეგროვება. ასევე, არ მოიპოვება მონაცემები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი დიდგაბარიტიანი (რადგან მათი გატანა არ ხდება შემგროვებელი კომპანიის მიერ და მოსახლეობა ძირითადად საკუთარ ტერიტორიაზე ინახავს ამ ტიპის ნარჩენს) ნარჩენების რაოდენობის შესახებ. საკმაოდ მწირია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ და შესაბამისად, აშკარად დგება საჭიროება მუნიციპალიტეტმა მოახდინოს მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც აღრიცხული იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობა სახეობების მიხედვით, რაც ნარჩენების ეფექტიანი მართვის ამოსავალი წერტილია. 3.4. ნარჩენების პროგნოზირება გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალიტეტს არა აქვს სანდო ინფორმაცია მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ, დინამიკაში საკმაოდ რთულია სამომავლო პროგნოზების გაკეთება, თუმცა გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება მოსახლეობის რაოდენობისა და შეგროვების მომსახურების დაფარვის არეალის ზრდის ფაქტორების გათვალისწინებით. როგორც დემოგრაფიული მონაცემებიდან ჩანს, სახეზეა მოსახლეობის რაოდენობის მცირე ზრდა, რაც სავარაუდოდ მომავალშიც გაგრძელდება; აღნიშნული ფაქტორი თავისთავად წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მოხდება ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ეფექტიანი მომსახურების მიწოდება მთელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და საწარმოებისათვის, ესეც ბუნებრივია, მუნიციპალიტეტის მიერ სამართავი ნარჩენების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს. თუმცა, ამ ეტაპზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რაოდენობრივ მონაცემებზე საუბარი არ იქნება გამართლებული ნარჩენების რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემების გარეშე. 3.5. ნარჩენების შემადგენლობის ანალიზი ნარჩენების შემადგენლობაზე მსჯელობისას, გამომდინარე იქიდან, რომ აბაშის მუნიციპალიტეტს არა აქვს მონაცემები მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შემადგენლობის შესახებ, შეგვიძლია გამოვიყენოთ 2015–2016 წლებში ნარჩენების მორფოლოგიური შემადგენლობის სეზონური კვლევის შედეგები. ქვემოთ წარმოდგენილია აღნიშნული კვლევის შედეგები, რაც გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის აღდგენადი ნარჩენების ამოღება შეიძლება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებული ნარჩენების ნაკადიდან. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდება მუნიციპალიტეტის რეციკლირების პოტენციალის შეფასება. ნარჩენების მორფოლოგიური შემადგენლობის სეზონური კვლევის შედეგი (გასაშუალებული მაჩვენებელი ოთხივე სეზონისათვის)
როგორც შედეგებიდან ვხედავთ, ნარჩენების შემადგენლობიდან 3 ძირითადი ნაკადი შეგვიძლია გამოვყოთ, რომელსაც დომინანტური პოზიცია უჭირავს ნარჩენების მთლიან ნაკადში. ესენია: ორგანული ნარჩენები (42.72%), პოლიეთილენი/პლასტმასი (11.19%) და ქაღალდი და მუყაო (12.84%). შესაბამისად, ამ ნაკადებზე უნდა მოხდეს ყურადღების გამახვილება ნარჩენების მართვის რეციკლირების სისტემების დანერგვისას მუნიციპალიტეტის ფარგლებში. ნაწილი 4 – არსებული მუნიციპალური ნარჩენების სისტემის მიმოხილვა როგორც ზემოთ არის აღწერილი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებასა და გატანას სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. ოფეთის ნაგავსაყრელზე უზრუნველყოფს ააიპ ,,აბაშის კეთილმოწყობა“. იგი ახდენს მომსახურების გაწევას მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის და კომპანიების/საწარმოებისათვის, რომლებიც მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებენ. მუნიციპალიტეტში არსებული იურიდიული პირებისათვის ნარჩენების გატანის მომსახურების მიწოდება ხდება მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. კომპანია ახდენს შეგროვების მომსახურების გაწევას მუნიციპალიტეტში არსებული კომერციულ და სხვა დაწესებულებებზე. ეს საწარმოებია: საწარმოები და მომსახურე ორგანიზაციები
მოსახლეობისათვის ნარჩენების შეგროვების სერვისის მიწოდება ხდება 3 კომპაქტორი სპეცმანქანის საშუალებით როგორც დღეგამოშვებით, ასევე ყოველდღიურად. ნარჩენების გატანის არსებული გრაფიკის შედეგად კონტეინერების გადავსების შემთხვევებს ადგილი არა აქვს. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი დიდგაბარიტიანი ნარჩენების, მათ შორის მაცივრების, მიტოვებული მანქანების შეგროვება და გატანა არ ხდება. ასეთი ნარჩენების შენახვა/დასაწყობება ხდება თავად ამ ნარჩენების მფლობელების მიერ. რაც შეეხება საამშენებლო ნარჩენებს, მათ განსათავსებლად მიმდინარეობს მოძიება ნაგავსაყრელის ადგილების, რომლებიც შეთანხმდება შესაბამის სამინისტროებთან და დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში. რაც შეეხება ქუჩებისა და პარკების დასუფთავებით წარმოქმნილ ნარჩენს, მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში ქუჩების დაგვა არ ხდება. კომპანია ახდენს იმ პარკების დალაგებას, რომლებიც სკოლებთან, კულტურის სახლებთან და ადმინისტრაციულ შენობებთან ახლოს მდებარეობს, ბოლო წლებში დამკვიდრდა ყოველთვიურად დასუფთავების აქციების ჩატარების ტრადიცია საჯარო მოხელეებისა და მოსახლეობის მონაწილეობით. თუმცა აქ მოგროვებული ნარჩენის შესახებ არ არის განცალკევებული ინფორმაცია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო ობიექტებიდან, ძირითადად ამბულატორიებიდან, სამედიცინო ნარჩენების გატანას ახდენს შესაბამისი ნებართვის მქონე შპს „ეკომედი“. ნარჩენების შეგროვების პროცესის მონიტორინგსა და ზედამხედველობას ახორციელებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური. მუნიციპალიტეტს არა აქვს ნარჩენების შეგროვების სერვისის მიწოდების ამსახველი რუკები. არ არის დარუკებული ნარჩენების შეგროვების მარშრუტები, ისინი ზეპირსიტყვიერად არის შეთანხმებული ნაგავმზიდების მძღოლებთან. მუნიციპალიტეტს აქვს ელექტრონული ბაზა, სადაც მითითებულია 1.1 მ3 და 600 ლიტრი მოცულობის ნარჩენების შეგროვების კონტეინერების განთავსების ადგილები. აბაშის მუნიციპალიტეტი პასუხისმგებელია იმ სატრანსპორტო საშუალებების შეძენა და მოვლა-შეკეთებაზე, რომლებიც ნარჩენების შეგროვებისა და გატანის პროცესში გამოიყენება. მუნიციპალიტეტს არა აქვს საკუთარი საამქრო ამ სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შეკეთებისათვის. როგორც წესი, ამ მიზნით ხდება ტენდერების გამოცხადება და შესაბამისი კომპანი(ებ)ის აყვანა; როდესაც მცირე მასშტაბიან სარემონტო საქმიანობებზეა საუბარი, ხდება ერთჯერადი ხელშეკრულებების დადება შესაბამის კომპანიასთან. ქვემოთ წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი, რომელიც გამოიყენება აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების პროცესში: №2 მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ინვენტარიზაცია
2012 წელს შეძენილ იქნა 1 ერთეული 5 მ3 მოცულობის კომპაქტორი ღირებულებით 69 046,00 ლარი და 2017 წელს 2 ერთეული 7 მ3 მოცულობის კომპაქტორი ღირებულებით 192 146,81 ლარი და 13 მ3 მოცულობის კომპაქტორი ღირებულებით 249 971,04 ლარი. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ბოლო 2 კომპაქტორი და და 100 ცალი 1.1 კუბ.მ. მოცულობის ნარჩენების შეგროვების კონტეინერი შეძენილ იქნა 2017 წელს მსოფლიო ბანკის პროექტით. 4.1 ნარჩენების განთავსების არსებული ობიექტები ოფიციალური ნაგავსაყრელები ნარჩენების განთავსება ხდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ოფეთში არსებულ ნაგავსაყრელზე, რომლის ფართობი 7.5 ჰა-ს შეადგენს. აღნიშნული შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ბალანსზეა. 2014 წლის მონაცემების მიხედვით აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე შეგროვებული და გატანილი იქნა 1100 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი ანუ საშუალოდ თვეში 91,7 ტონა, 2015 წელს 1191,0 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი ანუ საშუალოდ თვეში 99,2 ტონა, 2016 წლის მოცემებით აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე შეგროვდა 1386 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი, ანუ საშუალოდ თვეში 115,5 ტონა, ხოლო 2017 წლის 11 თვეში 1634 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი, ანუ საშუალოდ თვეში 148,5 ტონა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეგროვებული ნარჩენების ტრანსპორტირება ხსენებულ ნაგავსაყრელზე ზემოთ აღნიშნული 3 სატრანსპორტო საშუალებით ხდება. საშუალო მანძილი სოფლებიდან ნაგავსაყრელამდე 10-40 კმ-ში მერყეობს. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ მოხდა აღნიშნული ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა, შემოღობვა. ნაგავსაყრელი აღჭურვილია სასწორით, მის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლა კონტროლირდება კომპანიის თანამშრომლების მიერ. ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების პერიოდული დაფარვა ხდება მიწის ფენით. 4.2 აღდგენა (რეციკლირება და კომპოსტირება) მუნიციპალიტეტში არ მოქმედებს რაიმე საწარმო, რომელიც მოახდენდა აღდგენადი მასალების ცენტრალიზებულ შეგროვებას და გატანას, ასევე არ არის ნარჩენების შეგროვების პუნქტები. ნარჩენების შეგროვება მათი აღდგენის მიზნით ცალკეული პირების მიერ უკონტროლოდ და ქაოტურად ხდება ასევე, მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი კომპოსტირების პრაქტიკა. მოსახლეობა არ ახდენს ორგანული ნარჩენის კომპოსტად გამოყენებას და ზოგადად, ამ საკითხისადმი ნაკლებ ყურადღებას იჩენს. 4.3 ხარჯები და ხარჯების ანაზღაურება ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპროტირების მომსახურების ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით აღსანიშნავია საქართველოში მოქმედი შემდეგი კანონები: საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ (2014), საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი (2014), და საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ (1998, შესწორებებით). ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, აბაშის მუნიციპალიტეტი (კერძოდ, საკრებულო, როგორც თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო) პასუხისმგებელია ადგილობრივი მოსაკრებლების (ტარიფების) შემოღებაზე, ამოღებასა და გაუქმებაზე. მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება იმ კანონების საფუძველზე, რომლებიც არეგულირებენ მოსაკრებლების სტრუქტურასა და ოდენობას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამჟამად მოქმედ კანონებში ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია არ არის განსაზღვრული და საჭიროებს შემუშავებას. საქართველოს კანონის ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ (1998) მიხედვით მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში. მოსაკრებლის გადამხდელთა რაოდენობა ერთ ოჯახში არ უნდა აღემატებოდეს ოთხს, მიუხედავად ოჯახის წევრების რაოდენობისა. აქედან გამომდინარე, მოსაკრებლის ოდენობა ერთ ოჯახზე არ უნდა აღემატებოდეს 12 ლარს თვეში; ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე. აბაშის მუნიციპალიტეტში ტარიფი განსაზღვრულია აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ივლისის №24 დადგენილებით ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 1 სულიანი ოჯახებისათვის 0.7 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე თვეში. საწარმოებიდან გადასახადის ამოღება ხდება ნარჩენის წარმოქმნის ფაქტორების მიხედვით. ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მომსახურების მიწოდება ხდება მუნიციპალიტეტში არსებული კომერციული და სხვა დაწესებულებების 90%-სათვის. 2015 წელს ზემოთ აღნიშნული საწარმოებიდან, რომლებისთვისაც ნარჩენების შეგროვების სერვისის მიწოდება ხდება, ამოღებულ იქნა 18 006 ლარის ოდენობის თანხა, ხოლო მოსახლეობიდან 4200 ლარი. 2016 წელს საწარმოებიდან ამოღებულ იქნა 19 124 ლარის ოდენობის თანხა, ხოლო მოსახლეობიდან 3500 ლარი, ნარჩენების გატანის გადასახადის სახით. მოსახლეობიდან ნარჩენების მომსახურების ამოღების სისტემის სრულად დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ამასთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული იქნა ნორმატიული აქტები დანაგვიანების ჯარიმის ამოღებისა და ჯარიმის ამოღებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ. ზედამხედველობის სამსახურის კონტროლით ხორციელდება მუნიციპალური და სამშენებლო ნარჩენების არალეგალურ განთავსებაზე შესაბამისი ზომების გატარება, ხდება გაფრთხილების მიცემა და არ გათვალისწინების შემთხვევაში კანონის შესაბამისად ხდება დაჯარიმება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე დაჯარიმება არ განხორციელებულა, რადგან ააიპ ,,აბაშის კეთილმოწყობა“ გაფრთხილების წერილებს აგზავნის და მხოლოდ იმ შემთხვევაში აჯარიმებს, თუ არ ხდება პრობლემის აღმოფხვრა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გასააქტიურებელია, ამ ეტაპისათვის არ მომხდარა მოსახლეობის დაჯარიმება დანაგვიანების ფაქტებზე. 4.4 ბიუჯეტი და დაფინანსების პროცესები 2014 წელს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა შეადგინა 6817,6 ათ.ლარი, 2015 წლისათვის – 8517,3 ათ. ლარი. და 2016 წლისათვის - 9537,3 ათ. ლარი. ნარჩენების მართვის მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები 2014 წლისათვის 82,0 ათას ლარს, 2015 წლისათვის 93,6 ათას ლარს, ხოლო 2016 წლისათვის 128,7 ათ. ლარს შეადგენდა. ნარჩენების მართვისათვის გამოყოფილი ხარჯები მთლიანი მუნიციპალური ხარჯების 1,2% , 1.1% და 1,35% შეადგენდა, 2014, 2015 და 2016 წლებისთვის.
როგორც ვხედავთ, ადგილი აქვს ნარჩენების მართვის მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდას. ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მომსახურების პროცესში ჯამში ჩართულია ოცდაცხრამეტი (39) ადამიანი, აქედან ხუთი (5) ადამიანი ადმინისტრაციაშია დასაქმებული, სამი (3) მძღოლი და ოცდაცხრა (29) მუშა, რომელიც ნარჩენების შეგროვებას უშუალოდ ახორციელებს. ნაწილი 5 – ნარჩენების მართვის მომავალი ვარიანტების ანალიზი და რეკომენდაციები აბაშის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვასთან არსებული მდგომარეობისა და ნარჩენების მართვის სისტემების ევროპული მაგალითების საფუძველზე შეიძლება მოვახდინოთ ნარჩენების მართვის სამომავლო ვარიანტების ანალიზი. შეგროვება და ტრანსპორტირება აბაშის მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მარშრუტის ეფექტიანი და ეკონომიური დაგეგმვა. ნარჩენების შეგროვების მარშრუტის სქემაზე მუშაობისას უნდა მოხდეს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება: · შეგროვების მიზნით მანქანის მიერ გავლილი მანძილის შემცირება და შეგროვებული ნარჩენების მასის ზრდა; · მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბანში მოძრაობის ინტენსივობა დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში; · ნარჩენების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, მათ შორის გზებსა და ხიდებზე მოძრავი მანქანების წონის შეზღუდვა. მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების დახარისხებულად შეგროვების სისტემის დანერგვა. სწორი სატარიფო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა მუნიციპალიტეტის ფარგლებში. მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სამართლიანი მოსაკრებლის გამოთვლა ცენტრალური ხელისუფლების მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით და ასევე, მოსაკრებლის ამოღების მექანიზმების შემუშავება და დანერგვა. ნარჩენების განთავსება დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, აბაშის მუნიციპალიტეტი ვალდებულია ნარჩენების ნაგავსაყრელზე ტრანსპორტირებაზე, ხოლო ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსებას შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ახორციელებს. ნარჩენების განთავსების არალეგალურ ადგილებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტმა უნდა მოახდინოს ასეთი ადგილების ზუსტი აღრიცხვა. ამ ადგილების ინვენტარიზაციის დროს უნდა განხორციელდეს ინფორმაციის მოპოვება სულ მცირე ადგილებზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობის და სახეობის შესახებ. ამის შემდეგ უნდა მოხდეს დროში გაწერილი კონკრეტული გეგმის შემუშავება თუ როდის მოხდება ამ ადგილების დახურვა, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვითურთ. დახურვის შემდეგ ამ ადგილებზე უნდა მოხდეს საჭიროებისამებრ, შესაბამისი შეფასების შემდეგ, ამ ნარჩენების შეგროვების კონტეინერების განთავსება (რადგან მოსახლეობა მიჩვეულია ამ ადგილას ნარჩენების განთავსებას, ამ ჩვევის შეცვლას დრო დასჭირდება ამიტომ მოხდება კონტეინერებით ადგილების აღჭურვა და მათი ნარჩენების შეგროვების მარშრუტებში ჩართვა), ასევე, საინფორმაციო ბანერების დადგმა, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია იმ ჯარიმებზე, რომლებიც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ნარჩენების უკანონო განთავსებასთან დაკავშირებით და სპეციალისტებთან მჭიდრო კონსულტაციის საფუძველზე, სადაც შესაძლებელია მოხდეს ადგილების გამწვანება, მათთვის ფუნქციის შეცვლის მიზნით შემდგომში მუნიციპალიტეტი მოახდენს ამ ნარგავების მოვლა-პატრონობას. ასევე, დამატებით განხორციელდა მოსახლეობის გაფრთხილება დანაგვიანებასთან დაკავშირებით არსებულ ჯარიმებსა და შესაბამის სანქციებზე სოფლებში მერის წარმომადგენლების და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ. აღდგენა ნარჩენების აღდგენის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში მოხდეს ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვა, – (სველი-მშრალი შეგროვება). მნიშვნელოვანია ასევე მუნიციპალიტეტმა მოახდინოს იმ კომპანიებთან მოლაპარაკებები, რომლებიც დახარისხებულად შეგროვებული ნარჩენის გატანით დაინტერესდებიან. მუნიციპალიტეტმა უნდა გამოყოს საცავი შეგროვებული ნარჩენის დასაწყობების მიზნით, სადაც კომპანია მოახდენს ნარჩენების წინასწარი დამუშავების მოწყობილობების დამონტაჟებას. წინასწარ უნდა მოხდეს მოლაპარაკება ფასზე და ნარჩენის შესყიდვის პროცედურებზე (სავარაუდოდ, ნარჩენების მიყიდვა უნდა მოხდეს პირდაპირი წესით). აუცილებელია სეპარირებულად შეგროვებული ნარჩენის ტრანსპორტირება ხდებოდეს მუნიციპალიტეტის სპეციალურად ბრენდირებული ავტოტრანსპორტით, რათა მოსახლეობა ხედავდეს, რომ ნარჩენის ტრანსპორტირება ხდება ცალკე სპეციალურად გამოყოფილ საცავში. გამომდინარე იქიდან, რომ ნარჩენების შემადგენლობის კვლევის დროს წამყვანი ადგილი ორგანულ ნარჩენებს ეკავა, მნიშვნელოვანია კომპოსტირების პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის მიერ. ხარჯეფექტიანობის გათვალისწინებით რეკომენდებულია საერთო სარგებლობის (რამდენიმე ფერმერის გაერთიანება) საკომპოსტე ადგილების მოწყობა.
ამ მხრივ, გამონაკლისს წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქი თბილისი, სადაც ნარჩენების შეგროვება/გატანა და ნაგავსაყრელების ფუნქციონირება ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის სფეროში შედის. 2014 წლის 26 დეკემბერს მიღებული იქნა საქართველოს კანონი “ნარჩენების მართვის კოდექსი”, რომლის მიზანია სამართლებრივი და მარეგულირებელი საფუძვლის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციასა და ხელახალ გამოყენებას, აგრეთვე ნარჩენების დამუშავებას გარემოსთვის უსაფრთხო გზით, მათ შორის – შეგროვებას, ტრანსპორტირებას, აღდგენასა (რეციკლირება, კომპოსტირება და ა.შ.) და განთავსებას. კანონის ამოცანაა: 1) ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა ნარჩენების წარმოქმნის და მისი უარყოფითი ზეგავლენის პრევენციისა ან შემცირების გზით; 2) ნარჩენების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა; და 3) იმ რესურსების ეფექტიანი მოხმარების წახალისება, რომლებიც შეიძლება მიღებულ იქნეს მუნიციპალური ნარჩენების უკეთ მართვის შედეგად. საქართველოს კანონის “ნარჩენების მართვის კოდექსი” საფუძველზე შემუშავებულია ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია 2016-2030 წლებისთვის და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა 2016-2020 წლებისთვის, რომლებიც კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს კონკრეტულ დროში გაწერილ მოკლე და გრძელვადიან მიზნებს ნარჩენების მართვის კუთხით და ამ მიზნების მიღწევის მიდგომებსა და ქმედებებს. კანონი ითვალისწინებს, რომ ერთმანეთის მეზობელმა მუნიციპალიტეტებმა შეიძლება შექმნან მუნიციპალური ნარჩენების მართვის ერთიანი სისტემები და, ასევე, შეიმუშაონ მუნიციპალური ნარჩენების ერთობლივი მართვის გეგმა (თუ მისი შესრულება უზრუნველყოფილი იქნება. მოიცავს ბაზრების, მაღაზიების, ოფისების, რესტორნების, საწყობებისა და სასტუმროების ნარჩენებს. საქართველოს კანონის “ნარჩენების მართვის კოდექსი” მიხედვით, დიდგაბარიტიან ნარჩენებს განეკუთვნება ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო ვერ თავსდება ნარჩენების სათავსში. აღნიშნული მონაცემები ეყრდნობა აიპ ,,აბაშის კეთილმოწყობის“ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. ოფეთის ნაგავსაყრელის მიერ ერთობლივ სავარაუდო კვლევას . რუკები, რომლებზეც მითითებული იქნება უბნები, სადაც სრულად, ნაწილობრივ ან საერთოდ არ ხდება ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სერვისის მიწოდება. ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 5, პუნქტი 2 (ბ). | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები