დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 3 დეკემბრის №110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 274 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.22.027.016774 |
|
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 3 დეკემბრის №110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 3 დეკემბრის №110 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 010220020.22.027.016614, 03/12/2015) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“. 2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის თანდართული წესი.“. |
| მუხლი 2 |
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 3 დეკემბრის №110 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 010220020.22.027.016614, 03/12/2015) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესი“. 2. პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს წესი განსაზღვრავს „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით (შემდგომში – ბრძანებულება) გათვალისწინებული მოქალაქეობის საკითხთა კომისიის (შემდგომში – კომისია) საქმიანობის წესს. 2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ბრძანებულების შესაბამისად.“. 3. მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) თავმჯდომარე.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კომისია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთაგან ნიშნავს კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და კომისიის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებას. 6. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. ოქმში, კომისიის გადაწყვეტილების შინაარსის გარდა, მიეთითება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის – მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის მიერ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადების შესახებ. სხდომაზე დამსწრე წევრის განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმს.“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. კომისიის სხდომებზე კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად განიხილება ასევე კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კომისიას უფლება აქვს გადაწყვეტილების მისაღებად შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს.“. 4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი 1. კომისიის უფლებამოსილებებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად აუცილებელი სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებელად ტესტების შედგენისა და ტესტირების ჩატარების უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა) მსურველ პირთა სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმება და შეფასება; გ) სააგენტოს მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისას, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის დადგენა. 2. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადება წარედგინება სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 3. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას და, ბრძანებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობის შედეგად, საქმეს ამზადებს კომისიის განხილვისათვის. კომისიის მიერ ინფორმირებული და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური კომისიას საქმეს უგზავნის მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის, მასალებისა და სხვადასხვა მოსაზრების სრულყოფილად წარდგენის გზით. 4. კომისიის გადაწყვეტილებისა და ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის საფუძველზე, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქმეზე ამზადებს დადებით ან უარყოფით დასკვნას. 5. სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებულ დადებით ან უარყოფით დასკვნას, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, ბრძანებულების მე-20 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 6. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული სააგენტოს დადებითი ან უარყოფითი დასკვნის შესახებ, ბრძანებულების მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე ეცნობება განმცხადებელს და მას განემარტება, რომ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.“. 5. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირთა ცოდნის დონის შემოწმება 1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა) მსურველი პირის ცოდნის დონის შემოწმების შედეგად კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ცოდნის დონე არ შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს. 2. სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ტესტები თანხმდება კომისიის თავმჯდომარესთან. 3. კომისიის მიერ განხორციელებული ცოდნის დონის შემოწმების შედეგები, კომისიის გადაწყვეტილებასა და ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმთან ერთად, ეგზავნება სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირის პირად საქმეზე დასართავად.“. 6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დადგენის წესი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ განცხადებას და საქმეს ამზადებს კომისიის განხილვისათვის. 2. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვს ინფორმაციას „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შესახებ, ხოლო საქმის მასალებს გადასცემს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძვლების გამოსარკვევად. 3. კომისიის მიერ ინფორმირებული და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური კომისიას საქმეს უგზავნის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დაწესებულებებიდან მოპოვებული ინფორმაციის, მასალებისა და სხვადასხვა მოსაზრების სრულყოფილად წარდგენის გზით. 4. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით კომისია უფლებამოსილია გასაუბრებაზე მოიწვიოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს სატელეფონო კავშირის ან ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, გასაუბრებაზე შეიძლება აგრეთვე მოწვეულ იქნეს სხვა პირი, გამოთხოვილ იქნეს დოკუმენტები და ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებისა და ორგანიზაციიდან. 5. კომისია სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობას აფასებს საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ადგენს, რომ პირის მიმართ არსებობს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები (ან ამ პირობებიდან ერთ-ერთი); ბ) ადგენს, რომ პირის მიმართ არ არსებობს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული არც ერთი პირობა. 6. საქართველოს მოქალაქეობის მსურველი პირის მიმართ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის მიერ, სხვებს შორის, მხედველობაში შეიძლება იქნეს მიღებული: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა სხვა ქვეყნის მოქალაქის შეფასების, ასევე საქართველოს სახელმწიფოსთან მისი კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) კონკრეტული საქმიანობა ან ქმედება, ან/და სხვა ისეთი გარემოება ან ფაქტორი, რომელსაც შესაძლოა გააჩნდეს მნიშვნელობა საქართველოს წინაშე სხვა ქვეყნის მოქალაქის დამსახურების დადებითად ან უარყოფითად შესაფასებლად. 7. საქართველოს მოქალაქეობის მსურველი პირის მიმართ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას „სახელმწიფო ინტერესის“ საკითხის შეფასების მიზნით, კომისიამ, სხვებს შორის, შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები: ა) განმცხადებელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ან წარსულში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირია, რომელიც სამშობლოში დაბრუნებისა და აქ დამკვიდრების სურვილს გამოთქვამს, ან ამგვარი პირის ოჯახის წევრია; ბ) განმცხადებელი ეთნიკური აფხაზი ან ოსია, და სურს დაიბრუნოს სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან; გ) განმცხადებელი საქართველოში დაბადებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია და საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს; დ) განმცხადებელი საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდა, ჰყავს საქართველოს მოქალაქე შვილები; მისთვის საქართველოს მოქალაქეობა ოჯახის ერთიანობისა და ურღვევობის ხელშემწყობი ფაქტორია, ხოლო წარმომავლობის ქვეყნის მოქალაქეობის შენარჩუნება მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს; ე) განმცხადებელი დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს, მუშაობს, ფლობს ქონებას, ასევე იცის ქართული ენა ან/და მის მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიცია; ვ) განმცხადებელს დამსახურება აქვს სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს საქმიანობა განაგრძოს საქართველოს სახელით. 8. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების არსებობის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმში უნდა მიეთითოს: ა) ყველა ის გარემოება და ფაქტი, რომელსაც შესაძლოა გააჩნდეს მნიშვნელობა საქართველოს წინაშე სხვა ქვეყნის მოქალაქის დამსახურების დადებითად ან უარყოფითად შესაფასებლად ან/და ამავე პირის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის სახელმწიფო ინტერესის არსებობის დასასაბუთებლად; ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული გარემოებებისა და ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში (მტკიცებულებათა არსებობის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტები დაერთვება ამავე ოქმს). 9. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების არსებობის/არარსებობის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ამსახველი ოქმი დგება ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებით დაინტერესებულ სხვა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე ინდივიდუალურად, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის მიერ საქმის მასალების მისთვის გადაგზავნიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა. 10. კომისიის გადაწყვეტილებისა და ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტისა და ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ოქმის საფუძველზე, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქმეზე ამზადებს დადებით ან უარყოფით დასკვნას. 11. სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებულ დადებით ან უარყოფით დასკვნას, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტისა და ბრძანებულების 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 12. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული სააგენტოს დადებითი ან უარყოფითი დასკვნის შესახებ ასევე ეცნობება განმცხადებელს და მას განემარტება, რომ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.“. 7. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს. 8. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი: „მუხლი 8. გარდამავალი დებულებები 1. 2018 წლის 15 იანვრამდე სააგენტომ უზრუნველყოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ამჟამად მოქმედი ტესტების კომისიისთვის გადაცემა. 2. 2018 წლის 15 იანვრამდე სააგენტო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის პირობებში, უზრუნველყოფს კომისიას ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული პროგრამით.“. |
| მუხლი 3 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტისა, ამოქმედდეს 2018 წლის 15 იანვრიდან.
2. ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები