პროგრამა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2018-2020 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

პროგრამა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2018-2020 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15/24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016513
15/24
25/11/2017
ვებგვერდი, 15/01/2018
480610000.03.030.016513
პროგრამა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2018-2020 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

პროგრამა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2018-2020 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ლიტვის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

 

გამოხატავენ რა სურვილს, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას და ურთიერთგაგებისა და მეგობრობის გაღრმავებას,

 

მოქმედებენ რა კომპეტენციის ფარგლებში და ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად,

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის გაღრმავებას კულტურისა და ხელოვნების სფეროებში ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.

 

მუხლი 2

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობასა და დიალოგს მუსიკალურ, თეატრალურ, ცეკვის და სხვა კულტურულ თუ ხელოვნების ინსტიტუტებს, ასოციაციებსა და ინდივიდებს, რომლებიც მოღვაწეობენ კულტურისა და ხელოვნების სფეროებში. მხარეები აგრეთვე ხელს შეუწყობენ მხარეების წარმომადგენლების მონაწილეობას ორივე სახელმწიფოში გამართულ საერთაშორისო კონკურსებში, ფესტივალებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და სემინარებში.

 

მუხლი 3

1. მხარეები, შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოების ჩართულობისა და თანმაშრომლობის გაღრმავების უზრუნველყოფის საფუძველზე,  ითანამშრომლებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, არქეოლოგიური მემკვიდრეობისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროებში, მემკვიდრეობის ძეგლების მართვის, კვლევისა და კონსერვაციის თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენების შესახებ გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლის გზით.

2. მხარეები გაიზიარებენ ერთმანეთის გამოცდილებასა და ცოდნას, გაუწევენ ორგანიზებას დელეგაციების ვიზიტებს  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, ასევე ხელს შეუწყობენ  ექსპერტების გაცვლით პროგრამებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში.

 

მუხლი 4

მხარეები ხელს შეუწყონ მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების მონაწილეობას სემინარებში, შეხვედრებსა და საჯარო კითხვებში, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთგაგების გაღრმავებას ლიტერატურულ საზოგადოებებს შორის და ლიტერატურული თარგმანების გავრცელებას. მხარეები ხელს შეუწყონ პოეტებისა და მწერლების მონაწილეობას ფესტივალებსა და ლიტერატურულ ღონისძიებებში.

 

მუხლი 5

მხარეები დაამყარებენ კავშირს ორივე სახელმწიფოს მუზეუმებსა და არქივებს შორის, გაუწევენ ორგანიზებას მუზეუმებისა და არქივების ექსპერტების ვიზიტებს, ასევე გამოფენებისა და პუბლიკაციების გაცვლას. გამოფენათა გაცვლის ვადები და პირობები განისაზღვრება ცალკეული ოქმებით, რომლებიც გაფორმდება უშუალოდ ორგანიზატორებს შორის.

 

მუხლი 6

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამედროვე სახვითი ხელოვნების გამოფენების ურთიერთგაცვლას. გამოფენათა ურთიერთგაცვლის ვადები და პირობები განისაზღვრება ცალკეული ოქმების სახით, რომელიც გაფორმდება უშუალოდ ორგანიზატორებს შორის.

 

მუხლი 7

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას დიზაინისა და არქიტექტურის სფეროში, დაამყარებენ უშუალო კონტაქტებს და გაცვლიან ინფორმაციას.

 

მუხლი 8

1. მხარეები წაახალისებენ კინოს ექსპერტთა დელეგაციების მონაწილეობას ორივე ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო ფილმების ფესტივალებში.

2. მხარეები, საქართველოში ლიტვური ფილმის დღეებისა და ლიტვაში ქართული ფილმის დღეების ფარგლებში, წაახალისებენ უშუალო თანამშრომლობას კინემატოგრაფიის ინსტიტუციებს, კინოარქივებს, კინორეჟისორებს და პროდიუსერებს შორის.

3. მხარეები გაცვლიან ინფორმაციას და განიხილავენ ფილმების ერთობლივი წარმოების შესაძლებლობებს.

 

მუხლი 9

მხარეები ხელს შეუწყობენ პარტნიორობას შემოქმედებითი ინდუსტრიების და სფეროს ექსპერტთა დელეგაციების ვიზიტების წახალისებით გაცვლიან საუკეთესო გამოცდილებას;   ხელს შეუწყობენ დიზაინის, არქიტექტურის, რეკლამის, კინოს, ახალი მედიის სექტორების წარმომადგენლების ურთიერთგაცვლას და მხარეთა მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა შოურუმებში, ბაზრობებში, კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობას.

 

მუხლი 10

მხარეები ითანამშრომლებენ კულტურის სტრატეგიების (სამთავრობო, რეგიონული და დარგობრივი), შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავების, მონიტორინგსა და შეფასების პროცესში, ხელს შეუწყობენ ორივე ქვეყნის ექსპერტების, პუბლიკაციების და ა.შ. ურთიერთგაცვლას; მხარეები ჩაერთვებიან კულტურის პოლიტიკის კვლევასა და შემუშავებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებაში (სემინარები, კონფერენციები, ფორუმები და ა.შ.).

 

მუხლი 11

მხარეები ითანამშრომლებენ კულტურული ობიექტების უკანონო გადაადგილებისაგან დაცვის კუთხით და აღნიშნული მიზნებისათვის,  წაახალისებენ ინფორმაციისა და ექსპერტთა გაცვლას.

 

მუხლი 12

პროგრამის მოქმედების პერიოდში, მხარეები მოახდენენ ოფიციალური დელეგაციების ურთიერთგაცვლის ორგანიზებას, რომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ადამიანს და თითოეული გაცვლის ვადა არ უნდა არემატებოდეს 5 დღეს.

 

მუხლი 13

1. სხვა კულტურული ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება პროგრამის მიზნებს, უნდა განხორციელდეს მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმებების შესაბამისად.

2. წინამდებარე პროგრამის მოქმედების პერიოდში, მხარეები ყოველი წლის ბოლოს, წინასწარ შეატყობინებენ ერთმანეთს შეთანხმებული ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ, რათა დროულად მოხდეს საჭირო ფინანსების განსაზღვრა შესაბამისი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.

 

მუხლი 14

მხარეები გაცვლიან გამოცდილებას ევროკავშირის პროგრამებისა და კულტურის სფეროში, მათ შორის ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა” (“Creative Europe”) ინიციატივებთან დაკავშირებით.

 

მუხლი 15

კულტურის სფეროში ექსპერტთა დელეგაციების ვიზიტები, მხარეთა შორის შეთანხმების შესაბამისად, გაიმართება შემდეგი პირობებით:

1. დელეგაციების ვიზიტები:

1.1 წარმგზავნი მხარე იხდის მგზავრობის ხარჯებს.

1.2  წარმგზავნი მხარე უზრუნველყოფს, რომ დელეგაციის ყველა წევრს ჰქონდეს მოქმედი სამედიცინო დაზღვევა.

1.3  მიმღები მხარე იხდის საცხოვრებლის და ქვეყნის შიდა ტრანსპორტირების ხარჯებს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს თარჯიმნის წარმოდგენას.

2.  ინდივიდუალური შემსრულებლების, შემოქმედებითი ჯგუფების, მუზეუმის ექსპერტებისა და თანამედროვე სახვითი ხელოვნების გამოფენების ურთიერთგაცვლასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები ექვემდებარება ორგანიზატორებს შორის ცალკეულ მოლაპარაკებებს.

 

მუხლი 16

პროგრამის დებულებების განხორციელება უნდა მოხდეს მხარეთა  ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად.

 

მუხლი 17

ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე პროგრამის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკებებისა და/ან კონსულტაციების გზით.

 

მუხლი 18

1. პროგრამა ძალაში შედის 2018 წლის 1 იანვრიდან და მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული პროგრამის მოქმედების გაგრძელება შესაძლებელია მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე.

2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს პროგრამის მოქმედება, აღნიშნული განზრახვის შესახებ მეორე მხარესთან წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. პროგრამის მოქმედება შეწყდება შეტყობინების მიღებიდან 3 თვის შემდეგ.

 

მუხლი 19

წინამდებარე პროგრამაში, ცვლილებები და დამატებები, გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა ხელმოწერის დღიდან. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ პროგრამის განუყოფელ ნაწილს.

 

შესრულებულია ქ. თბილისში, 2017 წლის ------ ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე პროგრამის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს კულტურისა და

ძეგლთა დაცვის სამინისტრო

(ხელმოწერილია)

 

ლიტვის რესპუბლიკის კულტურის

სამინისტრო

(ხელმოწერილია)