დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის N1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016518 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 აგვისტოს №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №583 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში (სსმ III, 17.03.10 წ., მუხ.431) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21. ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება ამ დებულების დანართი №1-ით“. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების“ დანართი №1 თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი 1
|
„ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.ეს დებულება განსაზღვრავს „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის (შემდგომში – ინსპექტირების ცენტრი) აკრედიტაციის დამატებით პირობებს. 2. ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციისთვის დამატებითი პირობების დადგენას, შესარჩევი პროცესის წარმართვას და გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ამ დებულებით დადგენილი წესით. 3.ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი კანონმდებლობისა და ამ დებულებით განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით. მუხლი 2. აკრედიტაციის მიღება 1. ამ დებულების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მიღებას დაექვემდებარება: ა) 2017 წლის 11 დეკემბრამდე აკრედიტებული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები (არსებული ხაზების გაფართოების მიზნით) ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფიზიკური/იურიდული პირები, რომლებსაც შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის შეძენის მიზნით 2017 წლის 11 დეკემბრამდე განხორციელებული აქვთ შესაბამისი ანგარიშსწორება სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით, ამავე თარიღამდე მოპოვებული აქვთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მშენებლობის ნებართვა ან უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი აქვს განაცხადი აღნიშნული ნებართვის მოპოვების მიზნით და 2018 წლის 25 იანვრამდე სამინისტროში წარდგენილი აქვთ ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული დამატებითი დოკუმენტაცია (შემდგომში – არსებული ცენტრები). ბ) ფიზიკური/იურიდიული პირები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოცხადებულ შერჩევის პროცესში და დააკმაყოფილებენ ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (შემდგომში – დაინტერესებული პირები). 2. ამ დებულებით გათვალისწინებული ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაციის დამატებითი პირობები არ ცვლის შესაბამისი აკრედიტაციის მიღებისთვის კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებსა და პირობებს, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის წესსა და პირობებს. მუხლი 3. დაინტერესებული პირების მიერ შერჩევის პროცესში მონაწილეობის პირობები 1. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირების მიერ აკრედიტაციის მისაღებად, ამ დებულებით განსაზღვრულ ვადაში, დაინტერესებული პირები სამინისტროს წარუდგენენ განაცხადს, რომელსაც უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები: ა) ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თითოეულ ხაზისთვის 100.000 ლარის ოდენობით; ბ) წინადადება, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის გადახდის თაობაზე, თითოეული ხაზისთვის სულ მცირე 50.000 ლარის ოდენობით (აღნიშნული წინადადება მოთავსებული უნდა იქნეს ცალკე კონვერტში და დალუქული განმცხადებლის მიერ;); გ) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. დაინტერსებული პირების მიერ შესაბამის განაცხადთა სამინისტროში წარდგენის ვადაა 2018 წლის 31 იანვრიდან 2018 წლის 22 თებერვლამდე (18.00 სთ). 3. შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება იწყება და მთავრდება ამ დებულებით დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. განაცხადის შემოსვლის თარიღი განისაზღვრება სამინისტროში რეგისტრაციის თარიღით. 4. დაინტერესებულ პირს შეიძლება უარი ეთქვას შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე, თუ არ აკმაყოფილებს ან დარღვეულია ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნები. 5. საქართველოს შესაბამის რეგიონების მიხედვით ასამოქმედებელი ინსპექტირების ცენტრების რაოდენობა, გეოგრაფიული განაწილება და სხვა მასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, რომელიც ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. მუხლი 4. არსებული ცენტრების მიერ აკრედიტაციის მოპოვება 1. არსებული ცენტრების მიერ აკრედიტაციის მისაღებად, ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თითოეულ ხაზისთვის 100.000 ლარის ოდენობით. 2. არსებული ცენტრების მიერ ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 2018 წლის 25 იანვრისა (18.00 სთ). 3. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. განაცხადის შემოსვლის თარიღი განისაზღვრება სამინისტროში რეგისტრაციის თარიღით. 4. არსებული ცენტრების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული პირობების შესრულება წარმოადგენს სამინისტროსთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს. 5. ამ დებულებით განსაზღვრული შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შესახებ არსებულ ცენტრს ეცნობება და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტი წარედგინება განაცხადების წარმოდგენისთვის დადგენილი ვადიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. 6. არსებულ ცენტრებზე, ამ მუხლის გარდა, ასევე ვრცელდება ამ დებულების მე-5 მუხლით (უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ნაწილში) და მე-7-მე-10 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 5. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და ხელშეკრულების ხელმოწერის საფასური 1. ამ დებულებით გათვალისწინებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. 2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა უზრუნველყოფს: ა) შერჩევის პროცესში გამარჯვებული პირის/არსებული ცენტრის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას, აკრედიტაციის მიღების მიზნით ინსპექტირების ცენტრის შექმნას/მოწყობასა და შესაბამისი აკრედიტაციის მიღებას, მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი პირობების შესაბამისად; და ბ) დაინტერესებული პირების შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის გადახდას ამ დებულებით განსაზღვრულ ვადაში. 3. არსებული ცენტრებისათვის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ძალაშია ინსპექტირების ცენტრის მიერ აკრედიტაციის მიღებამდე, ხოლო დაინტერესებული პირების შემთხვევაში, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის სრულად გადახდამდე და აკრედიტაციის მიღებამდე. 4. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია შერჩევის პროცესში გამარჯვებულ პირს/არსებულ ცენტრს უბრუნდება მხოლოდ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში აკრედიტაციის მიღებისა და დაინტერესებული პირების შემთხვევაში, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის სრულად გადახდის შემდეგ; უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ბრუნდება შესაბამისი ვალდებულებების სრულად შესრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 5. ხელშეკრულების ხელმოწერის საფასური დაინტერესებული პირის მიერ გადახდილი უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, სამინისტროს მიერ მითითებულ ანგარიშზე. გადახდილი საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. მუხლი 6. შერჩევის პროცესის ჩატარების წესი და გამარჯვებულის გამოვლენა 1. სამინისტროში დაინტერესებულ პირთა მიერ შეტანილ განაცხადებს განიხილავს სამინისტროს მიერ შექმნილი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია). 2. შერჩევის პროცესში გამარჯვებულად ცხადდება დაინტერესებული პირ(ებ)ი, რომლის მიერ შემოტანილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ პირობებს და კრიტერიუმებს და სამინისტროს შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით ხელშეკრულების ხელმოწერის მაღალ საფასურს. 3. განაცხადთა წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის დასრულების შემდგომ, კომისიის მიერ იხსნება შემოსული წინადადებები, დგინდება ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობა და დადგენილ პირობებთან შესაბამისობა. თუ მონაწილის წინადადებები არ პასუხობს ამ დებულებით განსაზღვრულ პირობებს, იგი არ დაიშვება შერჩევის პროცესში და აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება შესაბამისი კომისიის ოქმში. 4. ფინანსური წინადადება (ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის შესახებ) შესაძლებელია გაიხსნას საჯაროდ, დაინტერესებულ პირთა წარმომადგენელთა თანდასწრებით, მათი სურვილის შესაბამისად. 5. კომისია იხილავს მონაწილეთა წინადადებებს, მათი დასწრების გარეშე, რის შედეგადაც იღებს გადაწყვეტილებას. 6. სამინისტრო გადაწყვეტილებას საუკეთესო წინადადებ(ებ)ის გამოვლენის შესახებ აცხადებს, როგორც წესი, კონვერტის გახსნიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. 7. შერჩევის პროცესი ითვლება არშემდგარად, თუ: ა) განაცხადების გამოქვეყნებიდან დადგენილ ვადაში არ იქნა შეტანილი არცერთი განაცხადი; ბ) წარმოდგენილი განაცხადებიდან არცერთი არ შეესაბამება შერჩევის პროცესის მოთხოვნებს. 8. მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას შერჩევის პროცესის არშემდგარად გამოცხადების შესახებ. 9. თუ რამდენიმე დაინტერესებული პირის მიერ შემოთავაზებული წინადადება საფასურის და სხვა პირობების შესახებ აკმაყოფილებს შერჩევის პროცესის პირობებს, კომისია უფლებამოსილია რიგითობის მიხედვით დაადგინოს რამდენიმე საუკეთესო წინადადება. 10. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი განაცხადით, შემოთავაზებული იქნა თანაბარი ყველაზე მაღალი საფასური, კომისია, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია ამ განაცხადების წარმომდგენ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის კრიტერიუმის ნაწილში გაუმჯობესებული წინადადებების წარმოდგენის მიზნით. 11. დადგენილ ვადაში წარმოდგენილი გაუმჯობესებული წინადადებებიდან კომისია გამარჯვებულ(ებ)ს ავლენს ამ დებულებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმის მიხედვით. 12. ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის კრიტერიუმის შესაბამისად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს, რომელთანაც გაფორმდება ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობის თაობაზე ხელშეკრულება. 14. სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება ყველა მონაწილეს. შერჩევის პროცესის გამარჯვებულ(ებ)ს კი ეგზავნება შეტყობინება ხელშეკრულების გასაფორმებლად. 15. შესარჩევ პროცესში გამარჯვებული პირ(ებ)ის გარდა სხვა პირებს სამინისტრო უბრუნებს მათ მიერ წარმოდგენილ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიებს. მუხლი 7. გარიგებათა გაფორმების წესი 1. სამინისტრო, ამ დებულებით დადგენილი წესით, გამარჯვებულ პირ(ებ)თან/არსებულ ცენტრებთან აფორმებს ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობის თაობაზე ხელშეკრულებას 2. გამარჯვებულ პირთან დასადებ ხელშეკრულების პროექტს სამინისტრო წარუდგენს გამარჯვებულ პირს/არსებულ ცენტრს, რომელიც ამავე ხელშეკრულებით აიღებს ვალდებულებას უზრუნველყოს აკრედიტაციის მიღების მიზნით ინსპექტირების ცენტრის შექმნა/მოწყობა (ან/და არსებული ცენტრის გაფართოება) მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. 3. შესარჩევი პროცესის შედეგების დამტკიცების შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში “გამარჯვებული” მონაწილე ვალდებულია სამინისტროსთან გააფორმოს ხელშეკრულება. 4. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულ პირთან არ მოხდა ხელშეკრულების დადება, სამინისტრო უფლებამოსილია ხელშეკრულება დადოს შესარჩევ პროცესში სხვა მონაწილეებს შორის მომდევნო საუკეთესო განაცხადის წარმომდგენ პირთან. 5. სამინისტროს და შესარჩევ პროცესში გამარჯვებულს/არსებულ ცენტრებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეიტანება მათ შორის შემდეგი მონაცემები: ა) ცნობები მხარეების შესახებ; ბ) შესარჩევი პროცესის პირობებიდან გამომდინარე გამარჯვებული პირის/არსებული ცენტრის ვალდებულებები ინსპექტირების ცენტრის შექმნა-მოწყობასთან დაკავშირებით (ან/და არსებულის გაფართოების შესახებ). გ) გამარჯვებული პირის/არსებული ცენტრის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირგასამტეხლოს დაკისრების წესი და სხვა სამართლებრივი შედეგები; დ) სხვა მონაცემები გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით. მუხლი 8. გამარჯვებული პირის პასუხისმგებლობა 1. ამ დებულებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში პირი იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ჯარიმდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით. 2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად სამინისტროს მიერ. მუხლი 9. სამინისტროს განცხადებები 1. სამინისტრო იტოვებს უფლებას: ა) უარი თქვას აღნიშნული დებულებით დადგენილ პროცესზე ან ნებისმიერ დროს ნებისმიერი ცვლილება შეიტანოს ამ დებულებაში, მათ შორის შესარჩევი პროცესის პირობებში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ამავე დებულებაში ცვლილების შეტანის გზით და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებით; ბ) პირთა მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით საკითხის დაზუსტების მიზნით, მოითხოვოს შესაბამისი განმარტება/დაზუსტება ან დამატებითი დოკუმენტაცია; გ) დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომლის განაცხადი ან დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ან ნებისმიერი სხვა მიზეზით; დ) არ მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას ამ პროცესის შედეგად, ან განაგრძოს კანდიდატების შერჩევა, ან გაუგზავნოს კანდიდატებს მოთხოვნა წინადადებების წარდგენის თაობაზე. 2. სამინისტრო არ არის ვალდებული აუნაზღაუროს ამ დებულებით განსაზღვრულ პროცესში მონაწილე ან სხვა პირს ამ დებულებით განსაზღვრულ პროცესთან დაკავშირებით ამ დებულების ამოქმედებამდე ან მას შემდეგ გაწეული რაიმე სახის ხარჯი. მუხლი 10. სადავო საკითხები ამ დებულებიდან გამომდინარე სადავო საკითხებს განიხილავენ საქართველოს საერთო სასამართლოები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები