დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტებით ვაჭრობისა და იმპორტისას საზოგადოებრივ და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 595 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.020305 |
|
სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტებით ვაჭრობისა და იმპორტისას საზოგადოებრივ და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტებით ვაჭრობისა და იმპორტისას საზოგადოებრივ და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წესი. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
|
სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებელი პროდუქტებით ვაჭრობისა და იმპორტისას საზოგადოებრივ და ცხოველთა ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული წესი თავი I ზოგადი დებულებები |
მუხლი 1
1. სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებელი პროდუქტებით ვაჭრობისა და იმპორტისას საზოგადოებრივ და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წესი (შემდგომში − წესი) ადგენს სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტებით ვაჭრობისას და იმპორტისას ცხოველთა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მოთხოვნებს. 2. ამ წესის გამოყენებისას ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებულ პროდუქტებთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 3. ეს წესი ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით გათვალისწინებულ ბიზნესოპერატორზე. მუხლი 2 1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სავაჭრო ნიმუში – მფლობელის ან საწარმოზე პასუხისმგებელი პირის მიერ აღებული არაკომერციული ღირებულების რეპრეზენტატიული ნიმუში, რომელიც წარმოადგენს საწარმოს მიერ წარმოებულ ცხოველური წარმოშობის პროდუქტს ან იმ ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ნიმუშს, რომლის წარმოება დაგეგმილია და რომლის შესაბამისადაც, შემდგომი კვლევის მიზნით, მოხდება პროდუქტის ტიპზე, შემადგენლობასა და იმ ცხოველთა სახეობაზე მითითება, რომლისგანაც მიღებულია; ბ) საშიში გადამდები დაავადება − დანართით − „შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებები“ განსაზღვრული დაავადებები; გ) პათოგენური აგენტი – ნებისმიერი ორგანიზმების ნაკრები ან კულტურა ან დერივატი, რომელიც არსებობს იზოლირებულად ან ამ ორგანიზმების ნაკრების ან კულტურის მანიპულირებადი კომბინაციის სახით, რომელთაც აქვთ უნარი, გამოიწვიონ დაავადება ნებისმიერ ცოცხალ არსებაში (გარდა ადამიანისა) და ამ ორგანიზმების ნებისმიერი მოდიფიცირებული დერივატი, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს ან გადასცეს ცხოველური პათოგენი, ქსოვილი, უჯრედული კულტურა, გამონაყოფი ან ექსკრემენტები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება მოხდეს ცხოველური პათოგენის გადატანა ან გადაცემა. ეს განსაზღვრება არ მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებულ იმუნოლოგიურ ვეტერინარულ პრეპარატებს; დ) ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი გადამუშავებული ცხოველური ცილა – ხიწიწი, ძვალ-ხორცის ფქვილი, ღორის კანის ფხვნილი; ე) სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტები − ცხოველური წარმოშობის, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებითა და მე-4 თავით განსაზღვრული პროდუქტები, მათ შორის, ამ პროდუქტიდან აღებული სავაჭრო ნიმუშები; ვ) ავტორიზაცია − სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა, რომლის ასლიც ხელმისაწვდომია შემდგომი შემოწმებისთვის. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 3 1. სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტებით ვაჭრობისა და იმპორტის შეზღუდვა ან აკრძალვა დასაშვებია ცხოველთა ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზეზით, მხოლოდ ამ წესით ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, განსაკუთრებით, ნებისმიერი დამცავი ზომების განხორციელებისას. 2. ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის ნებისმიერი ახალი პროდუქტი, რომლის განთავსება ბაზარზე ავტორიზებულია, არ შეიძლება დაექვემდებაროს ვაჭრობას ან იმპორტს, თუკი ამ პროდუქტების გადაადგილებამ შეიძლება გამოიწვიოს საშიში გადამდები დაავადებების გავრცელების რეალური რისკი არა მარტო იმ სახეობებისთვის, რომელთაგანაც ეს პროდუქტია წარმოებული, არამედ იმ სახეობებისთვისაც, რომლებსაც შეუძლიათ გადაიტანონ დაავადება, გახდნენ დაავადების კერა ან შეუქმნან რისკი ადამიანის ჯანმრთელობას, სანამ ჩატარებული შეფასების შემდეგ და, საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებელი ორგანოს თვალსაზრისის გათვალისწინებით, არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. 3. ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების შესრულებამდე, დაუშვებელია ვაჭრობა და იმპორტი: ა) ხორცის ექსტრაქტის; ბ) გადამდნარი ცხოველური ცხიმის − ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხიმი, მიღებული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ხორციდან, მათ შორის, ძვლებიდან; გ) ხიწიწის − ცხიმის გადადნობის შედეგად წყლისა და ცხიმის ნაწილობრივი განცალკევების შემდეგ მიღებული ცილის შემცველი ნაშთი; დ) ხორცის ფხვნილის, ღორის კანის ფხვნილის, დამარილებული ან გამშრალი სისხლის, დამარილებული ან გამშრალი სისხლის პლაზმის; ე) გასუფთავებული, დამარილებული ან გამომშრალი ან/და გაცხელებული კუჭის, შარდის ბუშტისა და ნაწლავების. თავი II მოთხოვნები ვაჭრობის შესახებ მუხლი 4. სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტები შეიძლება დაექვემდებაროს ვაჭრობას, თუ: ა) აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლისა და მე-4 თავით განსაზღვრულ ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს; ბ) წარმოშობილია საწარმოდან, რომელიც: ბ.ა) ამ წესის მე-4 თავით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს, რომ ამ საწარმოში: ბ.ა.ა) დამზადებული პროდუქტები აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ წარმოების სპეციალურ მოთხოვნებს; ბ.ა.ბ) გამოყენებული ტექნოლოგიური პროცესების საფუძველზე დამზადებული პროდუქტებისათვის ადგენს და ნერგავს მონიტორინგისა და კრიტიკული წერტილების შემოწმების მეთოდებს; ბ.ა.გ) დამზადებული პროდუქტის შესაბამისად, ამ წესით განსაზღვრულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის შემოწმების მიზნით, იღებს ნიმუშებს აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევისათვის; ბ.ა.დ) დამზადებული პროდუქტებისთვის აწარმოებს ჩანაწერებს სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის (შემდგომში − სააგენტო) წარსადგენად, წერილობით ან სხვაგვარად იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულია ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. სხვადასხვა შემოწმებებისა და გამოკვლევების შედეგები ინახება, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში; ბ.ა.ე) დამზადებულ პროდუქტებზე გამოიყენება ნიშანდება და ეტიკეტირება; ბ.ა.ვ) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგებს ან სხვა ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რომელიც ავლენს ცხოველთა ჯამრთელობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეებს, ატყობინებს სააგენტოს; ბ.ა.ზ) სავაჭრო მიზნით აგზავნის მხოლოდ იმ წარმოებულ პროდუქტებს, რომელთაც თან ახლავს კომერციული დოკუმენტები, რომელშიც, თავის მხრივ, აღნიშნულია პროდუქტის ბუნება/სახე, დასახელება და, საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებელი საწარმოს აღიარების ნომერი; ბ.ბ) იმყოფება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, ბიზნესოპერატორის ან მისი წარმომადგენლის მიერ, ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ბ.გ) რეგისტრირებულია და აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს. მუხლი 5 1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ვაჭრობის მიზნით ამ წესის მე-4 თავით განსაზღვრული ცხოველური წარმოშობის პროდუქტი არ გაიგზავნოს ნებისმიერი შეზღუდვის ზონაში მდებარე სადგომიდან იმ დაავადების გამოვლენის გამო, რომლის მიმართაც ის სახეობები, რომლისგანაც მოხდა პროდუქტის წარმოება, არიან ამთვისებლები ან ნებისმიერი საწარმოდან ან ზონიდან, საიდანაც გადაადგილება ან ვაჭრობა შეიძლება წარმოადგენდეს რისკს ცხოველთა ჯანმრთელობის სტატუსისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროდუქტი დაქვემდებარებულია თერმულ (თბურ) დამუშავებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გაუთვალისწინებლად, სააგენტოს შეუძლია, დაუშვას კონკრეტული გარანტიების საფუძველზე ზოგიერთი პროდუქტის გადაადგილება იმ პირობით, რომ დაცული იქნება უსაფრთხოების ზომები. მუხლი 6 1. საქართველოში სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტების სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საშიში დაავადების აფეთქების შემთხვევაში, ამ წესის მე-4 თავით განსაზღვრული მოთხოვნები გამოყენებული უნდა იყოს სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტებისთვის. 3. სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტების მიმწოდებელი საწარმოები (ბიზნესოპერატორები) უზრუნველყოფენ მიკვლევადობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. თუ სააგენტოს აქვს ეჭვი, რომ არ სრულდება ამ წესით დადგენილი მოთხოვნები, მან უნდა გამოიყენოს სახელმწიფო კონტროლის ის მექანიზმ(ებ)ი, რომელსაც ის მიიჩნევს საჭიროდ. თავი III იმპორტთან დაკავშირებული მოთხოვნები მუხლი 7. სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს, სულ მცირე, ამ წესის მე-2 თავითა და ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები. მუხლი 8 1. სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან ერთად აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებსაც: ა) წარმოშობილია ქვეყანაში ან ქვეყნის იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრულია სააგენტოს მიერ და შეტანილია სიაში, თუ ამ წესის მე-4 თავში სხვაგვარად არ არის განსაზღვრული; ბ) პროდუქტი წარმოებულია იმ საწარმოში, რომელიც ფუნქციონირებს კომპეტენტური ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ და სააგენტოს მიერ შეტანილია სიაში, თუ ამ წესის მე-4 თავით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული; გ) თან ახლავს ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას და პროდუქტი წარმოებულია იმ საწარმოში, რომელიც უზრუნველყოფს ასეთ გარანტიებს და ხელმოწერილია სახელმწიფო ვეტერინარის ან, საჭიროების შემთხვევაში, სხვა უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ. 2. ზოგიერთი ეგზოტიკური ან ადამიანებისათვის გადამდები დაავადებებისგან ქვეყნის დასაცავად დაცულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან აღნიშნული პირობების ეკვივალენტი მოთხოვნები. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს იმ საშიში გადამდები დაავადებების ან ადამიანებისათვის გადამდები დაავადებების გავრცელების რეალური რისკი, რომელიც შეიძლება გამოწვეულ იქნეს პროდუქტის გადაადგილებისგან არა მარტო იმ სახეობებში, რომელთაგანაც წარმოშობილია ეს პროდუქტი, არამედ იმ სხვა სახეობებშიც, რომელთაც შეუძლიათ დაავადების გადატანა ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის შექმნა. 4. სააგენტომ უნდა განახორციელოს ადგილზე ინსპექტირება, რათა დაადასტუროს, შეიძლება თუ არა, რომ პროდუქტის წარმოებისა და მათი ბაზარზე განთავსების შესახებ სხვა ქვეყნის მიერ გაცემული გარანტიები ჩაითვალოს საქართველოში მოქმედის ეკვივალენტად. მუხლი 9. ამ წესით განსაზღვრული პროდუქტების სასაზღვრო ვეტერინარული კონტროლი ტარდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 10 1. სააგენტოს შეუძლია, გასცეს ნებართვა ამ წესის მე-4 თავით განსაზღვრული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების სავაჭრო ნიმუშის სახით იმპორტზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვა თან უნდა ახლდეს ტვირთს და შეიცავდეს კონკრეტულ პირობებზე დეტალურ ინფორმაციას, რომლის შესაბამისადაც უნდა მოხდეს ტვირთის იმპორტი, მათ შორის, ამ წესის მე-9 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის გათვალისწინებით. თავი IV ცხოველთა ჯანმრთელობის სპეციალური მოთხოვნები მუხლი 11 1. ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველთა ნაწლავებით ვაჭრობისათვის წარდგენილ უნდა იქნეს დოკუმენტი, რომლშიც მითითებული იქნება მწარმოებელი (წარმოშობის) საწარმო, რომელიც თავის მხრივ: ა) თუ ნაწლავების წარმოშობის ადგილას ახორციელებს ნაწლავების დამარილებას და გამოშრობას და თუ დამარილებული და გამომშრალი ნაწლავები შემდგომში ექვემდებარება ჰენდლინგს სხვა მიზნით − აღიარებულია სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, უნდა იყოს აღიარებული სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და იმ პირობით, რომ ნაწლავების ტრანსპორტირება ხორციელდება ისე, რომ თავიდან იქნება აცილებული დაბინძურება. 2. ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველების ნაწლავების იმპორტი ნებისმიერი ქვეყნიდან ექვემდებარება ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული და ხელმოწერილი, ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატის წარდგენას, რომელიც ადგენს, რომ: ა) ნაწლავები წარმოებულია ექპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ აღიარებულ საამქროში; ბ) ნაწლავები გაწმენდილია, გაფხეკილია და შემდგომში ან დამარილებულია ან გათეთრებულია (ან დამარილებისა და გათეთრების ალტერნატივის სახით, გაფხეკვის შემდეგ გამომშრალი); გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამუშავების შემდეგ ეფექტიანი ნაბიჯები იქნა გადადგმული ნაწლავების ხელახალი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. მუხლი 12 1. ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ძვლითა და ძვლის პროდუქტით (ძვლის ფქვილის გარდა), რქითა და რქის პროდუქტით (რქის ფქვილის გარდა) და ჩლიქითა და ჩლიქის პროდუქტით (ჩლიქის ფქვილის გარდა) ვაჭრობა ექვემდებარება „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებისა და „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებით განსაზღვრულ ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებს. 2. ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ძვლისა და ძვლის პროდუქტის (ძვლის ფქვილის გარდა), რქისა და რქის პროდუქტის (რქის ფქვილის გარდა) და ჩლიქისა და ჩლიქის პროდუქტის (ჩლიქის ფქვილის გარდა) იმპორტი ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მუხლი 13 1. მსხვილფეხა საქონლის ღრუბლისებრ ენცეფალოპათიასთან (მსღე) დაკავშირებით დადგენილი ნებისმიერი შეზღუდვის ან მცოხნავი ცხოველებისთვის საკვებად მცოხნავი ცხოველების ცილით გამოკვების შესახებ შეზღუდვების გათვალისწინებით, ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი გადამუშავებული ცხოველური ცილით: ა) ვაჭრობისთვის საჭიროა დოკუმენტის ან ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის წარდგენა, რომლითაც დასტურდება ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება; ბ) იმპორტისთვის, ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროა წარმოშობის ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ხელმოწერილი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის წარდგენა, რომლითაც დასტურდება, რომ: ბ.ა) პროდუქტი აკმაყოფილებს „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებისა და „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებით დადგენილ მოთხოვნებს; ბ.ბ) დამუშავების შემდეგ მიღებულ იქნა უსაფრთხოების ყველა ზომა დამუშავებული პროდუქტის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად; ბ.გ) აღებულ და შემოწმებულ იქნა ნიმუშები სალმონელაზე იმ დროს, როდესაც ტვირთმა წარმოშობის ქვეყანა დატოვა; ბ.დ) ამ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოწმებების შედეგები უარყოფითია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის დოკუმენტური შემოწმების შემდგომ, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტზე სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ უნდა მოხდეს ნიმუშის აღება, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით: ა) ნაყარი სახით მიღებული ტვირთის თითოეული პარტიიდან; ბ) მწარმოებელ საწარმოში შეფუთული ტვირთის პარტიიდან − შემთხვევითი შერჩევით. 3. გადამუშავებული ცხოველური ცილის ტვირთის ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად უნდა დადასტურდეს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღებული ნიმუშების გამოკვლევის შედეგები უარყოფითია, საჭიროების შემთხვევაში, ხელახალი გადამუშავების შემდეგაც. 4. სსიპ − შემოსავლების სამსახურს შეუძლია ჩაატაროს სხვა ქვეყნიდან წარმოშობილი იმ ნაყარი ტვირთის შემთხვევით შერჩევით შემოწმება, რომლისთვისაც ბოლო ექვსი თანმიმდევრული შემოწმების შედეგები უარყოფითი იყო. თუ ერთ-ერთი ასეთი შემოწმებისას შედეგი დადებითია, სსიპ − შემოსავლების სამსახურმა უნდა აცნობოს ამის შესახებ სააგენტოს, სააგენტომ კი თავის მხრივ − წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, შესაბამისი ზომების მისაღებად. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წყაროდან კვლავ დადებითი შედეგის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს დამატებითი შემოწმებები იმავე წყაროს ყველა ტვირთზე, ვიდრე არ იქნება დაკმაყოფილებული ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. 6. სსიპ − შემოსავლების სამსახურმა უნდა აწარმოოს ნიმუშის აღების შედეგების ჩანაწერები იმ ტვირთზე, საიდანაც აღებულ იქნა ნიმუში. 7. თუ დადასტურდება, რომ ტვირთი დადებითია სალმონელაზე, ხდება მისი ან: ა) რეექსპორტირება ქვეყნიდან; ბ) გამოყენება ცხოველთა საკვების სახით გამოყენებისგან განსხვავებული მიზნით. ამ შემთხვევაში, ტვირთს შეუძლია დატოვოს სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი ან საწყობი-დეპო მხოლოდ იმ პირობით, რომ არ მოხდება ცხოველის საკვებში მისი შერევა (შეტანა); გ) ხელახლა გადამუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ ცწადპ-ის დამამუშავებელ საამქროში ან ნებისმიერ დეკონტამინაციისათვის აღიარებულ საამქროში. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტიდან ან საბაჟო საწყობიდან გადაადგილებაზე ავტორიზაცია გაიცემა სააგენტოს მიერ და ტვირთი არ უნდა იქნეს გატანილი, სანამ ის არ დამუშავდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ არ შემოწმდება სალმონელაზე და არ იქნება მიღებული უარყოფითი შედეგი. მუხლი 14 1. ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ჩლიქოსნებისა და ფრინველის ახალი სისხლით (გარდა ცხენის შრატისა) ვაჭრობა ექვემდებარება ცხოველთა ჯანმრთელობის პირობებს, გამოყენებულს ახალი ხორცით ვაჭრობისას „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილების შესაბამისად (თუ ჩლიქოსნებისა და ფრინველის ახალი ხორცი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილების მოთხოვნებს, მაშინ დასაშვებია მათგან მიღებული ახალი სისხლით ვაჭრობა). 2. ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი სისხლის პროდუქტებით ვაჭრობა ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა ჯანმრთელობის პირობებს. 3. ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი შინაურ ჩლიქოსანთა ახალი სისხლის იმპორტი აკრძალულია. 4. ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი შინაური ფრინველის ახალი სისხლის იმპორტი ექვემდებარება „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებით განსაზღვრულ ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებს. 5. ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი მოშინაურებული გარეული ცხოველის ახალი სისხლის იმპორტი ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებს. 6. ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი სისხლის პროდუქტების იმპორტი ექვემდებარება ცხოველთა ჯანმრთელობის იმ პირობებს, რომლებიც ვრცელდება ხორცის პროდუქტების მიმართ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის შესაბამისად, ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრულ სისხლზე დაფუძნებული გადამუშავებული ცხოველური ცილის შესახებ არსებული წესების გათვალისწინებით. მუხლი 15 1. სააგენტომ სხვა ქვეყნებიდან ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ღორის ქონისა და გადამდნარი ცხიმის იმპორტის ნებართვა უნდა გასცეს, თუ ქვეყანა შეტანილია სიაში და დაშვებულია აღნიშნული ცხოველის ახალი ხორცის იმპორტი. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ქვეყანაში იმპორტამდე უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ადგილი ჰქონდა საშიში გადამდები დაავადებების აფეთქებას, ღორის ქონისა და გადამდნარი ცხიმის თითოეულ ტვირთს თან უნდა ახლდეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება, რომ: ა) ღორის ქონი და გადამდნარი ცხიმი დაექვემდებარა ქვემოთ ჩამოთვლილი თერმული (თბური) დამუშავების მეთოდებიდან ერთ-ერთს: ა.ა) არანაკლებ 70°C ტემპერატურაზე დამუშავებას არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში; ა.ბ) არანაკლებ 90°C ტემპერატურაზე დამუშავებას არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში; ა.გ) არანაკლებ 80°C ტემპერატურაზე დამუშავებას უწყვეტი დნობით; ბ) გადამდნარი ღორის ქონი დაფასოვდა ახალ კონტეინერებში და უსაფრთხოების ყველა წინასწარი ზომა მიღებულ იქნა მათი ხელახალი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად; გ) პროდუქტის ნაყარი სახით ტრანსპორტირებისას მილები, ტუმბოები, ცისტერნები და ნებისმიერი სხვა რეზერვუარი ან საავტომობილო ცისტერნა, რომელიც გამოყენებულ იქნა პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან პირდაპირ გემზე, სანაპირო რეზერვუარებში ან პირდაპირ საწარმოში ტრანსპორტირებისათვის შემოწმებულ და მიჩნეულ იქნა გამოყენებისთვის ვარგისად. მუხლი 16. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი კურდღლის ხორცისა და მოშენებული გარეული ცხოველის ხორცის იმპორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) ის წარმოებულია სხვა ქვეყნებში, რომლებიც სააგენტოს მიერ შეტანილია: ა.ა) მოშენებული საბეწვე გარეული ცხოველის შემთხვევაში − იმ ქვეყნების სიაში, რომელთაგანაც შესაძლებელია შესაბამისი სახეობის ახალი ხორცის იმპორტი; ა.ბ) მოშენებული საბუმბულე გარეული ფრინველის შემთხვევაში − იმ ქვეყნების სიაში, რომელთაგან შესაძლებელია შესაბამისი სახეობის ფრინველის ხორცის იმპორტი; ა.გ) კურდღლის ხორცის შემთხვევაში − სიაში; ბ) სულ მცირე, აკმაყოფილებენ, დაკვლისშემდგომ შემოწმებასა და ჯანმრთელობის ნიშანდებასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) წარმოებულია საწარმოში, რომელიც იძლევა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ გარანტიებს, შეტანილია სიაში და აღიარებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ; დ) ხორცის თითოეულ პარტიას თან ახლავს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი. დანართი შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებები 1. ხმელეთის ცხოველების დაავადებები − სია 1: ა) ცხენის აფრიკული ცხელება; ბ) ღორის აფრიკული ცხელება; გ) ჯილეხი; დ) ფრინველის გრიპი (მაღალპათოგენური გრიპი ფრინველში, ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველსა და გარეულ ფრინველსა და დაბალპათოგენური გრიპი ფრინველსა და ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველში); ე) ბლუთანგი (ლურჯი ენა); ვ) მსხვილფეხა საქონლის ღრუბლისებრი ენცეფალოპათია; ზ) ღორის კლასიკური ცხელება; თ) მსხვილფეხა საქონლის კონტაგიოზური პლევროპმევმონია; ი) დაგრილების დაავადება; კ) ცხენის შემდეგი სახის ენცეფალომიელიტები: კ.ა) ცხენის აღმოსავლური ენცეფალომიელიტი; კ.ბ) იაპონური ენცეფალიტი; კ.გ) ცხენის ვენესუელური ენცეფალომიელიტი; ლ) დასავლეთ ნილოსის ცხელება; მ) ცხენის დასავლეთის ენცეფალომიელიტი; ნ) ცხენის ინფექციური ანემია; ო) თურქული; პ) ქოთაო; ჟ) ნოდულარული დერმატიტი; რ) ნიუკასლის დაავადება; ს) წვრილფეხა საქონლის ჭირი; ტ) ცოფი; უ) რიფტ-ველის ცხელება; ფ) მსხვილფეხა საქონლის ჭირი; ქ) ცხვრისა და თხის ყვავილი; ღ) ფუტკრის ნაყარის მცირე ხოჭოს არსებობა (Aethina tumida); ყ) ღორის ვეზიკულარული დაავადება; შ) Tropilaelaps ტკიპის არსებობა; ჩ) ვეზიკულარული სტომატიტი. 2. ხმელეთის ცხოველების დაავადებები − სია 2: ა) მსხვილფეხა საქონლის ბრუცელოზი; ბ) მსხვილფეხა საქონლის ტუბერკულოზი; გ) მსხვილფეხა საქონლის ენზოოტური ლეიკოზი; დ) თხისა და ცხვრის ბრუცელოზი (გარდაBrucella ovis-ისა). 3. აკვაკულტურის ცხოველების დაავადებები: ა) სისხლმბადი ქსოვილის ეპიზოოტიური ნეკროზი; ბ) სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზი; გ) ორაგულის ინფექციური ანემია; დ) Perkinsus marinus-ით დაინფიცირება; ე) Mikrocytos mackini-ით დაინფიცირება; ვ) Marteilia refringens-ით დაინფიცირება; ზ) Bonamia ostreae-ით დაინფიცირება; თ) Bonamia exitiosa-ით დაინფიცირება; ი) კობრისებრთა ჰერპესის ვირუსის დაავადება; კ) ტაურას სინდრომი; ლ) ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემია; მ) თეთრი ლაქიანობა; ნ) ყვითელი თავის დაავადება. |
დოკუმენტის კომენტარები