შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41/23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 22/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016510
41/23
01/03/2017
ვებგვერდი, 28/12/2017
480610000.03.030.016510
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ


საქართველოს მთავრობა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მოხსენიებული როგორც “ხელშემკვრელი მხარეები“,

არიან რა “საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ 1944  წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში შესრულებული  კონვენციის მონაწილენი,

აქვთ რა სურვილი გააფორმონ შეთანხმება შესაბამის ტერიტორიებს შორის და მათ მიღმა საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით,

აქვთ რა სურვილი დაიცვან საერთაშორისო ავიატრანსპორტზე ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფის მოთხოვნები, შეთანხმდნენ შემდეგზე: 


მუხლი 1

განსაზღვრებანი

თუ კონტექსტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა)   „საავიაციო ხელისუფლება“ საქართველოსთან მიმართებაში   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან/და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ბელარუსის რესპუბლიკასთან მიმართებაში ბელარუსის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო,  ან, ორივე შემთხვევაში, ნებისმიერი პირი ან ორგანო, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს აღნიშნული ხელისუფლების კომპეტენციაში ამჟამად შემავალი ნებისმიერი ფუნქცია;

ბ)  „შეთანხმებული ხაზები“ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა წინამდებარე შეთანხმების დანართში აღნიშნული მარშრუტებით განცალკევებით ან/და ერთობლივად  მგზავრების, ბარგის, ტვირთის და ფოსტის გადაყვანა-გადასაზიდად;

გ)  „შეთანხმება“ წინამდებარე შეთანხმება, მისი დანართი და მათში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება;

დ) „კონვენცია“  1944  წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი კონვენცია “საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“, რომელიც მოიცავს ამ კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად მიღებულ ნებისმიერ დანართს და ნებისმიერ შესწორებას, მიღებულს ამ კონვენციის 90-ე და 94-ე მუხლების თანახმად იმდენად, რამდენადაც ეს დანართი და შესწორება მიღებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ;

ე)  „დანიშნული ავიასაწარმო“ ავიასაწარმო, რომელიც არის დანიშნული და უფლებამოსილებით აღჭურვილი წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის თანახმად;

ვ) „ტარიფები“ მგზავრების, ბარგის და ტვირთის გადაყვანა-გადაზიდვის საფასური და ის პირობები, რომლის შესაბამისადაც ეს ღირებულება მოქმედებს, სააგენტოსა და სხვა დამატებითი მომსახურებისათვის ანაზღაურების და პირობების ჩათვლით, მაგრამ ფოსტის გადაზიდვის ანაზღაურებისა და მისი პირობების გამოკლებით;

ზ) „საჰაერო მიმოსვლას“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას“, “ავიასაწარმოს“ და “გაჩერებას არაკომერციული მიზნით“ წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის აქვს კონვენციის 96-ე მუხლით მინიჭებული მნიშვნელობები;

თ) „ტერიტორია“ სახელმწიფოს მნიშვნელობით შეესაბამება კონვენციის მე-2 მუხლში აღნიშნულ მნიშვნელობას.

მუხლი 2

უფლებათა მინიჭება

1.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით, მეორე ხელშემკვრელ მხარეს ანიჭებს შემდეგ უფლებას:

ა)   განახორციელოს გადაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე დაჯდომის გარეშე;

ბ)   განახორციელოს აღნიშნულ  ტერიტორიაზე დაჯდომა არაკომერციული მიზნით;

გ) დანართით განსაზღვრული მარშრუტების ექსპლუატაციისას განახორციელოს დაჯდომა აღნიშნულ  ტერიტორიაზე, მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის, ერთობლივად ან/და განცალკევებით ბორტზე აყვანა/ჩატვირთვის ან ბორტიდან გადმოყვანა/გადმოტვირთვის მიზნით.

2.  წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტი არც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ანიჭებს უფლებას მეორე ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე ქირით ან გასამრჯელოს საფასურად ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი ან ფოსტა მეორე ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით.

მუხლი 3

პირდაპირი ტრანზიტული მიმოსვლა

ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პირდაპირი ტრანზიტით გადაყვანილ-გადაზიდული მგზავრები, ბარგი და ტვირთი, რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტის ამ მიზნისათვის  გამოყოფილ სპეციალურ ზონას, არ გაივლიან კონტროლს, გარდა იმ შემთხვევისა, რაც განპირობებულია საავიაციო უსაფრთხოების ზომებით, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების გადატანის კონტროლის სათანადო ზომებით, ან სხვა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ბარგი და ტვირთი, რომელთა გადაზიდვა ხორციელდება პირდაპირი ტრანზიტით, თავისუფლდება გადასახადებისგან, საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან.

მუხლი 4

ავიასაწარმოების დანიშვნა

1.  შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს დანიშნოს ავიასაწარმო (ავიასაწარმოები), ასევე გააუქმოს ან შეცვალოს ეს დანიშვნები, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის ცვლილებების შესახებ წერილობითი შეტყობინების შემდეგ.

2. დანიშვნის შესახებ ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ, აგრეთვე დანიშნული ავიასაწარმოს იმ განაცხადის მიღებისას, რომელიც წარმოდგენილია ფრენის შესრულების ნებართვის მიღებისათვის დადგენილი ფორმით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე მინიმალური პროცედურული შეფერხებით გასცემს ფრენის განხორციელების შესაბამის ნებართვას იმის პირობით, რომ:

ა) ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ახორციელებს აღნიშნულ ავიასაწარმოზე ეფექტურ კონტროლს და ინარჩუნებს უპირატესი ფლობის უფლებას;

ბ)   ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ასრულებს მე-8 და მე-9 მუხლების მოთხოვნებს;

გ) დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს შეასრულოს სხვა პირობები, რაც გათვალისწინებულია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო ხაზების ექსპლუატაციისას დანიშვნის შესახებ შეტყობინების მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ.

მუხლი 5

ფრენების შესრულების ნებართვის გაუქმება,

მოქმედების შეზღუდვა და შეჩერება

1.  თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს გააუქმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს  ფრენის შესრულებაზე გაცემული ნებართვა ან დროებით შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებების გამოყენება, ან მოსთხოვოს მას ისეთი პირობების შესრულება, რაც საჭიროა ამ უფლებებით სარგებლობისას იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ეს ხელშემკვრელი მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ამ ავიასაწარმოს ფლობის უპირატესი უფლება და/ან მის საქმიანობაზე ეფექტურ კონტროლს არ ეკუთვნის იმ ხელშემკვრელ მხარეს ან მისი სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომელმაც დანიშნა ეს ავიასაწარმო;

ბ) ასეთი ავიასაწარმო არ იცავს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, რომელიც ანიჭებს ასეთ უფლებებს;

გ) ასეთი ავიასაწარმო  სხვაგვარად  არ იცავს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს და უსაფრთხოების სტანდარტებს.

2.  თუ წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაუყოვნებლივი გაუქმება, დროებით შეჩერება ან წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირობების შესრულების მოთხოვნა არ წარმოადგენს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დარღვევის შემდგომ პრევენციას, ასეთი უფლების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციების გამართვის შემდეგ წინამდებარე შეთანხმების მე-16 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 6

კანონმდებლობის გამოყენება

1. საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციაში დაკავებული საჰაერო ხომალდის ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, ამ ტერიტორიაზე ყოფნის და ამ ტერიტორიიდან გასვლის, ან ასეთი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის მარეგულირებელი ერთი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა და პროცედურები გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოების მიმართ პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას, ამ ტერიტორიის ფარგლებში ყოფნის დროს და ამ ტერიტორიიდან გაგზავნისას.

2.  ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მის  ტერიტორიაზე დაშვებას, საბაჟო გაფორმებას, აგრეთვე სატრანზიტო, საიმიგრაციო, საპასპორტო, საბაჟო და სანიტარიული წესები, გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოების და მათი ეკიპაჟების, მგზავრების, ტვირთის და ფოსტის მიმართ პირველი ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე სატრანზიტო რეისების განხორციელებისას, ამ ტერიტორიაზე ჩაფრენისას, მასზე ყოფნისას ან ამ ტერიტორიიდან გამოფრენისას.

3.  ვერცერთი ხელშემკვრელი მხარე ვერ მიანიჭებს უპირატესობას საკუთარ ან სხვა ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან მიმართებაში წინამდებარე მუხლში აღნიშნული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გამოყენებისას.

მუხლი 7

მოწმობების, სერტიფიკატებისა და ლიცენზიების აღიარება

1.   ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში გაცემული ან ვარგისად აღიარებული და ძალაში მყოფი საფრენად ვარგისობის მოწმობები,   კვალიფიკაციის სერტიფიკატები და მოწმობები მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ვარგისად იქნება აღიარებული დანართით გათვალისწინებულ მარშრუტებზე ფრენების განხორციელების მიზნით იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი მოწმობების ან  სერტიფიკატებისგაცემისა და ვარგისად ჩათვლის მოთხოვნები შეესაბამება კონვენციის  შესაბამისად დაწესებულ სტანდარტებს.

2.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უარის თქმის უფლებას აღიაროს მისი  ტერიტორიაზე გადაფრენის ან ამ ტერიტორიაზე დაშვების მიზნით გამოსაყენებელი მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მის მოქალაქეზე გაცემული საფრენად ვარგისობის სერტიფიკატები, კვალიფიკაციის მოწმობები და დამადასტურებელი დოკუმენტები.

მუხლი 8

უსაფრთხოება

1.   თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაციები მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებულ სტანდარტებზე ეკიპაჟის, საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებასთან ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში.

2.   თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად ერთი ხელშემკვრელი მხარე გამოავლენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ეფექტურად არ იცავს და იყენებს უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც დადგენილია ამ დროსათვის კონვენციის მიერ, მაშინ იგი ატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს საკუთარი დასკვნებისა და იმ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც აუცილებელია მინიმალური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, და მეორე ხელშემკვრელი მხარე ატარებს სათანადო გამოსასწორებელ ღონისძიებებს. თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს თხუთმეტი დღის ან შეთანხმებული უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ეს შეიძლება გახდეს წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლის გამოყენების საფუძველი.

3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ ფრენების შესრულების  ნებართვის მოქმედება იმ შემთხვევაში, თუ პირველი ხელშემკვრელი მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივი ზომების გატარების აუცილებლობის შესახებ ავიახაზების ექსპლუატაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

4.  ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი ქმედება, რომელიც მითითებულია წინამდებარე მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტებში,  წყდება , როგორც კი აღარ იარსებებს ამ ქმედების ჩადენის საფუძველი.

მუხლი 9

საავიაციო უშიშროება

1.       ვითვალისწინებთ რა იმ ფაქტს, რომ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების, მათი მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს საერთაშორისო საჰერო მიმოსვლის ექსპლუატაციის ფუნდამენტალურ პირობას,  ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ, რომ მათ მიერ აღებული ურთიერთვალდებულება უზრუნველყონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვა უკანონო ხელყოფის აქტისაგან, კერძოდ კი, წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს მათი ვალდებულებები, რომლებიც გათვალისწინებულია კონვენციით; ქ. ტოკიოში 1963 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი ,,საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ” კონვენციით; 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი ,,საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კონვენციით; 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი ,,სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ” კონვენციით; 1988 წლის 23 თებერვალს ქ. მონრეალში მიღებული ოქმით ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ’’, რომელიც წარმოადგენს 1971 წლის 23 სექტემბრის კონვენციის დამატებას, 1988 წლის 24 თებერვლის ოქმი „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტები ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის თაობაზე, რომელიც ემატება 1971 წლის 23 სექტემბრის მონრეალში მიღებულ კონვენციას „სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტების შესახებ“, 1991 წლის 1 მარტს ქ. მონრეალში მიღებული კონვენცია „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით,“ ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის უშიშროებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი შეთანხმებით, რომელზედაც ორივე ხელშემკვრელი მხარე მიერთებულია.

2.  ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ამგვარი უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერი სხვა მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.

3. ხელშემკვრელი მხარეები, ორმხრივი ურთიერთობებისას, იმოქმედებენ საავიაციო უშიშროების სტანდარტების შესაბამისად და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი და კონვენციის დანართად წოდებული რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ხელშემკვრელი მხარეებისთვის აღნიშნული მისაღებია. ხელშემკვრელი მხარეები მოსთხოვენ მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ ტერიტორიაზე, მათ ტერეიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, რომ მათ იმოქმედონ საავიაციო უშიშროების აღნიშნულ დებულებათა შესაბამისად. ამ პუნქტში საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებულ სტანდარტზე მითითება ითვალისწინებს ნებისმიერ განსხვავებას, რომელიც აღნიშნულია დაინტერესებული ხელშემკვრელი მხარის მიერ. თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინასწარ აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს, რომ ის გეგმავს აღნიშნოს ასეთი განსხვავება.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე ეფექტური ღონისძიების გატარებას, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი, შეამოწმოს მგზავრები და ხელბარგი, ჩაატაროს ეკიპაჟის, ტვირთის (მათ შორის, საბარგულში მოთავსებული ბარგის) და საჰაერო ხომალდის მარაგის შესაბამისი შემოწმება ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვისას. ასეთი ზომები მიიღება მუქარის გაზრდის თავიდან ასაცილებლად. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ მის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს შეიძლება ჩაუტარდეს წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საავიაციო უშიშროების დებულებების შესრულების შემოწმება, რომლებიც აუცილებელია ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე შესასვლელად, სახელმწიფო ტერიტორიის დასატოვებლად ან  ტერიტორიაზე ყოფნისათვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დადებითად შეხვდება მეორე ხელშემკვრელი მხარის თხოვნას უშიშროების გონივრულ, სპეციალურ ღონისძიებათა გატარების თაობაზე კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.

5.  სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან ასეთი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტების ან საჰაერო ნავიგაციის საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების დროს, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციების უზრუნველყოფის მეშვეობით და სხვა შესაბამისი ღონისძიებების მიღებით, რომლებიც მიმართული იქნება ამ ინციდენტის ან მუქარის სწრაფად და უსაფრთხოდ აღკვეთისაკენ.

6.  თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე   არ ასრულებს ამ მუხლის საავიაციო უშიშროების დებულებებს, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოითხოვოს დაუყოვნებლივი კონსულტაციები ამ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან. ასეთი მოთხოვნის მომენტიდან ოცდაათი დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა გახდება ამ ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ ფრენების შესრულების ნებართვაზე უარის, გაუქმების ან შეზღუდვის საფუძველი. უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევებში ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გაატაროს დროებითი ღონისძიებები ოცდაათდღიანი ვადის გასვლამდე.

მუხლი 10

გადასახადები, საბაჟო გადასახდელები და მოსაკრებლები

1.  ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებულ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდები, აგრეთვე, მათი კომპლექტური აღჭურვილობა, სათადარიგო ნაწილები,   საწვავისა   და   საპოხი   მასალის   მარაგები, საჰაერო   ხომალდზე   არსებული   მარაგები   (მათ შორის, საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო) არ იბეგრება გადასახადებით, საბაჟო გადასახდელებით, საინსპექციო და სხვა მოსაკრებლებით მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩამოსვლისას იმ პირობით, რომ ეს აღჭურვილობა, სათადარიგო ნაწილები, მასალა და მარაგები დარჩება საჰაერო ხომალდში, სანამ არ მოხდება მათი უკან გატანა.“

2.  აგრეთვე, არ ექვემდებარება გადასახადების, საბაჟო გადასახდელების, საინსპექციო და სხვა მოსაკრებლების ამოღებას, გარდა გაწეული მომსახურებისა და შენახვისა:

ა) ბორტის მარაგები, რომლებიც შეტანილია საჰაერო ხომალდის ბორტზე ერთი ხელშემკვრელი მხარის  სახელმწიფოს ტერიტორიაზე და განკუთვნილია ამ საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოსაყენებლად, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებულ ხაზებზე;

ბ)   სათადარიგო ნაწილები, რომლებიც შემოტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებულ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის მომსახურებისთვის ან რემონტისთვის;

გ)   საწვავი და საპოხი მასალა, რომელიც გამოიყენება ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას, თუ აღნიშნული ბორტის მარაგები გამოიყენება მარშრუტის ნაწილზე მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც ისინი ატანილია ბორტზე.

დ) აუცილებელი დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ, მათ შორის, ავიაბილეთები, სატვირთო ავიაზედდებულები,  ნებისმიერი ბეჭდური მასალა, რომლებზეც წარმოდგენილია დანიშნული ავიასაწარმოს დაბეჭდილი ემბლემა, აგრეთვე ჩვეულებრივი სარეკლამო მასალა, რომლებსაც უფასოდ ავრცელებს ეს დანიშნული ავიასაწარმო, შემოტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.

გაწეული მომსახურების და შენახვის მოსაკრებლების გადახდა განხორციელდება ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.  გათავისუფლება, ასევე, გავრცელდება პერსონალის უნიფორმაზე, კომპიუტერულ მოწყობილობებზე, რომელიც გამოიყენება ავიაბილეთების დაჯავშნისა და გაყიდვის მიზნით იმ პირობით, თუ ეს საგნები სხვა ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შემოტანილი იქნება დროებით და გატანილი იქნება 1 წლის განმავლობაში“.

4. შეიძლება განსაზღვრულ იქნეს პირობა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მასალების, მარაგების, სათადარიგო ნაწილების და დოკუმენტების საბაჟო ორგანოების კონტროლის ქვეშ შენახვის შესახებ.

5. კომპლექტური საბორტო მოწყობილობა, ისევე როგორც მასალა, მარაგი და სათადარიგო ნაწილები, რომელიც ინახება ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებულ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ბორტზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ტერიტორიის საბაჟო ხელისუფლებების თანხმობით. ამ შემთხვევაში, ისინი შესაძლოა მოექცნენ აღნიშნულ ხელისუფლებების კონტროლის ქვეშ იმ დრომდე, სანამ არ მოხდება მათი გატანა ან სხვაგვარად განკარგვა ამ საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

6.  წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დაბეგვრისგან გათავისუფლება ასევე გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო დებს შეთანმებას სხვა ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპლექსური საბორტო მოწყობილობის ან სხვა საგნების მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო  ტერიტორიაზე სესხების ან ტრანსფერტის მიზნით იმ პირობით, რომ ამ ხელშემკვრელ მხარესთან სხვა ავიასაწარმო სარგებლობს დაბეგვრისგან გათავისუფლების იგივე პირობებით.

მუხლი 11

შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მარეგულირებელი პრინციპები

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ორმხრივ საფუძველზე, ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს, აძლევს თავისუფალი კონკურენციის შესაძლებლობას სახელშეკრულებო ხაზების ექსპლუატაციას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მარშრუტით შესაბამის სახელმწიფო ტერიტორიებს შორის.

2. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ, თავისი სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში, უნდა გაატაროს სათანადო ზომები ყველა სახის დისკრიმინაციული და არაკონკურენტუნარიანი მეთოდების არდაშვების მიზნით წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებების განსახორციელებლად.

3. ნებისმიერი მომსახურების განხორციელებისას (სამგზავრო, სატვირთო ან კომბინირებულად) ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტიპზე/ტიპებზე არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები.

4. შეთანხმებულ ხაზებზე სიხშირეები  განსაზღვრული იქნება ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

5. ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ კონვენციის მე-15 მუხლის დებულებებით.

მუხლი 12

ტარიფები

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე  უფლებას ანიჭებს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები ბაზარზე არსებული კომერციული მოსაზრებიდან გამომდინარე.

2. საავიაციო ხელისუფლებებს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვონ დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ტარიფების წარდგენა მის ტერიტორიაზე ან მისი ტერიტორიიდან რეისების შესრულებისას, წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჩარევის აუცილებლობის არ არსებობის განსაზღვრის მიზნით. ასეთი წარდგენა შეიძლება მოეთხოვოს დანიშნულ ავიასაწარმოებს მათი შემოღების სავარაუდო თარიღამდე არანაკლებ 30 დღით ადრე. გამონაკლის შემთხვევებში ნებადართულია მათი წარდგენის მოთხოვნა დადგენილზე უფრო მცირე ვადაში.

3. ვერცერთი ხელშემკვრელი მხარე ვერ განახორციელებს ცალმხრივ ქმედებებს, რომლებიც ხელს შეუშლის თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ გადასახდელი ან გადასახდელად დაგეგმილი  ტარიფების შემოღებას ან მოქმედების გაგრძელებას, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

4. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლია ნებისმიერ დროს განახორციელოს ჩარევა და მიმართული იქნება შემდეგზე: 

ა) არ დაუშვას ტარიფების დაწესება, რომლებიც ქმნის ანტიკონკურენტულ ურთიერთობებს და იწვევს ან შეიძება გამოიწვიოს მოტყუება ან მარშრუტიდან კონკურენტის ჩამოშორება;

ბ) მომხმარებლის დაცვა არაგონივრულად მაღალი ან არაგონივრულად შეზღუდული ტარიფებისაგან, რომლებიც გამოწვეულია მისი დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებით;

გ) დანიშნული ავიასაწარმოების დაცვა იმ ტარიფებისაგან, რომლებიც ხელოვნურადაა დაწეული.

5.  თუ ხელშემკვრელ მხარეს მიაჩნია, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთავაზებული ტარიფი საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებისთვის, შეიძლება იწვევდეს წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ჩარევას, ის მოითხოვს კონსულტაციებს და დაუყოვნებლივ შეატყობინებს მეორე ხელშეკვრელ მხარეს თავისი უთანხმოების მიზეზებს. ასეთი  სახის კონსულტაციები უნდა გაიმართოს შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღეში, ხოლო ხელშემკვრელი მხარეები დაიცავენ იმ ინფორმაციის კონფიდენციალობას, რომელიც აუცილებელია ამ საკითხის მოსაგვარებლად. თუ ხელშემკვრელ მხარეებს შორის მიღწეულ იქნება შეთანხმება  იმ ტარიფთან დაკავშირებით, რომელზეც გაგზავნილია შეტყობინება უთანხმოების შესახებ, ორივე ხელშემკვრელი მხარე მიმართავს ყველა ზომას ამ ტარიფის ასამოქმედებლად. თუ შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, ძალაში რჩება ადრე მოქმედი ტარიფი.

მუხლი 13

განრიგის დამტკიცება

1.   მომსახურების დაწყებამდე, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას თხუთმეტი (15) დღით ადრე წინასწარ წარუდგენენ დასამტკიცებლად მომსახურების განრიგს.

2.   განრიგში მითითებული რეისების გარდა, დამატებითი რეისების შესრულების შემთხვევაში  დანიშნული ავიასაწარმო უნდა მიიღოს წინასწარი ნებართვა შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებისაგან.

მუხლი 14

ავიასაწარმოების წარმომადგენლობა

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შეიყვანოს და ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენლები, აგრეთვე ადმინისტრაციული, საექსპლუატაციო და ტექნიკური პერსონალი, რომელიც საჭიროა შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის  უზრუნველსაყოფად.

2. ასეთი პერსონალის დაქირავების აუცილებლობა ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს (ავიასაწარმოების) გადაწყვეტილებით შეიძლება იყოს დაკმაყოფილებული მისი საკუთარი პერსონალით ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის, კომპანიის ან ავიასაწარმოს მომსახურების მეშვეობით, რომლებიც მოქმედებს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე და უფლება აქვს შეასრულოს ასეთი მომსახურება მოცემული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე.

3.  წარმომადგენლები და დამხმარე პერსონალი ექვემდებარება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედ კანონმდებლობას. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და მინიმალური შეფერხებით გასცეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ წარმომადგენლებზე და დამხმარე პერსონალზე აუცილებელი სამუშაო ნებართვა, ქვეყანაში შესვლის ვიზა ან სხვა მსგავსი დოკუმენტები.

მუხლი 15

ავიაგადაზიდვების გაყიდვა და შემოსავლები

1.  თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს ენიჭება უფლება, მოახდინოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების გაყიდვა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე უშუალოდ ან მის მიერ დანიშნული აგენტების მეშვეობით. თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს მოახდინოს გადაყვანა-გადაზიდვების გაყიდვა, ხოლო ნებისმიერი პირი თავისუფალია ასეთი გადაყვანა-გადაზიდვის შეძენის არჩევანში ამ ქვეყნის ვალუტაში ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლებას თავისუფლად გადარიცხოს მის სახელწიფო ტერიტორიაზე დანიშნული ავიასაწარმოების მიერ მიღებული დანახარჯებისგან თავისუფალი შემოსავალი. ამგვარი გადარიცხვა ხორციელდება ოფიციალური გაცვლითი კურსის საფუძველზე მიმდინარე  გადასახდელები ან, თუ არ არსებობს ოფიციალური გაცვლითი კურსები, იმ კურსით, რომელიც პრევალირებს უცხოური ვალუტის გაცვლის ბაზარზე მიმდინარე გადასახადებისთვის, რომელიც მოქმედებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ გადარიცხვის მოთხოვნის წარმოდგენის დღისთვის, და არ იბეგრება ნებისმიერი ტიპის მოსაკრებელით, გარდა ასეთი ტრანზაქციებისთვის ბანკის მიერ დაწესებული მოსაკრებელისა.

3. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ არ დაბეგრონ რაიმე სახის გადასახადით შემოსავლების ან ამონაგების თანხა, მიღებული საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვებისას საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციით, რომელსაც ახორციელებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო.

მუხლი 16

კოდის ერთობლივი გამოყენება

1.  დადგენილი მარშრუტების მიხედვით შეთანხმებულ ხაზებზე საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას ან მასში მონაწილეობის მიღებისას ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს, მიუხედავად იმისა, ოპერირებს ის თუ მარკეტინგს ახორციელებს,  სხვა ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოსთან,  მისი სახელმწიფოს კანონმდებლობის დაცვის შემთხვევაში, შეუძლია გააფორმონ კორპორატიული მარკეტინგული შეთანხმებები, მათ შორის, ბლოკ-ადგილების ან კოდის ერთობლივ გამოყენებაზე შეთანხმებები, ერთობლივი საწარმოები:

ა) თავისი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან;

ბ) სხვა ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან;

გ) მესამე ქვეყნის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან იმ პირობით, თუ ყოველი ქვეყანა უშვებს დართულია ასეთი სახის შეთანხმებებს სხვა  ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან ხაზებზე ამ ქვეყანაში (ამ ქვეყნიდან ან მისი გავლით).

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებების განხორციელება შესაძლებელია, თუ:

ა) ყველა ავიასაწარმოს, რომელიც მონაწილეობას იღებს ასეთ შეთანხმებებში,  გააჩნია შესაბამისი კომერციული უფლება და (ან) ნებართვა ფრენის შესრულებაზე დადგენული მარშრუტებზე და მის ნაწილზე და პასუხობს დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) ყოველი ბილეთის გაყიდვისას ავიასაწარმო მომხმარებელს უთითებს გაყიდვის პუნქტში კონკრეტულად, რომელი ავიაკომპანია და რომელ სექტორზე ახორციელებს გადაყვანას და რომელ ავიაკომპანიასთან მომხმარებელი შედის სახელშეკრულებო ურთიერთობებში.

3. ტევადობა, რომელიც შემოთავაზებულია დანიშნული ავიასაწარმოსთვის მარკეტინგული ავიასაწარმოს სახით იმ ხაზებზე, რომელიც სხვა ავიაკომპანიების მიერ იქნება ექსპლუატირებული, არ უნდა ითვლებოდეს იმ ტევადობიდან, რომელიც შემოთავაზებულია იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც დანიშნავს მარკეტინგულ ავიაკომპანიას.

მუხლი 17

სტატისტიკა

თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების  მოთხოვნისამებრ მიაწვდის ისეთ პერიოდულ და სხვა სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გონივრულ ფარგლებში შეთანხმებულ ხაზებზე მიწოდებული ტევადობის შესაფასებლად.

მუხლი 18

კონსულტაციები

1.  მჭიდრო თანამშრომლობის თვალსაზრისით ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებები პერიოდულად გამართავენ კონსულტაციებს წინამდებარე შეთანხმების და დანართის დებულებების შესრულებისა და დამაკმაყოფილებელი დაცვის უზრუნველსაყოფად, და აუცილებლობის შემთხვევაში, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ჩაატაროს კონსულტაცია მასში ცვლილებების შეტანის მიზნით.

2.   თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების ჩატარება, რომელიც დაიწყება ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში, თუ ორივე ხელშემკვრელი მხარე არ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ პერიოდის გაგრძელების ან შემცირების შესახებ.

მუხლი 19

დავების მოგვარება

1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ შეძლებენ დავის მოგვარებას მოლაპარაკების გზით, დავის გადასაწყვეტად მათ შეუძლიათ მიმართონ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შედგება სამი არბიტრისგან.

3.  საარბიტრაჟო სასამართლო დაწესდება შემდეგი გზით. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს არბიტრს დიპლომატიური არხებით ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის საარბიტრაჟო მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში. ეს ორი არბიტრი შეთანხმებით ნიშნავს მესამე არბიტრს შემდგომი 60 დღის განმავლობაში.

მესამე არბიტრი უნდა იყოს მესამე ქვეყნის მოქალაქე, შეასრულოს საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტის მოვალეობები და განსაზღვროს სასამართლოს ჩატარების ადგილი.

თუ ორივე ხელშემკვრელი მხარე ვერ დანიშნავს არბიტრებს აღნიშნული დროის განმავლობაში ან მესამე არბიტრი არ არის დანიშნული განსაზღვრულ ვადაში, ორივე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს არბიტრის ან არბიტრების დანიშვნის მოთხოვნით.

4. საარბიტრაჟო სასამართლო განსაზღვრავს იურისდიქციის ფარგლებს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად და ადგენს საკუთარ პროცედურას.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა ხელშემკვრელი მხარეებისთვის.

თუ ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე არ ასრულებს ასეთ გადაწყვეტილებას, მეორე ხელშემკვრელ მხარეს აქვს ამ შეთანხმების მე-5 მუხლის გამოყენების საფუძველი.

6. საარბიტრაჟი სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯი თანაბრად იყოფა ხელშემკვრელ მხარეებს შორის.

მუხლი 20

ცვლილებების შეტანა

იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე გამოთქვამს სურვილს შეცვალოს ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულება, მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები მეორე ხელშემკვრელ მხარესთან.  ასეთი კონსულტაციები დაიწყება მოთხოვნის თარიღიდან 60 დღის განმავლობაში და შეიძლება ჩატარდეს ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის განხილვისა და მიმოწერის გზით. ამ გზით შეთანხმებული ნებისმიერი ცვლილება და დამატება ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესით და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. 

მუხლი 21

მრავალმხრივი კონვენცია

იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარეების მიერ მიღებული მრავალმხრივი კონვენცია შედის ძალაში, წინამდებარე შეთანხმება და მისი დანართი შეიცვლება იმგვარად, რომ იყოს შესაბამისობაში მრავალმხრივი კონვენციის დებულებებთან.

მუხლი 22

მოქმედების ვადის შეწყვეტის პროცედურები

თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია დიპლომატიური არხებით გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება მეორე ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული შეტყობინების ასლი იმავდროულად გაეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. შეთანხმების მოქმედება შეწყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღებიდან 12 თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არ განხორციელდა მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების უკან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, მაშინ იგი მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტყობინების მიღებიდან 14 დღის შემდეგ.

მუხლი 23

რეგისტრაცია

წინამდებარე შეთანხმება და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება უნდა დარეგისტრირდეს საერთშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც მოხდება  შეთანხმების ხელმოწერა.

მუხლი 24

ძალაში შესვლა

1.  წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა ხელშემკვრელი მხარეების მიერ აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ, რომლებიც დიპლომატიური არხებით შეატყობინებენ ერთმანეთს ამ პროცედურების დასრულების შესახებ.

2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ბოლო შეტყობინების მიღების დღიდან.

რის დასტურადაც ქვემორე ხელმომწერმა პირებმა, რომლებსაც მიენიჭათ სათანადო უფლებამოსილება საკუთარი სახელმწიფოების ხელისუფლებების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია ქ. მინსკში, 2017 წლის 1 მარტს, ორ ეგზემპლარად, ქართულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების და მისი დანართის დებულებების განსხვავებული განმარტების ან გამოყენების  შემთხევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის                 სახელით        

ხელმოწერილია

ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

ხელმოწერილია

 

  

დანართი

 

მარშრუტების ცხრილი

1.      ნაწილი 1.

მარშრუტები, რომელთა ექსპლუატაციას განახორციელებს ბელარუსის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმო:

 გამგზავრების პუნქტები 

შუალედური პუნქტები

დანიშნულების პუნქტები  

პუნქტები საზღვრებს გარეთ

ნებისმიერი პუნქტი ბელარუსში

 

ნებისმიერი პუნქტი საქართველოში

 

2.      ნაწილი 2.

მარშრუტები, რომელთა ექსპლუატაციას განახორციელებს საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო:

გამგზავრების პუნქტები 

შუალედური პუნქტები

დანიშნულების პუნქტები  

პუნქტები საზღვრებს გარეთ

ნებისმიერ პუნქტი საქართველოში

 

ნებისმიერი პუნქტი ბელარუსში

 

შენიშვნა:

1.  ნებისმიერი ან ყველა ფრენის შესრულებისას თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია გააუქმოს ნებისმიერ ზემოაღნიშნულ პუნქტში შესვლა იმის გათვალისწინებით, რომ ფრენა მოცემულ მარშრუტზე იწყება და სრულდება ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს უფლება განახორციელოს მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვა  მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ პუნქტებს შორის და მესამე ქვეყნების სახელმწიფო ტერიტორიაზე არსებულ პუნქტებს შორის უნდა იყოს შეთანხმებული ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორის.

3. შუალედური პუნქტები და საზღვრებს გარეთ არსებული პუნქტები იქნება განსაზღვრული ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებების შეთანხმებით.