„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 142
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320040.43.048.016018
142
22/12/2017
ვებგვერდი, 22/12/2017
010320040.43.048.016018
„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №142

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/04/2016, 010320040.43.048.016016) დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. სამსახურის მოსამსახურე

1. სამსახურის მოსამსახურე (შემდგომში – მოსამსახურე) არის პირი, რომელიც მსახურობს სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და მინიჭებული აქვს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს სამოქალაქო პირი, რომელიც ასევე სამსახურის მოსამსახურეა.

2. სამსახურის მოსამსახურეები ნაწილდებიან თანამდებობრივ იერარქიაში.

3. სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც განაწილებული არიან მოსამსახურის თანამდებობრივ იერარქიაში, არ ექვემდებარებიან პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების იერარქიულ რანგებში გადანაწილებას.“

ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურე – ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვადით. ვადა გამოითვლება ხელშეკრულებაში კალენდარული თარიღის მითითებით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამოცანის შესრულების პერიოდით.“

გ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 - 7 პუნქტები:

„3. ხელშეკრულების არსებითი პირობებია:

ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

ბ) შესასრულებელი სამუშაოს სახე;

გ) შრომის ანაზღაურების ოდენობა, მისი გადახდის წესი, თუ მათი ცვლილება გამოიწვევს მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებას;

დ) შვებულების ხანგძლივობა, მისი მიცემის წესი, თუ მათი ცვლილება გამოიწვევს მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებას;

4. სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობების პირობები, გარდა ხელშეკრულების არსებითი პირობებისა, განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, ასევე სხვა სამართლებრივი აქტებით.

5. მხოლოდ ხელშეკრულებით განისაზღვრება და იცვლება ხელშეკრულების არსებითი პირობები. სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე მიზნების გათვალისწინებით, ხელშეკრულებით შესაძლოა განისაზღვროს შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობების ასევე სხვა პირობები.

6. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით, განსაზღვროს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუმჯობესებენ მოსამსახურის შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობის პირობებს.

7. ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა, რომელიც განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებით, არ საჭიროებს მოსამსახურის თანხმობას (ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას).“;

დ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანამდებობაზე დანიშვნისას სამსახურის უფროსს შეუძლია მოსამსახურის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების, პირადი თვისებების, შესასრულებელი სამუშაოსთვის შესაბამისობის შემოწმების მიზნით, გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არაუმეტეს 12 თვისა. ამ ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო.“;

ე) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება (შემდგომში – ანაზღაურება) მოიცავს მოსამსახურის ხელფასს, აგრეთვე ფულად ჯილდოს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს და კომპენსაციებს.“;

ვ) XI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წოდებათა მინიჭება და თანამდებობრივი იერარქიის განსაზღვრა“

ზ) 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. პროფესიული საჯარო მოხელის კლასი არ მიენიჭება სამსახურის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს მოსამსახურის თანამდებობრივი  იერარქია და/ან სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება.“;

თ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 441 და 442 მუხლები:

441. მოსამსახურის თანამდებობრივი იერარქია

მოსამსახურის თითოეული თანამდებობა ნაწილდება შემდეგ თანამდებობრივ იერარქიაში:

ა) უმაღლესი იერარქიული თანამდებობა;

ბ) უფროსი იერარქიული თანამდებობა;

გ) საშუალო იერარქიული თანამდებობა;

დ) უმცროსი იერარქიული თანამდებობა.

442. მოსამსახურის თანამდებობრივ იერარქიაში გადანაწილება

1. უმაღლესი იერარქიული თანამდებობა:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;

გ) სამსახურის უფროსის მოადგილე;

დ) სამსახურის უფროსის მთავარი მრჩეველი.

2. უფროსი იერარქიული თანამდებობა:

ა) სამსახურის დირექტორატის უფროსი;

ბ) სამსახურის უფროსის მრჩეველი;

გ) ინსტრუქტორ-კონსულტანტი;

დ) სამსახურის დირექტორატის უფროსის მოადგილე;

ე) მთავარი სამმართველოს უფროსი;

ვ) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ზ) სამსახურის სამმართველოს უფროსი;

თ) სამსახურის ინსტრუქტორი;

ი) სამსახურის დაზვერვის ოფიცერი (შესაბამისი კატეგორიის მიხედვით);

კ) სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ლ) სამსახურის ექსპერტ-ანალიტიკოსი;

მ) სამსახურის განყოფილების უფროსი;

ნ) სამსახურის სპეციალისტი (შესაბამისი კატეგორიის მიხედვით).

3. საშუალო იერარქიული თანამდებობა:

ა) სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;

ბ) სამსახურის დაზვერვის ოფიცერი (კატეგორიის გარეშე);

გ) სამსახურის სპეციალისტი (კატეგორიის გარეშე);

დ) სამსახურის მთავარი ბუღალტერი.

4. უმცროსი იერარქიული თანამდებობა:

ა) სამსახურის დაცვის ოფიცერი;

ბ) სამსახურის ოპერატიული მორიგე;

გ) სამსახურის დაცვის თანამშრომელი;

დ) სამსახურის მძღოლი;

ე) სამსახურის დამხმარე მოსამსახურე.“

ი) XIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოსამსახურის შეფასება“

კ) 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 46. მოსამსახურის შეფასება

1. სამსახური, დისკრეციის საფუძველზე, უფლებამოსილია შეაფასოს სამსახურის მოსამსახურე. შეფასებას ასევე ექვემდებარება გამოსაცდელი ვადით დასაქმებული პირი.

2. შეფასებას არ ექვემდებარება უმაღლესი იერარქიული თანამდებობის მოსამსახურე, დირექტორატის უფროსი და სამსახურის უფროსის მრჩეველი.

3. მოსამსახურის შეფასებისათვის გამოიყენება ხუთსაფეხურიანი შეფასების სისტემა:

ა) უმაღლესი შეფასება – სამსახურის ფუნქციონალური მოვალეობის საუკეთესოდ შესრულება;

ბ) ძალიან კარგი შეფასება – სამსახურის ფუნქციონალური მოვალეობის ძალიან კარგად შესრულება;   

გ) კარგი შეფასება – სამსახურის ფუნქციონალური მოვალეობის კარგად შესრულება;

დ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – სამსახურის ფუნქციონალური მოვალეობის დამაკმაყოფილებლად შესრულება;

ე) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – სამსახურის ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა;

4. შეფასების საფეხური განისაზღვრება შეფასებასთან დაკავშირებული მონაცემების საფუძველზე.“.

 

2. ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსიდავით სუჯაშვილი