დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი საკითხის მომზადებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1197 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/12/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 47-48, 03/12/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი საკითხის მომზადებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე
საქართველოს პარლამენტი, მიიჩნევს რა 1997 წლის 16 დეკემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წერიგით გათვალისწინებულ საკითხებს არასაკმარისად მომზადებულად. აღნიშნავს, რომ ისინი საჭიროებს დეტალურ შესწავლასა და გაანალიზებას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების მდგომარეობის,სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონცეფციის“ მოთხოვნათა გათვალისწინებით, ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებსა და საამისოდ სპეციალურად შექმნილ სამუშაო ჯგუფებს დაევალოთ მოამზადონ და პარლამენტის ბიუროს ოთხი თვის ვადაში წარუდგინონ მოხსენებები შემდეგ საკითხებზე:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციათა (დსთ, ეუთო, გაერო) საქმიანობის ეფექტურობისა და ამ ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობისა და გააქტიურების შესახებ;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დაცვის მდგომარეობის თაობაზე;
გ) საქართველოს სამხედრო აღმშენებლობის პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
დ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვისა და საამისოდ გამოყოფილი სახსრების ეფექტურად გამოყენების, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ კონფლიქტის ზონების რეაბილიტაციისათვის მზადყოფნის თაობაზე.
2. საქართველოს პარლამენტის ბიურომ ერთი კვირის ვადაში შექმნას სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მათი პერსონალური შემადგენლობა, საკითხების მომზადების გრაფიკი და სათანადო დავალებები მისცეს შესაბამის კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებს.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
1997 წლის 16 დეკემბერი.
№1197–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები