შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1994/34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016507
1994/34
30/08/2017
ვებგვერდი, 06/12/2017
480610000.03.030.016507
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ

საქართველოს მთავრობა და თურქმენეთის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

ხელმძღვანელობენ რა მხარეთა სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობით,

მიისწრაფვიან რა გააადვილონ საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის განხორციელება მხარეთა სახელმწიფოთა შორის და მათ ტერიტორიებზე ტრანზიტით გავლისას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

გამოყენების სფერო

1. მხარეები შეთანხმდნენ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე და მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყონ საავტომობილო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობას, ორმხრივი და სატრანზიტო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანებისა და სატვირთო გადაზიდვების განვითარებას მხარეთა სახელმწიფოთა შორის და მათ სახელმწიფო ტერიტორიებზე ტრანზიტით გავლისას, ასევე მესამე ქვეყნებში ან მესამე ქვეყნებიდან და ამ მიზნებისათვის განსაზღვრონ აღნიშნული გადაზიდვების განხორციელების წესი.

2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაზიდვები ხორციელდება ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გზებზე, რომლებიც ღიაა საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისათვის.

3. წინამდებარე შეთანხმება არ ზემოქმედებს მხარეების უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც გამომდინარეობენ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომელთა მონაწილეებიც ისინი არიან.

მუხლი 2

განსაზღვრებები

წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტების მიზნით ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები ნიშნავს:

1. გადამზიდველი ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა ან ტვირთის გადაზიდვა.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალება“:

a) მგზავრთა გადაყვანისათვის ნებისმიერი მექანიკური ამძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც თავისი კონსტრუქციით და აღჭურვილობით გამოიყენება მძღოლის ჩათვლით არანაკლებ ცხრა ადამიანის გადასაყვანად და რომელიც რეგისტრირებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;

b) ტვირთების გადაზიდვისათვის ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მექანიკური ამძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილი ტვირთების გადაზიდვებისათვის, ავტომობილი საწევარის და მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის კომბინაციის ჩათვლით (მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის რეგისტრაციის ქვეყნის მიუხედავად).

3. „მისაბმელი“ სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ავტოსატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებისათვის.

4. ნახევარმისაბმელი მისაბმელი, რომელიც ავტომობილზე იმგვარად არის მიერთებული, რომ მისი ნაწილი ეყრდნობა ავტომობილს, მისი მასის და მასში მოთავსებული ტვირთის მასის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ავტოსატრანსპორტო  საშუალებაზე.

5. „კომპეტენტური ორგანოები“:

საქართველოს მხარისათვის – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტრო და/ან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ან საავტომობილო ტრანსპორტზე პასუხისმგებელი სხვა შესაბამისი  ორგანოები.

თურქმენეთის მხარისათვის – თურქმენეთის საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტრო.

მხარეები თავიანთი კომპეტენტური ორგანოების დასახელების ან ფუნქციების ცვლილების შემთხვევაში, დიპლომატიური არხებით დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს ამის შესახებ.

6. „ნებართვა“ განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, გაცემული გადამზიდველზე მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ, მისი სახელმწიფოს  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მის სახეობაზე დამოკიდებულებით იძლევა  უფლებას განახორციელოს ერთი სამგზავრო გადაყვანა ან სატვირთო გადაზიდვა პირდაპირი და უკუმიმართულებით ორმხრივ მიმოსვლაში, ტრანზიტად მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის გავლით ან მისი ტერიტორიიდან მესამე ქვეყნის მიმართულებით და პირიქით, ნებართვის მოქმედების ვადის პერიოდში ან  რეგულარული სამგზავრო გადაყვანები განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.

7. რეგისტრაცია სახელმწიფოების მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება.

8. რეგულარული სამგზავრო გადაყვანები გადაყვანები, რომლებიც ხორციელდება წინასწარ შეთანხმებული განრიგით, დამტკიცებული ტარიფებით და განსაზღვრულ მარშრუტზე დადგენილი გაჩერების პუნქტების მითითებით. რეგულარული სამგზავრო გადაყვანების განხორციელების პირობები განისაზღვრება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად.

9. არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა სამგზავრო გადაყვანა, რომლის განხორციელების პირობები განისაზღვრება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შემკვეთსა და გადამზიდველს შორის.

10. ტრანზიტი ტვირთის გადაზიდვა (დატვირთვის ან გადმოტვირთვის გარეშე) და მგზავრთა გადაყვანა (ჩასხდომისა და გადმოსხდომის გარეშე) ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული გადამზიდველის მიერ, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყანაში ან პირიქით.

11. კაბოტაჟი ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული გადაზიდვა/გადაყვანა გადამზიდველის მიერ, რომელიც რეგისტრირებულია მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

12. სახიფათო ტვირთი ტვირთი, რომელიც საერთაშორისო ნორმების შესაბამისად კლასიფიცირებულია, როგორც სახიფათო, მათ შორის ნივთიერება, მისი ნაკეთობები, მასალები, საწარმოო საქმიანობის ნარჩენები, რომლებმაც თავისი დამახასიათებელი თვისებების გამო გადაზიდვისას შეიძლება შექმნან საფრთხე ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მიაყენონ ზიანი გარემოს, გამოიწვიონ მატერიალური ფასეულობების დაზიანება ან განადგურება და რომლებიც არ დაიშვებიან გადაზიდვისათვის ან დაიშვებიან მხოლოდ საერთაშორისო ნორმებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

მუხლი 3

ვალდებულებები

1. მხარეთა სახელმწიფოების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს უნდა გააჩნდეთ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობები, რომლებსაც ისინი მართავენ.

2. ნებართვა და სხვა დოკუმენტები, რომლებიც მოითხოვება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, თან უნდა ჰქონდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს და მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინოს მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედ უფლებამოსილ ორგანოებს.  

3. მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, ხორციელდება მესამე პირების მიმართ მიყენებული ზარალისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პირობით.

4. სასაზღვრო, სატრანსპორტო, სანიტარულ-საკარანტინო, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლი და საბაჟო პროცედურების ჩატარება იმ პირების გადაყვანისას, რომლებსაც ესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, აგრეთვე ცხოველების და მალფუჭებადი ტვირთების გადაზიდვისას ხორციელდება ურიგოდ.

5. წინამდებარე შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ყოველი ცვლილების შესახებ, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე.

სამგზავრო გადაყვანები

მუხლი 4

მგზავრთა რეგულარული გადაყვანა

1. რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ხორციელდება ნებართვების საფუძველზე.

2. მგზავრთა რეგულარული გადაყვანისათვის, რომელიც ხორციელდება ერთი მხარის სახელმწიფო ტერიტორიის  გავლით (ტრანზიტი) მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საჭიროებს ნებართვას ან წერილობით თანხმობას, გაცემულს იმ მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ხორციელდება რეგულარული გადაყვანები, მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოს განაცხადის საფუძველზე.

3. ნებართვა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

a) გადაზიდვის სახეობას;

b) გადამზიდველის დასახელებას;

c) მარშრუტს გასვლის და დანიშნულების ადგილის და შუალედური გაჩერებების მითითებით;

d) ნებართვის მოქმედების ვადას.

4. ნებართვა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად გაიცემა განაცხადის საფუძველზე, რომელიც გადამზიდველის მიერ ეგზავნება მისი რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და შემდეგი საბუთების თანხლებით:

a) რეგულარული მარშრუტის სქემები;

b) ავტობუსის (ავტობუსების) რეგულარულ მარშრუტზე მოძრაობის განრიგი, სადაც მითითებული იქნება:

I) საწყისი, შუალედური და საბოლოო გაჩერების პუნქტები, ასევე ავტობუსის (ავტობუსების) მიმოსვლის მარშრუტზე სახელმწიფოების საზღვრებზე საავტომობილო გამშვები პუნქტები;

II) მხარეთა სახელმწიფოების საზღვრებზე საავტომობილო გამშვებ და გასაჩერებელ პუნქტებზე ავტობუსის (ავტობუსების) მოსვლის, გაჩერებისა და გასვლის დრო;

III) მანძილი პირდაპირი მიმართულებით რეგულარული მარშრუტის საწყის და საბოლოო პუნქტებს შორის; 

IV) გადამზიდველების მიერ განხორციელებული რეისების რეგულარობა და პერიოდულობა.

c) მგზავრების გადაყვანის ტარიფები გადამზიდველის რეგისტრაციის სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში.

5. ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ორგანო მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს უგზავნის სარეკომენდაციო წერილს, რომელშიც მოცემულია წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. თანხმობის შემთხვევაში მხარის კომპეტენტური ორგანო ერთი თვის ვადაში გასცემს ნებართვას მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთზე. უარის შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ორგანო მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს ერთი თვის ვადაში აცნობებს ამის შესახებ.

6. ნებართვა და თანმხლები დოკუმენტები უნდა იყოს ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელმაც ის გასცა.

7. დაზიანებული ავტობუსის შეცვლა სხვა ავტობუსით არ საჭიროებს ნებართვას.

8. რეგულარული სამგზავრო გადაყვანების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადამზიდველი თავისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოდან მიიღებს შესაბამის ნებართვას ყველა საჭირო თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად.

9. კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც გასცემს ნებართვას რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე, მისი გაუქმება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ გადამზიდველი არ ასრულებს მოთხოვნებს, რომელთა საფუძველზეც იქნა გაცემული ნებართვა, რის შესახებაც უნდა ეცნობოს მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს.

10. გადამზიდველზე გაცემული ნებართვის გადაცემა მესამე პირისთვის აკრძალულია.

11. მომსახურებაზე მოთხოვნის არარსებობის ან არასაკმარისი მოთხოვნის შემთხვევაში, გადამზიდველმა ნებართვის გაუქმების თაობაზე წერილობით უნდა აცნობოს თავისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, გადაზიდვების შეწყვეტამდე ერთი თვით ადრე.

12. გადაზიდვების განხორციელებაზე უარის განმცხადებელი გადამზიდველის რეგისტრაციის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ერთი თვის ვადაში წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს.

მუხლი 5

არარეგულარული გადაყვანები

1. ავტობუსებით მგზავრთა არარეგულარული გადაყვანის განსახორციელებლად ორივე სახელმწიფოს შორის ან ტრანზიტად მათი ტერიტორიების გავლით, იმ გადაყვანების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლით, თითოეულ არარეგულარულ გადაყვანაზე მოითხოვება ცალკეული ნებართვა, გაცემული მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ, რომელიც იძლევა პირდაპირი და უკუმიმართულებით ერთი რეისის განხორციელების უფლებას, თუ თვითონ ნებართვაში სხვა რამ არ არის დათქმული. მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან ათანხმებენ ნებართვების ფორმასა და მათი გაცემის წესს.

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ნებართვების გაცემაზე განაცხადები ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ წერილობითი სახით გადაეცემა მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს და უნდა შეიცავდნენ საწარმოს (ფირმის) დასახელებას და მისამართს, რომელიც ორგანიზებას უკეთებს გადაყვანას, მარშრუტს, გადაყვანის განხორციელების პერიოდს, ასევე ადგილების რაოდენობას ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მის სარეგისტრაციო ნომერს

მუხლი 6

გადაყვანების უნებართვო სისტემა

1. ავტობუსებით მგზავრთა არარეგულარულ გადაყვანებზე, მათ შორის ტრანზიტად, ნებართვები არ მოითხოვება იმ შემთხვევებში, როცა:

a) მგზავრთა ჯგუფის ერთი და იგივე შემადგენლობა მთელი მგზავრობის მიმდინარეობისას გადაიყვანება ერთი და იგივე  ავტობუსით, მგზავრობა იწყება და მთავრდება იმავე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც რეგისტრირებულია ავტობუსი ან მთავრდება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ მგზავრების პერსონალური შემადგენლობა არ იცვლება და ავტობუსი ბრუნდება ცარიელი იმ სახელმწიფოში, სადაც ის რეგისტრირებულია.

b) ავტობუსი იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან, სადაც ის რეგისტრირებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიემგზავრება ცარიელი და ავტობუსის რეგისტრაციის სახელმწიფოში ბრუნდება იმ მგზავრებით,  რომლებიც ადრე გადაყვანილი  იყვნენ ამავე გადამზიდველის მიერ.

c) ხორციელდება გაუმართავი  ავტობუსის შეცვლა სხვა ავტობუსით.

წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაყვანების შესრულებისას მძღოლს უნდა ჰქონდეს მგზავრობის ფორმულარი, რომელიც შეიცავს მგზავრობის ორგანიზატორის მიერ წინასწარ შედგენილ და დამოწმებულ მგზავრთა სიას.

სატვირთო გადაზიდვები

მუხლი 7

ნებართვები

1. ტვირთების გადაზიდვა ხელშემკვრელი მხარეების ორივე სახელმწიფოს ტერიტორიებს შორის ან ტრანზიტად მათი ტერიტორების გავლით, ასევე მესამე ქვეყნებში და პირიქით (ცარიელი გარბენების ჩათვლით), გარდა იმ გადაზიდვებისა, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების მე-8 მუხლით, ხორციელდება სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ნებართვების საფუძველზე, რომლებსაც გასცემენ ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები.

2. ტვირთების თითოეულ გადაზიდვაზე გაცემული უნდა იყოს ცალკეული ნებართვა, რომელიც იძლევა პირდაპირი და უკუმიმართულებით ერთი რეისის განხორციელების უფლებას, თუ თვითონ ნებართვაში სხვა რამ არ არის დათქმული.

3. ტვირთების გადაზიდვისათვის განკუთვნილი ნებართვები არ შეიძლება გადაცემული იქნეს სხვა პირზე, ის შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ გადამზიდველის მიერ, რომელზეც ის გაიცა.

4. გადაზიდვის დროს, რომელიც ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ნებართვა უნდა იმყოფებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მოთხოვნისას წარედგინოს კონტროლის განხორციელების უფლების მქონე ორგანოებს.

5. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ყოველწლიურად გადასცემენ ერთმანეთს ტვირთების გადაზიდვის ნებართვების ბლანკების ურთიერთშეთანხმებულ  რაოდენობას.  ამ ბლანკებს უნდა ჰქონდეს ნებართვის გამცემი კომპეტენტური ორგანოს ბეჭედი და ხელმოწერა.

6. მოცემული შეთანხმების წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მხარეები ყოველწლიურად, დამდეგი კალენდარული წლის დაწყებამდე, ანხორციელებენ ნებართვების შეთანხმებული რაოდენობის გაცვლას. 

მუხლი 8

უნებართვო გადაზიდვები

დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში ნებართვების გარეშე ხორციელდება შემდეგი გადაზიდვები:

a) მოძრავი ქონების, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე გადასახლებისას;

b) გარდაცვლილების ნეშტის და ფერფლის;

c) ნივთების, მოწყობილობების და მასალების, რომლებიც განკუთვნილია ბაზრობებისა და გამოფენებისათვის;

d) ტექნიკური საშუალებების, მოწყობილობების, ინსტრუმენტების, ცხოველების, ასევე სხვადასხვა ინვენტარის და ქონების, რომლებიც განკუთვნილია თეატრალური, კინოთეატრალური, სპორტული, მუსიკალური და საცირკო ღონისძიებებისათვის, ასევე კინოგადაღებისათვის, ხმოვანი და სატელევიზიო ჩაწერებისათვის;

e) სამედიცინო მოწყობილობების და საგნების, რომლებიც აუცილებელია გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად, კერძოდ სტიქიური უბედურების შემთხვევაში, ასევე ტვირთებისა ჰუმანიტარული დახმარების  ჩარჩოებში;

f) საფოსტო გზავნილების;

g) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა მთლიანი მასა მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის  ჩათვლით არ აღემატება 3,5 ტონას;

h) ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, რომლებიც გამიზნულია მწყობრიდან გამოსული ან ავარიის შედეგად დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაცვლელად, ასევე მათი ბუქსირების ან რემონტის მიზნით ტექნიკური დახმარების ავტომობილების გადაადგილება.

საერთო დებულებები

მუხლი 9

განსაკუთრებული პირობები

1. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული, სატვირთო გადაზიდვა უნდა შესრულდეს მხოლოდ იმ გადამზიდველის მიერ, რომელიც თავისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად დაშვებულია საერთაშორისო გადაზიდვების განსახორციელებლად.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლითაც ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვა, უნდა ჰქონდეთ თავისი სახელმწიფოს სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები. მისაბმელებს და ნახევარმისაბმელებს შეიძლება ჰქონდეთ სხვა სახელმწიფოს სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები იმ პირობით, რომ სატვირთო ავტომობილს ან ავტომობილ-საწევარს ექნება წინამდებარე შეთანხმების მხარეების სახელმწიფოების სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები.

მუხლი 10

დაზღვევა

წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გადაზიდვები ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პირობით, თუ ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია მხარის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით.

მუხლი 11

კაბოტაჟი

კაბოტაჟი აკრძალულია.

მუხლი 12

გადაზიდვები, რომლებიც მოითხოვს სპეციალურ ნებართვებს

1. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების წონა, გაბარიტები ან ღერძზე მოსული დატვირთვა ტვირთის გარეშე ან ტვირთით აღემატება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დადგენილ ნორმებს, გადამზიდველმა გადაზიდვის განხორციელებისათვის უნდა მიიღოს ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შესაბამისი სპეციალური ნებართვა (რეკომენდაცია).

2. სახიფათო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება გადაზიდვა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სპეციალური ნებართვის საფუძველზე, რომელსაც გასცემს ამ სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო.

3. თუ სპეციალური ნებართვა ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობას განსაზღვრულ მარშრუტზე, მაშინ გადაზიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ამ მარშრუტით.

4. სპეციალური ნებართვები არ გამორიცხავენ წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნებართვის მიღების აუცილებლობას.

მუხლი 13

სანქციები

1. მხარეთა სახელმწიფოების გადამზიდველები და მათი ეკიპაჟები ვალდებულნი არიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას დაიცვან მოვალეობანი, რომლებიც გამომდინარეობენ:

a) იმ საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომლის მონაწილეებიც არიან მათი სახელმწიფოები;

b) წინამდებარე შეთანხმებიდან;

c) იმ მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობიდან, რომლის ტერიტორიაზეც ისინი იმყოფებიან.

2. თუ გადამზიდველი, რომელიც დარეგისტრირებულია ერთი მხარის სახელმწიფოში, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას არღვევს იმ სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას ან წინამდებარე შეთანხმების დებულებებს, კომპეტენტურმა ორგანომ, რომლის სახელმწიფო ტერიტორიაზე მოხდა დარღვევა, უნდა აცნობოს მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც მიიღებს ამ მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს.

მხარეთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს მიღებული სანქციების შესახებ.

3. საკითხები, რომლებიც არ არიან დარეგულირებული წინამდებარე შეთანხმებით და ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილეებიც არიან ორივე მხარის სახელმწიფოები, გადაწყდება თითოეული მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.

მუხლი 14

შერეული კომისია

1. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა დანერგვისა და მის გამოყენებასთან დაკავშირებულ შესაძლო დავების აღმოფხვრის მიზნით მხარეთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ჩამოაყალიბონ შერეული კომისია.

2. შერეული კომისია იკრიბება ერთ-ერთი მხარის თხოვნით, მხარეების სახელმწიფოს ტერიტორიაზე მონაცვლეობით. თითოეული შეხვედრა დასრულებული უნდა იქნეს სხდომის ოქმზე მხარეთა დელეგაციების ხელმძღვანელების ხელმოწერით.

3. შერეული კომისიის კომპეტენციას აგრეთვე განეკუთვნება:

a) მგზავრთა გადაყვანისათვის საჭირო ნებართვების გაცემისა და გამოყენების პროცედურებისა და პირობების შეთანხმება;

b) ტვირთის გადაზიდვისათვის საჭირო ნებართვების რაოდენობისა და მათი გამოყენების პირობების შეთანხმება;

c) წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების გადაწყვეტა;

d) წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის ან მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ წინადადების შემუშავება;

e) წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა.

მუხლი 15

დავები

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 16

მოსაკრებლები და გადასახდელები

ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების გადამზიდველებმა წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის განხორციელებისას  უნდა მოახდინონ გადასახადების, მოსაკრებლებისა და გადასახდელების გადახდა თითოეული ხელშემკვრელი მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაკრებლებისა და გადასახდელების, ფასიანი საავტომობილო გზების, ხიდებისა და გვირაბების გამოყენებისათვის.

მუხლი 17

ცვლილება შეთანხმებაში

წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 18

ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა

1. შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. მოცემული შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ ძალადაკარგულად ჩაითვალოს მხარეებს შორის 1993 წლის 17 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმება.

3. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.

შესრულებულია 2017 წლის 30 აგვისტოს, ქ. აშხაბადი, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქმენულ და რუსულ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

------------------------------------

 

------------------------------------

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

თურქმენეთის მთავრობის

სახელით