საქართველოს პარლამენტის დადგენილება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ის ეგიდით მყოფი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემდგომი ყოფნის თაობაზე

  • Word
საქართველოს პარლამენტის დადგენილება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ის ეგიდით მყოფი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემდგომი ყოფნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 738
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/05/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 23-24, 07/06/1997
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
738
30/05/1997
პარლამენტის უწყებანი, 23-24, 07/06/1997
0000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტის დადგენილება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ის ეგიდით მყოფი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემდგომი ყოფნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ის ეგიდით მყოფი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემდგომი ყოფნის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის მიუხედავად, არ შეინიშნება რაიმე პროგრესი როგორც დევნილებისა და ლტოლვილების აფხაზეთში დაბრუნების, ისე აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის საკითხში. მიუხედავად დსთ-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა 1997 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებისა, კონფლიქტის ზონაში ვერ მოხერხდა დსთ-ის ეგიდით მყოფი რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების რეალურად ამოქმედება. სამშვიდობო ძალები ფაქტობრივად სასაზღვრო ჯარების ფუნქციას ასრულებენ, რაც არსებითად მხარს უჭერს და აძლიერებს აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმს, რომელიც ამ მხარდაჭერის იმედით თავს არიდებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და არ თანხმდება ლტოლვილების ეტაპობრივ დაბრუნებაზე.

რუსეთის ფედერაციის ფედერალური საკრებულოს ფედერაციის საბჭოს მიმართვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისადმი აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისათვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის თაობაზე აშკარად მეტყველებს, რომ რუსეთის პოლიტიკურ ძალებს არ სურთ აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგება რუსეთის ფედერაციის მიერ პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებით. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სეპარატისტული რეჟიმის მიმართ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები კონფლიქტის მოგვარების, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სეპარატისტთა დაყოლიების უკანასკნელი მშვიდობიანი ფორმაა, ასეთი პოზიცია საეჭვოს ხდის მთლიანად სამშვიდობო პროცესის პერსპექტივებს.

დსთ-ის ეგიდით განხორციელებული სამშვიდობო მისიის ჩაშლა, დსთ-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა 289 მარტის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ეჭვქვეშ აყენებს თვით ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ეფექტიანობის საკითხს. საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 17 აპრილისა და 2 ოქტომბრის დადგენილებების, 1997 წლის 3 აპრილს მიღებული კონცეფციის, აგრეთვე 30 ათასი ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი დადგენილების პროექტის თანახმად, თუ სერიოზული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთში კონფლიქტის მოსაგვარებლად, საქართველო იძულებული გახდება გადახედოს სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელების საკითხს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,

საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. მიმდინარე წლის 31 ივლისამდე კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების საქმეში არსებითი პროგრესის მიუღწევლობის შემთხვევაში:

1.1. მიზანშეუწონლად იქნეს მიჩნეული აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ის ეგიდით მყოფი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში გამოყენება.

1.2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს:

ა) უზრუნველყოს 1997 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს ტერიტორიაზე დსთ-ის ეგიდით მყოფი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გასაყვანად მექანიზმების შემუშავება და რეალიზაცია;

ბ) შეიმუშაოს დსთ-ის ეგიდით მყოფი რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების გაყვანის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნების ღონისძიებები როგორც საკუთარი, ისე მოწვეული სამშვიდობო ძალების საშუალებით;

გ) უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების დაწყება კონფლიქტის ზონიდან ჯარების გაყვანის გრაფიკის თაობაზე, გაააქტიუროს მუშაობა და უზრუნველყოს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა;

დ) შექმნას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს აღნიშნული საკითხების საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასა და რეალურ განხორციელებას.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დასვა საკითხი შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტის საქართველოს კუთვნილი წილის მისთვის გადმოცემის თაობაზე და დაწესდეს კონტროლი ამ საკითხის გადაწყვეტაზე.

3. მოლაპარაკებების დასრულებამდე აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ტექნიკის, აღჭურვილობისა და მატერიალურ ფასეულობათა გატანა.

4. დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან და ტაშკენტის 1992 წლის 15 მაისის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნებთან საქართველოსთვის კვოტით გათვალისწინებული სამხედრო შეიარაღების გადმოცემის თაობაზე.

5. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოთ საქართველოს პარლამენტის აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებით დროებით კომისიას და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს. ამ მიზნით მათ ყოველთვიურად მოისმინონ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებათა ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ზ. ჟვანია.

 

თბილისი,

1997 წლის 30 მაისი.

№738–IIს