გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.148.016387
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
14/11/2017
ვებგვერდი, 16/11/2017
010250000.35.148.016387
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/11/2017 - 21/12/2017)

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2017 წლის 14 ნოემბერი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე



დანართი №1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულება

ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 1. კომისიის სტატუსი
1. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (შემდგომ „კომისია“) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.


მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია:

ა) აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს; განიხილავს თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს ანგარიშებს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ, შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;

ბ) განიხილავს, ამზადებს დასკვნას და თანამომხსენებლად გამოდის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის, აგრეთვე ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვაზე;

გ) საქართველოს კანონის „საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მერისათვის გაგზავნილ შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ;

დ) განიხილავს და ამზადებს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს მიერ საქართველოს კანონის „საბიუჯეტო კოდექსი“ 82-ე მუხლის შესაბამისად მომზადებული ბიუჯეტის ყოველთვიური და ყოველკვარტალური განწერის შესახებ;

ე) ყოველთვიურად განიხილავს თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს მიერ საქართველოს კანონის „საბიუჯეტო კოდექსი“ 84-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მომზადებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს;

ვ) განიხილავს საქართველოს კანონის „საბიუჯეტო კოდექსი“ 85-ე მუხლის შესაბამისად მერის მიერ მომზადებული ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;

ზ) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათზე შეღავათების დადგენის, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

თ) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდის შექმნის და მისი განკარგვის წესების შესახებ, სამ თვეში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ინფორმაციას სარეზერვო ფონდის გამოყენების შესახებ;

ი) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის მიერ სესხის ან გრანტის აღების და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით;

კ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის, აგრეთვე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების პროექტის თაობაზე;

ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემაზე ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;

მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს მიერ მისაღები ნორმატიულ პროექტების შესაძლო შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშების მართებულობის შესახებ;

ნ) განიხილავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი აუდიტორული შემოწმების ანაგარიშს და დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; ნიშნავს საკრებულოს სხდომაზე კომისიიდან თანამოხსენებელს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისას;

ო) განიხილავს მერის წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

პ) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.


მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე და საკრებულოს რეგლამენტის 27-ე, 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

ე) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ვ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

ზ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

თ) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;

ი) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

კ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ლ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.


მუხლი 4. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.