2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების დროებითი ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ

2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების დროებითი ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 471
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250000.10.003.020180
471
20/10/2017
ვებგვერდი, 20/10/2017
010250000.10.003.020180
2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების დროებითი ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №471

2017 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების დროებითი ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (1251-რს, 29/07/2017) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს 2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების დროებითი ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების დროებითი ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესი

მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ახალი მუნიციპალიტეტი − მუნიციპალიტეტი, რომელიც იქმნება „გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის      15/06/2017 წლის №987-IIს   დადგენილების საფუძველზე მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად;

ბ) გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი − მუნიციპალიტეტები, რომლებიც ერთიანდება „გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 15/06/2017 წლის №987-IIს დადგენილების საფუძველზე;

გ) კომისია − საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 152-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომისია.

მუხლი 2. ახალი მუნიციპალიტეტის მიერ ბიუჯეტის განკარგვის დროებითი წესი

1. 2017 წლის ბოლომდე ახალი მუნიციპალიტეტის შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციებს მიეცეთ უფლება, ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების შესაბამისად, განკარგონ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტებით გათვალისწინებული ასიგნებები, მათ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების, მათ შორის, „2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს №416 დადგენილებით დამტკიცებული წესიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, ახალი მუნიციპალიტეტის მერმა, უფლებამოსილების ცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოს ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა გაუქმებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში არსებული რესურსების განკარგვისა და მათ განკარგვაზე უფლებამოსილი საბიუჯეტო ორგანიზაციების შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებამდე გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო ორგანიზაციებს მიეცეთ უფლება, განკარგონ  გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტის თანახმად მათ განკარგვაში არსებული რესურსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. იმ შემთხვევაში, თუ ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა განხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის უფლებამოსილების ცნობამდე, ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს იმ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით საკრებულოსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, რომლის 2017 წლის ასიგნებები, ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული მდგომარეობით,  მეტია.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებისას 2017 წლის ბოლომდე ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისათვის საჭირო რესურსის მობილიზება განხორციელდეს იმ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომლის 2017 წლის ასიგნებები, ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული მდგომარეობით, მეტია.

6. ამ წესის ამოქმედების შემდგომ ახალი მუნიციპალიტეტების მიერ აღებული ახალი ვალდებულებების დაფარვა უნდა განხორციელდეს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების იმ ბიუჯეტებიდან, რომელთა 2017 წლის ბიუჯეტების ასიგნებები, ამ წესის ამოქმედებამდე არსებული მდგომარეობით, მეტია.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად  შესაბამის გასაუქმებელ ბიუჯეტში რესურსის მობილიზება შესაძლებელია, მხოლოდ მეორე გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული რესურსის შემცირების ხარჯზე.

მუხლი 3. ახალი მუნიციპალიტეტების გადასახდელების განსაზღვრა

1. ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების გადანაწილება განხორციელდეს შემდეგი პრინციპით:

ა) ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრისას ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მერიამ უზრუნველყონ, რომ ახალი მუნიციპალიტეტის მიერ საკრებულოსა და მერიაში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მიზნით გასაცემი სახსრები  და გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების მიერ ამ წესის მე-2 მუხლის ამოქმედებამდე ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შრომის ანაზღაურების მუხლით გაწეული საკასო ხარჯი არ აღემატებოდეს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტებით ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შრომის ანაზღაურების მუხლში  გათვალისწინებულ ოდენობას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულთა  შრომის ანაზღაურების განსაზღვრისას, საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული პირის  თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს იმ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის შესაბამისი თანამშრომლის თანამდებობრივ სარგოს,  რომელიც მეტია;

გ) ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მერიამ ახალი მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და მერიის ხარჯების (გარდა ამ წესით განსაზღვრული შემთხვევებისა) დაფარვის მიზნით გასაცემი სახსრების განსაზღვრა უზრუნველყონ იმგვარად, რომ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების მიერ ამ წესის მე-2 მუხლის ამოქმედებამდე გაწეული საკასო ხარჯი და წლის ბოლომდე ამ მიზნით გასაწევი ხარჯი არ აღემატებოდეს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტებით ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის ხარჯების მუხლით გათვალისწინებულ ჯამურ მაჩვენებელს.

2. ახალი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ფუნქციებისა და აღებული ვალდებულებების დაფარვის მიზნით გასაწევი ხარჯები (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისა) უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების მიერ ამ წესის მე-2 მუხლის ამოქმედებამდე გაწეული საკასო ხარჯი და წლის ბოლომდე გასაწევი ხარჯი არ აღემატებოდეს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტებით დაგეგმილი ხარჯების მუხლის ჯამურ მაჩვენებელს. 

მუხლი 4. ახალ მუნიციპალიტეტებს შორის შემოსულობების გადანაწილება

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების მიერ მისაღები შემოსულობები  (გარდა ამ წესით განსაზღვრული შემთხვევებისა) აისახება შესაბამისი გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ამ წესის ამოქმედებამდე განსაზღვრული  წესითა და ოდენობით და განიკარგება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასაუქმებელი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი გათანაბრებითი ტრანსფერის გადარიცხვა, ახალი მუნიციპალიტეტის მოთხოვნის საფუძველზე, განახორციელოს  მეორე გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშზე იმ პირობით, რომ წლის ბოლოსათვის არ შეიცვლება გასაუქმებელი მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი გათანაბრებითი ტრანსფერის ჯამური მოცულობა.

3. 2017 წლის განმავლობაში, ახალი მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი შემოსულობების გაზრდის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით და იგი აისახება იმ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომლის ასიგნებებიც მეტია ამ წესის ამოქმედებამდე არსებული მდგომარეობით.

მუხლი 5.  ნაშთის გადანაწილება

2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ანგარიშებზე არსებული ნაშთები მიიმართება ახალი მუნიციპალიტეტების ანგარიშებზე.

მუხლი 6.  გამონაკლისი რეგულირება

ბიუჯეტების შედგენის, საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების გადანაწილების შესახებ ამ წესისგან განსხვავებული გადაწყვეტილება ახალი მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს  მხოლოდ კომისიის თანხმობით. კომისია თანხმობას გასცემს მერის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე.

მუხლი 7. ახალი მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის განსაზღვრა

ახალმა მუნიციპალიტეტმა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და დამტკიცება უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.