საქართველოს მოქალაქეები - ემზარ პაქსაძე და თამარ სადრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • Word
საქართველოს მოქალაქეები - ემზარ პაქსაძე და თამარ სადრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/20/1219,1236
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 13/10/2017
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016236
  • Word
1/20/1219,1236
13/10/2017
ვებგვერდი, 19/10/2017
000000000.00.000.016236
საქართველოს მოქალაქეები - ემზარ პაქსაძე და თამარ სადრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №1/20/1219,1236

 

2017 წლის 13 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

ლალი ფაფიაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მაია კოპალეიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

მერაბ ტურავა – წევრი.

 

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

 

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები ემზარ პაქსაძე და თამარ სადრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 

დავის საგანი: ა) №1219 კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის სიტყვების ,,ეს განკარგულება არ გასაჩივრდება" კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ბ) №1236 კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის და 240-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები ემზარ პაქსაძე და თამარ სადრაძე; მოსარჩელის წარმომადგენლები მუხრან ღურწკაია, ნინო თედეშვილი; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ქრისტინე კუპრავა და ალექსანდრე გოგუაძე.

 

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1219) მომართა საქართველოს მოქალაქე ემზარ პაქსაძემ. №1219 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 17 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1236) მომართა საქართველოს მოქალაქე თამარ სადრაძემ. №1236 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 23 ივნისს. მითითებული საოქმო ჩანაწერით №1219 და №1236 სარჩელები გაერთიანდა და ერთობლივად იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 14 ივლისს.

2. კონსტიტუციურ სარჩელებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი; „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი და 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტები; ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-15, მე-16, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლები.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლი აწესრიგებს საპროცესო ხარჯების გადახდევინების საკითხს, მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლო პროცესის მონაწილის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე მას აჯარიმებს განკარგულებით 100-დან 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო აღნიშნული განკარგულება არ გასაჩივრდება. ნორმა აგრეთვე მიუთითებს, რომ „ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს პირის ფინანსურ მდგომარეობას“. ამავე კოდექსის 240-ე მუხლი აწესრიგებს საქმის განხილვის საკითხს პროცესის მონაწილეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში. პირველი ნაწილის თანახმად, ამ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე მიიღებს გადაწყვეტილებას განხილვის გადადების, ანდა გაგრძელების შესახებ, ხოლო არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებელ მონაწილეს დააჯარიმებს 100-დან 500 ლარამდე ოდენობით, რომლის შესახებ განკარგულებაც ასევე არ გასაჩივრდება. ნორმა დამატებით განსაზღვრავს მხარის უფლებას, მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა გამოძახებული პირის იძულებით მიყვანის თაობაზე.

4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დეკლარირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.

5. 1219 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი, როგორც მოქმედი ადვოკატი, ახორციელებდა საკუთარ მოვალეობას ორ სხვადასხვა პირთან მიმართებით. მისი განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების სასამართლო პროცესები ჩაინიშნა ერთსა და იმავე დღეს სხვადასხვა სასამართლოში (თბილისის საქალაქო და თეთრი წყაროს რაიონულ სასამართლოებში), მათ შორის, ერთ-ერთი პროცესამდე ერთი დღით ადრე. მოსარჩელის მტკიცებით, მან წარადგინა შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე, სასამართლომ კი აღნიშნული არგუმენტაციის შესახებ არ იმსჯელა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, დააკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ პირის შესაძლებლობა, მის უფლებასთან დაკავშირებული საქმე განხილულ იქნეს საჯარო მოსმენით და ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, ასევე, გაასაჩივროს მის უფლებასთან შემხებლობაში მყოფი აქტი, დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ხოლო სადავო ნორმის შესაბამისად, სასამართლოს განკარგულება არასაპატიოდ გამოუცხადებლობისას ჯარიმის დაკისრების შესახებ არ საჩივრდება, რაც წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დეკლარირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაში.

7. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი მსჯელობა სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას ეფუძნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილებას („საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ხსენებულ გადაწყვეტილებაში სადავო ნორმას წარმოადგენდა სამოქალაქო პროცესის დანაწესი, რომელიც ადგენდა განსახილველ სარჩელში მითითებული რეგულაციის მსგავს წესს. ხსენებული ნორმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებულია შუამდგომლობა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, სადავო ნორმის დამძლევად და, შესაბამისად, განჩინებით ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.

8. 1236 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ არასაპატიო გამოუცხადებლობის საფუძვლით სასამართლომ ჯარიმა დააკისრა 300 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, რამდენადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფთა ორი სხვადასხვა პროცესი ერთსა და იმავე დროს იყო ჩანიშნული, მან ვერ მოახერხა ერთ-ერთ პროცესზე დასწრება, ხოლო მის მიმართ არასაპატიო გამოუცხადებლობის მიზეზით კი, ჯარიმის დაკისრების შესახებ სასამართლოს განკარგულების გასაჩივრება, სადავო ნორმებიდან გამომდინარე, შეუძლებელია.

9. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმებით განსაზღვრული განკარგულების გასაჩივრების უფლების არარსებობა მოსამართლეს საშუალებას აძლევს, ძალაუფლება გამოიყენოს თვითნებურად, ვინაიდან არ არსებობს მექანიზმი, რომელიც სადავო ნორმით რეგულირებულ საკითხზე მისი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას უზრუნველყოფს. მოსარჩელე განმარტავს, რომ პირის შესაძლებლობა, მის უფლებასთან დაკავშირებული საქმე განხილული იყოს ზეპირი მოსმენით, ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებების და გასაჩივრების შესაძლებლობა, დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით, შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი წესი ახდენს მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას.

10. 1236 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე მითითებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილება და მასში ჩამოყალიბებული მსჯელობა როგორც განსახილველ სარჩელში ნორმის არაკონსტიტუციურობის არგუმენტაცია. ამასთან, ხსენებული გადაწყვეტილებით გაუქმებულ რეგულაციასა და მის მიერ სადავოდ გამხდარ ნორმას შორის მსგავსების იდენტიფიცირების მიზნით, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, მიუხედავად სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის პროცესს შორის განსხვავებისა, ორივე შემთხვევაში საქმე ეხებოდა იდენტურ საკითხს – პროცესის მონაწილის დაჯარიმების შესახებ განკარგულების გასაჩივრების შეუძლებლობას და, მისი აღქმით, ამ ორ ნორმას აგრეთვე აერთიანებს ლეგიტიმური მიზანი – სასამართლოსადმი პატივისცემისა და საპროცესო ვადების დაცვის უზრუნველყოფა.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია და მათი ძალადაკარგულად ცნობა უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებრივი გარანტიებით მის მიერ სარგებლობასა და, ამასთან, სადავო ნორმებით რეგულირებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს დაცვას შეცდომისაგან.

12. მოსარჩელე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შუამდგომლობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე, რამდენადაც, მისი მტკიცებით, არსებობს საფრთხე, სადავო ნორმების მოქმედებამ არ გამოიწვიოს მისი უფლებების კვლავ შელახვა და არ მიაყენოს მას გამოუსწორებელი ზიანი.

13. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხემ სადავო რეგულაციების ლიგიტიმურ მიზნებად დაასახელა მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება და სასამართლო პროცესის ეკონომიურობა. მისი განმარტებით, სადავო ნორმით დადგენილი მოწესრიგება მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს მიემართება, ვინაიდან კანონმდებლობა ჩამოთვლის შემთხვევებს, თუ როდის შეიძლება გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაითვალოს. მოპასუხის პოზიციით, აქედან გამომდინარე, იმდენად შემცირებულია სასამართლოს შეცდომისა თუ თვითნებობის რისკი განკარგულების გამოტანისას, რომ განკარგულების გასაჩივრებას არ გააჩნია მიზანი და, ამასთან, გასაჩივრების შეუძლებლობა ამცირებს პროცესის მონაწილის თვითნებობის რისკს.

14. მოპასუხის განმარტებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს 1219 კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული შუამდგომლობა სადავო ნორმის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად ცნობისა და განჩინებით ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, ვინაიდან ხსენებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა წარმოადგენს განსხვავებულ რეგულაციას და იწვევს განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს. ამასთან, მოპასუხე მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლის პროცესი და სისხლის სამართლის პროცესი ფუნდამენტურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და, ვინაიდან სისხლის სამართლის პროცესში მაღალია პროცესის ეკონომიურობის საჭიროება, არ შეიძლება განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმები მიჩნეულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმების იდენტურ რეგულაციად.

15. მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია 1236 კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული შუამდგომლობა სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე. მისი მითითებით, სახეზე არ არის სადავო ნორმების მოქმედებით დამდგარი გამოუსწორებელი ზიანი და, ამასთან, სადავო ნორმების შეჩერება ზეგავლენას ვერ მოახდენს მოსარჩელეთა პრობლემურ გარემოებებზე, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არ არსებობს ნორმა, რომელიც სადავო ნორმების შეჩერების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს არასაპატიო გამოუცხადებლობის მიზეზით დაჯარიმების განკარგულების გასაჩივრებისათვის.

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და 240-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების იდენტური შინაარსის მქონე წესი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ამდენად, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების არსებითი განხილვის გარეშე, განჩინებით ძალადაკარგულად ცნობას.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული საკითხი მატერიალური თვალსაზრისით სასამართლოს უკვე გადაწყვეტილი აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ უწევს ნორმის კონსტიტუციურობაზე საქმის არსებითი განხილვის ფორმატში განმეორებით მსჯელობა. მეორე მხრივ, ხსენებული ნორმა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების შესრულების ზედამხედველობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის ეფექტურ მექანიზმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/2/563 საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, მითითებული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალებას აძლევს, დროისა და რესურსების დაზოგვასთან ერთად, ეფექტურად იმოქმედოს საკუთარი გადაწყვეტილების დაძლევის წინააღმდეგ, რაც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შეუფერხებელი განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა.

4. სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების გარეშე ძალადაკარგულად ცნობისათვის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია, სახეზე იყოს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

5. ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის არსებობას. კერძოდ, „სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამასთან, „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).

6. განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა სადავო ნორმები არსებითად იმავე შინაარსის, რაც ერთხელ უკვე იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილებით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და რამდენად შეიძლება იგი მიჩნეულ იქნეს ხსენებული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიზნებისათვის ნორმებს შორის შინაარსობრივი მსგავსების დადგენისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს: „სადავო ნორმა იწვევს თუ არა იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, რომელსაც არღვევდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ... გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა. ამასთან, რამდენად ხდება უფლების შეზღუდვა მსგავსი სამართლებრივი საშუალების გამოყენებით და დგება თუ არა არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 განჩინება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო“, II-5).

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილებით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-9 ნაწილი, გარდა იმ ნორმატიული შინაარსისა, რომელიც შეეხებოდა სხდომაზე დამსწრის გაძევების შესახებ განკარგულების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას სამოქალაქო სამართლის პროცესზე წესრიგის დარღვევისათვის, მის ფორმებს, პასუხისმგებლობის განსაზღვრაზე უფლებამოსილ პირებს და მისი გამოყენების პროცედურას. მითითებული გადაწყვეტილებით, ძალადაკარგული, ხსენებული მუხლის მე-9 ნაწილი კი ადგენდა, რომ „ამ მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ განკარგულება მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე და არ საჩივრდება”. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2/2/558 გადაწყვეტილებაში მსჯელობისას ხაზგასმით მიუთითა, რომ პირის უფლება, მასთან დაკავშირებული საკითხი საჯარო მოსმენით იქნეს განხილული და გააჩნდეს მითითებულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითა, რომ „…მაღალია პროცესის მონაწილეთა ინტერესი, დაცული იყვნენ უსაფუძვლო დაჯარიმების ან/და გაძევებისგან, ხოლო ასეთი ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, გააჩნდეთ უფლების დაცვის საკმარისი პროცესუალური გარანტიები იმისათვის, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ საქმის განხილვაში, წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები და დაიცვან თავიანთი პოზიციები” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).

9. ხსენებული გადაწყვეტილების ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ, როდესაც სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა უკავშირდება გარკვეული დისციპლინური გადაცდომისათვის, სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, მოსამართლის მხრიდან თვითნებობისა და შეცდომის პრევენციისა თუ შემდგომი აღმოფხვრის მიზნით, აუცილებელია პირს, რომელსაც ხსენებული პასუხისმგებლობა დაეკისრა, გააჩნდეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული მინიმალური საპროცესო გარანტიები, რაც, მათ შორის, გულისხმობს გასაჩივრების უფლებას. „პირს, რომელსაც სახელმწიფო აკისრებს პასუხისმგებლობას სამართალდარღვევისათვის, უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. რეგულაცია, რომელიც სასამართლოსადმი მიმართვის ყველა საშუალებას გამორიცხავს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების არსს და ვერ იქნება გამართლებული ლეგიტიმური საჯარო მიზნით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-57).

10. განსახილველ საქმეში მითითებული სადავო ნორმები სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას არეგულირებს და პასუხისმგებლობის ზომად, მითითებული სამართალდარღვევისათვის, განსაზღვრავს ჯარიმას. მოსარჩელეთა მითითებით, სადავო ნორმებით განსაზღვრული წესის არაკონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით იწვევს მითითებულ ნორმებში არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმად, არასაპატიო მიზეზით სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო ჯარიმის დაკისრების შესახებ სასამართლოს განკარგულება არ საჩივრდება. სადავო ნორმები ექსპლიციტურად ადგენს, რომ პირს, რომელსაც ხსენებული განკარგულებით ჯარიმა დაეკისრება, არ გააჩნია მისი გასაჩივრების შესაძლებლობა. ამასთან, არ არსებობს სხვა ნორმა, რომელიც საპირისპიროს დაამტკიცებდა, ანდა სადავო ნორმების მოსარჩელეთა მიერ აღქმული შინაარსის სასამართლოს მიერ გაზიარებას ეჭვქვეშ დააყენებდა. შესაბამისად, სადავო ნორმებით განსაზღვრული რეგულაცია სამართლიანი სასამართლოს უფლების სწორედ იმ ასპექტს ზღუდავს და იმ სამართლებრივ პრობლემას წარმოშობს, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილებაში არსებულ მსჯელობას.

11. ამდენად, აშკარაა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობილი ნორმების მსგავსად, სადავო ნორმაც გამორიცხავს მოსარჩელის დაჯარიმების საკითხის გასაჩივრების შესაძლებლობას. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის სხვა წინაპირობების შესამოწმებლად სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად გააჩნია სადავო ნორმას უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმასთან მიმართებით იმგვარი განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც წარმოშობს მისი კონსტიტუციურობის არსებითი განხილვის ფორმატში ხელახალი შეფასების საჭიროებას.

12. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმასა და 1219 და 1236 კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ გამხდარ ნორმებს შორის არსებობს გარკვეული განსხვავებები. პირველ ყოვლისა, ხსენებული გადაწყვეტილებით ძალადაკარგული ნორმა წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართლის რეგულაციას, ხოლო განსახილველ საქმეში სადავო ნორმები მიეკუთვნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო მოწესრიგებას. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის რეგულირების სფეროს წარმოადგენს სასამართლო პროცესზე წესრიგის დარღვევა, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა და სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა და დადგენილი პასუხისმგებლობაც სწორედ აღნიშნულ ქმედებებს უკავშირდება.

13. უდავოა, რომ სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივი პროცედურული გარანტიები გარკვეულ საკითხებში ერთმანეთისაგან განსხვავდება მითითებული დარგების ფუნდამენტური სხვაობების შესაბამისად, თუმცა განსახილველ საქმეში არსებული სამართლებრივი პრობლემის განხილვის მიზნებისათვის ხსენებული განსხვავებები უმნიშვნელოა. სადავო რეგულირება არ უკავშირდება გამორჩეულად სისხლის სამართლის პროცესისთვის დამახასიათებელ ასპექტებს. ორივე შემთხვევაში სადავო რეგულირება მიმართულია სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების მიმართ ჩადენილი სამართალდარღვევის გამო პირის დაჯარიმების საკითხის მოწესრიგებისაკენ. სასამართლო პროცესის სათანადო წარმართვა, მხარეთა პოზიციების მოწესრიგებულ, ნორმალურ პირობებში ჩამოყალიბება და სასამართლო განხილვის მაქსიმალური ეფექტურობა როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო სამართლის პროცესში, მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს. ამავე დროს, სასამართლოს მიმართ ჩადენილი გადაცდომის გამო პირის დაჯარიმების აქტის ბუნება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი სამართალწარმოების ფარგლებში განხორციელდა იგი. შესაბამისად, თანაბრად არსებობს მისი გასაჩივრების ინტერესი როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული მსჯელობა და სტანდარტები, მისი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, აგრეთვე მიემართება 1219 და 1236 კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ გამხდარ ნორმებს.

14. აგრეთვე, აუცილებელია, განიმარტოს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლი ატარებს ფართო ხასიათს – იგი პასუხისმგებლობას განსაზღვრავს პროცესის მონაწილეთა ყველა სახის დისციპლინური გადაცდომისათვის, რაც გამოიხატება სასამართლოში წესრიგის დარღვევაში, განსახილველ საქმეში სადავო ნორმები კი პასუხისმგებლობას ადგენს კონკრეტული ქმედებისათვის, რაც გამოიხატება არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობაში. ორივესი, როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის მითითებული ნორმების საბოლოო მიზანს სასამართლო სხდომის სათანადო პირობებში ჩატარების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამასთან, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ერთ-ერთ კონკრეტულ გამოვლინებას წარმოადგენს, რამდენადაც არ არსებობს საპატიებელი გარემოება, რის გამოც, პროცესის მონაწილე ვერ ასრულებს მის საპროცესო ვალდებულებას და, შესაბამისად, აფერხებს სასამართლო პროცესს. აღნიშნულს აგრეთვე ცხადყოფს 558 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ აღწერილი სამართლებრივი პრობლემა, რაც, პირველ ყოვლისა, გამოწვეული იყო სასამართლო სხდომაზე დაგვიანებით, რის შედეგადაც მასზე გავრცელდა სადავო ნორმის მოქმედება.

15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო და სისხლის სამართალწარმოებაში პროცესის ეკონომიურობისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესების განსხვავებული ხარისხი განსაზღვრავს ფუნდამენტურ შინაარსობრივ განსხვავებას განსახილველ საქმეში სადავო ნორმებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებს შორის. უდავოა, რომ სისხლის სამართალწარმოებაში სასამართლო პროცესის ეფექტურ, სწრაფ განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამიტომაც კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის პროცესში განსაზღვრული გარანტიები გამოირჩევა მაღალი ხარისხით. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში არსებული სადავო ნორმები a priori არ ქმნის სასამართლო პროცესის გაჭიანურებისა და შეფერხების საფრთხეს და არასაპატიო მიზეზით სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო პირის დაჯარიმების შესახებ სასამართლოს განკარგულების გასაჩივრება და აღნიშნული საჩივრის განხილვა შესაძლოა განხორციელდეს ძირითადი პროცესისგან განცალკევებით, რასაც, თავის მხრივ, გავლენა არ ექნება ხსენებული პროცესის ეფექტურ, სწრაფ განხორციელებაზე.

16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 1219 და 1236 კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და 240-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ეს განკარგულება არ გასაჩივრდება იმეორებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, უგულებელყოფს რა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებულ პრინციპს – საპროცესო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის აუცილებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დეკლარირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლებში. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილებაში გამოხატულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმის პლენუმზე გადაცემის საფუძველი.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის სიტყვები: „ეს განკარგულება არ გასაჩივრდება“ და 240-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები: „ეს განკარგულება არ გასაჩივრდება“ წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმებს და არსებობს განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

18. №1236 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის არა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის და 240-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვებს: „ეს განკარგულება არ გასაჩივრდება“, არამედ ხსენებული ნორმების სრულ ტექსტს.

19. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელეს ევალება იმ მტკიცებულებების მოყვანა, რომელთა საფუძველზეც დასტურდება სარჩელის საფუძვლიანობა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).

20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილი და 240-ე მუხლის პირველი ნაწილი, გარდა სასამართლოში პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას მისი დაჯარიმების შესახებ განკარგულების გასაჩივრების შეუძლებლობისა, ასევე ადგენს სხვა სახის მოწესრიგებებს, როგორებიცაა, მაგალითად, ჯარიმის ოდენობა, ჯარიმის დაკისრების უფლებამოსილების მქონე პირი, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას სხდომის თავმჯდომარის დისკრეციის განხორციელების კრიტერიუმები. ხოლო როგორც 1236 სარჩელში მოყვანილი არგუმენტაცია, აგრეთვე საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე ზეპირი განხილვისას მოსარჩელის მიერ გაკეთებული განმარტებები მიემართება მხოლოდ სადავო ნორმებით განსაზღვრული განკარგულების გასაჩივრების შეუძლებლობის მტკიცებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და მას არ წარმოუდგენია დამატებითი არგუმენტაცია სადავო ნორმებით განსაზღვრული სხვა ნორმატიული წესების არაკონსტიტუციურობის თაობაზე.

21. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1236 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის პირველი და მე-3 წინადადებებისა და ამავე კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი, მე-2 და მე-4 წინადადებების კონსტიტუციურობას, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის 41 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, 51, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 და 51 პუნქტების და 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1.    არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად 1219 და 1236 კონსტიტუციური სარჩელები (საქართველოს მოქალაქეები ემზარ პაქსაძე და თამარ სადრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

2.    ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის სიტყვები: „ეს განკარგულება არ გასაჩივრდება“ და 240-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები: „ეს განკარგულება არ გასაჩივრდება“.

3.    განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს.

4. განჩინება ძალაშია მისი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

5. განჩინების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6.  განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

 

კოლეგიის შემადგენლობა:

ლალი ფაფიაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მაია კოპალეიშვილი

მერაბ ტურავა