დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1/10/703 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
მიღების თარიღი | 13/10/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.016234 |
საქართველოს სახელით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/10/703
2017 წლის 13 ოქტომბერი
ქ. ბათუმი
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედებისათვის დადგენილი სასჯელის ზომის („ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე“) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ვრცელდება ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არაერთგზის ჩადენაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელის წარმომადგენელი – მერაბ ქართველიშვილი; მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – გიორგი ჩიფჩიური და გიორგი თორდია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №703) მომართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 18 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 20 დეკემბერს. 2017 წლის 27 იანვრის №1/1/703 საოქმო ჩანაწერით, №703 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2017 წლის 23 მარტს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში „სსკ“) 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დასჯადია პენიტენციური ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რასაც თან ახლავს მისი ან/და მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარა თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის სხვაგვარად ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ 2004 წლის 24 დეკემბერს, ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს განაჩენით გიორგი ქართველიშვილი დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. 2008 წლის 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მიერ იმავე ქმედების ხელმეორედ ჩადენა კვლავ სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკვალიფიცირა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ივნისის განაჩენით, დასახელებული ქმედების არაერთგზის ჩადენის გამო, მოსარჩელეს მსჯავრი დაედო სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის ზომად კი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 6 თვის ვადით. მსჯავრდებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ივნისის განაჩენი მიიჩნია უკანონოდ, დაუსაბუთებლად და სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2012 წლის 18 დეკემბრის განაჩენით საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და, შესაბამისად, უცვლელად დატოვა 2012 წლის 30 ივნისის განაჩენი. მსჯავრდებულმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განაჩენი იმავე მოთხოვნით საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. 2013 წლის 14 ივნისს მიღებული განაჩენით უზენაესმა სასამართლომ განაჩენი ძირითად საკითხში უცვლელად დატოვა.
6. მოსარჩელის მტკიცებით, სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალიწინებულია ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული დანაშაულის შემადგენლობები. კერძოდ, სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას; მე-2 ნაწილი კრძალავს ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის, აგრეთვე მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიმართ იძულებას; ხოლო მე-3 ნაწილით კრიმინალიზებულია პენიტენციურ, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ან პენიტენციური/თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, ან/და აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა, ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა, ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა.
7. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის სიტყვები „იგივე ქმედება“ არის ბუნდოვანი. მისი განმარტებით, სსკ-ის 378-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებულია მხოლოდ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი დანაშაულის არაერთგზის ჩადენა. ტერმინი „იგივე ქმედება“ კი მიემართება არა პირველი ორი ნაწილით განსაზღვრულ შემადგენლობას, არამედ მხოლოდ მესამე ნაწილში მითითებულ კრიმინალიზებულ ქმედებას. შესაბამისად, პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული ქმედების ჩადენის შემთხვევაში მასზე არ უნდა გავრცელდეს ამავე მუხლის მე-4 ნაწილი. ამრიგად, სწორი ფორმულირება იქნებოდა ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებები, როგორც ეს მითითებულია ამავე მუხლის მე-5 ნაწილში. შესაბამისად, ამგვარი განმარტების შემთხვევაში სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს მაკვალიფიცირებელი ნიშანი, არაერთგზისობა, არ გააჩნია.
8. მოსარჩელის აზრით, ნორმის არაკონსტიტუციურობა იმაშიც გამოიხატება, რომ სსკ-ის 378-ე მუხლის სხვადასხვა ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები განსხვავებული ხასიათისა და სიმძიმისაა, კანონმდებელმა კი, მათი არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის ერთნაირი სიმძიმე განსაზღვრა, თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან ათ წლამდე. ამგვარ პირობებში კი მოსამართლე შეზღუდულია გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე.
9. მოსარჩელე მხარემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით განაცხადა, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დანაშაულის არაერთგზის ჩადენისათვის დააწესოს იმაზე მძიმე სასჯელი, ვიდრე გათვალისწინებულია პირველად ჩადენისათვის, თუმცა იგი უნდა იყოს პროპორციული და არ ლახავდეს პირის კონსტიტუციურ უფლებებს. კანონის მოქმედი რედაქციით, პირს, რომელიც ჩაიდენს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, სანქციის სახით განესაზღვრება არაუმეტეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ანალოგიური დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის შემთხვევაში – თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან ათ წლამდე, რაც აშკარად არაპროპორციული სასჯელია დანაშაულის სიმძიმესთან შედარებით.
10. არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბოლო წლებში სსკ-ის 378-ე მუხლის გამოყენება იშვიათი გახდა და დღეის მდგომარეობით აღნიშნული ქმედება განიხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და მიმდინარეობს შესაბამისი სამართალწარმოება. მიუხედავად ამისა, კვლავ რჩება საფრთხე, რომ სურვილის შემთხვევაში ნორმის გავრცელება სხვაგვარად მოხდეს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედებისათვის დადგენილი სასჯელის ზომის („ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე“) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ვრცელდება ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არაერთგზის ჩადენაზე, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
12. მოპასუხე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმის სიტყვები „იგივე ქმედება“ ცხადად და არაორაზროვნად გადმოსცემს კანონმდებლის ნებას და მიემართება იმ შემადგენლობას, რომელიც მოცემულია მის წინა, მესამე ნაწილში. იგი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ნორმა უნდა განიმარტოს გრამატიკული და ლოგიკური მეთოდების გამოყენებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, გამოყენებული იქნებოდა სხვაგვარი ფორმულირება, როგორც ეს გასაჩივრებული მუხლის მე-5 ნაწილშია მითითებული. როდესაც კანონმდებლის ნებას წარმოადგენს სხვადასხვა ქმედებისათვის სასჯელის ცვლილება დამამძიმებელი გარემოების ან სპეციალური სუბიექტის გათვალიწინებით, იგი ამაზე კონკრეტულ და განსაზღვრულ მითითებას აკეთებს.
13. მოპასუხის განმარტებით, სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილი არ ითვალისწინებს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არაერთგზისობას, სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში კი მუხლის მცდარი განმარტება და არასწორი პრაქტიკაა დამკვიდრებული.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი პასუხობს განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნებს, რის მიხედვითაც, არ არსებობს მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველ საქმეში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისთვის გათვალისწინებული სასჯელის „ისჯება თავისუფლების აღკვეთით რვიდან ათ წლამდე” იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც მიემართება ამავე მუხლის პირველ ნაწილს. მოსარჩელე ამ ნორმას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
2. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია ორი მიზეზით. პირველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას უკავშირებს მის ბუნდოვანებას. კერძოდ, მისი მტკიცებით, სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები და შესაბამისი სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა რვიდან ათ წლამდე) მიემართება ამავე მუხლის მხოლოდ მე-3 ნაწილს და ის არ უნდა გავრცელდეს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველ ნაწილზე. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საერთო სასამართლოები სადავო ნორმას ავრცელებენ სსკ-ის 378-ე მუხლის პირველ ნაწილზეც, რაც ამ ნორმის ბუნდოვანებაზე და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურობაზე მიუთითებს.
3. მეორე შემთხვევაში მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელი არაპროპორციულად მაღალია ამავე მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრული დანაშაულისთვის და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, პირველ რიგში, შეეხება ზემოაღნიშნული პრობლემებიდან პირველს, რომელიც დაკავშირებულია ნორმის ბუნდოვანებასთან.
5. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები და შესაბამისი სასჯელი გათვალისწინებულია არა მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის (სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილი), არამედ ამავე მუხლის მე-3 ნაწილისთვის, რომელიც მისი მტკიცებით, უფრო სერიოზული დანაშაულია. თუმცა ამისდა მიუხედავად, ნორმის ბუნდოვანების გამო, საერთო სასამართლოები სადავო ნორმას სსკ-ის 378-ე მუხლის პირველ ნაწილზეც ავრცელებენ.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ივნისის განაჩენით, მოსარჩელე სწორედ სსკ-ის 378-ე მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებული დანაშაულის არაერთგზის ჩადენის გამო მიეცა პასუხისგებაში და სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, სასჯელის ზომად 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
7. სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯადად აცხადებს პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, რასაც თან ახლავს მისი ან/და მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარა თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის სხვაგვარად ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია.
8. სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დასჯადია პენიტენციურ დაწესებულებაში ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, ან/და აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა, ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა.
9. აღსანიშნავია, რომ სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილში ექსპლიციტურად ხაზგასმულია „იგივე ქმედებაზე“ (და არა „იგივე ქმედებებზე“ ან ნორმის იმგვარ ფორმულირებაზე, რომელიც რაიმე სახით მიანიშნებდა სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის გავრცელებას ამავე მუხლში გათვალისწინებული ყველა დანაშაულის შემადგენლობებზე), რაც მოსარჩელის მტკიცებით, იმაზე მიუთითებს, რომ მე-4 ნაწილში ჩამოთვლილი დამამძიმებელი გარემოები და შესაბამისი სასჯელი მიემართება მხოლოდ მე-3 ნაწილს.
10. მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე მას სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად მსჯავრი დაედო, გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე და 2012 წლის 18 დეკემბრის განაჩენით საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ივნისის განაჩენი. მოსარჩელემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის განაჩენი იმავე მოთხოვნით საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2013 წლის 14 ივნისის 23აპ-132 გადაწყვეტილებით ასევე არ დააკმაყოფილა მოსარჩელის საჩივარი. უზენაესმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში, მათ შორის, იმსჯელა სსკ-ის 378-ე მუხლის შინაარსზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით აღწერილი ქმედებების სპეციალურ შემადგენლობებზე მიუთითებს ანუ კანონმდებელმა სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით გაძლიერებული პასუხისმგებლობა დააწესა ამავე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის არაერთგზისად ჩადენისთვის“.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/552 „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
13. განსახილველ საქმეზე სახეზეა სამი ინსტანციის, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებები განსაზღვრულია ამავე მუხლის პირველი სამი დანაშაულის შემადგენლობისთვის.
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმდენად, რამდენადაც საერთო სასამართლოების კომპეტენციაა ნორმის განმარტება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მის შინაარსთან დაკავშირებით, საერთო სასამართლოების მიერ სსკ-ის 378-ე მუხლის ზემოხსენებული განმარტება უნდა ჩაითვალოს ამ ნორმის რეალურ შინაარსად. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ფაქტია, სახეზეა სადავო ნორმის ამგვარად გამოყენების ერთგვაროვანი პრაქტიკა, რაზეც მეტყველებს სამი სასამართლო ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ სადავო ნორმის განმარტება მოხდა, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელების საბოლოო, უზენაეს ინსტანციას, რომელიც საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებს ამოწმებს კანონიერების თვალსაზრისით. ამ მხრივ, საქართველოს უზენაესი სასამართლო ასრულებს უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას, ხელს უწყობს კანონის განმარტების სწორი და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თავისთავად ცხადია, რომ კანონის განმარტების ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველყოფა, პირველ რიგში, კანონის ბუნდოვანების და მისი არაერთგვაროვანი გამოყენების პრევენციისთვის არის გამიზნული, რაც, საბოლოო ჯამში, ადამიანის უფლებების ეფექტურად დაცვას ემსახურება. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/1/598 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
16. საქართველოს უზენაესი სასამართლო, როგორც საკასაციო ორგანო, წარმოადგენს საერთო სასამართლოების სისტემაში კანონის განმარტების უმაღლეს და საბოლოო ინსტანციას. შესაბამისად, მის მიერ ნორმის განმარტება უნდა ჩაითვალოს ამ უკანასკნელის შინაარსის გაგების წყაროდ.
17. განსახილველ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის წინა დანაშაულის შემადგენლობებზე გავრცელების თაობაზე და განმარტა, რომ აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებები თანაბრად ვრცელდება სსკ-ის 378-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე. შესაბამისად, ეს გარემოება ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული ნორმის ბუნდოვანების პრობლემა არ დგას. საერთო სასამართლოები და, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლო ნორმას განმარტავენ ერთგვაროვნად.
18. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე დადგინდა, რომ მოცემულ საქმეზე სადავო ნორმას არ აქვს ბუნდოვანების პრობლემა, ეს, ცხადია, a priori იმაზე არ მიუთითებს, რომ სასჯელი პროპორციულია. საგულისხმოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებით გასაჩივრებული ნორმა ბუნდოვანების პრობლემის გამო არ მიღებულა. არც ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურსამართლებრივ ბუნებაზე და ნორმის გამოყენების ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებაზე ყოფილა პირდაპირ დაკავშირებული პირის უფლების სფეროსთან, დაცული იყოს არაპროპორციული სასჯელებისგან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების სპეციფიკური ტესტი, რაზე დაყრდნობითაც ქვემოთ შეფასდება სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მთავარი იდეა, რაც ზემოხსენებულ მსჯელობას თან სდევდა, იყო საერთო სასამართლოების, მათ შორის, უპირატესად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სადავო ნორმის განმარტების ერთგვაროვანი პრაქტიკის წარმოჩენა, რაც ხელს შეუწყობს სასამართლოს ამ ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
19. მაშასადამე, ახლა, როდესაც უკვე ცალსახად წარმოჩინდა სადავო ნორმის შინაარსი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მზადაა ეს უკანასკნელი შეაფასოს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომელიც, მათ შორის, იცავს ადამიანს აშკარად არაპროპორციული სასჯელის დაკისრებისგან.
20. სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასჯადია პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რასაც თან ახლავს მისი ან/და მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარა თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის სხვაგვარად ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამ ქმედების არაერთგზის ჩადენა ისჯება სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც გათვალისწინებულია რვიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
21. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თავისუფლების აღკვეთის ასეთი ხანგრძლივი სასჯელი არაპროპორციულია ჩადენილ ქმედებასთან და, ამდენად, ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებები აქვს გაკეთებული სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების შესახებ. ამდენად, განსახილველი საქმის გადაწყვეტისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ამავე სასამართლოს მიერ სხვა საქმეებზე გაკეთებულ მნიშვნელოვან განმარტებებზე, რომლებიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლში არსებულ პირის უფლებას – დაცული იყოს სასტიკი და არაპროპორციული სასჯელებისგან.
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნავს, რომ „ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრა, სახდელის დაწესება და მისი სიმძიმის განსაზღვრა სახელმწიფოს (კანონმდებლის) ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს ...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები – დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
24. ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პარლამენტს სასჯელის პოლიტიკის წარმართვისას მოქმედების ფართო არეალი გააჩნია. „ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს ფართო მიხედულების ზღვარი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის დროს. სამართლებრივი სახელმწიფო ემსახურება რა თავისუფალი და დაცული ადამიანის უზრუნველყოფას, ამ მიზნის მისაღწევად ის აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი და საკმარისი, ეფექტური ბერკეტებით. ამ თვალსაზრისით, მძლავრ და მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სახელმწიფოს ხელში წარმოადგენს დანაშაულთან ბრძოლა და ამ გზით საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სხვა ლეგიტიმური კონსტიტუციური მიზნების დაცვა და, შედეგად, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევის თავიდან აცილება, პრევენცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32).
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფოს პოლიტიკის სფეროა, რომელი ქმედების კრიმინალიზაციას მოახდენს და როგორ სასჯელს დააწესებს კონკრეტული ქმედების ჩადენისთვის, რადგან სწორედ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ეფექტური შესაძლებლობა, ებრძოლოს კონკრეტული ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეებს და მათი სიმძიმის, სერიოზულობის გათვალისწინებით მოახდინოს მათი კრიმინალიზება, ამასთან, შეარჩიოს პასუხისმგებლობის ის ზომა, რომელიც საკმარისი და ეფექტური იქნება ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებთან საბრძოლველად. თუმცა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ამ ინსტრუმენტის მიზნობრივად გამოყენებისთვის, რადგან ის (ინსტრუმენტი) თავად არ აღმოჩნდეს სახელმწიფოს ხელთ იმ სიკეთეების დარღვევის წყაროდ, რომელთა დასაცავადაც მისი გამოყენების კონსტიტუციური ვალდებულება აქვს ხელისუფლებას. ამ პროცესში სახელმწიფოს ევალება ადამიანისთვის, საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების სწორად შეფასება, პროგნოზირება, რეალური საფრთხეების ობიექტურად აწონვა და მათ ასაცილებლად ან გასანეიტრალებლად გონივრული, უკიდურესად აუცილებელი, ამასთან, საკმარისი ღონისძიებების გამოყენება. შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება კანონით კონკრეტული ქმედებების რეგულირება, აკრძალვა და ასეთი საყოველთაო წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომების გამოყენება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
26. მიუხედავად ამისა, კანონმდებლის ასეთი ფართო დისკრეცია უსაზღვრო არ არის და იშვიათ შემთხვევებში კონკრეტული ქმედებისთვის დაწესებული სასჯელი შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი საკონსტიტუციო სასამართლოში. მაგალითისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ „... მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული სახდელის ზომის, მოცულობისა და სიმძიმის დადგენისას კანონმდებელი ფართო მიხედულებით სარგებლობს, მისი დისკრეციული უფლებამოსილება არ არის უსაზღვრო. კონკრეტული სახის ადმინისტრაციული სახდელის განსაზღვრისას კანონმდებელი ვალდებულია, მოქმედებდეს პროპორციულობის პრინციპის დაცვით. კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას. მართალია, კანონმდებლის ძალისხმევა ყოველთვის მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ მან ადეკვატურად მიუსადაგოს თითოეული ადმინისტრაციული სახდელი იმ ქმედებას, რაც არღვევს სხვათა უფლებებს და ზიანს აყენებს საზოგადოებას, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის ზომა შეფასების საგანი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ... საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან ადმინისტრაციული სახდელის მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები – დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
27. სასჯელების კონსტიტუციურობის შეფასებას საკონსტიტუციო სასამართლო განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება, რათა არ მოხდეს კანონმდებლის იმ კომპეტენციაში ჩარევა, რასაც უკვე ზემოთ ვრცლად დაეთმო მსჯელობა. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს სასჯელთა პოლიტიკა იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მისი შედეგი ადამიანის ამა თუ იმ უფლების დარღვევაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სასჯელის ყველა ზომის კონსტიტუციურობაზე პოტენციურად მსჯელობაუნარიანია. ასეთი მიდგომა დაარღვევდა ბალანსს სასამართლოს და კანონმდებლის კომპეტენციებს შორის, შექმნიდა ცდუნებას, მართლმსაჯულებამ ჩაანაცვლოს კანონმდებელი. თუმცა ამ სფეროში შესვლისას სასამართლოს სიფრთხილე უსაფუძვლო და უადგილო გახდება, როდესაც სასჯელის ზომა აშკარად არაგონივრული და არაპროპორციულია. სასამართლო უფლებამოსილია და ვალდებულიც, შეაფასოს იმ სასჯელთა კონსტიტუციურობა, რომელთა არაადეკვატურობის, არაპროპორციულობის დონე მნიშვნელოვან ხარისხს აღწევს, დისბალანსი მკაფიოდ, მკვეთრად გამოხატულია. რადგან ასეთ შემთხვევაში სასჯელი სცდება თავის მიზნებს და გაუმართლებლად ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).
28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თუ სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის განმსაზღვრელი, ამოსავალი არის ის განსაცდელი, ტკივილი, სტრესი, რასაც განიცდის ადამიანი, ამასთან, როდესაც სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება იწვევს ადამიანის ამა თუ იმ უფლებაში/უფლებებში (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, თანასწორობის და სხვა) ჩარევის ისეთ ინტენსივობას, რომელიც აშკარად სცდება კონსტიტუციით უფლებაში ჩარევისთვის მკაცრად დასაშვებ ფარგლებს, მაშინ შეუძლებელია, რომ არაადამიანურ მოპყრობად და სასჯელად არ იქნეს მიჩნეული ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთა მაშინ, როდესაც ამისთვის საფუძველი და, შესაბამისად, საჭიროება არ არსებობს საერთოდ, ან, როდესაც თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული ვადა აშკარად არაპროპორციულია ჩადენილი ქმედებისთვის საკმარისი პასუხისმგებლობის მიზნების მისაღწევად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).
30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი აქვს სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების ტესტი. „კერძოდ, იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 1) მოწმდება აშკარა არაპროპორციულობა დანაშაულის სიმძიმესა და მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს შორის – კანონმდებლობით ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელი ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად და არაადამიანურ, სასტიკ სასჯელად, თუ მისი ხანგრძლივობა მკვეთრად, უხეშად დისპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, გამოწვევად საფრთხეებთან; 2) კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, მოსამართლემ სასჯელის დაკისრებისას გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ამ ტესტის საფუძველზე შეაფასებს სადავო ნორმას.
31. ამდენად, იმისათვის, რომ შეფასდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელის ინტენსივობა რამდენად პროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, გამოწვევად საფრთხეებთან, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს თავად სსკ-ის 378-ე მუხლის სტრუქტურას, რათა ობიექტურად იყოს აღქმადი ამავე მუხლში გათვალისწინებული კანონმდებლის მიერ შეფასებული თითოეული დანაშაულიდან მომდინარე საფრთხეები და უმართლობის ხარისხი. ცხადია, რომ სსკ-ის 378-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები სხვადასხვაა, თუმცა სამივე დანაშაული უკავშირდება კანონმდებლის მიერ განსაზღვრულ ზოგად უმართლობას – პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლას ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაციას.
32. როგორც ზემოთ აღინიშნა, სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ისჯება პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რასაც თან ახლავს მისი ან/და მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარა თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის სხვაგვარად ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან რვა წლამდე ისჯება პენიტენციურ დაწესებულებაში ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების, ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, ან/და აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა, ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა.
33. ზემოთ წარმოდგენილ ნორმებს შორის აშკარა სხვაობა გამომდინარეობს ორი ასპექტიდან. ერთ შემთხვევაში აშკარაა, რომ სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, პირველ ნაწილთან შედარებით, გაცილებით უფრო სერიოზული დანაშაულია გათვალისწინებული. ამ ნორმაში საუბარია პირის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ძალადობაზე, თავდასხმაზე, რომელსაც პირი სჩადის. ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გამოიხატება პირის მიერ უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობაში, რომელსაც თან ახლავს მუქარა, აგრეთვე დაწესებულების ფუნქციონერებისთვის სხვაგვარად ხელის შეშლა ანდა საქმიანობის დეზორგანიზაცია.
34. ამ ორი დანაშაულის სოციალური საშიშროების სხვადასხვა ხარისხთან დაკავშირებით მეტყველებს კანონმდებლის მიერ შერჩეული პასუხისმგებლობის ზომები. კერძოდ, სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილისთვის გათვალისწინებულია სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირს ემუქრება ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
35. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სსკ-ის მე-12 მუხლი განსაზღვრავს დანაშაულთა კატეგორიებს. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე, კანონმდებლის მიზნებისთვის ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება, რაც, თავისთავად, მიუთითებს ამ დანაშაულიდან მომდინარე საფრთხის შესაბამის ხარისხზე. სსკ-ის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას. სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ისჯება ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ ეს დანაშაული გაცილებით უფრო სერიოზულ საფრთხედ არის მიჩნეული, ვიდრე ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
36. ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ამ დანაშაულთა სოციალური საშიშროებიდან მომდინარე საფრთხეების და საჭიროების თვალსაზრისით, ეს ორი დანაშაული კანონმდებლისთვის სხვადასხვა სიმძიმის და მნიშვნელობის მატარებელია. თუმცაღა, სადავო ნორმის მიხედვით, ნაკლებად მძიმე დანაშაულის არაერთგზის ჩადენა ისჯება იმავე სასჯელით, როგორითაც მძიმე დანაშაულის არაერთგზის ჩადენა.
37. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელის კონსტიტუციურობის შემოწმებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის პოზიცია სასჯელის მიზნებთან დაკავშირებით, ვინაიდან კონსტიტუციის ფარგლებში კონკრეტული დანაშაულისთვის შესაბამისი საფრთხეების ანალიზისა და საზოგადოებრივი საჭიროების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი სასჯელის განსაზღვრის კომპეტენცია ექსკლუზიურად კანონმდებელს გააჩნია (იხ. §24-26). ცხადია, რომ სასამართლო ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომლის ფუნქცია მართლმსაჯულების განხორციელებაა, პარლამენტი კანონშემოქმედების პროცესში ბევრად უფრო ახლო დგას და უფრო მეტი ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ ობიექტურად შეაფასოს ესა თუ ის სოციალური საშიშროება და ემპირიული დასკვნების საფუძველზე განსაზღვროს მასთან ბრძოლის შესაძლო ეფექტური გზები. ამიტომაც არის, რომ „ქმედების დასჯადად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად ... საშუალება არ მიეცეს სამართალშემფარდებელს, სამოსამართლეო პრაქტიკის საფუძველზე, თავად შექმნას სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობა“ (mutatis mutandis იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). იგივე უნდა ითქვას დასჯადი ქმედებისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრის შესახებ.
38. მართალია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სადავო ნორმის განმარტება ითვლება ამ ნორმის რეალურ განმარტებად, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც საერთო სასამართლოების მიერ ნორმის განმარტება უშუალოდ დაუპირისპირდება კანონმდებლის ნებას და დაადგენს ახალი დანაშაულის შემადგენლობას ანდა ამა თუ იმ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელისგან განსხვავებულ სასჯელს განსაზღვრავს, საფრთხე ექმნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. მნიშვნელოვანია იმის გათვითცნობიერება, რომ, ზოგადად, დემოკრატიისა და კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის ერთ-ერთ მთავარ გარანტორს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი წარმოადგენს, რომლის დანიშნულებაა, არ მოხდეს ძალაუფლების კონცენტრაცია მხოლოდ ერთ სახელისუფლებლო შტოში და გამოირიცხოს ამა თუ იმ ორგანოს მიერ მისთვის კონსტიტუციით მიუნიჭებელი ფუნქციების განხორციელება.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდეს საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას, იმისათვის, რომ გაირკვეს, რა წარმოადგენდა სასჯელის მიზანს, რომელიც განსაზღვრულია მოსარჩელის მიერ უკანონო ქმედების ჩადენის შემთხვევაში.
40. ყურადსაღებია, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი არ ვრცელდება და არ უნდა გავრცელებულიყო ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობაზე. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების მტკიცებით, სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილში გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოებები დაკავშირებულია ამავე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრული დანაშაულის შემადგენლობასთან, რაზეც მიუთითებს სადავო ნორმის ფორმულირება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სსკ-ის 378-ე მუხლში გაწერილი სიტყვები „იგივე ქმედება“ ექსპლიციტურად მიუთითებს წინა (მე-3) ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე და შეუძლებელია, იგი გავრცელდეს ამავე მუხლში გათვალისწინებულ სხვა დანაშაულის შემადგენლობებზე.
41. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში გაუგებარია საქართველოს პარლამენტის პოზიცია. თუ კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენდა სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების რვიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯა, მაშინ რატომ არ შეცვალა და საკმარისი სიცხადით არ ჩამოაყალიბა საკუთარი ნება მას შემდეგ, რაც საერთო სასამართლოებმა ამ ნორმას, პარლამენტისვე განმარტებით, სხვა შინაარსი შესძინეს?! თუკი სამართალშეფარდების პროცესში კონკრეტული ნორმა კანონმდებლის ნებისგან განსხვავებულად განიმარტება, კანონმდებელსვე შეუძლია ამ ნორმის ისეთი სახით მოდიფიცირება, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს მის ნებას.
42. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან მხოლოდ იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის არაერთგზის ჩამდენის დასჯა რვიდან ათ წლამდე არასოდეს ყოფილა კანონშემოქმედის მიზანი. ამ დანაშაულის ხელმეორედ ჩადენა, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, კვლავ უნდა დაკვალიფიცირებულიყო არა უმეტეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთით. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს ეს დანაშაული არასოდეს აუყვანია საშიშროების იმ ხარისხში, რომ მისი დასჯა, თუნდაც ხელმეორედ, სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით მომხდარიყო.
43. მაშასადამე, ეს იმას ნიშნავს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებულ სასჯელს, რომელიც შეეფარდა მოსარჩელეს, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა რვიდან ათ წლამდე, რომელიც ვრცელდება სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობაზე, საერთოდ არ გააჩნია მიზანი, რაც, თავისთავად, მის აშკარა არაპროპორციულობაზე მიუთითებს.
44. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №703 („საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედებისათვის დადგენილი სასჯელის ზომის („ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე“) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ვრცელდება ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არაერთგზის ჩადენაზე.
2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
დოკუმენტის კომენტარები