მზღვეველების მიერ ანგარიშგებისა და გარეაუდიტორული დასკვნის გამოქვეყნების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ

მზღვეველების მიერ ანგარიშგებისა და გარეაუდიტორული დასკვნის გამოქვეყნების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 20/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016034
26
20/10/2017
ვებგვერდი, 23/10/2017
290160000.60.072.016034
მზღვეველების მიერ ანგარიშგებისა და გარეაუდიტორული დასკვნის გამოქვეყნების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №26

2017 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

მზღვეველების მიერ ანგარიშგებისა და გარეაუდიტორული დასკვნის გამოქვეყნების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 21-ე მუხლის „მ” და „რ” ქვეპუნქტების, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება №102-ის თანახმად დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:


მუხლი 1
1. დამტკიცდეს ,,მზღვეველების მიერ ანგარიშგებისა და გარეაუდიტორული დასკვნის გამოქვეყნების ფორმა და წესი“ თანდართული სახით.

2. მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების სისტემატურად და სრულყოფილად შესრულება.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიკონსტანტინე სულამანიძე



მზღვეველების მიერ ანგარიშგებისა და გარეაუდიტორული დასკვნის გამოქვეყნების ფორმა და წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ქვეყანაში სადაზღვევო სექტორისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებისა და საბაზრო დისციპლინის განმტკიცებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მზღვეველთა ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობა.

2. სადაზღვევო სექტორის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობა მიიღწევა მზღვეველების მიერ სტატისტიკურ და ფინანსურ ანგარიშგებათა საჯაროობით.

3. ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგებების საჯარო გამოქვეყნება ხელს შეუწყობს  დაინტერესებულ პირთა ფართო ფენების, უპირველეს ყოვლისა, დამზღვევის/დაზღვეულების/მოსარგებლეების და პოტენციურ ინვესტორთა ინფორმირებას მზღვეველის რისკებისა და მის მიერ  ამ რისკების მართვის ძირითად მიმართულებებზე, მზღვეველის   საქმიანობის შედეგებსა და ფინანსური მდგომარეობაზე, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს როგორც სადაზღვევო პროდუქტის რეალიზაციის, ასევე ინვესტორთა მოზიდვის მიმართულებით.

4. ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მზღვეველები ვალდებულნი არიან წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებისა და გარეაუდიტორული დასკვნის  გამოქვეყნების პარალელურად განახორციელონ ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგებების გამოქვეყნება კვარტალურად და წლიურად ამ წესით დადგენილი ფორმითა და  ვადების დაცვით, თანდართული დანართის  (ფორმა №1, ფორმა №2 და ფორმა №3) მიხედვით.

5. კვარტალური და წლიური ანგარიშგება შედგება სამი ფორმისგან:

ა) ფორმა №1  – „ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება  (საბალანსო უწყისი)“;

ბ) ფორმა №2  – „სრული შემოსავლის ანგარიშგება (მოგება-ზარალის უწყისი)“;

გ) ფორმა №3  – „საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პირდაპირი დაზღვევის საქმიანობისა და გადაზღვევის (მიღებული) საერთო მონაცემები“.

6. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა მზღვეველისთვის.

7. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – ,,სამსახური“) გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სანქციებს.


მუხლი 2. წესში გამოყენებული  ცნებების განმარტებები და განსაზღვრებები
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კვარტალური ანგარიშგება – ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგება, რომელიც მოიცავს რაოდენობრივ, ფინანსურ და სხვა ინფორმაციას საანგარიშო კვარტლის მიხედვით. ამასთან, ამ წესით დადგენილ ფორმებში რაოდენობრივი/ფინანსური მონაცემები აისახება:

ა.ა) მარტი    1-3 თვის მონაცემების ჯამი;

ა.ბ) ივნისი 1–6 თვის მონაცემების ჯამი;

ა.გ) სექტემბერი 1–9 თვის მონაცემების ჯამი;

ბ) წლიური ანგარიშგება – ამ წესით განსაზღვრული ფორმით მომზადებული წლიური ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგება, რომელიც მოიცავს რაოდენობრივ, ფინანსურ და სხვა ინფორმაციას საანგარიშო წლის მიხედვით ამ წესით დადგენილი ფორმების შესაბამისად.  ფორმებში რაოდენობრივი/ფინანსური ინფორმაცია აისახება 1–12 თვის მონაცემების ჯამის შესაბამისად.

2. ამ წესში გამოყენებულ ყველა სხვა ტერმინს აქვს ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით,  „მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №2 ბრძანებითა და ,,მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2013 წლის 24 დეკემბრის №3 ბრძანებით გამოყენებული ცნებების მნიშვნელობა, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.


მუხლი 3. მზღვეველის ფინანსურ ანგარიშგებათა და გარეაუდიტორული დასკვნის გამოქვეყნება
1. ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მზღვეველმა უნდა გამოაქვეყნოს კვარტალურად მარტის, ივნისის, სექტემბრის, აგრეთვე, დეკემბრის – წლიური ანგარიშგება, აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა ამ წესით დადგენილ ვადებში.

2. მზღვეველის სტატისტიკური და  ფინანსური ანგარიშგებები და გარეაუდიტორული დასკვნა ექვემდებარება განთავსებას მზღვეველის საკუთარ ვებგვერდზე.

3. მზღვეველის ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგებები მზღვეველის საკუთარ ვებგვერდზე უნდა განთავსდეს შემდეგ ვადებში:

ა) კვარტალური – საანგარიშგებო კვარტალის დამთავრებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის განმავლობაში;

ბ) წლიური – საანგარიშო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 75 კალენდარული დღის განმავლობაში;

გ) წლიური აუდიტირებული – არაუგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 15 მაისამდე.

4. კვარტალური და წლიური, ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგებები უნდა გამოქვეყნდეს ამ წესის თანდართული დანართით დადგენილი ფორმით.

5. ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილ და სამსახურში წარდგენილ აუდიტირებულ წლიურ ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად მზღვეველმა უნდა გამოაქვეყნოს გარეაუდიტორების მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნა,  ხოლო კონსოლიდირებული აუდიტირებული დასკვნის  წარმოდგენის შემთხვევაში  ასევე გამოაქვეყნოს  თავისი, როგორც ცალკე სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება.

6. ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია   გამოაქვეყნოს სადაზღვევო საქმიანობის შედეგები ამ წესის დანართი ფორმა №3-ის მიხედვით.


მუხლი 4. მზღვეველის ვალდებულება
1. მზღვეველი ვალდებულია:

ა)   მოამზადოს სრული, უტყუარი ანგარიშგება სამსახურის  მიერ ამ წესით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად ელექტრონული ფორმისა და ფორმულების დაცვით და განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე, ამასთან, ანგარიშგებებს მზღვეველი აქვეყნებს სრულად, ფორმების წყობისა და ფორმულების დაცვით, მიუხედავად იმისა, ექვემდებარება, თუ არა ფორმა შევსებას;

ბ) ყოველწლიურად მოიწვიოს გარეაუდიტორი და უზრუნველყოს წლიური ფინანსური ანგარიშგების გარეაუდიტორული შემოწმება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად არა უგვიანეს საანგარიშგებო წლის დამთავრებიდან მომდევნო წლის 15 აპრილამდე.

2. მზღვეველი პასუხისმგებელია დანერგოს და შეინარჩუნოს ანგარიშგებების საჯაროობის ვალდებულების შესრულების შიდა კონტროლის ეფექტური სტრუქტურა.

3. მზღვეველის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგებების სამსახურის ხელთ არსებულ ინფორმაციასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მზღვეველი ვალდებულია სამსახურისგან აღნიშნულის თაობაზე წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამოაქვეყნოს უტყუარი ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგება.


მუხლი 5. სამსახურის უფლებამოსილება
1. სამსახური უფლებამოსილია, შეამოწმოს მზღვეველის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.

2. სამსახური უფლებამოსილია, მზღვეველის მიერ ამ წესის შესაბამისად გამოქვეყნებას დაქვემდებარებული მონაცემები დაამუშაოს, გამოიყენოს, მათ შორის, გამოაქვეყნოს დამუშავების შედეგები სამსახურის ვებგვერდზე.