დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ელიტ კონსტრაქშენ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2039 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/09/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024762 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2039
2017 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ელიტ კონსტრაქშენ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე 20366.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2 (დანგრეული), №3 (დანგრეული), №4 (დანგრეული), №5 (აუზი), №6 (დანგრეული), №7 (დანგრეული) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.34.25.664) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 931 000 (ცხრაას ოცდათერთმეტი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპს“ (ს.კ: 445514658).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის (931 000 (ცხრაას ოცდათერთმეტი ათასი) ლარი) გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ა.ა) არაუგვიანეს 2017 წლის 20 დეკემბრისა არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის გადახდა;
ა.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში ჯამში არანაკლებ 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის გადახდა;
ა.გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში საპრივატიზებო თანხის სრულად გადახდა;
ბ) პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარება/განაშენიანება (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლებელია, არ შემოიფარგლებოდეს) კომერციული/საოფისე/კვების დანიშნულების ობიექტ(ებ)ს, სპორტულ მოედანს, არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს);
გ) პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 4 000 000 (ოთხი მილიონი) (დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;
დ) შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპი“ ვალდებულია, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით და რომელიც მისი მოქმედების პერიოდში უზრუნველყოფს ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები