„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 441
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/10/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 441, 06/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
441
18/10/1996
პარლამენტის უწყებანი, 441, 06/11/1996
0000.00.00.000000
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

 საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის V კარი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კარი V

პარლამენტის წევრის კითხვა, დეპუტატთა არანაკლებ ათკაციანი ჯგუფისა და საპარლამენტო ფრაქციის შეკითხვა, სამთავრობო მოსმენა და შეკითხვის საათი

თავი XVII. პარლამენტის წევრის კითხვა, დეპუტატთა არანაკლებ ათკაციანი ჯგუფისა და საპარლამენტო ფრაქციის შეკითხვა

    მუხლი 64

პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ (პასუხისმგებელ) ორგანოს, მთავრობის წევრს, ქალაქის მერს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელს და მიიღონ მათგან პასუხი.

პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ათკაციან ჯგუფს, საპარლამენტო ფრაქციას უფლება აქვს შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ (პასუხისმგებელ) ორგანოს, მთავრობის ცალკეულ წევრს, რომლებიც ვალდებულნი არიან დასმულ შეკითხვას უპასუხონ პარლამენტის სხდომაზე.

პასუხს ხელს აწერენ მხოლოდ ამ მუხლში ჩამოთვლილი სუბიექტები ან შესაბამისი ორგანოების ხელმძღვანელი პირები.

    მუხლი 65

კითხვა ან შეკითხვა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი. ზეპირი შეკითხვა (კითხვა) შეიძლება დაისვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მაგრამ არა უგვიანეს თხუთმეტი დღისა სესიის დამთავრებამდე.

წერილობითი შეკითხვის (კითხვის) ტექსტს პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ათკაციანი ჯგუფის ან საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელი, აგრეთვე პარლამენტის წევრი აბარებს პარლამენტის აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას სპეციალურ დავთარში და გასცემს წერილობითი შეკითხვის (კითხვის) წარმოდგენის დამადასტურებელ ცნობას.

პარლამენტის აპარატი შემოსული წერილობითი შეკითხვის (კითხვის) ტექსტს ამრავლებს განსაზღვრული რაოდენობით და 24 საათში გადასცემს ადრესატს.

    მუხლი 651.

თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც წერილობითი შეკითხვით (კითხვით) მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს 10 დღეში წარუდგინოს წერილობითი პასუხი. შესაბამის თანამდებობის პირს, წერილობითი შეკითხვის (კითხვის) ავტორთან შეთანხმებით არა უმეტეს 10 დღისა შეიძლება გაუგრძელდეს წერილობით შეკითხვაზე პასუხის გაცემის ვადა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ზეპირი კითხვის დასმიდან ორი დღის ვადაში პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს ზეპირი კითხვა გააცნოს შესაბამის თანამდებობის პირს, რომელიც ვალდებულია, არა უგვიანეს ერთი კვირისა, პარლამენტს წარუდგინოს წერილობითი პასუხი.

შესაბამის თანამდებობის პირს ზეპირი კითხვის ავტორთან შეთანხმებით, არა უმეტეს ერთი კვირისა, შეიძლება გაუგრძელდეს ზეპირ კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა.

თანამდებობის პირის მიერ ზეპირ კითხვაზე გაცემულ პასუხს პარლამენტის აპარატი გადასცემს ზეპირი კითხვის ავტორს.

თანამდებობის პირს უფლება აქვს უარი თქვას კითხვაზე პასუხის გაცემაზე, თუ ინფორმაცია სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებას შეიცავს.

ის კითხვა, რომელსაც პასუხი არ გაეცემა ამ მუხლით დადგენილ ვადაში და წესით, ავტომატურად დაისმება უახლოეს სამთავრობო მოსმენაზე.

    მუხლი 66

პარლამენტის წევრს, დეპუტატთა სულ ცოტა ათკაციან ჯგუფს, საპარლამენტო ფრაქციას უფლება აქვს ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოს საკუთარი წერილობითი თუ ზეპირი შეკითხვა (კითხვა).

თავი XVIII. სამთავრობო მოსმენა და შეკითხვის საათი

    მუხლი 67

პარლამენტის სესიის მსვლელობის დროს ყოველ თვე, სხდომათა პირველი კვირის პარასკევს, იმართება სამთავრობო მოსმენა, ხოლო სხდომათა მეორე კვირის პარასკევს _ შეკითხვის საათი.

    მუხლი 671

სამთავრობო მოსენა იმართება მთავრობის წევრების და პარლამენტის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით დღის 17 საათიდან.

სამთავრობო მოსმენამდე 5 დღით ადრე მაინც, მთავრობის წევრები სამთავრობო მოსმენისათვის წინასწარ განსაზვრულ საკითხებს სათანადო არგუმენტაციით, წერილობითი ფორმით წარუდგენენ პარლამენტს შესაბამისი კომიტეტებისათვის გადასაცემად და დეპუტატებს შორის გასავრცელებლად.

სამთავრობო მოსმენამდე 7 დღით ადრე მაინც, პარლამენტის მიერ სამთავრობო მოსმენისათვის წინასწარ განსაზღვრული საკითხები სათანადო არგუმენტაციით, წერილობითი ფორმით დაეგზავნება მთავრობას, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, დეპუტატებს. საჭიროების შემთხვევაში სამთავრობო მოსმენის დრო შეიძლება გაგრძელდეს პარლამენტის გადაწყვეტილებით. მოსმენას შეიძლება დაესწროს ყველა მინისტრი.

სამთავრობო მოსმენის დროს პარლამენტის წინაშე 5-წუთიანი ინფორმაციით წარსდგებიან მხოლოდ მინისტრები. მინისტრის ინფორმაციის მოსმენის შემდეგ გამოდის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელი, რომელსაც ეთმობა 5 წუთამდე მთავრობის მიერ წამოჭრილი საკითხების განსახილველად.

დეპუტატთა იმ კითხვებზე, რომლებზეც დროულად არ იქნა გაცემული პასუხი, მინისტრს ეძლევა არა უმეტეს სამი წუთისა თითოეულ კითხვაზე.

    მუხლი 672

მთავრობის წევრებისათვის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისათვის დასმული შეკითხვის საათი იმართება საპარლამენტო ფრაქციების და დეპუტატთა არანაკლებ 10-კაციანი ჯგუფის მიერ წინასწარ დასმული შეკითხვების საფუძველზე, დღის 17 საათიდან. საჭიროების შემთხვევაში შეკითხვის საათის დრო შეიძლება გაგრძელდეს პარლამენტის გადაწყვეტილებით.

შეკითხვის საათს შეიძლება დაესწროს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ყველა ორგანოს ხელმძღვანელი და მინისტრი.

შეკითხვის საათის დროს დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად პარლამენტის წინაშე შესაბამისი ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს ან მინისტრს ეძლევა 5 წუთამდე. პარლამენტის წინაშე შესაბამისი ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს ან მთავრობის შესაბამის წევრს, შეკითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, პასუხის არსიდან გამომდინარე, შეიძლება დასვათ ერთწუთიანი კონკრეტული კითხვები, რომლებსაც მთლიანობაში ეთმობა არა უმეტეს 15 წუთისა. თითოეულ ასეთ კითხვაზე პასუხის გასაცემად პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს და მინისტრს ეძლევათ ორ წუთამდე. 

    მუხლი 673

ამ რეგლამენტით დადგენილი წესით სამთავრობო მოსმენაზე და შეკითხვის საათზე დასმული საკითხები შეიძლება გახდეს საპარლამენტო განხილვის საგანი, რისთვისაც გადაწყვეტილების პროექტის მოსამზადებლად შეიძლება შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედის შეკითხვის და ინფორმაციის ან საკითხების ინიციატორთა, სულ ცოტა თითო წარმომადგენელი.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ზ. ჟვანია

თბილისი,

1996 წლის 18 ოქტომბერი.

441Iს