საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
დოკუმენტის ნომერი 177/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2017
ძალაში შესვლის თარიღი 21/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016502
177/1
21/09/2017
ვებგვერდი, 12/10/2017
480610000.03.030.016502
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კაბო ვერდეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი),

ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, კერძოდ: სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, სუვერენული თანასწორობის პატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით;

ითვალისწინებენ რა პოლიტიკური კონსულტაციების გამართვისა და საერთო ინტერესის რეგიონულ და გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დონეზე აზრთა გაზიარების სარგებლიანობას;

სურვილი აქვთ რა, გააძლიერონ თანამშრომლობა და ორმხრივი კონტაქტები ორი სახელმწიფოს საგარეო უწყებებს, დიპლომატიურ მისიებსა და სხვა წარმომადგენლობებს შორის,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

1. მხარეები ურთიერთშეთანხმებით ჩაატარებენ რეგულარულ შეხვედრებსა და კონსულტაციებს იმ საკითხებზე, რომლებიც შედის მათი კომპეტენციების სფეროში.

2.   შეხვედრები/კონსულტაციები მოიცავს შემდეგს:

a)  პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;

b)  ორმხრივი, რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც წარმოადგენს მხარეების საერთო ინტერესს;

c) საერთო ინტერესის საკითხებს, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც ორივე მხარის სახელმწიფოა.

მუხლი 2

1. შეხვედრები/კონსულტაციები მონაცვლეობით გაიმართება მხარეთა სახელმწიფოებში.

2. მხარეები წინასწარ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, განსაზღვრავენ დელეგაციების დონეს, ასევე შეხვედრების/კონსულტაციების თარიღებსა და დღის წესრიგს.

მუხლი 3

მხარეებს შეუძლიათ ერთობლივი შეთანხმებით შექმნან სამუშაო ჯგუფები ან ექსპერტთა ჯგუფები ცალკეული საკითხების შესწავლის მიზნით.

მუხლი 4

მხარეები მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს თავიანთ შესაბამის წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, თავიანთ ორ სახელმწიფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების, საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში, ყველა ქვეყანასთან ერთად, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.

მუხლი 5

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის, კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში, და ინიციატივების განხორციელებას იმ შეთანხმებების, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმების მიზნით, რომლებიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა განმტკიცებისკენ.

მუხლი 6

მხარეებს შორის წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 7

მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს. 

მუხლი 8

1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან, მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით.

2. თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედება, მეორე მხარისთვის ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.

 

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2017 წლის 21 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ინგლისურ ენაზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

 

 

საქართველოს

 საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

კაბო ვერდეს რესპუბლიკის

საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით