დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „GOGC Trading SA“-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 458 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/10/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 12/10/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.10.003.020167 |
|
სს „GOGC Trading SA“-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სს „GOGC Trading SA“-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილების მოქმედების ვადად განისაზღვროს გამოქვეყნებიდან 2 წელი.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
სს „GOGC Trading SA“-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სს „GOGC Trading SA“-ის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს სს „GOGC Trading SA“-ის მიერ საქონლისა (დანართი №1) და მომსახურების (დანართი №2) შესყიდვების სპეციალურ წესს. 2. ამ წესის მიზანია შემსყიდველი ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საქონლისა და მომსახურების შესყიდვების პროცედურების გამარტივება, სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეუფერხებლად გატარება. 3. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 4. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვების განხორციელების ძირითადი პრინციპებია: ა) შესყიდვების განხორციელების აუცილებლობა; ბ) რაციონალურობა; გ) ეკონომიკური ეფექტიანობა. მუხლი 2. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ წესის დანართ №1-ითა და დანართ №2-ით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – სს „GOGC Trading SA“; გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი, მომსახურება; დ) საქონელი – წესის დანართ №1-ში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული საქონლის სახეები; ე) მომსახურება – წესის დანართ №2-ში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული მომსახურების სახეები; ვ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ; ზ) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა; თ) ნავთობპროდუქტი – ბენზინი, დიზელის საწვავი, ნავთი, მაზუთი, საზეთი მასალა და სხვა სახის პროდუქტი, რომელიც მიიღება ნედლი ნავთობის ან/და ნედლი ნავთობისაგან მიღებული პროდუქტის საფუძველზე ან/და მათი გადამუშავებით, გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების ჩათვლით; ი) ტრეიდინგი – ნედლი ნავთობის ან/და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა (ამ წესის მიზნებისთვის ვაჭრობაში იგულისხმება შესყიდვა). მუხლი 3. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები 1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია: ა) განახორციელოს ტრეიდინგი; ბ) შეარჩიოს მიმწოდებელი, გააფორმოს მასთან შესაბამისი შესყიდვის ხელშეკრულება და თავისუფლად განსაზღვროს ამ ხელშეკრულების პირობები; გ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი; დ) შეწყვიტოს შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედება ხელშეკრულების შესაბამისად. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია: ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები ამ წესით გათვალისწინებული პირობების დაცვით; ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები 1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება შესყიდვის პროცედურასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობებს: ა) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას; ბ) მიმწოდებლის შერჩევას შესყიდვის შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა. 3. თუ შესყიდვაში მონაწილე პრეტენდენტი ან მიმწოდებელი არის სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია, ინტერესთა კონფლიქტს ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელ ფიზიკურ პირსა და პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობა, გარდა ამ ნაწილის „გ – ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ურთიერთობისა. მუხლი 5. შესყიდვის საშუალება 1. ამ წესის №1 და №2 დანართებით საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ამ წესით გათვალისწინებული პირობების დაცვით. 2. საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას შემსყიდველი ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული წესით იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი/ორგანო. 3. გადაწყვეტილება ტრეიდინგის ან/და ტრეიდინგთან დაკავშირებული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის თაობაზე, კონკრეტული შესყიდვის განხორციელებამდე, უნდა შეთანხმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთან/ორგანოსთან. მუხლი 6. შესყიდვის ხელშეკრულების დადება 1. ამ წესის დანართ №1-სა და დანართ №2-ში მითითებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით, შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის იდება წერილობითი ხელშეკრულება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს შემდეგი დოკუმენტაციით: ა) ინვოისით, რომელშიც განსაზღვრული იქნება შესყიდვის ობიექტის დასახელება და შესყიდვის ობიექტის ღირებულება ან/და ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით ან კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი სხვა სამართლით გათვალისწინებული დოკუმენტაციით. 2. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, საქართველოში მოქმედი შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდელობის შესაბამისად, განახორციელოს ბიზნესგეგმის/შესყიდვების გეგმის, ხელშეკრულების, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშის წარდგენა. მუხლი 7. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის მიერ. მუხლი 8. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დანართი №1 სს „GOGC Trading SA“-ის მიერ შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი
დანართი №2
სს „GOGC Trading SA“-ის მიერ შესასყიდი მომსახურების ჩამონათვალი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები