დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 452 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.10.003.020161 |
|
საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესები.
|
| მუხლი 2 |
საგანგებო მართვის გეგმები საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტებმა კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაონ და დაამტკიცონ არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საგანგებო მართვის გეგმის (შემდგომში – გეგმა) მომზადების წესები განსაზღვრავს გეგმის მომზადების ძირითად მოთხოვნებსა და პირობებს. 2. გეგმას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებენ და ამტკიცებენ საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) შეთანხმებით. 3. ამ წესების მოქმედება არ ვრცელდება სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მფლობელობაში არსებული ობიექტების, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მქონე ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ შემუშავებულ გეგმებზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – საგანგებო სიტუაციის დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან ადამიანის, მისი სასუნთქი ორგანოების, სახისა და კანის დასაცავი ინდივიდუალური საშუალებები; ბ) პირველი რიგის ამოცანები – საგანგებო სიტუაციის დროს პირველი 5 დღის განმავლობაში ჩასატარებელ რეაგირების ღონისძიებებთან დაკავშირებული ამოცანები; გ) მზადყოფნის ღონისძიებები – სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტებისა და მოსახლეობის მომზადების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა და კომპლექსური კონტროლის ზომები; დ) დომინოს ეფექტი – ერთმანეთთან ახლოს განლაგებული საწარმოებიდან მომდინარე საფრთხეების თანმიმდევრული განვითარება, რა დროსაც არსებობს მასშტაბური ავარიის რისკი ან მოსალოდნელია უარყოფითი შედეგების გაზრდა; ე) ექსტრემალური პირობები – ნგრევის დიდი მასშტაბები, წლისა და დღე-ღამის ყველაზე არახელსაყრელი პერიოდი ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისას გასათვალისწინებელი სხვა განსაკუთრებული პირობა. მუხლი 3. გეგმის მომზადების მოთხოვნები 1. გეგმის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) ავარიების, კატასტროფებისა და სტიქიური უბედურების შედეგად შექმნილი ვითარებისა და საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის რეალური საფრთხის პროგნოზი; ბ) მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის უარყოფითი შედეგები; გ) არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსების ანალიზი და შეფასება; დ) მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების შედეგების საპროგნოზო რუკა; ე) ექსტრემალური პირობები; ვ) მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეფექტიანი ღონისძიებები, განსაკუთრებით, პირველი 5 დღის მანძილზე განსახორციელებელი მოქმედებები. 2. გეგმა ექვემდებარება ყოველწლიურ, ხოლო ახალი საფრთხის გამოვლენის ან/და გეგმაში ასახული მონაცემების არსებითი ცვლილებების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ განახლებას. 3. გეგმის განახლებისას ხდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და სწავლების დროს მიღებული პრაქტიკული გამოცდილებისა და შედეგების გათვალისწინება. მუხლი 4. გეგმის მომზადების ეტაპები 1. გეგმის მომზადება მოიცავს ოთხ ეტაპს: ა) პირველი ეტაპი – მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის შეფასება და საგანგებო სიტუაციის შედეგების პროგნოზირება; ბ) მეორე ეტაპი – საგანგებო სიტუაციის პრევენციის, მასზე მზადყოფნის მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების (შემდგომში – რეაგირების ძალები) და რესურსების შეფასება; გ) მესამე ეტაპი – საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დაგეგმვა; დ) მეოთხე ეტაპი – აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა. 2. პირველი ეტაპი მოიცავს: ა) შესაბამისი ორგანოებიდან/ორგანიზაციებიდან მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციისა და რესურსების შესახებ მონაცემების მოპოვებას, დამუშავებასა და საინფორმაციო ბაზის შექმნას; ბ) მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის სახისა და მასშტაბის დადგენას; გ) რისკის განსაზღვრას რისკის რუკის საფუძველზე. მოცემულ ტერიტორიაზე ნგრევისა და დაზიანების სავარაუდო რაიონების განსაზღვრას ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური, გეოლოგიური, ჰიდრომეტეოროლოგიური, სეისმური და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით; დ) საინჟინრო გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის რუკების საფუძველზე კაბელების, მილსადენებისა და სხვა საკომუნიკაციო ქსელების ყველაზე სუსტი ადგილების გამოვლენას; ე) მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის მეორადი შედეგების პროგნოზირებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ვ) ობიექტების, მათ შორის, წყალსადენის, ელექტრომომარაგების ხაზების, საავტომობილო გზების, აეროპორტების შესაძლო დაზიანების მასშტაბის განსაზღვრას; ზ) მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციით დაზარალებულთა/ დაღუპულთა სავარაუდო რაოდენობის განსაზღვრას. 3. მეორე ეტაპი მოიცავს: ა) პრევენციული ღონისძიებების შეფასებასა და შემუშავებას; ბ) რეაგირების ძალების სახის, რაოდენობის, შესაძლებლობების, მათ შორის, საკომუნიკაციო საშუალებების, ამოცანების, გადაადგილების მარშრუტების, დისლოკაციის ადგილების, საველე ოპერაციების ცენტრების, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ოპერატიული ცენტრებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ან/და ობიექტების საგანგებო შტაბის განსაზღვრას; გ) რეაგირების ძალების მოქმედებების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი რესურსების, მათ შორის, სამაშველო ტექნიკა-აღჭურვილობისა და მედიკამენტების საჭიროების განსაზღვრას; დ) საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის ღონისძიებების შემუშავებას. 4. მესამე ეტაპი მოიცავს: ა) მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების, მისი ლოკალიზაციის, აგრეთვე ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და მცენარეების, მატერიალური ფასეულობების დაცვის მიზნით, მეორადი შედეგების წარმოშობის თავიდან აცილებისა და ლოკალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრას; ბ) საგანგებო სიტუაციებით სავარაუდოდ მიყენებული ზარალისა და დანაკარგების თავიდან აცილების ან შემცირების ღონისძიებებისა და ვადების განსაზღვრას; გ) ობიექტის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებების განსაზღვრას; დ) საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების განსაზღვრას; ე) სხვა გადაუდებელი სამუშაოების დაგეგმვას. 5. მეოთხე ეტაპი მოიცავს საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების მოცულობისა და ჩატარების ვადების განსაზღვრას. მუხლი 5. გეგმის შინაარსი 1. გეგმა დგება ამ წესების დანართ №1-ის შესაბამისად. 2. გეგმაში პრევენციული, მიტიგაციური, მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ღონისძიებები განისაზღვრება მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის სცენარების შესაბამისად. 3. გეგმაში რისკის განსაზღვრა ხორციელდება „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. 4. ყოველდღიური საქმიანობის რეჟიმში – საგანგებო სიტუაციის საფრთხის არარსებობის დროს გეგმა ითვალისწინებს: ა) საგანგებო სიტუაციის რისკის შესახებ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანოების, მოსახლეობის შეტყობინების სისტემის ორგანიზებასა და სრულყოფას; ბ) მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების ღონისძიებებს, მათი განხორციელების წესსა და ვადებს, რეაგირების ძალებსა და საშუალებებს; გ) რეაგირების ძალებისა და საშუალებების, არსებული დამცავი ნაგებობებისა და დაცვისთვის განკუთვნილი სხვა სათავსების მზადყოფნის უზრუნველყოფას, მიწისზედა დამცავი შენობა-ნაგებობების ჰერმეტულობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფას; დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგის შექმნას; ე) ევაკუაციის ღონისძიებების დაგეგმვას; ვ) სამედიცინო და ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვას; ზ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებსა და წარმოების უსაფრთხოდ, ზიანის გარეშე გაჩერებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვას; თ) „დომინოს ეფექტის“ წარმოშობის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას. 5. გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმში – საგანგებო სიტუაციის რისკის დროს გეგმა ითვალისწინებს: ა) საგანგებო სიტუაციის რისკის შესახებ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანოების, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში ჩართული ხელმძღვანელი პირებისა და მოსახლეობის შეტყობინებას; ბ) საგანგებო სიტუაციის მიტიგაციის ღონისძიებების, მათი განხორციელების ვადების, საჭირო რეაგირების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრას; გ) რეაგირების ძალებისა და საშუალებების, არსებული დამცავი ნაგებობების მზადყოფნაში მოყვანას; დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოსახლეობაზე გაცემას; ე) ავტოტრანსპორტისა და ევაკუაციის ან განცალკევების ადგილების მზადყოფნაში მოყვანას; ვ) სამედიცინო და ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას; ზ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებასა და წარმოების უავარიო გაჩერების უზრუნველყოფას. 6. საგანგებო რეჟიმში – საგანგებო სიტუაციის განვითარების დროს – გეგმა ითვალისწინებს: ა) საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესახებ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანოებისა და მოსახლეობისათვის შეტყობინებას; ბ) საგანგებო სიტუაციის განვითარების პროგნოზირებასა და მასზე მონიტორინგს; გ) საგანგებო სიტუაციის ხასიათის, მასშტაბისა და სიძლიერის შეფასებას; დ) პირველი რიგის ამოცანების, მათი განხორციელების წესისა და ვადების, რეაგირების ძალების გადაადგილების მარშრუტების დაზუსტებას; ე) რეაგირების ძალების მზადყოფნაში მოყვანას, მათი საქმიანობის ორგანიზებას, მათ შორის, დაავადების თავიდან აცილების მიზნით მათი ტანსაცმლისა და ტრანსპორტის სანიტარიულ და სხვა სპეციალურ დამუშავებას; ვ) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; ზ) მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების, მათ შორის, ევაკუაციის განხორციელებას; თ) სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების, მეცხოველეობისა და მემცენარეობის შედეგად მიღებული პროდუქციის დაცვას; ი) მატერიალური ფასეულობების დაცვას; კ) ობიექტის სტაბილური ფუნქციონირების შენარჩუნებისა და აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფას; ლ) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის შესაბამის ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის ორგანიზებას; მ) სააგენტოს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინირებულ მუშაობას; ნ) შედეგების ლიკვიდაციისა და აღდგენითი სამუშაოებისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; ო) მოსახლეობის/ობიექტის სასიცოცხლო რესურსებით უზრუნველყოფას; პ) საგანგებო სიტუაციის დროს გასატარებელი სხვა აუცილებელი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებას. 7. გეგმაში აგრეთვე აისახება სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმით განსაზღვრული შესაბამისი საგანგებო დახმარების ფუნქციები და მათზე პასუხისმგებელი პირები. 8. გეგმის დანართებია: ა) დოკუმენტი საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის შესაბამისი ორგანოს შექმნისა და მისი წევრების ფუნქცია-მოვალეობების შესახებ; ბ) ტერიტორიის/ობიექტის რუკა, საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით; გ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ოპერატიული ცენტრის, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ან/და ობიექტის საგანგებო შტაბის შეტყობინების სქემა; დ) ტერიტორიიდან/შენობებიდან ევაკუაციის გეგმები; ე) საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობისათვის ადრეული, მათ შორის, ლოკალური შეტყობინების სქემა; ვ) ენერგომომარაგების ქსელისა და ლოგისტიკის უზრუნველყოფის სქემები; ზ) სახანძრო-სამაშველო ტექნიკა-აღჭურვილობის ნუსხა; თ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა; ი) იმ ობიექტების მიერ შემუშავებული ნავთობის ან ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების გეგმა, რომლებიც „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ახორციელებენ ნავთობთან ან/და ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებულ ნავთობის ოპერაციებს. მუხლი 6. საინფორმაციო რუკები 1. გეგმის შემუშავებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს საგანგებო სიტუაციების საფრთხის, ენერგომომარაგების ქსელის, ლოგისტიკის უზრუნველყოფისა და მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების შედეგების საპროგნოზო რუკები. 2. ენერგომომარაგების ქსელისა და ლოგისტიკის უზრუნველყოფის რუკები იქმნება საგანგებო სიტუაციების დროს, ობიექტების ენერგო, წყლითა და სტაბილური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საშუალებებით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნულ რუკებზე გრაფიკულად აისახება ის ტერიტორიული ზონები, საიდანაც ობიექტს შესაძლებელია შეუწყდეს აუცილებელი რესურსების მიწოდება, აგრეთვე ოპტიმალური, ალტერნატიული მარშრუტები საჭირო რესურსების მისაღებად. ენერგომომარაგების ქსელისა და ლოგისტიკის უზრუნველყოფის რუკები დგება ობიექტის ირგვლივ, არანაკლებ 10 კმ-იანი ზოლის რადიუსში. 3. მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების შედეგების საპროგნოზო რუკა იქმნება საგანგებო სიტუაციების რისკების რუკის საფუძველზე და მასზე აღინიშნება: ა) შენობა-ნაგებობების ნგრევის სავარაუდო ადგილები; ბ) საკომუნიკაციო სისტემების სავარაუდო დაზიანების უბნები; გ) ხანძარსაშიში და ფეთქებადსაშიში უბნები; დ) ქიმიური და რადიაქტიური ნივთიერებებით შესაძლო დაბინძურების უბნები; ე) გადაადგილების გზებისა და გასასვლელების შესაძლო ჩახერგვის ადგილები; ვ) სანიაღვრე და საკანალიზაციო წყლების მიწის ზედაპირზე ამოსვლისა და მოსალოდნელი დატბორვის ადგილები; ზ) ადამიანთა სიცოცხლისათვის საშიში ზონები, მათ შორის, მაღალი ძაბვის სატრანსფორმატორო სადგურები; თ) სტრატეგიული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები: ხიდები, გვირაბები, ავტომაგისტრალები, რკინიგზა, პორტები, მეტროპოლიტენი, ელექტროსადგურები, დიდი წყალსაცავები. მუხლი 7. საგანგებო მართვის გარე გეგმა 1. სამოქალაქო უსაფრთხოების პირველი კატეგორიის „ა“ და „ბ“ ჯგუფებს მიკუთვნებული ის ობიექტები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ობიექტის გარეთ საფრთხის გავრცელებასთან ან სხვა ობიექტებზე „დომინოს ეფექტის“ შემცველი საფრთხის შესაძლო წარმოშობასთან, უზრუნველყოფენ ობიექტის გარე აქტივობების შესახებ საგანგებო მართვის გარე გეგმის შემუშავებას. 2. საგანგებო მართვის გარე გეგმა დგება ამ წესების დანართ №1-ის შესაბამისად. 3. საგანგებო მართვის გარე გეგმაში გათვალისწინებულია: ა) მასშტაბური სამრეწველო ავარიის განვითარების სცენარის აღწერა, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ობიექტზე და იმ შედეგების აღწერა, რომლებსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ობიექტის გარეთ; ბ) ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ცხოველებზე, გარემოსა და ობიექტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქონებაზე მოსალოდნელი მასშტაბური სამრეწველო ავარიის ზეგავლენა და ამ ზეგავლენის აღმოფხვრის მექანიზმები და ზომები; გ) მასშტაბური სამრეწველო ავარიის შესაძლო შედეგების შემცირების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ამ მიზნით საგანგებო მართვის გარე გეგმის დანერგვა-განხორციელებისათვის აუცილებელი რესურსების კოორდინაციის ზომები; დ) მასშტაბური სამრეწველო ავარიის შედეგების აღმოფხვრისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების ნუსხა და აღწერა, რომლებიც განთავსებულია ობიექტის გარეთ; ე) ობიექტის გარეთ მოსახლეობის ადრეული შეტყობინების ზომები; ვ) მოსალოდნელი მასშტაბური სამრეწველო ავარიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისა და აღდგენითი სამუშაოების მხარდასაჭერად ობიექტის გარეთ გასატარებელი ზომები. აგრეთვე მასშტაბური სამრეწველო ავარიის განვითარების სცენარებისა და შესაძლო „დომინოს ეფექტის“ პრევენციული ღონისძიებები; ზ) ობიექტის მიმდებარედ მცხოვრები ან/და მომუშავე მოსახლეობის ინფორმირება პროგნოზირებადი ან/და მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციისა და მისი გავრცელების საზღვრების შესახებ, შესაძლო საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული ობიექტის საქმიანობის სფეროს შესახებ, ავარიის რისკის ხასიათისა და ხარისხის, ადამიანსა და გარემოზე ზემოქმედების შესაძლებლობის შესახებ, საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესებზე, ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ მოსახლეობის დასაცავად განსახორციელებულ ღონისძიებებზე; თ) მეზობელი ქვეყნების საგანგებო სიტუაციების მართვის შესაბამისი სამსახურებისათვის შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზეგავლენის მქონე ფართომასშტაბიანი ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მუხლი 8. საზოგადოების ინფორმირება გეგმა და მისი დანართები ხელმისაწვდომი და საჯაროა, გარდა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები