შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ

შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33/33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2017
ძალაში შესვლის თარიღი 25/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016501
33/33
25/09/2017
ვებგვერდი, 11/10/2017
480610000.03.030.016501
შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრო (შემდგომში წოდებულნი როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“),

გამოთქვამენ რა თავიანთ შეშფოთებას დანაშაულის, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის ფორმების მზარდი მასშტაბისა და ტენდენციების გამო,

გაცნობიერებული აქვთ რა, რომ ნებისმიერი ფორმის დანაშაული საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს და თავიანთი სახელმწიფოების სტაბილურობას, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებასა და საინვესტიციო გარემოს შექმნას,

ხელმძღვანელობენ რა ნაცვალგების, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებით,

ასრულებენ რა თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიებზე მოქმედ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც ეხება დანაშაულის გამოძიებისა და თავიდან აცილების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა სფეროებს,

აღიარებენ რა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას,

მიზნად ისახავენ რა, უზრუნველყონ თავიანთი სახელმწიფოების იურისდიქციის ქვეშ მყოფი მოქალაქეების დაცვა დანაშაულებრივი საფრთხისაგან, რომელიც მიმართულია სიცოცხლის, სოციალური და საზოგადოებრივი ინტერესების წინააღმდეგ, აგრეთვე, მიზნად ისახავენ რა, განავითარონ და გააძლიერონ მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

თანამშრომლობის სფეროები

1. ხელშემკვრელმა მხარეებმა, წინამდებარე შეთანხმებისა და თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, თავიანთი შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა დანაშაულების თავიდან აცილებაში, გამოვლენასა და აღკვეთაში.

2. ხელშემკვრელი მხარეები თანამშრომლობენ განსაკუთრებით შემდეგი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში:

a) სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;

b) ორგანიზებული დანაშაული;

c) ნარკოტიკული დანაშაული;

d) ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებებისა და სხვა სახიფათო მასალების უკანონო ბრუნვა;

e) უკანონო მიგრაცია;

f) ადამიანებით ვაჭრობა;

g) საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაყალბება და მათი გავრცელება;

h) საკუთრების, საკუთრების უფლებების და საკუთრების ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;

i) კიბერდანაშაული;

j) ორმხრივი ინტერესის სფეროში შემავალი ხელშემკვრელი მხარეების საგამოძიებო კომპეტენციასა და ინტერესს მიკუთვნებული სხვა დანაშაულები.

3. ხელშემკვრელი მხარეების წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობა არ მოიცავს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ დადებული სამართლებრივი დახმარების შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებულ თანამშრომლობას.

მუხლი 2

თანამშრომლობის ფორმები

1. ხელშემკვრელ მხარეებს შორის თანამშრომლობის ფორმები არის შემდეგი:

a) წინამდებარე შეთანხმების პირველ (2) მუხლში მითითებული დანაშაულების თავიდან აცილებასთან, გამოვლენასა და აღკვეთასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების და ინფორმაციის გაცვლა;

b) ძებნილთა ან/და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა;

c) დახმარება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის წარმართვაში, მათ შორის, კონტროლირებადი მიწოდების მეთოდის გამოყენება;

d) დანაშაულის თავიდან აცილების შესახებ კანონმდებლობის განხორციელებასთან და საექსპერტო-კრიმინალისტიკური მეთოდების, სპეციალური ხელსაწყოებისა და ხერხების გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება;

e) დანაშაულთან ბრძოლის შესაბამის სფეროებში არსებული გამოცდილების გაზიარება და ექსპერტთა შეხვედრების ორგანიზება;

f) თანამშრომლობა პერსონალის ტრენინგისა და პროფესიული განვითარების სფეროში;

g) დანაშაულის მიზეზებთან, ვითარებასთან და ტენდენციებთან დაკავშირებული ანალიტიკური ინფორმაციის, პუბლიკაციებისა და კვლევის შედეგების, მოქმედი კანონმდებლობის გაცვლა;

h) დამნაშავეებთან დაკავშირებულ სფეროებში თანამშრომლობა თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებისა და ორმხრივი ხელშეკრულებების თანახმად.  

2. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე ითანამშრომლონ სხვა ფორმებით, რომლებიც შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებს.

მუხლი 3

საკონტაქტო ინფორმაცია

წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ხელშემკვრელი მხარეები გონივრულ ვადაში დიპლომატიური არხების მეშვეობით მიაწვდიან ერთმანეთს თავიანთ საკონტაქტო ინფორმაციას, ასევე ინფორმაციას შემდგომში მასში შესული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, წინამდებარე შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.  

მუხლი 4

მოთხოვნების შესრულება

1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები თანამშრომლობენ წერილობითი მოთხოვნების გზით. საჭიროების შემთხვევაში, ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ დამატებით გამოიყენონ ტექსტის გადაცემის ტექნიკური საშუალებები.

2. გადაუდებელ შემთხვევაში მოთხოვნა შეიძლება გადაიცეს ზეპირი ფორმით, იმის გათვალისწინებით, რომ იგი დადასტურებული იქნება წერილობითი ფორმით შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში.

3. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

a) მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის დასახელებას;

b) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის დასახელებას;

c) შეძლებისდაგვარად დეტალურ ინფორმაციას იმ საქმისწარმოებაზე, რისთვისაც იქნა მიწოდებული მოთხოვნა, საქმისწარმოებაში მონაწილე ან მასთან დაკავშირებულ პირზე ან პირებზე, იმ ფაქტებზე, საგნებსა და დოკუმენტებზე, რომლებზეც იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია;

d) მოთხოვნით მიმართვის მიზეზებს და კონკრეტული მოთხოვნილი პროცედურის დეტალურ აღწერილობას;

e) საჭიროების შემთხვევაში, იმ სასურველ ვადებს, რომლის ფარგლებშიც უნდა შესრულდეს მოთხოვნა;

f) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიძლება იყოს საჭირო მოთხოვნასთან დაკავშირებით. მოთხოვნასთან დაკავშირებული დოკუმენტები თან უნდა ერთოდეს მოთხოვნას.

4. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე ასრულებს მოთხოვნას უმოკლეს შესაძლებელ ვადაში. მას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია მოთხოვნის შესასრულებლად.

5. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია დადგენილი საბოლოო ვადების ფარგლებში, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე ატყობინებს ამის შესახებ მომთხოვნ ხელშემკვრელ მხარეს და განუმარტავს მას მოთხოვნის შესრულების დაყოვნების მიზეზებს.

6. მოთხოვნის შესრულებაზე შეიძლება ითქვას უარი მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ მისმა შესრულებამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს სუვერენიტეტს ან უსაფრთხოებას, ან თუ იგი შესაძლებელია ეწინააღმდეგებოდეს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქმედ კანონმდებლობას ან საერთაშორისო ვალდებულებებს. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე წერილობით აცნობებს მომთხოვნ ხელშემკვრელ მხარეს უარის შესახებ და განუმარტავს მას მიზეზებს. 

მუხლი 5

საიდუმლო ინფორმაციის დაცვა

წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა და მასთან მოპყრობა განხორციელდება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმების დადების შემდეგ და მის შესაბამისად. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი ინფორმაცია არ შეიძლება მიეწოდოს მესამე მხარეს გადამცემი ხელშემკვრელი მხარის ორგანოების წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

მუხლი 6

პერსონალური მონაცემების დაცვა

წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გადაცემული პერსონალური მონაცემების (პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს) დაცვა ხორციელდება ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და შემდეგი მინიმალური მოთხოვნების შესაბამისად:

a) გადაცემული პერსონალური მონაცემები არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა, რომლებისთვისაც ისინი იქნა გადაცემული, გადამცემი ხელშემკვრელი მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე;

b) მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა გადასცეს პერსონალური მონაცემები მესამე მხარეს გადამცემი ხელშემკვრელი მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე; 

c) მოთხოვნის საფუძველზე მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა აცნობოს გადამცემ ხელშემკვრელ მხარეს პერსონალური მონაცემების გამოყენების შედეგების შესახებ;

d) გადამცემმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ პერსონალური მონაცემები ზუსტი და განახლებული იყოს. თუ გამოვლინდა, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არ არის ზუსტი, გადამცემმა ხელშემკვრელმა მხარემ ამის შესახებ უნდა აცნობოს მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს;

e) თუ აღმოჩნდება, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არ არის სწორი ან განახლებული, ან მათი გადაცემა არ იყო ნებადართული, მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა შეასწოროს და განაახლოს ისინი ან უნდა გაანადგუროს პერსონალური მონაცემები და დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ გადამცემ ხელშემკვრელ მხარეს;

f) გადაცემული პერსონალური მონაცემები მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ უნდა განადგურდეს მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებს პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი ან/და მათი შემდგომი შენახვის კანონიერი მიზანი;

g) მიმღები ხელშემკვრელი მხარე პასუხისმგებელია პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე. მან უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები პერსონალური მონაცემების შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, მოპოვების, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენების და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან დასაცავად;

h) გადამცემმა და მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა აღრიცხონ გადაცემული და მიღებული პერსონალური მონაცემები;

i) მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მოახდინოს მიღებული პერსონალური მონაცემების შემცველი მასალის პერიოდული გადახედვა და თუ აღმოჩნდება, რომ აღარ არსებობს პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი ან/და კანონიერი მიზანი, უზრუნველყოს მათი წაშლა/განადგურება.

მუხლი 7

ურთიერთობა სხვა ხელშეკრულებებთან

წინამდებარე შეთანხმება არ ახდენს გავლენას ხელშემკვრელი მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობენ იმ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელთა მხარეებიც არიან საქართველო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

მუხლი 8

ხარჯები

1. ხელშემკვრელი მხარე დაფარავს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას წარმოშობილ თავის საკუთარ ყველა ხარჯს იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია მისი ვალდებულებების შესასრულებლად, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

2. საჭიროების შემთხვევაში ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ გაუწიონ ერთმანეთს დახმარება იმ აღჭურვილობისა და მასალების მიწოდებაში, რომლებიც აუცილებელია წინამდებარე შეთანხმების პირველ მუხლში მითითებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებისთვის.

მუხლი 9

თანამშრომლობის ენა

წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისთვის ხელშემკვრელი მხარეები იყენებენ ინგლისურ ენას. სხვა ენების გამოყენების შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ თარგმანს მეორე ხელშემკვრელი მხარის ოფიციალურ ენაზე ან ინგლისურ ენაზე.

მუხლი 10

ერთობლივი კომისია

წინამდებარე შეთანხმების დებულებებით გათვალისწინებული თანამშრომლობის შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ შექმნან ერთობლივი კომისია თავიანთი თანამშრომლების შემადგენლობით. აუცილებლობის შემთხვევაში ერთობლივ კომისიას შესაძლებელია დახმარება გაუწიონ ექსპერტებმა, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნით იქნებიან დანიშნული ერთობლივი კომისიის მიერ. ერთობლივი კომისიის სხდომები უნდა გაიმართოს საჭიროების მიხედვით. 

მუხლი 11

პოლიციის ატაშეები

1. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ მიავლინონ პოლიციის ატაშე მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ხელშემკვრელ მხარეთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გაღრმავების მიზნით.

2. პოლიციის ატაშეებს ევალებათ რჩევისა და დახმარების გაწევა, ინფორმაციის მიწოდება და სხვა დავალებების შესრულება წარმგზავნი ხელშემკვრელი მხარისგან მიღებული ინსტრუქციების და იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც არიან მივლინებულნი. მათ არ ექნებათ დამოუკიდებელი სამართალდაცვითი მოქმედების განხორციელების უფლება.

3. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ მესამე ქვეყანაში მივლინებულმა ერთი ხელშემკვრელი მხარის პოლიციის ატაშემ განახორციელოს ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციები.

4. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს დახმარებას გაუწევენ პოლიციის ატაშეების აკრედიტაციის საკითხში.

მუხლი 12

დავების გადაწყვეტა

1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას და განმარტებისას წარმოშობილი დავები უნდა გადაწყდეს ხელშემკვრელ მხარეებს შორის კონსულტაციების გზით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა კონსულტაციების გზით წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს დიპლომატიური არხების მეშვეობით მოლაპარაკების გზით.

მუხლი 13

ცვლილებები და დამატებები

 წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-14 (1) მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 14

დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, რომლითაც ერთი ხელშემკვრელი მხარე აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავის განზრახვას, შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.

 

შესრულებულია ქ. პეკინში 2017 წლის 25 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განმარტებისას, ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა

სამინისტროს სახელით

                                     (ხელმოწერილია)

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს სახელით

                                          (ხელმოწერილია)