„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/10/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.143.016430
22
02/10/2017
ვებგვერდი, 06/10/2017
010250040.35.143.016430
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №22

2017 წლის 2 ოქტომბერი

ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-13 მუხლის 11 პუნქტის  შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 17/07/2014, 010250040.35.143.016251) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის V თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1. საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო

მუხლი 341. მუნიციპალიტეტის  გენდერული თანასწორობის საბჭო

1. გენდერული თანასწორობის საჭო (შემდგომ – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.

2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები, საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეები, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ (მისი არსებობის შემთხვევაში) ან მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წარდგინებით არჩეული წარმომადგენელი.

3. საბჭოს თავმჯდომარეა საკრებულოს თავმჯდომარე.

4. საბჭოს სახელობით შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

5. საბჭოს უფლებამოსილებაა:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია;

ბ) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;

გ) განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტები; მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები;

დ) განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება გენდერული თვალსაზრისით;

ე) უზრუნველყოს საკრებულოში ინიციირებული ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით;

ვ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;

ზ) ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორის საბჭოსთან, მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები; მონაწილეობა მიიღოს გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში;

თ) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;

კ) გენდერულ თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები; საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით;

ლ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;

მ) ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან  და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ნ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე