ოქმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის

ოქმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის
დოკუმენტის ნომერი 178/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2017
ძალაში შესვლის თარიღი 12/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016493
178/1
12/09/2017
ვებგვერდი, 27/09/2017
480610000.03.030.016493
ოქმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ოქმი

თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეები“,

სურთ რა ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობა,

სურთ რა ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარება და განმტკიცება  გაეროს ქარტიის შესაბამისად,

ითვალისწინებენ რა, რომ ხელსაყრელია სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების ჩატარება და მოსაზრებათა გაცვლა ორივე მხარის საერთო ინტერესების შესაბამისად,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყვეტად განავითარებენ კონტაქტებს საერთაშორისო დონეზე, გაეროს ქარტიის შესაბამისად, ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.

მუხლი 2

ორმხრივ ურთიერთობათა გაძლიერების მიზნით, მხარეები საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი ინტერესის საკითხებზე რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების/საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივნების, ან მხარეთა შორის  შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა დონეზე.

მუხლი 3

მხარეები წინასწარ და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განსაზღვრავენ კონსულტაციების ჩატარების დონეს, დღის წესრიგს, დროსა და ადგილს ყოველწლიური მონაცვლეობით დაკასა და თბილისში.

მუხლი 4

კონსულტაციები, კერძოდ, გაიმართება შემდეგ საკითხებზე:

a. ორმხრივი პოლიტიკური თანამშრომლობის ორგანიზების საკითხები;

b. რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის საერთო ინტერესის საკითხები;

c. საერთო ინტერესის საკითხები, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც ორივე სახელმწიფოა.

მუხლი 5

კონსულტაციების შინაარსი და დასკვნები არ გასაჯაროვდება, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

მუხლი 6

წარმდგენი მხარე დაფარავს თვითმფრინავის ბილეთების საფასურს, ხოლო ადგილსამყოფელი მხარე მასპინძლობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.

მუხლი 7

მხარეები შექმნიან პირობებს პირდაპირი კონტაქტების დამყარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის დელეგაციების/დაბალი რანგის დიპლომატების გაცვლისა და კონსულტაციებისა და სემინარების ჩატარების გზით, ან ისეთი ფორმით, როგორზეც მხარეები  შეთანხმდებიან.

მუხლი 8

წინამდებარე ოქმის განხორციელებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებათა გზით.

მუხლი 9

მხარეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ წინამდებარე ოქმში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც გაფორმდება ცალკეული ოქმების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორითაც წინამდებარე ოქმი. ამგვარი წესით მიღებული ოქმები წარმოადგენს წინამდებარე ოქმის განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 10

წინამდებარე ოქმი ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღეს და ძალაში დარჩება ხუთი წლის ვადით. ის ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ ერთი მხარე წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე არ აცნობებს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე ოქმს.

შესრულებულია ქ. დაკაში, 2017 წლის 12 სექტემბერს, ორ დედნად, ინგლისურ ენაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა

სამინისტროს სახელით

ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის

საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით