ოქმი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციაში ცვლილებების თაობაზე ხელმოწერილია მონრეალში 1980 წლის 6 ოქტომბერს

ოქმი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციაში ცვლილებების თაობაზე ხელმოწერილია მონრეალში 1980 წლის 6 ოქტომბერს
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/10/1980
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 18/12/2000
ძალაში შესვლის თარიღი 04/07/2000
სარეგისტრაციო კოდი 480270000.02.001.000404
-
06/10/1980
გაურკვეველი, -, 18/12/2000
480270000.02.001.000404
ოქმი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციაში ცვლილებების თაობაზე ხელმოწერილია მონრეალში 1980 წლის 6 ოქტომბერს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ოქმი

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ

კონვენციაში ცვლილებების თაობაზე

ხელმოწერილია მონრეალში 1980 წლის 6 ოქტომბერს

 

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ასამბლეა,

შეიკრიბა რა თავის 23-ე სესიაზე მონრეალში 1980 წლის 6 ოქტომბერს,

მხედველობაში იღებს რა A 21-22 და A 22-28 რეზოლუციებს საჰაერო ხომალდის იჯარის, ფრახტისა და მათი ურთიერთგაცვლის შესახებ საერთაშორისო ფრენის განხორციელებისას,

მხედველობაში იღებს რა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციაში შესწორებების პროექტს, რომელიც მომზადდა იურიდიული კომიტეტის 23-ე სესიაზე,

აღნიშნავს რა, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები გამოხატავენ საერთო სურვილს, შეიმუშაონ დებულება იმის შესახებ, რომ საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სახელმწიფო გასცემს გამომყენებელ სახელმწიფოს გარკვეულ ფუნქციებსა და ვალდებულებებს საჰაერო ხომალდების იჯარის, ფრახტისა და მათი ურთიერთგაცვლის, ან ამ ხომალდების მიმართ მსგავსი მოქმედებების დროს,

მიაჩნია რა, რომ ზემოაღნიშნული მიზნებისათვის საჭიროა შესწორდეს 1944 წლის 7 დეკემბერს ჩიკაგოში მიღებული კონვენცია სამოქალაქო ავიაციის შესახებ;

1. ადასტურებს ამ კონვენციის შემოთავაზებულ შესწორებებს ზემოაღნიშნული კონვენციის 94 ა) მუხლის დებულებების შესაბამისად;

83-ე მუხლის შემდეგ დაემატოს ახალი 83-ე bis მუხლი:

 

„მუხლი 83 bis

გარკვეული ფუნქციებისა და ვალდებულებების გადაცემა

ა) 12, 30, 31 და 32 ა) მუხლების დებულებათა მიუხედავად, იმ შემთხვევაში, როცა ხელშემკვრელ სახელმწიფოებში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის იჯარის, ფრახტის ან მათი ურთიერთგაცვლის შესახებ ხელშეკრულების, ან ნებისმიერი ამგვარი ხელშეკრულების შესაბამისად ექსპლუატაციას უწევს გამომყენებელი, რომელიც ძირითადი საქმიანობის ადგილია, ან ასეთი საქმიანობის ადგილის უქონლობისას ძირითადი ადგილსამყოფელია სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რეგისტრაციის სახელმწიფოს შეუძლია ამ სხვა სახელმწიფოსთან შეთანხმებით გადასცეს მას 12, 30 და 32 ა) მუხლებით გათვალისწინებული ყველა ფუნქცია და ვალდებულება ან ფუნქციებისა და ვალდებულებების ნაწილი, როგორც რეგისტრაციის სახელმწიფოს. ასეთ შემთხვევაში რეგისტრაციის სახელმწიფო თავისუფლდება გაცემული ფუნქციებისა და ვალდებულებებისაგან;

ბ) გადაცემა არ ამოქმედდება სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიმართ მანამ, სანამ არ გატარდება რეგისტრაციაში იმ სახელმწიფოთა ხელშეკრულება, რომელთა შორის გათვალისწინებულია გადაცემა და არ გამოქვეყნდება 83-ე მუხლის შესაბამისად, ან სანამ ხელშეკრულების მხარე სახელმწიფო უშუალოდ არ აცნობებს სხვა დაინტერესებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს ან სახელმწიფოებს ხელშეკრულების დადების შესახებ.

გ) ზემოაღნიშნული ა) და ბ) პუნქტების დებულებები გამოიყენება აგრეთვე 77-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.

2. ადგენს ამ კონვენციის აღნიშნული 94 ა) პუნქტის დებულებათა შესაბამისად, რომ ზემოაღნიშნული შესწორება ძალაში შევა მისი რატიფიცირების შემდეგ ოთხმოცდათვრამეტი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ, და

3. ადგენს, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შეადგინოს ოქმი რუსულ, ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენებზე, რომელთა ტექსტები თანაბრად ავთენტურია და შეიცავს ზემოაღნიშნულ შესწორებებსა და შემდეგ დებულებებს:

ა) ოქმს ხელს აწერს ასამბლეის თავმჯდომარე და მისი გენერალური მდივანი;

ბ) ოქმი ღიაა რატიფიცირებისათვის ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ, რომელმაც მოახდინა აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ან მიუერთდა მას;

გ) სარატიფიკაციო სიგელები შესანახად ბარდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას;

დ) ოქმი ძალაში შედის იმ სახელმწიფოთა მიმართ, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიცირება ოთხმოცდამეთვრამეტე სარატიფიკაციო სიგელის შესანახად ჩაბარების დღეს;

ე) გენერალური მდივანი დაუყოვნებლივ ატყობინებს ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს ოქმის რატიფიცირების შესახებ ყოველი დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღს;

ვ) გენერალური მდივანი დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს ოქმის ძალაში შესვლის შესახებ;

ზ) ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც მოახდინა ოქმის რატიფიცირება ზემოაღნიშნული თარიღის შემდეგ, ოქმი ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო ბარათის შესანახად ჩაბარების შემდეგ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.

ამის შედეგად ასამბლეის ზემოაღნიშნული მოქმედების შესაბამისად,

ეს ოქმი შედგენილია ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ,

ამის დასადასტურებლად სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ასამბლეის ზემოაღნიშნული ოცდამესამე სესიის თავმჯდომარე და გენერალური მდივანი ასამბლეის მიერ ამისათვის უფლებამოსილნი ხელს აწერენ წინამდებარე ოქმს.

შესრულებულია მონრეალში 1980 წლის 6 ოქტომბერს ერთ დოკუმენტად რუსულ, ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ოქმი რჩება შესანახად სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის არქივებში, ხოლო დამოწმებულ ასლს ორგანიზაციის გენერალური მდივანი უგზავნის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის ყველა მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც შესრულებულია ჩიკაგოში 1944 წლის 7 დეკემბერს.

 

პ.ს ნიაგა

ასამბლეის 23-ე სესიის

თავმჯდომარე

ივ. ლამბერი

გენერალური მდივანი