შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთზიდვის შესახებ

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთზიდვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 25/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 06/06/1996
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000058
-
15/12/1995
გაურკვეველი, -, 25/12/1997
430003000.00.000.000058
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთზიდვის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთზიდვის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი, სურთ რა ხელი შეუწყონ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას და ორ ქვეყანას შორის მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთზიდვის გაადვილებას, აგრეთვე მათ ტერიტორიებზე ტრანზიტს, შეთანხმდნენ შემდეგზე:

I.                  შეთანხმების საგანი

მუხლი 1

ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს უფლებას აძლევენ, რომ მათმა გადამზიდებმა აწარმოონ ორ ქვეყანას შორის საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანა და ტვირთზიდვა და ტრანზიტი მათ ტერიტორიაზე, წინამდებარე შეთანხმების პირობების დაცვით.

II.               განმარტებანი

მუხლი 2

1.      „სატრანსპორტო საშუალება“ ნიშნავს ავტომობილს (საწევარს) ან ავტომობილს მასზე მიბმული მისაბმელით ან საწევარს ნახევარმისაბმელით, რომლებიც გათვალისწინებულია:

ა) გადაიყვანოს 9 კაცი, მათ შორის მძღოლი,

ბ) გადაზიდოს ტვირთი.

2.      „გადამზიდი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რეგისტრირებულს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს საავტომობილო მგზავრთა გადაყვანა ან ტვირთზიდვა თავისი ან ნაქირავები სატრანსპორტო საშუალებით მის ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.  „ნებართვა“ ნიშნავს ასეთი სახელწოდების დოკუმენტს, რომელიც ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურმა ორგანოებმა გასცეს თითოეულ მათგანში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იძლევა უფლებას განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა და ტვირთზიდვა წინამდებარე შეთანხმების 1 მუხლით გათვალისწინებული საავტომობილო ტრანსპორტით.

4.   „სატრანსპორტო გადაზიდვა“ ნიშნავს მგზავრთა გადაყვანას და ტვირთზიდვას ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის გავლით, რომლის დროსაც საწყისი და დანიშნულების პუნქტები არ მდებარეობს ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

5.   „კონტინგენტი“ ნიშნავს ნებართვათა რაოდენობას, რომლებსაც ყოველწლიურად ათანხმებენ ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები.

6.  „რეგულარული საავტომობილო გადაზიდვა“ ნიშნავს გადაზიდვას, რომელიც საავტობუსო ხაზებით ხორციელდება ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის წინასწარ შეთანხმებული მარშრუტებით, განრიგითა და ტარიფებით, საწყისი და საბოლოო პუნქტის, შუალედური გაჩერების პუნქტებისა და სასაზღვრო გადაკვეთის მითითებით.

7.  „ქანქარისებრი გადაზიდვა“ ეს არის მგზავრთა ჯგუფის გადაყვანა გარკვეულ დროს ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დანიშნულების ადგილამდე მათ ტერიტორიაზე დროებითი ყოფნისათვის ან ტრანზიტით გავლისათვის. ამ მგზავრთა დაბრუნება თავდაპირველი გამომგზავრების ქვეყანაში იგივე გადამზიდის ავტობუსით ხორციელდება. ამ მიზნით უკან მიმართულებით პირველი რეისი და ძირითადი მიმართულებით ბოლო რეისი ცარიელი ავტობუსებით ხორციელდება.

8.    „ტურისტული ან შემთხვევითი გადაზიდვა“ ეს ისეთი გადაზიდვაა, რომლის დროსაც მგზავრთა ერთი და იგივე ჯგუფი ერთი და იგივე სატრანსპორტო საშუალებით გადაჰყავთ, ამასთან გამომგზავრების პუნქტი და დანიშნულების უკიდურესი პუნქტი მდებარეობს მისი რეგისტრაციის სახელმწიფოში და რეგისტრაციის სახელმწიფოს გარეთ მთელი მარშრუტით მგზავრობის დროს მგზავრები არ ადიან და არ ჩამოდიან. ასეთ გადაზიდვას „დახურული კარით“ გადაზიდვა ეწოდება.

9.      კომპეტენტური ორგანოები არიან:

-       საქართველოს რესპუბლიკისთვის - საავტომობილო ტრასპორტის დეპარტამენტი ან ნებისმიერი სხვა ორგანო, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი,

-         ბულგარეთის რესპუბლიკისთვის - ტრანსპორტის სამინისტრო.

 

III.           ზოგადი დებულებანი

მუხლი 3

1. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები გასცემენ მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთზიდვის ნებართვას წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მხოლოდ გადამზიდებისათვის, რომლებსაც ეროვნულ კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვთ შეასრულონ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა.

2.  ნებართვა და წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული სხვა დოკუმენტები სატრანსპორტო საშუალებებში უნდა იქონიონ და საბაჟო, სასაზღვრო, პოლიციურ და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს წარუდგინონ მათი მოთხოვნისამებრ.

3.    ყოველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია განსაზღვროს მეორე ხელშემკვრელი მხარის მგზავრების, მათი პირადი ნივთების, კომერციული ტვირთის და სატრანსპორტო საშუალებების სატრანზიტო გადაზიდვის მარშრუტები. მარშრუტებს განსაზღვრავენ ყოველი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები.

მუხლი 4

1.    ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები თავისუფლდება საგზაო მოსაკრებლებისაგან, რომლებიც შეთანხმებული კონტინგენტის ფარგლებში მოქმედებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

2.  საწვავი და ზეთი, რომელიც შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქტორის მიერ გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებათა რეზერვუარებშია, თავისუფლდება შეტანა-გატანისათვის საბაჟო მოსაკრებლებისაგან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო საზღვრის გადალახვისას.

3.     საბაჟო მოსაკრებლებისაგან თავისუფლდება აგრეთვე იმ სათადარიგო ნაწილების შემოტანა და გატანა, რომლებიც ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს ეკუთვნის და გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალებათა შესაკეთებლად, რომლებიც ავარიაში მოყვა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

მუხლი 5

1.   სატრანსპორტო საშუალებები წონისა და გაბარიტების მიმართ ყოველი ხელშემკვრელი მხარე კისრულობს ვალდებულებას მეორე ხელშემკვრელი მხარის სატრანსპორტო საშუალებებისადმი არ გამოიყენოს მეტად შემზღუდავი პირობები, ვიდრე თავის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებისადმი იყენებს.

2.  იმ სატრანსპორტო საშუალებებით შესასრულებელი ტვირთის გადაზიდვისათვის, რომლის გაბარიტები ან წონა აღემატება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დასაშვებ გაბარიტებს ან წონას, ისევე როგორც საშიში ტვირთის გადაზიდვისათვის, საჭიროა სპეციალური ნებართვა რომელშიც, საჭიროების შემთხვევაში, მითითებულია მოძრაობის მარშრუტი და გადაზიდვისადმი სხვა სპეციალური მოთხოვნები ხელშემკვრელი მხარეების შიდა კანონმდებლობის და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად.

მუხლი 6

ყოველი ხელშემკვრელი მხარე აღიარებს სატრანსპორტო საშუალებებზე ეროვნულ სარეგისტრაციო დოკუმენტებს და მძღოლების მოწმობებს, რომლებიც მეორე ხელშემკვრელი მხარის შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა გასცეს.

მუხლი 7

1.   ყოველი ხელშემკვრელი მხარის გადამზიდებმა და სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებმა, რომლებიც მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ასრულებენ გადაზიდვას ან ტრანზიტით გაივლიან მას, უნდა დაიცვან ამ სახელმწიფოს კანონები და წესები.

2.     მგზავრობის დროს მომხდარი ყველა შემთხვევის შესახებ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა დროულად უნდა აცნობოს იმ ქვეყნის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, რომლის ტერიტორიაზეც შემთხვევა მოხდა, აგრეთვე თავისი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს.

3.  მოძრაობის წესების, სასაზღვრო, საბაჟო და სანიტარიულ კონტროლთან დაკავშირებული საკითხების მიმართ, რომლებიც მოუგვარებელია წინამდებარე შეთანხმების დებულებით ან იმ საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელთა მონაწილენიც ხელშემკვრელი მხარეები არიან, გამოიყენება იმ ხელშემკვრელი მხარის სამართლებრივი განკარგულებები, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა გადაზიდვა ან ტრანზიტი.

 

IV.           მგზავრთა გადაყვანა

მუხლი 8

1.     ხელშემკვრელ მხარეთა შორის რეგულარული საავტობუსო გადაყვანა და მათ ტერიტორიაზე ტრანზიტი, ისევე როგორც „ქანქარისებრი გადაზიდვა“, ხორციელდება ნებართვით.

2.  ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები გასცემენ ნებართვას მარშრუტის იმ ნაწილზე, რომელიც მათ ტერიტორიაზე გადის. ნებართვის გაცემის პროცედურას და ამასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებს ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები ათანხმებენ შერეული კომისიის ფარგლებში ნაცვალგების საფუძველზე, როგორც ეს მითითებულია 15 მუხლში.

3.   ნებართვა წერილობითი ფორმით გაიცემა. მასში განსაზღვრულია მოძრაობის მარშრუტი საწყისი და საბოლოო პუნქტების, შუალედური გაჩერების პუნქტების და სასაზღვრო გადასასვლელების, მისი მოქმედების ვადის და სხვა შეზღუდვების მითითებით, თუ კი ასეთი არსებობს.

მუხლი 9

1.    გადამზიდებს ნებართვის მისაღებად განცხადება შეაქვთ იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოში, რომლის ტერიტორიაზეც არიან რეგისტრირებული. განცხადებას თან ერთვის მეორე ხელშემკვრელი მხარის ფირმასთან დადებული ხელშეკრულების ასლი, რეგულარული საერთაშორისო საავტობუსო ხაზის განრიგი, ტარიფი და მარშრუტი.

2. რეგულარული საავტობუსო ხაზების ან „ქანარისებრი გადაზიდვის“ ორგანიზაციის შესახებ წინადადებები წინასწარ იგზავნება ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის. წინადადებები შეიცავს მონაცემებს, როგორიცაა გადამზიდის ზუსტი სახელწოდება, მისი მისამართი, ფაქსის და ტელეფონის ნომრები. წინადადებას თან ერთვის მეორე ხელშემკვრელი მხარის ფორმასთან დადებული ხელშეკრულების ასლი, მარშრუტის, განრიგის, ტარიფების, ადგილობრივ სახელმწიფო ორგანოებთან გაჩერებების შეთანხმების დოკუმენტების მითითებით.

3.      ყოველი ხელშემკვრელი მხარე პასუხობს მეორე ხელშემკვრელი მხარის წინადადებას არა უგვიანეს ორი თვით ადრე მისი მიღებიდან.

მუხლი 10

1.     ნებართვა არ სჭირდება ორ ქვეყანას შორის ტურისტულ ან შემთხვევით გადაყვანას, ისევე როგორც მათ ტერიტორიებზე ტრანზიტის შემთხვევაში.

2.   ამ მუხლის 1 პუნქტით გადაყვანის განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებაში უნდა იყოს მგზავრების სახელობითი სია.

მუხლი 11

ერთი ხელშემკვრელი მხარის სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ შეასრულონ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე ორ პუნქტს შორის მგზავრთა გადაყვანა.

V.               ტვირთის გადაზიდვა

მუხლი 12

1.  სატრანსპორტო საშუალებებით ყველა ტვირთზიდვა, მათ შორის საკუთარ ხარჯზე ტვირთზიდვა ხელშემკვრელ მხარეთა შორის, მათი ტერიტორიის გავლით ტრანზიტი, ისევე როგორც მესამე ქვეყნიდან და მესამე ქვეყანაში, გარდა 14 მუხლში მითითებულისა, ნებართვების რეჟიმს ექვემდებარება.

2.     შერეული კომისიის გადაწყვეტილებით ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ გაამარტივონ ნებართვების რეჟიმი ან ორმხრივად გათავისუფლდნენ მისგან.

3.      ნებართვა გაიცემა ყოველ მგზავრობაზე ორივ მიმართულებით და ყოველ სატრანსპორტო საშუალებაზე. ნებართვა იძლევა საპირისპირო მიმართულებით ტვირთის წაღების უფლებას.

4.   ნებართვები მოქმედებს კალენდარული წლის განმავლობაში, რომელზეც ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა ერთმანეთს გაუცვალეს ისინი. გამონაკლისი დაიშვება შერეული კომისიის გადაწყვეტილებით. წინა წელს დაწყებული გადაზიდვის ნებართვები მომდევნო წლისთვის გადაზიდვის დასრულებამდე ძალაშია.

5.    გადამზიდისთვის გაცემულ ნებართვაში მითითებულია მისი სახელი და იგი სხვა პირისათვის გადაცემას არ ექვემდებარება.

6.      ერთი წლის პერიოდისათვის ნებართვების კონტინგენტს გადაზიდვის სახეობათა მიხედვით, კერძოდ კი ორ ქვეყანას შორის, მათ ტერიტორიაზე და მესამე ქვეყანაში/დან ტრანზიტს, განსაზღვრავს შერეული კომისია. ერთი ხელშემკვრელი მხარის თხოვნით შეიძლება შეთანხმებული კონტინგენტის გარდა გაიცეს დამატებითი ნებართვები. ასეთ შემთხვევაში ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების გავლისათვის გადასახდელია შესაბამისი საგზაო მოსაკრებლები, რომლებიც მოქმედებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

მუხლი 13

ერთი ხელშემკვრელი მხარის სატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე ორ პუნქტს შორის შესაძლებელია მხოლოდ იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვით, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება ეს გადაზიდვა.

მუხლი 14

1.      ნებართვების რეჟიმს არ ექვემდებარება:

ა) 3,5 ტონამდე ტვირთამწეობის ავტომობილებით ტვირთზიდვა;

ბ) საოჯახო ნივთების გადაზიდვა, რომელიც სპეციალურად ამ მიზნებისათვის მისადაგებული სატრანსპორტო საშუალებებით ხორციელდება;

გ) ცხოველების გადაყვანა, სატრანსპორტო საშუალებების, სპორტული ნივთების და სპორტული წარმოდგენებისათვის გათვალისწინებული აღჭურვილობის გადაზიდვა;

დ) წარმოდგენებისათვის გათვალისწინებული დეკორაციების, თეატრალური რეკვიზიტისა და მუსიკალური ინსტრუმენტების გადაზიდვა;

ე) ბაზრობებისთვის, გამოყენებისა და დემონსტრაციებისათვის გათვალისწინებული საგნების გადაზიდვა;

ვ) რადიო და სატელევიზიო ჩანაწერების და კინოგადაღებისათვის გათვალისწინებული საგნებისა და მოწყობილობების გადაზიდვა;

ზ) დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების, ისევე როგორც მათი გადასაზიდი ტვირთის გადაზიდვა, მათ შორის დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შესვლა და შეცვლა, საამისოდ შესაბამისი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში;

თ) გარდაცვლილთა ცხედრებისა და ნეშტების გადაზიდვა;

ი) შესყიდული სატრანსპორტო საშუალებები ცარიელ მდგომარეობაში მათი პირველი გადაადგილებისას;

კ) ფოსტის გადაზიდვა;

ლ) უბედური შემთხვევისას დახმარების აღმოჩენისათვის გათვალისწინებული ტვირთი;

მ) ჰუმანიტარული დახმარებისათვის გათვალისწინებული ტვირთი.

2.  ამ მუხლის 1 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული გადაზიდვა თავისუფლდება ნებართვისგან მხოლოდ იმ პირობით, ტუ ეს საგნები ან ცხოველები დროებით გადაიზიდება.

3.     თავისუფალი სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ტვირთზიდვისათვის არ არის გათვალისწინებული, ნებართვებისგან თავისუფლდება.

VI.              დასკვნითი დებულებები

მუხლი 15

ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ქმნიან შერეულ კომისიას. ამ კომისიის კომპეტენციაში შედის:

ა) ნებართვების კონტინგენტის შეთანხმება წინამდებარე შეთანხმების 12 მუხლის შესაბამისად;

ბ) წინამდებარე შეთანხმების სწორი შესრულებისადმი მეთვალყურეობა;

გ) ნებართვების ფორმისა და სახეობის და ხელშემკვრელ მხარეთა შორის გაცვლის ხერხის შეთანხმება;

დ) პრობლემების შესწავლა და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისათვის წინადადებათა მომზადება წინამდებარე შეთანხმებით მოგვარებულ საკითხებზე;

ე) წინამდებარე შეთანხმების ტექსტების გაუმჯობესებისათვის წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და მათი კომპეტენტური ორგანოებისათვის გადაცემა დასამტკიცებლად.

შერეული კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ და ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის თხოვნით, რიგრიგობით ბულგარეთსა და საქართველოში.

შერეული კომისიის სხდომების დღის წესრიგს წინასწარ ამზადებენ ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები.

მუხლი 16

სადავო საკითხები, რომელთა გადაწყვეტა შერეული კომისიის ფარგლებში შეუძლებელია, ისევე როგორც შეთანხმების გაგებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, დიპლომატიური გზით წყდება.

მუხლი 17

1. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს ატყობინებენ მათ ქვეყანაში საავტომობილო ტვირთზიდვის დარგში არსებული განკარგულებების, ისევე როგორც მათი შემოღების მომენტიდან შეტანილი ცვლილებების შესახებ.

2.    ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს ატყობინებენ რომელიმე ხელშემკვრელ მხარეში გადამზიდის მხრიდან დაშვებული დარღვევების შესახებ.

მუხლი 18

1.     წინამდებარე შეთანხმება არ ეხება ხელშემკვრელ მხარეთა იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელთა მხარეებიც ისინი არიან.

2. გადაზიდვის შესრულებასთან დაკავშირებული გადახდა ხორციელდება ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე მოქმედი კანონების შესაბამისად.

მუხლი 19

1.     ყოველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შერეულ კომისიაში შეიტანოს წინადადება შეთანხმებაში ერთი ან მეტი ცვლილებებისა და დამატების შესახებ.

2.  შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლისათვის გამოიყენება წინამდებარე შეთანხმების 20 მუხლის დებულებები.

მუხლი 20

1.    წინამდებარე ხელშეკრულება იდება ერთი წლის ვადით. მისი მოქმედება ავტომატურად გრძელდება მომდევნო წლისთვის, თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე მეორეს წერილობით არ შეატყობინებს, მოქმედების შესაბამისი ვადის დასრულებამდე სამი თვით ადრე, თავის განზრახვას შეთანხმების დენონსირების თაობაზე.

2.   წინამდებარე შეთანხმება მტკიცდება ორივე მხარის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად და ძალაში შედის 30 დღის გასვლის შემდეგ მეორე ნოტის მიღებიდან, რომლითაც ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს ატყობინებენ, რომ შესრულებულია შიდა კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა.

3.  წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლით ორივე ხელშემკვრელი მხარის ურთიერთობაში მოქმედებას წყვეტს საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და სსრ კავშირის მთავრობის შეთანხმება.

4.  ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან წინამდებარე შეთანხმება გამოიყენონ მისი ხელმოწერის თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში ან ამ მუხლის 2 პუნქტის შესრულებამდე.

შედგენილია ქ. სოფიაში 1995 წლის 19 იანვარს ორ ეგზემპლარად რუსულ ენაზე, ამასთან ორივეს თანაბარი ძალა აქვს.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით