,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17-63
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/09/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016419
17-63
15/09/2017
ვებგვერდი, 19/09/2017
010250050.35.101.016419
,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17-63

2017 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-92 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016355) და დადგენილების პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი” (დანართი №6) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №6

ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 

1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ტრანსპლანტაცია (კოდი: 06 01 13)“ განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ქვეპროგრამაში „ტრანსპლანტაცია (კოდი: 06 01 13)“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. 

მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა  

1. ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან  ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულნი არიან 2017 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის, ასევე იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი, რომელთაც დასმული აქვთ შემდეგი დიაგნოზი(ები):

ა) მწვავე ლეიკემია;

ბ) მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია;

გ) მწვავე მიელოიდური ლეიკემია;

დ) ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია;

ე) იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემია;

ვ) არაჰოჯკინის ლიმფომა;

ზ) ჰოჯკინის ლიმფომა;

თ) მიელოდისპლაზიური სინდრომი;

ი) აპლასტიური ანემია;

კ) ჰისტიოციტოზი;

ლ) თალასემია;

მ) მრავლობითი მიელომა (მიელომური ავადმყოფობა). 

2. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება:

ა) მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია;

ბ) ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევები;

გ) ტრანსპლანტაცია (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლიოიდენტური ტრანსპლანტაცია), მათ შორის, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა.

მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი  და  დაფინანსების მეთოდოლოგია  

1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).

2. მოსარგებლეთა დაფინანსება განხორციელდება მატერიალიზებული  ვაუჩერის/ თანხმობის წერილის მეშვეობით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების ღირებულების ლიმიტისა. ამასთან, საბიუჯეტო წლის განმავლობაში მოსარგებლეს შესაძლოა დაუფინანსდეს თითოეული მომსახურება მხოლოდ ერთჯერადად.

3. მომსახურების საზღვარგარეთ გაწევის შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია  მოსარგებლის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წინასწარ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის (ანგარიშფაქტურა) საფუძველზე, განახორციელოს ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების წინასწარი დაფინანსება არაუმეტეს ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების ლიმიტისა.

4.ქვეპროგრამის დაფინანსება განხორციელდება ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ტრანსპლანტაცია (კოდი: 06 01 13)“  ასიგნებების ფარგლებში. 

მუხლი 4. მოსარგებლეების ქვეპროგრამაში ჩართვა  

1. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის მისაღებად მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დიაგნოზის მქონე მოსარგებლე პირმა/მისმა წარმომადგენელმა, ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) არასრულწლოვნის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი) ასლი, აგრეთვე არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) ფორმა №IV-100/ა (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ICD10 კლასიფიკატორების შესაბამისად);

დ)  კონსილიუმის დასკვნა (რომელიც მოიცავს შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკების არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის დასკვნას), პაციენტისთვის მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის ჩატარების საჭიროების თაობაზე;

ე) მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი);

ვ) 2017 წლის 1 ოქტომბრამდე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი), გარდა იძულებით გადაადგილებული პირების შემთხვევისა.

2. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის მისაღებად მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დიაგნოზის მქონე მოსარგებლე პირმა/მისმა წარმომადგენელმა, ქვეპროგრამის გამახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია  (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს დოკუმენტაცია უკვე წარმოდგენილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით), აგრეთვე:

ა)  კონსილიუმის დასკვნა (რომელიც მოიცავს შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკების არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის დასკვნას), პაციენტისთვის ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედის) ტრანსპლანტაციის ჩატარების საჭიროების თაობაზე;

ბ) მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი).

3. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის მისაღებად, ქვეპროგრამით მოსარგებლე პირმა/მისმა წარმომადგენელმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს  უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს დოკუმენტაცია უკვე წარმოდგენილია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წესით), აგრეთვე:

ა) მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჩატარებული კვლევებისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩატარების/მოსამზადებელი პერიოდის დაწყების შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი ინფორმაცია მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან;

ბ) მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი).

4. ტრანსპლანტაციის სახეობის ცვლილების შემთხვევაში,  ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარმოდგენილი ახალი მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტისა (ინვოისი) და ტრანსპლანტაციის სახეობის ცვლილების თაობაზე მიმწოდებელი დაწესებულების წერილის საფუძველზე, მომზადდება ახალი მატერიალიზებული ვაუჩერი/თანხმობის წერილი და ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მომსახურებისათვის ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ღირებულების ლიმიტისა, ხოლო მომსახურების წინასწარი დაფინანსების შემთხვევაში, დამატებითი თანხით დაფინანსება განხორციელდება ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების ლიმიტის ფარგლებში.

5. მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამატებით, სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენა.

მუხლი 5. ანგარიშგება და ანაზღაურება  

1. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარმოუდგინოს შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) წერილობით ინფორმაციას პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით;

ბ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს (ანგარიშფაქტურა);

გ) განაღდებული მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის ქსეროასლს.

2. მომსახურების საზღვარგარეთ მიღების შემთხვევაში, ქვეპროგრამაში მონაწილე ბენეფიციარი ან/და მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია (პასუხისმგებელია) მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან წარმოადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

3. შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემდგომ ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურში აგზავნის წერილს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე თანხის გადარიცხვის მოთხოვნით.

4. შესრულებულ სამუშაოს ზედამხედველობას გაუწევს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.

5. შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობისას ხდება:

ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება;

ბ) ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან.

უხლი 6. მომსახურებების დასახელება 

მომსახურების დასახელება

ღირებულება ლარებში

მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია

  20 000

ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევები

  10 000

აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია (მ.შ. პაციენტის კონდიცირება – ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა)

  95 000

ალოგენური ტრანსპლანტაცია (მ.შ. პაციენტის კონდიცირება – ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა)

170 000  

ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაცია (მ.შ. პაციენტის კონდიცირება – ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა)

 205 000

“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი