შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურული, სამეცნიერო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურული, სამეცნიერო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/02/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 30/01/2004
ძალაში შესვლის თარიღი 03/02/1993
სარეგისტრაციო კოდი 480250000.02.002.000469
-
03/02/1993
გაურკვეველი, -, 30/01/2004
480250000.02.002.000469
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურული, სამეცნიერო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურული, სამეცნიერო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,

ითვალისწინებენ რა ორი ქვეყნის ხალხებს შორის ისტორიულ და ტრადიციულ მეგობრობას, კულტურულ, სამეცნიერო და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცებისათვის

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

მხარეები ხელოვნების მოღვაწეთა და კულტურის დაწესებულებათა შემოქმედებითი კავშირების თანამშრომლობას წაახალისებენ შემდეგი საშუალებებით:

ა) გასტროლების ორგანიზება;

ბ) ფესტივალების, გამოფენებისა და თეატრალური წარმოდგენების გამართვა;

გ) ლექციების ჩატარება, სემინარებისა და კონფერენციების გამართვა;

ე) კულტურის სფეროში გამოცემების გაცვლა.

მუხლი 2

თითოეული მხარე მეორე ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ ბიბლიოთეკებით, მუზეუმებით, გალერეებით, არქივებითა და კულტურის სფეროს სხვა დაწესებულებებით სამეცნიერო მუშაობისა და სწავლისათვის.

მუხლი 3

მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურის, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასოციაციებისა და ორგანიზაციების უშუალო თანამშრომლობის განვითარებას, რეგიონებსა და ქალაქებს შორის პირდაპირი პარტნიორული გაცვლების დამყარებას.

მუხლი 4

მხარეები წაახალისებენ საქველმოქმედო საზოგადოებებსა და ორგანიზაციებს შორის კონტაქტების დამყარებას და ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას ჰუმანიტარული დახმარების საქმეში.

მუხლი 5

მხარეები ნაცვალგების საფუძველზე კისრულობენ კულტურული და მხატვრული ძეგლების რესტავრაციაში, შენახვასა და გამოყენებაში, აგრეთვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს მხატვრულ-ისტორიულ ფასეულობათა საქართველოში დაბრუნებისა და შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აზერბაიჯანის მხატვრულ-ისტორიულ ფასეულობათა აზერბაიჯანში დაბრუნების საკითხების შესწავლასა და მოგვარებაში ერთმანეთისათვის ხელშეწყობას.

მუხლი 6

მხარეები განიხილავენ თავიანთ ქვეყანაში მეორე ქვეყნის კულტურულ-საინფორმაციო ცენტრების დაარსების შესაძლებლობას.

მუხლი 7

მხარეები წაახალისებენ საავტორო უფლებათა დარგში ორივე ქვეყნის ორგანიზაციათა თანამშრომლობას და თავის ქვეყანაში მეორე ქვეყნის ლიტერატურული, მუსიკალური, მხატვრული და სამეცნიერო ხასიათის ნაწარმოებების თარგმნას, რეპროდუქციასა და გამოცემას.

მუხლი 8

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას კინემატოგრაფიის დარგში შემდეგი საშუალებებით:

ა) კინოფილმების, ფესტივალებისა და პრემიერების ჩატარება;

ბ) მხატვრული, დოკუმენტური და ქრონიკალური კინოფილმების გაცვლა;

გ) ფილმების ერთობლივი წარმოება;

დ) ერთი მხარისათვის ხელის შეწყობა მეორე მხარის ტერიტორიაზე ფილმებისა და კინომასალების შექმნაში;

ე) დელეგაციებისა და კინემატოგრაფიის სფეროში მომუშავე ცალკეული სპეციალისტების გაცვლა.

მუხლი 9

მხარეები ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სფეროში თანამშრომლობას წაახალისებენ შემდეგი საშუალებებით:

ა) ტელე- და რადიოპროგრამების გაცვლა;

ბ) ტელე- და რადიომასალების ერთობლივი წარმოება;

გ) ერთი მხარის მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე ტელე- და რადიომასალების მომზადებაში ხელის შეწყობა;

დ) სპეციალისტთა გაცვლა.

მუხლი 10

მხარეები ხელს შეუწყობენ ორივე ქვეყნის ჟურნალისტთა ორგანიზაციების ბეჭდვითი და საინფორმაციო საშუალებათა კავშირებს.

მუხლი 11

მხარეები ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის, ლექციების წასაკითხად, ორივე ქვეყნის შესაბამისი სამეცნიერო დაწესებულებების მუშაობისა და მიღწევების გასაცნობად, აგრეთვე ზემოთხსენებულ სფეროებში სამეცნიერო პუბლიკაციათა და გამოცემათა ერთმანეთისათვის გადაცემის მიზნით მეცნიერების, სამეცნიერო საზოგადოებათა წარმომადგენლებისა და სხვა სპეციალისტების გაცვლას.

მუხლი 12

მხარეები უმაღლეს, საშუალო და პროფესიულტექნიკური განათლების სფეროში კავშირების განვითარებას წაახალისებენ შემდეგი საშუალებებით:

ა) განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის გასაცნობად, აგრეთვე ლექციებისა და გაკვეთილების ჩასატარებლად პედაგოგთა გაცვლა;

ბ) სტუდენტების, ასპირანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკთა გაცვლა;

გ) სტუდენტებისა და სპეციალისტების სწავლებისა და სტაჟირების, მათი სტიპენდიებით უზრუნველყოფის შესაძლებლობათა გამონახვა;

დ) მეორე ქვეყნის ენისა და ლიტერატურის შესწავლის ხელშეწყობა;

ე) სასწავლო და მეთოდიკური ლიტერატურის, აგრეთვე თვალსაჩინოების საშუალებათა გაცვლა.

მუხლი 13

მხარეები ითანამშრომლებენ ეროვნული განათლების სისტემების განვითარების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის საქმეში; ურთიერთშეთანხმებით დააფუძნებენ თანამშრომლობის კონკრეტულ ფორმებს; მიზანშეწონილად თვლიან, შეიქმნას განათლების პრობლემებთან დაკავშირებული ერთობლივი საინფორმაციო ბანკი, რომლის საორგანიზაციო პრინციპები სპეციალური ოქმით დადგინდება.

მუხლი 14

მხარეები განიხილავენ ორივე ქვეყნის ატესტატებს, დიპლომების და სამეცნიერო ხარისხების ორმხრივი ცნობის საკითხს და ხელს მოაწერენ შეთანხმებას მათი ეკვივალენტურობის შესახებ.

მუხლი 15

მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას ახალგაზრდულ, სტუდენტურ და ქალთა ორგანიზაციებს შორის.

მუხლი 16

მხარეები წაახალისებენ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის და სახალხო დიპლომატიის განვითარებას.

მუხლი 17

მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობის განვითარებას სპორტისა და ფიზიკური კულტურის სფეროში ასპარეზობების ორგანიზებით, დელეგაციების, გუნდების, სპორტსმენების, მწვრთნელების, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროს სპეციალისტების გაცვლით. ითანამშრომლებენ  კადრების მომზადებასა და გადამზადებაში, პრაქტიკაში ერთობლივად დანერგავენ მეცნიერულ მიღწევებს. შექმნიან ერთობლივ საწარმოებს, გააფართოვებენ სპორტული საქონლის, ინვენტარისა და მოწყობილობების გაცვლასა და ვაჭრობას.

მუხლი 18

ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

წინამდებარე შეთანხმება დადებულია ორი წლის ვადით, იგი ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ორი წლის ვადით, თუ რომელიმე მხარე აღნიშნული ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე წინასწარ წერილობით არ მიმართავს მეორე მხარეს თავის გადაწყვეტილების თაობაზე ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

შესრულებულია ქ. ბაქოში 1993 წლის 3 თებერვალს ორ ეგზემპლარად ქართულ და თურქულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

საქართველოს რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

აზერბაიჯანის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)