შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3000/01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016490
3000/01
04/11/2016
ვებგვერდი, 05/09/2017
480610000.03.030.016490
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ

 


საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას, სურთ რა, ხელი შეუწყონ ინფორმაციის გაცვლას საგადასახადო საკითხებში, შეთანხმდნენ შემდეგზე:

 


მუხლი 1

შეთანხმების საგანი და მოქმედების სფერო

1. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური უწყებები გაუწევენ ერთმანეთს ურთიერთდახმარებას შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირებისა და აღსრულების მიზნით, ამ შეთანხმებით განსაზღვრულ გადასახადებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ საჭირო ინფორმაციის გაცვლის გზით. ასეთი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ საჭირო იქნება გადასახადების განსაზღვრის, შეფასებისა და შეგროვების, საგადასახადო მოთხოვნის იძულებითი შესრულების, გადასახადებთან დაკავშირებულ საქმეთა გამოძიების ან სასამართლო წარმოების მიზნით. ინფორმაციის გაცვლა უნდა მოხდეს ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად და უნდა იყოს დაცული კონფიდენციალურობა, როგორც ეს მე-8 მუხლშია მოცემული. პირის უფლებები და უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფილია მოთხოვნის მიმღები მხარის კანონმდებლობით ან ადმინისტრაციული პრაქტიკით კვლავაც გამოიყენება.

2. პირის უფლებები და უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფილია მოთხოვნის მიმღები მხარის კანონმდებლობით ან ადმინისტრაციული პრაქტიკით, გამოიყენება იმდენად, რამდენადაც ისინი ხელს არ შეუშლიან ან შეაფერხებენ ინფორმაციის გაცვლის ეფექტურობას.

 

მუხლი 2

იურისდიქცია

მოთხოვნის მიმღები მხარე არ არის ვალდებული მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელსაც არ ფლობენ მისი უწყებები ან რომელსაც არ აკონტროლებენ ან ფლობენ ან ვერ მოიპოვებენ მის ტერიტორიულ იურისდიქციაში მყოფი პირები.

 

მუხლი 3

გადასახადები, რომელზეც ვრცელდება შეთანხმება

1. არსებული გადასახადები, რომლებიც წარმოადგენენ ამ შეთანხმების საგანს:

a) ბაჰამის თანამეგობრობაში ნებისმიერი ტიპის და აღწერილობის გადასახადი;

b) საქართველოში:

 i. საშემოსავლო გადასახადი;

 ii. მოგების გადასახადი;

 iii. ქონების გადასახადი.

2. ეს შეთანხმება ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად მსგავს გადასახადზე, რომელიც დაწესდება ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ არსებულ გადასახადებზე დამატებით ან მათ ნაცვლად. ეს შეთანხმება ასევე გავრცელდება ყველა არსებითად ანალოგიურ გადასახადზე, რომელიც შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებულ გადასახადებზე დამატებით ან მათ ნაცვლად, ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოს კომპეტენტურ უწყებათა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. უფრო მეტიც, გადასახადები, რომელზეც ვრცელდება აღნიშნული შეთანხმება, შეიძლება გაფართოვდეს ან შეიცვალოს ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წერილების გაცვლის გზით. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური უწყებები, გონივრულ ვადაში, ერთმანეთს აცნობენ გადასახადით დაბეგვრის საკითხებში ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ და ინფორმაციის მოპოვების იმ ზომებზე, რომელსაც ზეგავლენა აქვს ამ ხელშემკვრელი მხარის ვალდებულებაზე, რომელზეც ვრცელდება ეს შეთანხმება.

 

მუხლი 4

განსაზღვრებები

1. ამ შეთანხმების მიზნებისთვის, თუ სხვანაირად არ არის განსაზღვრული:

a) ტერმინი „ბაჰამა“ ნიშნავს ბაჰამის თანამეგობრობას და, როდესაც გამოიყენება გეოგრაფიული მნიშვნელობით, მოიცავს მის ხმელეთსა და ტერიტორიულ წყლებს, რომლებზეც ვრცელდება ბაჰამის კანონმდებლობა, და ნებისმიერ ზონას მის ტერიტორიულ წყლებს მიღმა, მათ შორის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, ზღვის ფსკერი და მის ქვევით არსებული წიაღისეული, რომელზეც ვრცელდება ბაჰამის იურისდიქცია და სუვერენული უფლებები, საძიებო, ექსპლუატაციისა და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის მიზნით, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

b) ტერმინის „საქართველო“ ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს შორის არსებულ ტერიტორიას, მათ შორის, სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვებს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებებს, ასევე განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და ტერიტორიული ზღვების მიმდებარე კონტინენტური შელფი, რომელზეც ვრცელდება საქართველოს სუვერენული უფლებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

c) ტერმინი „ხელშემკვრელი მხარე” ნიშნავს, შესაბამისად, ბაჰამის თანამეგობრობის ან საქართველოს მთავრობას, როგორც ეს კონტექსტიდან გამომდინარეობს;

d) ტერმინი „კომპეტენტური უწყება” ნიშნავს:

 i. ბაჰამის თანამეგობრობის შემთხვევაში – ფინანსთა მინისტრს ან მინისტრის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

 ii. საქართველოს შემთხვევაში – ფინანასთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

e) ტერმინი „პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

f) ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული წარმონაქმნი;

g) ტერმინი „ღია სააქციო საზოგადოება“ ნიშნავს ნებისმიერ კომპანიას, რომლის აქციების ძირითადი კლასი რეგისტრირებულია აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებული აქციების ყიდვა ან გაყიდვა თავისუფლად ხორციელდება საზოგადოების მიერ. აქციების ყიდვა ან გაყიდვა თავისუფლად ხორციელდება საზოგადოების მიერ. აქციების ყიდვა ან გაყიდვა შესაძლებელია „საზოგადოების მიერ“, თუ ყიდვა ან გაყიდვა პირდაპირ ან ირიბად არ არის შეზღუდული ინვესტორების ვიწრო ჯგუფისთვის;

h) ტერმინი „აქციების ძირითადი კლასი“ ნიშნავს აქციების კლასს ან კლასებს, რომელიც წარმოადგენს კომპანიის უმეტესი ხმის მიცემის უფლებას და მის ღირებულებას;

i) ტერმინი „აღიარებული საფონდო ბირჟა“ ნიშნავს ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური უწყებების მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ საფონდო ბირჟას;

j) ტერმინი „კოლექტიური საინვესტიციო ფონდი ან სქემა“ ნიშნავს ნებისმიერ ერთობლივ საინვესტიციო ინსტრუმენტს, სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. ტერმინი „ღია კოლექტიური საინვესტიციო ფონდი ან სქემა“ ნიშნავს ნებისმიერ კოლექტიურ საინვესტიციო ფონდს ან სქემას, თუ ფონდის ან სქემის ერთეულების, აქციების ან წილების ყიდვა, გაყიდვა ან გამოსყიდვა თავისუფლად ხორციელდება „საზოგადოების მიერ“ იმ შემთხვევაში, თუ ყიდვა, გაყიდვა ან გამოსყიდვა პირდაპირ ან ირიბად არ არის შეზღუდული ინვესტორების ვიწრო ჯგუფისთვის;

k) ტერმინი „გადასახადი“ ნიშნავს ნებისმიერ გადასახადს, რომელზეც ვრცელდება ეს შეთანხმება;

l) ტერმინი „განმცხადებელი მხარე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ითხოვს ინფორმაციას;

m) ტერმინი „მოთხოვნის მიმღები მხარე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ითხოვს ინფორმაციას;

n) ტერმინი „ინფორმაციის მოპოვების საშუალებები“ ნიშნავს საკანონმდებლო ნორმებს და ადმინისტრაციულ ან სამართლებრივ პროცედურებს, რომელიც საშუალებას აძლევს ხელშემკვრელ მხარეს მოიპოვოს ან მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია;

o) ტერმინი „ინფორმაცია“ ნიშნავს ნებისმიერ ფაქტს, მტკიცებულებას ან ჩანაწერს ნებისმიერი ფორმით;

p) ტერმინი „სისხლის სამართლის საგადასახადო საკითხები“ ნიშნავს საგადასახადო საკითხებს, რომელიც განზრახ ქმედების დროს, ექვემდებარება სისხლისსამართლებრივ დევნას განმცხადებელი მხარის სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად;

q) ტერმინი „სისხლის სამართლის კანონმდებლობა“ ნიშნავს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად ასეთად მიჩნეულ სისხლის სამართლის ყველა ნორმას, მიუხედავად იმისა, მოცემულია ის საგადასახადო კანონმდებლობაში, სისხლის სამართლის კოდექსსა თუ სხვა საკანონმდებლო აქტებში.

2. ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეთანხმების გამოყენებისას ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. ხელშემკვრელი მხარის საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოს სხვა კანონებით.

 

მუხლი 5

ინფორმაციის გაცვლა მოთხოვნის საფუძველზე

1. პირველი მუხლის მიზნებისათვის (შეთანხმების საგანი და მოქმედების სფერო) მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური უწყება უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას მოთხოვნის საფუძველზე. ასეთი ინფორმაცია უნდა გაიცვალოს, მიუხედავად იმისა, ითვლება თუ არა დანაშაულად ის ქმედება, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება მოთხოვნის მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ეს ქმედება განხორციელდა მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე.

2. თუ მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური უწყების ხელთ არსებული ინფორმაცია არ არის საკმარისი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად, ამ მხარემ უნდა გამოიყენოს ყველა შესაბამისი ზომა ინფორმაციის მოპოვებისათვის განმცხადებელი მხარისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეიძლება არ ესაჭიროებოდეს ამგვარი ინფორმაცია საკუთარი საგადასახადო მიზნებისთვის.

3. განმცხადებელი მხარის კომპეტენტური უწყების მხრიდან კონკრეტულად მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურმა უწყებამ უნდა მიაწოდოს მას აღნიშნული ინფორმაცია მოწმეთა ჩვენებების და ჩანაწერთა დედნების ავთენტიკური ასლების სახით, იმდენად რამდენადაც ეს ნებადართულია მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.

4. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ, პირველ მუხლში (შეთანხმების საგანი და მოქმედების სფერო) აღნიშნული მიზნებიდან და მეორე მუხლის (იურისდიქცია) შეზღუდვების გათვალისწინებით, უნდა უზრუნველყოს, რომ მათ კომპეტენტურ უწყებებს აქვთ მოთხოვნის საფუძველზე შემდეგი ინფორმაციის მოპოვებისა და მიწოდების უფლებამოსილება:

a) ბანკების და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ხელთ არსებული ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია, რომელსაც ფლობს ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს როგორც წარმომადგენელი ან ნდობით აღჭურვილი პირი, ნომინანტებისა და უფლებამოსილი წარმომადგენელის ჩათვლით;

b) კომპანიების, ამხანაგობების, ტრასტების, ფონდების, „ესტაბლიშმენტისა“ და სხვა პირების საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მე-2 მუხლით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, ყველა ამ პირის საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით;

c) ტრასტის შემთხვევაში – დამფუძნებელთა, ნდობით აღჭურვილი პირთა, ისევე როგორც სხვა სამართლებრივად მონაწილე პირებსა და ბენეფიციართა შესახებ ინფორმაცია;

d) ფონდების შემთხვევაში – დამფუძნებელთა, დამფუძნებელთა საბჭოს წევრების და ბენეფიციართა შესახებ ინფორმაცია.

5. მიუხედავად წინა პუნქტისა, ეს შეთანხმება არ წარმოქმნის ხელშემკვრელი მხარის ვალდებულებას მოიპოვოს ან მიაწოდოს ღია სააქციო საზოგადოების ან კოლექტიური საინვესტიციო ფონდის ან სქემის საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუ ამგვარი ინფორმაციის მოპოვება დაკავშირებულია არათანაზომიერ სირთულეებთან.

6. ამ შეთანხმების თანახმად, განმცხადებელი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა უწყებამ უნდა ჩამოაყალიბოს მოთხოვნა შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად დეტალურად და უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია მოთხოვნის მიმღებ კომპეტენტურ უწყებას, როდესაც ითხოვს ინფორმაციას, რათა დაასაბუთოს მოთხოვნილი ინფორმაციის სავარაუდო საჭიროება:

a) ძიებას ან შემოწმებას დაქვემდებარებული პირის ვინაობა;

b) ძიებას ან შემოწმებას დაქვემდებარებული პირის ვინაობა, თუ ის არ არის ამ პუნქტის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამხდელი;

c) მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი და ფორმა, რომელსაც მოითხოვს განმცხადებელი ხელშემკვრელი მხარე ინფორმაციის მისაღებად;

d) დროის პერიოდი, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება ინფორმაცია;

e) საგადასახადო მიზნები, რომლისთვისაც მოითხოვება ინფორმაცია:

 i. მითითება საგადასახადო ან სხვა კანონმდებლობაზე, რომელთან დაკავშირებითაც ხდება ინფორმაციის გამოთხოვა;

 ii. სისხლის სამართლის საქმეა თუ არა;

f) დასაბუთება, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არის სავარაუდოდ საჭირო პირველ მუხლში (შეთანხმების საგანი და მოქმედების სფერო) მოცემული მიზნებისთვის;

g) საფუძველი, რის გამოც მოთხოვნის გამგზავნი მხარე მიიჩნევს, რომ მოთხოვნილ ინფორმაციას ფლობს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე ან ფლობს ან აკონტროლებს პირი, ან შეუძლია მოპოვება პირს, რომელზეც ვრცელდება მოთხოვნის მიმღები მხარის იურისდიქცია;

h) რამდენადაც ცნობილია, იმ პირის სახელი და მისამართი, რომელიც სავარაუდოდ უნდა ფლობდეს მოთხოვნილ ინფორმაციას;

i) განმარტება, რომ მოთხოვნა შეესაბამება განმცხადებელი მხარის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და არსებულ ადმინისტრაციულ პრაქტიკას, და თუ მოთხოვნილი ინფორმაცია განმცხადებელი მხარის იურისდიქციის ფარგლებში იქნებოდა, მაშინ ამ მხარის კომპეტენტური უწყება ინფორმაციას მოიპოვებდა მისი კანონმდებლობის, ადმინისტრაციული პრაქტიკის და ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად;

j) განმარტება, რომ განმცხადებელმა მხარემ გამოიყენა ყველა შესაძლებლობა თავის ტერიტორიაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, გარდა იმისა, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა არათანაზომიერ სირთულეებთან.

7. მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურმა უწყებამ განმცხადებელ მხარეს მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს უმოკლეს ვადაში. პასუხის უმოკლეს ვადაში მიწოდების მიზნით, მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური უწყება:

a) განმცხადებელი მხარის კომპეტენტურ უწყებას წერილობითი ფორმით უდასტურებს მოთხოვნის მიღებასა და, არსებობის შემთხვევაში, აცნობებს მოთხოვნაში არსებული ხარვეზების შესახებ მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში;

b) თუ მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურმა უწყებამ ვერ შეძლო ინფორმაციის მოპოვება და მიწოდება მოთხოვნის მიღებიდან ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში, ან თუ წარმოიქმნა სირთულეები ინფორმაციის მიწოდებისას ან უარს განაცხადებს ინფორმაციის მოწოდებაზე, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელ მხარეს, აგრეთვე იმ სირთულეების სახეობის ან უარის განცხადების საფუძვლების შესახებ.

 

მუხლი 6

საგადასახადო შემოწმება სხვა სახელმწიფოში

1. ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყების წარმომადგენლებს შეუძლიათ შევიდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რამდენადაც ეს დაშვებულია მეორე მხარის შიდა კანონმდებლობით, რათა გამოკითხონ ფიზიკური პირები და შეამოწმონ ჩანაწერები, დაინტერესებულ პირთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე. პირველად ხსენებული ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა უწყებამ უნდა შეატყობინოს მეორე მხარის კომპეტენტურ უწყებას გონივრულ ვადაში შეხვედრის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყების მოთხოვნის საფუძველზე მეორე მხარის კომპეტენტური უწყების წარმომადგენლებს შეუძლიათ ნება დართონ პირველად ხსენებული კომპეტენტური უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებიან მეორე მხარის ტერიტორიაზე მეორე მხარის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, დაესწრონ შესაბამის საგადასახადო შემოწმებას, მხოლოდ შემოწმებას დაქვემდებარებული პირის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

3. მე-2 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყება, რომელიც ახორციელებს შემოწმებას, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აცნობებს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ უწყებას შემოწმების ჩატარების დროსა და ადგილის, შემოწმების განმახორციელებელი ორგანოს ან დანიშნული პირების, პროცედურებისა და პირობების შესახებ, რომლებიც საჭიროა შემოწმების განსახორციელებლად. საგადასახადო შემოწმების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული შემოწმების განმახორციელებელი ხელშემკვრელი მხარის მიერ.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „შიდა კანონმდებლობა“ მოიცავს კანონებსა და ინსტრუმენტებს, რომლითაც რეგულირდება ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლა და გასვლა.

 

მუხლი 7

მოთხოვნის უარყოფის შესაძლებლობა

1. მოთხოვნის მიმღების მხარის კომპეტენტურ უწყებას შეუძლია უარი თქვას დახმარებაზე:

a) თუ მოთხოვნა არ არის შედგენილი ამ შეთანხმების შესაბამისად;

b) თუ მოთხოვნის გამგზავნ მხარეს არ გამოუყენებია ყველა შესაძლებლობა თავის ტერიტორიაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, გარდა იმისა, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა არათანაზომიერ სირთულეებთან;

c) თუ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მხარის საჯარო პოლიტიკას (ordre public).

2. ამ შეთანხმების დებულებები არ წარმოქმნის ხელშემკვრელი მხარეების ვალდებულებას მიაწოდონ ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს რაიმე სავაჭრო, საწარმოო, კომერციული, საქმიანი ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი. აღნიშნულის მიუხედავად, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს მიჩნეული საიდუმლოდ ან სავაჭრო პროცესად მხოლოდ იმიტომ, რომ ის აკმაყოფილებს ამ პუნქტის კრიტერიუმებს.

3. ამ შეთანხმების დებულებები არ წარმოქმნის ხელშემკვრელი მხარის ვალდებულებას მოიპოვოს ან მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც გაამჟღავნებს კლიენტსა და ადვოკატს, პროკურორსა ან სხვა უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის არსებულ კონფიდენციალურ კომუნიკაციას, თუ ამგვარი კომუნიკაცია:

a) განხორციელდა სამართლებრივი რჩევის მიღების ან მოპოვების მიზნით; ან

b) განხორციელდა არსებულ ან დაგეგმილ სასამართლო წარმოებაში გამოყენებისთვის.

4. მოთხოვნის შესრულება ინფორმაციის წარდგენაზე არ უნდა იქნეს უარყოფილი მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საგადასახადო მოთხოვნა არის სადავო.

5. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ შეიძლება უარი განაცხადოს მოთხოვნის შესრულებაზე, თუ ინფორმაცია მოთხოვნილია განმცხადებელი მხარის მიერ მისი საგადასახადო კანონმდებლობის ისეთი დებულების ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნის აღსრულების ან ადმინისტრირებისთვის, რომელიც ახდენს მოთხოვნის მიმღები მხარის მოქალაქის დისკრიმინაციას განმცხადებელი მხარის მოქალაქესთან შედარებით.

 

მუხლი 8

კონფიდენციალურობა

1. ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეთანხმების ფარგლებში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, ჩაითვლება კონფიდენციალურად.

2. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ხელშემკვრელი მხარის იურისდიქციაში მყოფი იმ პირების ან უფლებამოსილი უწყებებისათვის (სასამართლო და ადმინისტრაციული უწყებების ჩათვლით), რომელთა საქმიანობა უკავშირდება ამ შეთანხმებით განსაზღვრული გადასახადების გაანგარიშებას ან აკრეფას, იძულებითი წესით ამოღებას ან სასამართლო წარმოებას, საჩივრების განხილვას. ეს პირები ან უწყებები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამჟღავნება სასამართლოს სხდომის მსვლელობის ან სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების დროს.

3. ინფორმაციის გამჟღავნება დაუშვებელია ნებისმიერ სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე ან უწყებაზე, ან სხვა ნებისმიერი მხარეზე, მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური უწყების წერილობითი თანხმობის გარეშე.

 

მუხლი 9

ხარჯები

1. თუ სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყებები, დახმარებასთან დაკავშირებული ჩვეულებრივი ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს მოთხოვნის მიმღები მხარე, ხოლო საგანგებო ხარჯებს ფარავს მოთხოვნის გამგზავნი მხარე.

2. საგანგებო ხარჯების გაწევა არ უნდა მოხდეს განმცხადებელი მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე.

 

მუხლი 10

ენა

დახმარების შესახებ განცხადებები და პასუხები უნდა დაიწეროს ინგლისურ ენაზე.

 

მუხლი 11

სხვა საერთაშორისო შეთანხმებები და მექანიზმები

დახმარება, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით, არ ზღუდავს ან არ იზღუდება მხარეებს შორის არსებული სხვა საერთაშორისო შეთანხმებით ან მექანიზმებით, რომელიც უკავშირდება საგადასახადო საკითხებში თანამშრომლობას.

 

მუხლი 12

ურთიერთშეთანხმების პროცედურა

1. ხელშემკვრელ მხარეთა შორის შეთანხმების შესრულებას ან განმარტებასთან დაკავშირებით სირთულეების ან დავების წარმოშობის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები შეეცდებიან საკითხის გადაწყვეტას ურთიერთშეთანხმების მეშვეობით.

2. პირველ პუნქტში მოცემული ურთიერთშეთანხმების პროცედურებთან დამატებით, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ უწყებებს შეუძლიათ შეთანხმდნენ პროცედურებზე, რომლებსაც გამოიყენებენ მე-5 და მე-6 მუხლებით რეგულირებულ შემთხვევებში.

3. ამ მუხლში მოცემული შეთანხმების მიღწევის მიზნით, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ უწყებებს შეუძლიათ გამართონ კონსულტაციები და მოლაპარაკებები ერთმანეთთან პირდაპირ.

4. ხელშემკვრელ მხარეებს ასევე შეუძლიათ შეთანხმდნენ დავების გადაწყვეტის სხვა ფორმებზე.

 

მუხლი 13

ძალაში შესვლა

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხებით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

 

მუხლი 14

მოქმედების შეწყვეტა

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყებისთვის შეწყვეტის შესახებ შეტყობინების გაგზავნით.

2. ასეთ შემთხვევაში ეს შეთანხმება წყვეტს მოქმედებას ხელშემკვრელი მხარის მიერ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ მიღებული წერილობითი შეტყობინებიდან 6-თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგი თვის პირველ დღეს.

3. თუ შეთანხმება შეწყდება, ხელშემკვრელი მხარეები რჩებიან ვალდებულნი შეასრულონ შეთანხმების მე-8 მუხლის (კონფიდენციალურობა) დებულებები.

რის დასტურადაც, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შედგენილია ორ დედნად, ქ. თბილისი, საქართველო, 2016 წლის 4 ნოემბერს, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ ინგლისური ტექსტით.

შედგენილია ორ დედნად, ქ. ნასაუ, ბაჰამა, 2016 წლის 27 ოქტომბერს, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ ინგლისური ტექსტით.

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერა)

 

გიორგი თაბუაშვილი

შემოსავლების სამსახურის უფროსი

ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობის სახელით

(ხელმოწერა)

 

მაიკლ ბ. ჰალკიტის

სახელმწიფო ფინანსების მინისტრი