დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1613 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024351 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1613
2017 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარე 229662 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №66.42.08.397) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 161 000 (ას სამოცდაერთი ათასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაეცეს შპს „აგრო კონტინენტალს“ (ს/კ: №405197479).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით:
ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის არანაკლებ 80% ფართობზე (რაც შეიძლება მოიცავდეს ნარგავებით გაშენებულ ტერიტორიას, ნარგავებს შორის გადასაადგილებელ (მათ შორის, სპეციალური ტექნიკის გადასაადგილებელ) ბილიკებს/საირიგაციო სისტემის მიერ დაკავებულ ფართობს) მრავალწლიანი ნარგავების გაშენება და ინფრასტრუქტურის (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის საირიგაციო სისტემითა და დამცავი მესრით უზრუნველყოფას) მოწყობა;
ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 184 000 (ას ოთხმოცდაოთხი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვეში, არანაკლებ 4 (ოთხი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით;
დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში:
დ.ა) ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების დანართის შესაბამისად;
დ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.
3. შპს „აგრო კონტინენტალი“ ვალდებულია, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით და რომელიც მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს ამავე პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები